ფრთხილად, წინ მაიდანია!

ფრთხილად, წინ მაიდანია!

ყოფილი მერი და სააკაშვილის მარჯვენა ხელი გიორგი  უგულავა აგვისტოს გაგანია სიცხეში “მატროსოვის ციხეში” დაჯდა და ლენინის აპრილის თეზისების მაგალითით დაიწყო წერა ანდერძისა დავით კეზერაშვილისა თანა.

რევოლუციისთვის ემზადება ციხეში მჯდარი უგულავა და, როგორც ძველი რევოლუციონერი, ახალი «რევოლუციისთვის» რაზმავს პარტიასა და ხალხს.

“პარტია გადარჩა, - წერს გიგი, -ერთიანობა შევინარჩუნეთ, მარტივად ვთქვათ, ჩართეთ ტელევიზორი - ჩვენ გარეშე არ შედგება და არც დგება შოუ სახელად საქართველოს პოლიტიკა”.

საქართველოს პოლიტიკა ყოფილა ტელეშოუ, არც მეტი, არც ნაკლები. ეს აშშ-ის მარიონეტები შოუს პრინციპით მართავდნენ ქვეყანას, მთავარი შოუმენის- მიხეილ სააკაშვილის მეთაურობითა და წინამძღოლობით.

ჩვენი, ხალხის, ბრალია, ასეთი მატრაბაზების ხელში რომ ჩავაგდეთ საქართველო.

რაო, რა მინდაო უგულავამ?

“სრული აპოკალიფსური სურათის შექმნა”, “ყოველდღე თუ არა, კვირაში სამჯერ სექტორალური პატარ-პატარა აქციებით”;  “შემოდგომაზე კი აუცილებელია ერთი ტალღის გაკეთება, მარტო ერთდღიანი აქცია არ ივარგებს, არ კმარა”; “პატარ-პატარა კრიზისებით დავიწყოთ და ამ შემოდგომაზე ერთი დიდი კრიზისი გავუჩალიჩოთ”.

რისთვისაა საჭირო ეს დიდ-პატარა კრიზისები?

საჭიროა, სიტუაციის ასარევად: “ისე ირევა სიტუაცია, რომ ხდება ის, რაც უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ქუჩაში დაგდებულ ძალაუფლებას, ანუ რევოლუციური სცენარი”.

ამისთვის რაა საჭირო? – “უნდა ვიყოთ პროვოკაციულები და ყოველ ნაბიჯზე უნდა იყოს ჯოჯოხეთი”.

გებელსივით ალაპარაკდა უგულავა: “ჩვენ უნდა ვიყოთ პროვოკაციულები”, ადოლფ ჰიტლერის “მაინ კამპფის” ჭრილში, რომელიც ფაშისტების ფიურერმა ქალაქ ლანდსბერგის ციხეში პატიმრობისას უკარნახა ემილ მორისს.

ამ ნაცოდვილარში, რომელიც ააშკარავებს ავტორის პრობლემებს ლოგიკასთან, ერთი მთავარი, მზაკვრული და ანტიხალხური მომენტია გამოკვეთილი, ერთი ამოცანა, რომელიც “ნაცებისთვის” არსებულ ვითარებაში განსახორციელებელი ტაქტიკის კვინტესენციაა: საქართველოში უნდა მოხდეს ის, რაც უკრაინაში.

მაიდნისკენ გვიბიძგებენ.

მაიდნისკენ, რომლის სცენარის ავტორები აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და, საზოგადოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან მოკალათებულნი; პრეზიდენტ ობამასი, რომელიც, საერთო აღიარებით, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უარესი პრეზიდენტია.

ამ უარესმა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა რატომ (ან როგორ) უნდა უზრუნველყოს სხვა ხალხების კეთილდღეობა, დაამყაროს სხვა ქვეყნებში მშვიდობა და სტაბილურობა?!

ნონსენსია!

უკრაინის მაგალითი ადასტურებს (ერაყს, ავღანეთს, ლიბიას და ა. შ. თავი დავანებოთ), რომ მარიონეტული პოლიტიკის ფარვატერში ჩადგომა მხოლოდ კრიზისების მომტანია, ხოლო უკრაინის შემთხვევაში ძმათამკვლელ ომს, ქვეყნის დანაწარევრებას, ეკონომიკის მოშლასა და, საერთოდ, პერსპექტივის უქონლობას ნიშნავს.

მაგრამ “ნაცებს ეს სურთ. უგულავას განცხადება ამ უჯიშოების სრული ლუსტრაციაა, რადგან, როგორც ეს “თავგანწირული” ლიდერი გვამუნათებს: “არ შევქმნით კრიზისებს? - დაივიწყეთ თავისუფლება!”.

კიევის მაიდანი ნაციონალისტების, შოვინისტების, ლუმპენ-პროლეტარების ოლიმპად აქციეს, ამერიკული დოლარებით კარგად დაფინანსებულ, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების მიერ ჩამორიგებული ღვეზელების, “ფასტ ფუდის” მასშტაბურ ნოვაციად.

“ოქროს ვაშლი” ჩამოაგორეს და იყიდეს მაიდნის “რევოლუციონერები”.

“აუცილებელია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იყოს მთავარი მაგნიტი და ოპოზიციური დიალოგის ინიციატორი... უნდა ვჩანდეთ ფლაგმანად”.

დააგვიანდა უგულავას, რადგან ქართული ტელეარხები, ერთი აკვიატებული მოსაზრების გამო - თუ ჩვენ არ გამოვიყვანთ მავანს, სხვა ტელევიზია მიიწვევს - “ნაცების” კომენტარების გარეშე პურს არ გატეხენ და წყალს არ დალევენ.

