ისეთი პირი უჩანს, რომ ქობულეთის რაიონი მალე, შესაძლოა, ცხელ წერტილად იქცეს, რისი მიზეზიც - არც მეტი, არც ნაკლები - ჩინელი ინვესტორი იქნება. ვერ გეტყვით, რომ მთელი ქობულეთი “სინოჰიდროს” წინააღმდეგ ილაშქრებს, მაგრამ არაერთ ადამიანს შევხვდი, რომელიც მდინარე კინტრიშის ხეობაში, კერძოდ, სოფელ ხუცუბანში მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს. შესაძლოა, ვინმემ თქვას, ინვესტორის წინააღმდეგ გალაშქრება როგორ შეიძლებაო, მაგრამ ჯერ ერთი, ინვესტორის და, შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არც ხუცუბნელები გამოდიან და, უბრალოდ, კანონის უზენაესობას ითხოვენ; მეორეც, ის, რაც ხუცუბანში ვნახე, რბილად რომ ვთქვა, მართლაც, უბედურებაა!
ხუცუბანი ისტორიული სოფელია - რუსეთ-თურქეთის ომის დროს აქ ბრძოლები მიმდინარეობდა. დღეს ხუცუბანი თემია, რომელიც რამდენიმე სოფელს, მათ შორის, სამებას, გვარას, ბოხვაურსა და ნაკაიძეებს აერთიანებს. სხვათა შორის, “ქართული ხმების” ლეგენდარული გურამ თამაზაშვილი სწორედ სამებიდან იყო... ტერიტორიას, სადაც ჩინური კომპანია “სინოჰიდრო” ლამის წელიწადია, “გათხრით სამუშაოებს” აწარმოებს, ადგილობრივები ჭაინათს ეძახიან. ჩინელების გამოჩენამდე აქაურობა, როგორც მოსახლეობა მიხსნის, ჩვეულებრივი მინდორი იყო - ხალხი საყანედ და საკარმიდამო ნაკვეთად იყენებდა, მაგრამ ახლა ჭაინათი კანიონებითაა სავსე და ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ ეს ღრმულები და კანიონები თითქოს ატომური ბომბის ჩამოგდებით გაჩნდა.
მაინც, რა არის პრობლემა?
რა და, - მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს, რომელზეც, ოფიციალური მონაცემებით, წელს, 501 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2014 წლის სამოქმედო გეგმით, რეაბილიტაცია 250 კილომეტრ საავტომობილო გზას და 30 საავტომობილო ხიდს უნდა ჩაუტარდეს. ასევე, 5 ახალი ხიდი უნდა აშენდეს. ამავე გეგმით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამუშაოები, ერთდროულად, 7 მონაკვეთზე უნდა წარიმართოს და ჯამში 140 კილომეტრი გზა დაიგოს.
ზემოხსენებულ გეგმაში შედის ქობულეთის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობა, რომელიც 209 მილიონი ლარი დაჯდება. ამ მონაკვეთის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ, ანუ 2016-ში უნდა დამთავრდეს, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ 2016 წლამდე ვერ მიაღწევენ, რადგან ჩინელების წყალობით, კლიმატი იცვლება და, ამასთან, ის სათაო ნაგებობაც ბინძურდება, საიდანაც ქობულეთს სასმელი წყალი მიეწოდება.
ხუცუბნის, უფრო კონკრეტულად, ჭაინათის ჩინურ ვანდალიზმზე ხმამაღლა ლაპარაკი პირველად მერაბ ბლადაძემ დაიწყო. ბლადაძე უფლებადამცველია - “ნაციონალების” მმართველობის დროს, ემიგრაციაში იმყოფებოდა - სააკაშვილის რეჟიმს ბელგიიდან ებრძოდა და ევროსაბჭოს საქართველოს “ნაციონალურ რეალობაზე”, მათ შორის, პოლიტპატიმრებზე ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდა. მერაბ ბლადაძე ე.წ. ციხის კადრების გამომზეურებაშიც მონაწილეობდა.
როგორც იგი ამბობს, ჩინელები ხუცუბანში ინერტულ მასალას, ე.წ. ბალასტს მოიპოვებენ, რომელსაც გზის მშენებლობაში იყენებენ. ბლადაძე ხაზს უსვამს, რომ გზის მშენებლობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და არც სახელმწიფოს უპირისპირდება, მაგრამ ჩინელები, ბლადაძის განმარტებით, კანონს უხეშად არღვევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაშვებული 5-ის ნაცვლად, მიწაში 10-15 მეტრზე ჩადიან და ბალასტს ისე იღებენ.
