13-27 სექტემბერს უკრაინაში, ლვოვის მახლობლად, სამხედრო პოლიგონ „იავაროვაზე“ ყოველწლიური საერთაშორისო სწავლება „რაპიდ ტრაიდენტი“ (Rapid Trident) გაიმართება.
სწავლებაში NATO-ს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატში მონაწილე ქვეყნები ჩაერთვებიან. სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ოცეულიც მიიღებს მონაწილეობას.
ქართველ სამხედროებთან ერთად სწავლებაში 15 ქვეყნის ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას; მათ შორის 200 ამერიკელი სამხედრო, ასევე სამხედროები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან.
სწავლების სცენარის მიხედვით, მრავალეროვნულ ბრიგადას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით მოუწევს მოქმედება.