თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე (ვიდეო)

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი „დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში“ მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო.

ირაკლი ალასანია პანელში - „დემოკრატიული განვითარების რისკები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“ სიტყვით გამოვიდა. თავდაცვის მინისტრმა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებსა და რისკებზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა  საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებით თავდაცვის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებზე. ირაკლი ალასანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გატარებულ რეფორმებსა და საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილსაც შეეხო. „დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. საქართველოს ის ხალხი ესტუმრა, ვინც მსოფლიო პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში იღებს მონაწილეობას. ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე. ჩვენი ქვეყნის, რეგიონის, უკრაინის  უსაფრთხოებისთვის აქტუალურ თემებზე; ნატოში ჩვენს ინტეგრაციაზე; უსაფრთხოების გარემოზე. ეს ინტელექტუალური დებატები ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, მთავრობის  წარმომადგენლებისთვის, რათა კარგად შევიგრძნოთ რას ვაკეთებთ სწორად, რა შეცდომებს ვუშვებთ და ეს შეცდომები რომ იყოს გამოსწორებული. ძალიან სასარგებლო კონფერენცია იყო და მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს და ორგანიზატორს“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა დისკუსიაში მონაწილეობის შემდეგ.

პანელს მოდერატორობა სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპერტმა სახელმწიფოს მშენებლობისა და პოლიტიკური რეფორმების სფეროში ფრენსის ფუკუიამამ გაუწია. დისკუსიაში მონაწილეობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გრიგოლ მგალობლიშვილმა მიიღეს.

 

სამდღიანი ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. კონფერენცია სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ეგიდით იმართება. კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტები, მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი ოფიციალური პირები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებასა და მოსაზრებებს  უზიარებენ.