"არაერთხელ მითქვამს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ორგანიზებული ძალაა, გარდა ურთიერთდაპირისპირებისა და შიდა დინებებისა, ისინი კონსოლიდირებულად მოქმედებენ. პარტიას პოლიტიკური ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს, აქედან გამომდინარე, ისინი ემზადებიან რევანშისთვის, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ამ საკითხს ისტერიკით, გინებითა და აღელვებით რომ შევხედოთ, არ ღირს, ვფიქრო, ცივი გონებით უნდა გავაანალიზოთ ის, რასაც "ნაციონალები" გეგმავენ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს იმის ფინანსური რესურსიც, რომ აიღონ რევანში. მათში ერთადერთი დეფიციტი რაც არის, ეს არის ელექტორალური რესურსი", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკმაყოფილონი არიან ხელმძღვანელების პასიურობით".
"ნაცმოძრაობა" განსაკუთრებით ძლიერია ე.წ. პიარში, "ნაციონალები" შესანიშნავად იყენებენ ხელისუფლების ნებისმიერ შეცდომას სათავისოდ, შედეგად მიიღებენ იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგი ნელნელა ეცემა, სამაგიეროდ, ამ პოლიტიკური ჯგუფების რეიტინგი მოიმატებს, რომელთაც "ნაციონალები" წინ წამოსწევენ. შედეგი კი ის იქნება, რომ შეეცდებიან სახალხო მღელვარების გამოწვევას, "ნაცმოძრაობა" მოახერხებს საკუთარი პარტიის რებრენდინგს, შეიძლება სხვადასხვა პარტიებშიც გაიფანტონ, ან ბლოკიც შექმნან რომელიმე ჯგუფთან. მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკმაყოფილონი არიან მათი ხელმძღვანელების პასიურობით, გარდა ამისა, თვითონ ვერ გადაწყვიტეს, როგორი სტრატეგია აირჩიონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს თანმიმდევრულად, ეს არის ის, რომ დასავლურ ორიენტაციას ფეხს არ უცვლის. არადა, დღევანდელ ხელისუფლებას "ნაცმოძრაობა" ეძახის რუსეთუმეებს. მოდი, ახლა დავდოთ სასწორზე, რას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთთან და რას - დასავლეთთან. დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთთან დეს ხელშეკრულებებს, შედის აქტიურად ინტეგრაციულ პროცესში და მაქსიმალურად აგრძელებს იმ გზას, რომელიც ჰქონდა "ნაცმოძრაობას" წინა ხელისუფლებაში. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რუსეთთან არის სავაჭრო-კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, და თავშეკავება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ, ის, რასაც რუსეთი ახორციელებს არა მარტო უკრაინაში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში. დაკვირვებული ადამიანი მიხვდება, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება, რომელსაც რეალური დოკუმენტები უმაგრებს ზურგს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯებია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ნატოსთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ერთი რამ, ამ წლების განმავლობაში ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ ჩემთვის მისაღებია მხოლოდ ერთი დოკუმენტი, დასავლეთთან ურთიერთობის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს განსაკუთრებული დაცვის პირობებს შეუქმნის. ის დოკუმენტი, რომელიც დღეს მიიღო ნატომ და ვერც მაპი, ჩვენი ქვეყნის დაცვის პირობებს ვერ შეგვიქმნის. რუსეთის მხრიდან რომ ხიფათი აბსოლუტურად ნიველირებული იქნეს, საჭიროა ისეთი დოკუმენტი დასავლეთის მხრიან, რაც გარანტირებულად დაგვიცავს რუსული საფრთხისგან", - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვას -ვინ უნდა წავიდეს გაეროს 69-ე სესიაზე და თუკი ორივე, პრემიერი და პრეზიდენტი, დამოუკიდებელი დელეგაციებით წარდგებიან გაეროში, რა მოხდება?- პასუხობს:
"ქვეყნის პირველი პირი უნდა წავიდეს გაეროში და დღეს ქვეყნის პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი და თუ პერსონალურად დაპატიჟებულია მარგველაშვილი, მაშინ ისიც უნდა წავიდეს. საერთოდ ვთვლი, რომ ეს თემა არ უნდა იყოს სალაპარაკო".