„უსაფრთხო კავკასია - 2014“-ის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

„უსაფრთხო კავკასია - 2014“-ის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე საერთაშორისო სწავლება „უსაფრთხო კავკასია -2014“-ის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. სწავლება იალღუჯას პოლიგონზე 5 სექტემბერს გაიმართება. სწავლების მიზანია საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციების დროს ურთიერთდახმარების მემორანდუმის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და სამაშველო ძალების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა. ასევე, საქართველოს მთავრობასა და „ბრითიშ პეტროლიუმს“ (BP) შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხმელეთზე და წყალში ნავთობის დაღვრაზე ერთობლივი რეაგირების ჩატარება, კოორდინირებული მუშაობის დახვეწა-გაუმჯობესება.

სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, „ბრითიშ პეტროლიუმი“ (BP)“-ს, BP -ის კონტრაქტორი „ბრიგსი“ (BRIGGS)-ის და სს ,,ენერჯი ინვესტი”-ს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე სწავლების მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დაგეგმილი სწავლების სცენარი, მასთან დაკავშირებული ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხები. სტუმრებს საშუალება მიეცათ ადგილზე დაეთვალიერებინათ სასწავლო წერტილები და გადაეწყვიტათ მათ წინაშე დასახული ამოცანები.