სხვათა შორის, შპს “სინოჰიდროს” წარმომადგენელი “ქართულ სიტყვასთან” პირად საუბარში ადასტურებს, რომ მერაბ ბლადაძე სიმართლეს ამბობს, ანუ ჩინელები მათზე დაკისრებულ მოვალეობას არაკეთილსინდისიერად ასრულებენ. სწორედ ამის გამო, ინვესტორი რამდენჯერმე დაჯარიმდა და, ბოლოს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, მაგრამ ამ სანქციების მიუხედავად, სამი თვის წინ, ხუცუბნის ტერიტორიაზე ინერტული მასალების მოპოვების სამთვიანი ნება ისევ მიეცა. ისე, ჯარიმა უმნიშვნელოა - 900 ლარი და ჩინელები მოსახლეობას, თურმე, ეუბნებიან, სამუშაოების შეწყვეტას ჯარიმის გადახდა გვირჩევნია და რამდენჯერაც დაგვაჯარიმებენ, იმდენჯერ გადავიხდითო.
უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე, ჩინელებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ ფატი ხალვაშსა და აჭარის უზენაესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარსა და გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელ ანზორ თხილაიშვილსაც ადანაშაულებს.
“თხილაიშვილმა და, მით უმეტეს, ფატი ხალვაშმა არ იცის, თუ რა არის მაჟორიტარის უფლება-მოვალეობა. მათ ვიცნობ და კარგი ურთიერთობაც მაქვს, მაგრამ ჩემთვის ქობულეთელობა უფრო მეტია, ვიდრე - პირადი ნაცნობობა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ დეპუტატი სახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდეს”, - ამბობს მერაბ ბლადაძე.
რაც შეეხება “სინოჰიდროს”, ოფიციალური მონაცემებით, ეს კორპორაცია მსოფლიოში გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია-პროექტირებით, ხიდების მშენებლობა-შეკეთება და ტექმომსახურებითაა ცნობილი. ამ ჩინურ კორპორაციას საქართველოში არაერთი ტენდერი აქვს მოგებული. ქობულეთში მოარული ხმით, ჩინელებს მფარველები მხოლოდ წინა კი არა, ახალ ხელისუფლებაშიც ჰყავთ და ამიტომ, ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა - ქალამნად.
უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე საუბრისას მაფიოზურ ჯგუფს ახსენებს, რომელიც “სინოჰიდროს” ინტერესებს იცავს. ამასთან, ბლადაძე ეჭვობს, რომ ჩინელებს აჭარის უზენაესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი “კრიშავს”, სხვა შემთხვევაში, “სინოჰიდრო” პრემიერის ბრძანების უგულვებელყოფას ვერ გაბედავდა. ბლადაძის ეჭვს ერთი გარემოებაც ამყარებს, კერძოდ, აჭარელი გავლენიანი “ტიპები” ხალხს, თურმე, ეუბნებიან, ხმას ნუ იღებთ, ყველაფერ ამის უკან პრემიერი დგასო.
ჩინელების მფარველებზე საუბრისას ხალხი მაილო ჯაშს, ზურაბ მეგრელიძეს, გიგი თხილაიშვილსა და დავით ბოჭორიშვილს ახსენებს...
მაშასადამე, გამოდის, რომ აჭარაში ვიღაც პრემიერ ღარიბაშვილის სახელით ბოროტად სარგებლობს. ყველაფერ ამას კი, შესაძლოა, პოლიტიკური მიზნებიც აქვს, ანუ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს უნდა, პრემიერის მიმართ ხალხის უკმაყოფილება გაიზარდოს.
ამ ვერსიას არსებობის უფლება, ცხადია, აქვს და თუკი, მართლაც, ასეა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას შეთქმულებას უწყობენ!
გარდა ამისა, მოსახლეობა ამბობს, რომ აჭარაში ე.წ. მიწის მაფია მოქმედებს, რომლის კვალიც, პირდაპირ თუ ირიბად, კახა ბენდუქიძემდე მიდის, თუმცა ამ თემაზე ვრცლად “ქართული სიტყვა” ერთი კვირის შემდეგ გიამბობთ...
