უკრაინის აჩრდილი ქართულ მმართველ ელიტას ცხოვრებას ურთულებს

უკრაინის აჩრდილი ქართულ მმართველ ელიტას ცხოვრებას ურთულებს

საქართველო უკრაინის მოვლენებისგან განზე არასდროს არ დარჩენილა. ჯერ კიდევ „ევრომაიდნის" პერიოდში თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტის შეცვლის მიუხედავად, კიევი და თბილისი თითქმის ყოველთვის ერთად იყვნენ. ამასთან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში ანტირუსული რიტორიკა შესუსტდა. სანამ უკრაინაში მოვლენები ვითარდებოდა, თბილისი ერთ მიმართულებას იცავდა: „გმობდა" რუსეთის მოქმედებას, მაგრამ „წითელ ხაზზე" არ გადადიოდა. ეს ტენდენცია ყირიმის ანექსიის შემდეგაც გრძელდებოდა. ასეთი „რბილი დაგმობები" სრულად კონპენსირდებოდა მიხეილ სააკაშვილის „მკაცრი განცხადებებით", რომელმაც უკრაინაში პირდაპირ ფრთები გამოისხა - ყველგან „დაფრინავდა" და ანტირუსულ რიტორიკას აფართოებდა, თან რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდის დროს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებსაც იხსენებდა, - ნათქვამია „კავკაზსკაია პოლიტიკაში" გამოქვეყნებულ ნადანა ფრიდრიხსონის სტატიაში - უკრაინული გზაგასაყარი საქართველოსთვის: შუძლია თუ არა უკრაინის მოვლენებს მოსკოვ-თბილისის ურთიერთობის გამწვავება?

ავტორი მიიჩნევს, რომ ექს-პრეზიდენტის მოქმედებამ ოფიციალური თბილისი საკმაოდ დააფიქრა - შეიძლებოდა უკრაინული მაიდნის იმპორტი მომხდარიყო. მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ონლაინ-რეჟიმში მკვეთრად იმუქრებოდა და, იმპერატორ პავლე პირველის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილს მასმედიის მეშვეობით ბრძოლაში იწვევდა. აშკარაა, ეს იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ „სააკაშვილის პიროვნების კულტის" გამომჟღავნება.

„მიხეილ სააკაშვილის ანტირუსული განცხადებები საქართველოს ხელისუფლებისათვის საკმაოდ კარგი თავშეკავებითი ფაქტორი გამოდგა. გარდა ამისა, ქართული პროდუქციისათვის რუსული ბაზრის კარის გაღების შემდეგ თბილისი ბევრს ფიქრობდა და აწონილ-დაწონილად უდგებოდა, სანამ ჩრდილოელ მეზობელს რაიმე არასასიამოვნო ეპითეტით შეამკობდა. ყველა შემთხვევაში ეკონომიკური ფაქტორი სერიოზული საბაბი აღმოჩნდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაში", - აღნიშნავს ავტორი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსული ბაზრით მიღებული მოგება უკრაინის მოვლენებმა და ევროპულმა ორიენტაციამ ეჭვქვეშ დააყენა. ქართულ მმართველ ელიტის მოქმედებაში ნელ-ნელა შეიმჩნევა რუსეთის კრიტიკა... აბა, დავაკვირდეთ: მოსკოვმა და ბრიუსელმა ერთმანეთს არასახუმარო სანქციების ომი გამოუცხადეს. რუსეთის ბაზარზე დასავლური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ვაკუუმი შეიქმნა, რითაც ისარგებლეს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რაც უფრო ცუდია საქართველოსთვის, აფხაზეთმაც. გარდა ამისა, თბილისში ტრადიციულად უარყოფითად შეაფასეს ასევე ტრადიციული რუსული მხარდაჭერა აფხაზეთში გამართული პრეზიდენტის არჩევნების მიმართ. რუმინეთში ყოფნის დრო კი საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და ყირიმის ანექსია.

„და მაინც, საქართველო გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა: ერთი მხრივ, მას არ შეუძლია სოლიდარობა არ გამოხატოს უკრაინელი ხალხისადმი და მეორე მხრივ, არსებობს უკრაინული „მაიდნის" იმპორტისა და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების რისკი, რაც ქართულ ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
ასეა თუ ისე, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს რიგი პრინციპული საკითხების გადაწყვეტა: როგორ გააგრძელოს კავშირები რუსეთთან, როგორ მოაგვაროს თავისი პროდუქციის გასაღება, რეალურია თუ არა მიხეილ სააკაშვილის მუქარები და რას მისცემს ევროინტეგრაცია საქარტველოს, უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების ფონზე.
ამ ვითარებაში უკრაინის აჩრდილი ქართულ მმართველ ელიტას ცხოვრებას ურთულებს, მით უმეტეს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი „მეოცენებეთა" მიერ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილოა.
შეიძლება ხელისუფლების ტაქტიკა მარტივი აღმოჩნდეს: ოფიციალურ დონეზე თბილისი მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარებითაც, ხოლო ქვეყნის შიგნით ყველანაირი მინიშნება უკრაინულ თემატიკაზე მკაცრად იქნება აღკვეთილი, რუსული მეთოდების მსგავსად", - ნათქვამია სტატიაში.