საწვრთნელი ცენტრი MAP-ის სანაცვლოდ?

საწვრთნელი ცენტრი MAP-ის სანაცვლოდ?

4-5 სექტემბერს უელსში ნატოს წევრ სახელმწიფოთა ლიდერების სამიტი გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ სამიტის ყურადღების ცენტრში იქნება რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში, რაც სერიოზულ გამოწვევას წარმომადგენს ნატოს წევრი ქვეყნებისათვის, რომლებიც, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, „მზადყოფნის სამოქმედო გეგმით“ უპასუხებენ რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებს. 1 სექტემბერს ნატოს სამიტის წინა ბოლო პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოსთან ალიანსის თანამშროლობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ნატო საქართველოში „თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მისიას“ შექმნის. უელსში ასევე იმსჯელებენ საქართველოში ნატოს პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელი ცენტრის შექმნაზეც.

1 სექტემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა დიდი დრო დაუთმო რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებსა და ალიანსის წინაშე მდგარ ამოცანებზე საუბარს, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა ალიანსის მხრიდან ევროპისა და მოკავშირეთა უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებზე:

 „უელსში ჩვენი შეხვედრა ამ კვირაში სახეცვლილ მსოფლიოს პირობებში ტარდება. სამიტი პასუხს გასცემს შეცვლილი მსოფლიოს გამოწვევებს. შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ ეს სამიტი გადამწყვეტი მნიშვნელობისა გახდება ნატოს ისტორიაში“.

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, უელსის  4-5 სექტემბრის სამიტზე დადასტურდება, რომ ალიანსი არის მზად, შესწევს უნარი და აქვს ნება, რომ  ნებისმიერი თავდასხმისაგან დაიცვას ყველა თავისი მოკავშირე. ამ კონტექსტში ნატოს წარმავალმა გენმდივანმა ახსენა ნატოს მზადყოფნის სამოქმედო გეგმა (Readiness Action Plan), რაც ალიანსს, როგორც არასდროს,  ისეთ სიცოცხლისუნარიანს გახდის:

 „მზადყოფნის სამოქმედო გეგმა პასუხია რუსეთის აგრესიულ ქმედებაზე. ამასთან, იგი ალიანსს შეაიარაღებს იმისათვის, რომ გაუმკლავდეს უსაფრთხოების ყველა გამოწვევას იქ, სადაც ისინი იჩენენ თავს“.

ნატოს უელსის სამიტის წინა პრესკონფერენციაზე, 1 სექტემბერს, ანდერს ფოგ რასმუსენი შეეხო საქართველოსა და უკრაინის საკითხს. ალიანსი მზად არის უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს დაუბრუნდეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლება შეცვლის ამჟამად არსებულ ბლოკგარეშე ქვეყნის სტატუსს, საქართველოს კი ნატოს გენერალური მდივანი თავდაცვის შესაძლებლობათა განვითარების მისიისა და რეგიონალური განზომილების სავარაუდო საწვრთნელი ცენტრის შემქნას შეჰპირდა:

„ჩვენ საქართველოში შევქმნით, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მისიას, რომელიც უპირატესად  ფოკუსირებული იქნება თავდაცვის სამინისტროზე და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროების რეფორმების გაგრძელებასა და მოდერნიზებაში დაეხმარება“.

2008 წლიდან მოყოლებული, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროები განუწყვეტელი დაკვირვების ქვეშ არის ნატოს მხრიდან, რომელიც საქართველოსთან გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ერთგვარი სუროგატის, ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში პერმანენტულად გზავნის შეფასების მისიებს. საბოლოო ჯამში, ჩრდილოატლანტიკური საბჭო  ყოველთვის წარმატებით აფასებდა და სხვა პარტნიორი წევრი ქვეყნებისთვის სანიმუშოდაც კი მიიჩნევდა საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროს რეფორმირებისა და მოდერნიზების კუთხით ნაჩვენებ პროგრესს.

შესაბამისად, იბადება შეკითხვა: რამდენად რელევანტურია თავდაცვის შესაძლებლობათა განვითარების მისიისა და მხოლოდ ნატოს პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით სავარაუდო საწვრთნელი  ცენტრის შექმნა ქვეყნისათვის, რომელიც მეხუთე წელია ელოდება ნატოში გაწევრიანების მკაფიო საგზაო რუკის - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - მიღებას. ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არჩილ გეგეშიძეს მიმართა.

„საქართველომ უკვე დაასრულა ის ეტაპი, როდესაც ის რაღაც ტესტებს აბარებდა და გარკვეულ რაღაც წინაპირობებს ასრულებდა საშინაო დავალებების სახით, რათა მორიგი ნაბიჯი გადაედგა ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. ახლა, დასრულდა რა ეს ეტაპი, უკვე საკითხი მიდგა პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე და ასეთ დროს ასპირანტი ქვეყნის თავსებადობას ნატოსთან აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბატონი რასმუსენის მიერ გაჟღერებული ეს მოსალოდნელი გადაწყვეტილებები მომავალ ნატოს სამიტზე სწორედ საქართველოს ნატოსთან თავსებადობის შემდგომი ამაღლების, გაძლიერებისა და გაღრმავების  მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი იქნება ორმხრივ ურთიერთობებში“, განაცხადა არჩილ გეგეშიძემ, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რომელთან ვრცელ ინტერვიუსაც 3 სექტემბერს მოისმენთ საავტორო გადაცემაში „დაბრკოლების ზოლი“. მასში საუბარი იქნება სწორედ მოახლოებულ ნატოს სამიტსა და გლობალური უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

დაბოლოს, გავიმეორებთ, რომ ნატოს სამიტი უელსში 4-5 სექტემბერს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ექნება უელსში. ნატოს    სამიტი 4 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება,  ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდამჭერ მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და სხვა კონტრიბუტორი ქვეყენების ლიდერთა მონაწილეობით. შემდეგ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის ოთხი ასპირანტი ქვეყნის - ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს, ჩერნიგორიისა და მაკედონიის - საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდებიან, 5 სექტემბერს კი ნატოს თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იორდანიისა და შვედეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელებს, როგორც პროგრამაშია მითითებული, თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობათა განსახილველად.