ადგილობრივი ეკოლოგების თქმით, ჩინელებმა საქმე ისე გააფუჭეს, რომ ხუცუბნის ტერიტორია ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ამავე ზამთარს დადგება, ანუ მიწაგამოცლილი ნიადაგი ისე მოიყინება, რომ ციტრუსი ვეღარ გაიხარებს. არადა, ადგილობრივების შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ ციტრუსია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩინელებს, ხელშეკრულებით, ევალებათ, ე.წ. ბალასტის ამოღების შემდეგ, რეკულტივაცია ჩაატარონ - ორმოები ამოავსონ, ქვა-ღორღი კი, ზღვაში ჩაყარონ, თუმცა როგორც “ქართულმა სიტყვამ” ნახა, ხუცუბნიდან წაღებული ლოდები ზღვაში კი არა, პირდაპირ ქობულეთის პლაჟზე ყრია - როგორც ჩანს, ჩინელებს ლოდების დამტვრევა დაეზარათ და იფიქრეს, ქართველები მაინც ჩვენს მხარეს არიან და დიდი ამბავი, თუკი ლოდებს ზღვაში კი არა, სანაპიროზე დავყრითო.
რაც შეეხება კანიონებს, ერთ-ერთში ციტრუსის შემსყიდველ ერთ-ერთ პუნქტს უვარგისი მანდარინი ჩაუყრია. მანდარინი, ცხადია, დალპა და კანიონი ჭაობად იქცა, სადაც რამდენიმე სული პირუტყვი დაიხრჩო. დამპალი მანდარინისა და პირუტყვის ლეშის, ასე ვთქვათ, ნარჩენები იმ ადგილიდან, საიდანაც ქობულეთი სასმელი წყლით მარაგდება, სულ რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. როგორც “ქართულ სიტყვას” ადგილობრივმა ეკოლოგმა უთხრა, არსებობს ალბათობა, რომ წყალი მოიწამლოს და ერთ არამშვენიერ დღეს მთელი ქობულეთი საავადმყოფოში აღმოჩნდეს. სხვათა შორის, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ყოფილა შემთხვევა, როცა 8 ათასი ადამიანი წყლით ერთბაშად მოწამლულა...
“ქართულმა სიტყვამ” რამდენიმე შეკითხვით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურის უფროს პაატა ჯორბენაძეს მიმართა:
- როგორც ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანის მოსახლეობა ამბობს, ჭაინათის ტერიტორიაზე ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ ე.წ. ბალასტის ამოღებას კანონდარღვევით აწარმოებს, ანუ მიწაში ხუთ მეტრზე ქვემოთ ჩადის. ხელშეკრულებით, რამდენ მეტრზე ჩასვლის უფლება აქვს „სინოჰიდროს“ და თუ მართლა არღვევს კანონს, რატომ არ სთხოვს გარემოს დაცვის სამინისტრო პასუხს (რამდენიმე დაჯარიმებისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიუხედავად, კომპანია მუშაობას ახლაც აგრძელებს)?
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის განკარგულება ¹2138-ით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განსახორციელებლად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან სამი თვის ვადით, განთავისუფლდა. ვადის გასვლის შემდეგ, ჩვენი სამსახურის მიერ ჩატარდა დათვალიერება, დაფიქსირდა სამთომინაკუთვნს გარეთ გადაცდომის ფაქტი. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 18 480 ლარი. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს (1 500 ლარზე ზემოთ ითვლება მნიშვნელოვან ზიანად).
სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტოს” გეოსაინფორმაციო პაკეტით ნაყოფიერი ფენის ქვემოთ სიღრმე განსაზღვრული ჰქონდათ 5 მეტრი. განკარგულების ვადის გასვლის შემდგომ, უნდა გაეკეთებინათ სამთოგამონამუშევრის რეკულტივაცია, რაც არ გაუკეთებიათ, აღნიშნულ დარღვევაზე შედგენილ იქნა ადმინისტრაციული ოქმი 574-ე მუხლით შპს “კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში”-ის მიმართ. სასამართლოს მიერ გამოტანილია დადგენილება სახდელდადების შესახებ, შესულია კანონიერ ძალაში, რაზეც გაუკეთდება ადმინისტრაციული მიწერილობა და განესაზღვრება ვადა აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივნისის განკარგულება ¹1074-ით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის მიმდებარე ტერიტორია გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით, ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად. 2014 წლის 29 ივნისს ჩვენი სამსახურის მიერ ჩატარდა დათვალიერება, დაფიქსირდა სამთომინაკუთვნს გარეთ, ასევე, მეორე და მესამე უბნებზე, სიღრმეში გადაცდომის ფაქტი. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 12 786.5 ლარი. საქმის მასალები გადაეგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოებს. სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტოს” გეოსაინფორმაციო პაკეტით ნაყოფიერი ფენის ქვემოთ სიღრმე განსაზღვრული ჰქონდათ 1,2,3,4 უბნებზე 5 მეტრი, მე-5-ე უბანზე - 3 მეტრი. განკარგულების პირობების დარღვევაზე შედგენილ იქნა ადმინისტრაციული ოქმი 574-ე მუხლით შპს “კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“-ის მიმართ.
- როგორც ადგილობრივი სპეციალისტები ამბობენ, „სინოჰიდროს“ მიერ კანონდარღვევით ჩატარებული სამუშაოები კლიმატს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ასევე, უკვე დაიწია მდინარე კინტრიშის კალაპოტმა. რატომ არ სწავლობს რეგიონის გარემოს დაცვის უწყება აღნიშნულ პრობლემას?
- ჩვენი სამსახურის მიერ ხორციელდება გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების, სარგებლობის ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი. ასეთის არსებობის შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყოველივე გამოვლენილ დარღვევაზე გატარებულია შესაბამისი ღონისძიება. რაც შეეხება კლიმატის სერიოზულ ცვლილებას, აღნიშნული საკითხის შეწავლა ჩვენს კომპეტენციას აღემატება.
- რა სახის ჯარიმებს ითვალისწინებს ხელშეკრულება და განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, მივა თუ არა „სინოჰიდროს“ საქმე სასამართლოში?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, შპს “კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში”-ის მიმართ ჩვენი სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა ორი სისხლის სამართლის საქმე და განკარგულების პირობების დარღვევაზე შედგენილი იქნა ორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 574-ე მუხლით. განმეორებით დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე, გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიება.
- ხალხი ამბობს, რომ „სინოჰიდროს“ ცალკეული ჩინოვნიკები მფარველობენ. ეს ჩინოვნიკები ხომ არ უნდა ვეძებოთ გარემოს დაცვის უწყებაში?
- აღნიშნულის შესახებ არ მსმენია.
- მოსახლეობის ცნობით, ქობულეთის წყალსადენის სიახლოვეს, „სინოჰიდროს“ მიერ გაჭრილ ორმოებში მოხდა უვარგისი მანდარინის ჩაყრა, რასაც ადგილის დაჭაობება მოჰყვა. ჭაობში საქონელი დაიხჩო და არსებობს საშიშროება, რომ ქობულეთს დაინფიცირებული სასმელი წყალი მიეწოდოს. ამის შესახებ თუ გსმენიათ და რა რეაგირებას მოახდენთ, ანუ ადგილზე შეისწავლით თუ არა პრობლემას.
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის განკარგულება ¹2138-ით გაცემული სამთო გამონამუშევრებში და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივნისის განკარგულება ¹1074-ით გაცემულ სამთო გამონამუშევრებში შპს “კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში”-ს მიერ უვარგისი მანდარინი არ არის ჩაყრილი. თუ ადგილი ექნება გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს, ჩვენს მიერ დაუყოვნებლივ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
- არსებობს თუ არა ხელშეკრულებაში პუნქტი, რითიც „სინოჰიდროსთან“ კონტრაქტი გაწყდება.
- განკარგულებიდან გამომდინარე, 2014 წლის 16 სექტემბერს ვადა გასდის აღნიშნულ განკარგულებას და შესაბამისად დაასრულებს შპს “კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში” მუშაობას, თუ სხვა რაიმე განკარგულება არ გაიცა აღნიშნულ კომპანიაზე. სხვა სამართლებრივი პუნქტი განკარგულებაში არ არსებობს სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ასეა თუ ისე, ქობულეთში, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობაა, რომელიც, როგორც უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე ამბობს, შესაძლოა, სერიოზულ თავის ტკივილად იქცეს...