ლიდერთა ფორუმის პირველი დღე

ლიდერთა ფორუმის პირველი დღე

1-3 სექტემბერს თბილისში სასტუმრო ”ქორთი-იარდ მერიოტი” მასპინძლობს საერთაშორისო ლიდერთა ფორუმს - "დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში". დისკუსიები, რომლებსაც სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპერტები უძღვებიან, მიზნად ისახავს მეტის გაგებას პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე, ჯანსაღი და სტაბილური დემოკრატიის განვითარების ჭრილში. ფორუმის პირველ დღეს დიდი დრო დაეთმო შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას ამჟამინდელი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

ლიდერთა ფორუმის პირველი დღის პირველი დისკუსია თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის თემას დაეთმო და მასში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და პოლიტოლოგი  გია ნოდია მონაწილეობდნენ.

დისკუსიას სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპერტი ფრენსის ფუკუიამა უძღვებოდა. დეტალებზე ლაპარაკი შეუძლებელია, რადგანაც მედიის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა გაეშუქებინათ უშუალოდ სადისკუსიო პროცესი, თუმცა მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ დისკუსიამ რაღაც ეტაპზე პოლიტიკური დაპირისპირების სახე მიიღო. ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მრავლად იყვნენ დარბაზში, ამჟამინდელ ხელისუფლებას კვლავაც ოპონენტების პოლიტიკურ დევნასა და შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. როგორც მაგალითად ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, კრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლებს არაადეკვატურად აღიზიანებთ:

”ის საკითხები, რაზეც ბატონი უსუფაშვილი ასე გაღიზიანდა, მათთვის ტრადიციულ სტილში, - ერთ-ერთ ექსპერტს (გიორგი) კანდელაკის აზრების გახმოვანება დააბრალა (რაც თავისთავად ძალიან სახიფათო სიმპტომია), - ეს არის ის თემები, რაც აწუხებს დღეს სახელმწიფოს და ვისაც აინტერესებს სახელმწიფოს მშენებლობის საკითხები. ამიტომ ამ თემებზე გაღიზიანების ნაცვლად, პასუხი უნდა ჰქონდეთ. პასუხს კი ვერ ვხედავთ, რადგანაც ეს პასუხი არ არსებობს”.

”ნაციონალური მოძრაობის” შეფასებები თუ ბრალდებები კოალიცია ”ქართულ ოცნებას” უსაფუძვლოდ და არასერიოზულად რომ მიაჩნია, ეს  ლიდერთა ფორუმის პირველ დღესაც კარგად გამოჩნდა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, ფორუმის მონაწილე სტუმრები დაინტერესებული არიან საქართველოს საგანგებო წარმატებითა და წინსვლით:

”სტუმრები აშშ-დან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - სტენფორდის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები სწორედ ამიტომ ჩამობრძანდნენ, რომ ჩვენი გამოცდილებაც გაიზიარონ: როგორ მოხერხდა ის, რომ საქართველო არის რეფორმისტული ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა და, მიუხედავად მრავალმხრივი გამოწვევებისა, მყარად დგას ფეხზე და მიდის დასავლური ინტეგრაციის გზით. ეს ყველაფერი 2012 წლის შემდეგ გახდა კიდევ უფრო საინტერესო და ამაზე იყო საუბარი”.

ის, რომ დისკუსიის პროცესში მართლაც მწვავე შიდაპოლიტიკურმა დაძაბულობამ იჩინა თავი, არ გამოჰპარვია ჟურნალისტსა და პოლიტიკურ მიმომხილველ ირაკლი ტაბლიაშვილს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, უცნაურია, რომ  ნატოს მოახლოებული სამიტის წინ და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ფორუმის პირველი დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის თემატიკა ნაკლებად შეეხო ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ასპექტებს და ვერ გასცდა შიდაპოლიტიკური დაპირისპირების სიბრტყეს:

”ეს სამწუხაროა, გულწრფელად გეტყვით... იმიტომ რომ ამ საგარეო გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანას აქვს და ისეთი მაღალავტორიტეტული პირის თანდასწრებით, როგორიც არის ბატონი ფუკუიამა, არ მგონია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ქვეყნის შიგნით უნდა არჩიონ, შესაძლოა, ვიწროდ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ გლობალური კონტექსტისთვის სრულიად შეუსაბამო თემები”.

ირაკლი ტაბლიაშვილის შთაბეჭდილებით, დისკუსიის შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კალაპოტში გადატანას ხელი შეუწყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მისასალმებელ სიტყვებში დასმულმა აქცენტებმა, რასაც შემდეგ ”ნაციონალური მოძრაობის” არაერთი წარმომადგენელი გამოეხმაურა. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნება პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. საქართველოს რეფორმატორული წარმატებისა და წინსვლის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ილაპარაკა ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში გამეფებულ დანაშაულებსა და დაუსჯელობის სინდრომზე. ითქვა, რომ ამიერიდან თანამდებობის პირად ყოფნა აღარასოდეს იქნება იმუნიტეტი საქართველოში და რომ ყველა დამნაშავე ადეკვატურად დაისჯება.   

პრემიერისა და სხვა გამომსვლელების მიერ დასმული მსგავსი აქცენტები  სულაც არ გაჰკვირვებია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელს ვახუშტი მენაბდეს. მისთვის გასაკვირი არც ის არის, რომ მწვავედ დაპირისპირებულ ორ პოლიტიკურ ძალას შორის კამათი ამ ფორუმზეც გაჩაღდა. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ”ნაციონალური მოძრაობის” აქტიურობა კიდევ უფრო გამოიკვეთა დარბაზის პასიურობის ფონზე:

”ორი თემაა აქ: ერთი ის, რომ, როდესაც ”ნაციონალური მოძრაობა” სვამს კითხვებს და კრიტიკულად აფასებს იმას, რასაც წლების განმავლობაში თვითონ აკეთებდა, ეს კითხვები აღარ ჩანს ისეთი სერიოზული, როგორიც ისინი სინამდვილეში არიან; და მეორე ის, რომ დარბაზს, ალბათ, მეტი აქტიურობა ჰმართებდა, რადგანაც ნამდვილად ამ ქვეყანაში არსებობენ უფრო ლეგიტიმური ინსტიტუტები დემოკრატიულ განვითარებაზე კითხვების დასასმელად, ვიდრე ეს ”ნაციონალური მოძრაობაა”.

ვახუშტი მენაბდის შეფასებით, ყველაფრის მიუხედავად, ლიდერთა წარმომადგენლობითი ფორუმის პირველი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. 1 სექტემბერს ასევე დისკუსია გაიმართა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებისა და გამოწვევების გარშემო და საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მსჯელობაში, ექსპერტებთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დისკუსიები დემოკრატიული განვითარების პოლიტიკური, ეკონომიკური თუ უსაფრთხოების ასპექტების გარშემო მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი, რომელსაც თბილისი 3 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა (CDDRL) და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ეგიდით ტარდება. ფორუმში 13 ქვეყნის 30-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.