გადაქელა “ნაცმოძრაობამ”  ქართული მასმედია. ამ დღეებში ჩიორა თაქთაქიშვილიც კი გამოჩნდა ეკრანზე, ხოლო ზურაბ ჯაფარიძის, სერგო რატიანის, აკო მინაშვილისა და მათნაირი სიტყვის კალაშნიკოვების გრძელი ჯერებისგან ყურის აპკები დაგვიზიანდა უკვე მილეული ზაფხულის განმავლობაში.

“ნაცები”-  გასაგებია. აქეთ რა ხდება - “ოცნების” კოალიციის უმწიფარიძეების მხარეს? გიორგი მარგველაშვილი უადგილო და უსაფუძვლო გამოხდომებით იმ მიზერულ ავტორიტეტსაც კარგავს, რომელიც პრეზიდენტობის პოსტს მოჰყვა.

ალასანია ანტისარაკეტო ამერიკული სისტემების საქართველოში დადგმის მოთხოვნით და ავღანეთსა და აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების კონვეიერული პრინციპით გაგზავნის დანერგვით თავის პროტექტორებს უმტკიცებს, რომ სანდო და ერთგული კაცია, რომელსაც შეიძლება, საქართველოს ბედი ჩააბარონ.

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის სასწრაფოდ ჩამობრძანების ქვეტექსტი კი ალასანიას კარიერისტული მისწრაფების მხარდაჭერაც იყო.

ერთმანეთში ჯაჯგურობენ და უგულავას მარჩიელობის საშუალებას აძლევენ: «მე მაინც მგონია, რომ ვიდრე ალასანიას გამოასხმევინებენ (ასეა დედანში!) მარგველაშვილი შექმნის რაღაც მოპარტიოს ელისაშვილის, კახიშვილისა და ეგეთი ხალხის ბაზაზე. ერთი სიტყვით, თუ ჩვენ გამწვავებაზე წავედით, მოვლენებს დავაჩქარებთ».

ვიდრე ესენი გამწვავებაზე წავლენ, მარგველაშვილმა გაუტია: ჯერ ქართველი ერი, ჩვენი მოსახლეობა ტანსრულ, მაგრამ სუსტი აზროვნების მქონე ადამიანს შეადარა. მოკლედ, დებილები ხართო. შემდეგ ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “მზად ვარ, წავიდე მოსკოვშიც, სხვა ქალაქშიც, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი განიხილება (!) და არა სტალინის ბავშვობა”.

ცინიზმის მწვერვალი დაიპყრო და პიედესტალზე ბრინჯაოს ქანდაკებად აღიმართა. კოლოსს შეეჭიდა, ინგლისურ საზოგადოებას სტალინის დამმარცხებელ გიგანტად წარუდგინა თავი. ღირს, ეს თემა ცალკე რომ გავშალოთ, მაგრამ ამოვარდება წერილის კონტექჰსტიდან და მოკლედ ვთქვათ: ის, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იკადრა, განდიდების მანია არ არის, სიწუნკლეა. ხოლო წუნკალი რას ნიშნავს, იხილეთ «ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი», თბილისი, 1986 წელი, გვ. 566: “წუნკალი - გადატ. ზნედაცემული, გათახსირებული”.

ასეთი აზროვნების ადამიანი აგვარჩევინეთ, ბატონო ბიძინა, პრეზიდენტად. ახლა, ალბათ, თქვენც ნანობთ, მაგრამ სანანებლად და თავშისაცემად მაშინ გვექნება საქმე, თუ საქართველოს ამათ ხელში დავტოვებთ და უგულავას ციხიდან პროვოკაციული წერილების წერის კომფორტულ პირობებს შევუქმნით.

ანტონ ჩეხოვს ერთ დროს რუსეთში შექმნილი მდგომარეობის შეფასება რომ სთხოვეს, დიდმა მწერალმა ერთადერთი სიტყვით უპასუხა: “პოშლოსტ!” (უხამსობა!).

კარგი პარალელის გავლება შეიძლება დღევანდელ საქართველოსთან.

ვიღაცას ძინავს და ესიზმრება, რომ საქართველოში სამოქალაქო ომია, იღვრება სისხლი, როგორც უკრაინაში, ჩვენთანაც ყოველდღიურად იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ინგრევა ქალაქი და სოფელი, ქართველები ტოვებენ სამშობლოს... აშშ და ევროკავშირი კი შეშფოთებულნი არიან.

მეტი რა შეუძლიათ!..

რა შეუძლიათ?

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი ხელისუფლების წაყრუებით უგულავამ და კომპანიამ, ანუ “ნაცმოძრაობამ” მოახერხა მოკავშირე აშშ-ის საელჩოსა და მმართველ გუნდში “გადაპორტირებული მიძინებული დამქაშების” მეშვეობით თბილისში მაიდნის გამეორება...

მერე ისიც წარმოიდგინეთ, ვის მიუქსევს ამ მეიდნის შედეგად ხელისუფლებაში წამოსკუპებულ მარიონეტებს ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორი” და რა ჩიტს დავიჭერთ ამ მიქსევისგან...

ამ კატასტროფის წარმოსადგენად წარმოსახვის დიდად დაძაბვა არ მოგიწევთ და, თუკი 1990-იანი წლების გასახსენებლად მეხსიერება არ გყოფნით, ახლა და აქვე  უკრაინის შავბნელ ქრონიკას მიადევნეთ თვალი...

დააკვირდით, რა დღეში ჩააგდეს ეს, ახლახან ბევრისთვის შესაშური სახელმწიფო უცხოური ფულით ხელისუფლებაში მოყვანილმა და “სტრატეგიული პარტნიორების”  მიერ რუსეთს მიქსეულმა მარიონეტებმა...

წარმოიდგინეთ?

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ფრთხილად, წინ მაიდანია!