კატასტროფა გარდაუვალია!  შემოდგომიდან საქართველოში სერიული მიწისძვრები დაიწყება?!

კატასტროფა გარდაუვალია! შემოდგომიდან საქართველოში სერიული მიწისძვრები დაიწყება?!

,,ვარდოსნულიხელისუფლება, მთელი ცხრა წლის განმავლობაში, 24-საათიან ელექტრომომარაგებას გვამადლიდა... საერთოდ, ელექტროენერგიით მანიპულირება ქართულ პოლიტიკაში ერთობ სარფიანია. ასე, მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინოცნებაცგვპირდებოდა, დენის გადასახადს შევამცირებო, მაგრამ შემცირებას ვინ ჩივის, “დენის გადასახადი”, შესაძლოა, გაიზარდოს, თუმცა ამ ინფორმაციასოცნებისხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს... ექსპერტების ნაწილის თქმით, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა სჭირდება და სწორედ ამისთვის ათეულობით მძლავრი ჰესი უნდა აშენდეს. ცალკეული მეცნიერები კი თვლიან, რომ საქართველოსნაირი რელიეფის მქონე ქვეყნისთვის მცირე ჰესები გამანადგურებელია... ,,ქართული სიტყვაფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, მწერალ აკაკი გასვიანს ესაუბრა.

- ბატონო აკაკი, დარიალის ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზად ერთნი სწორედ მძლავრი ჰესების მშენებლობას ასახელებენ. ენერგეტიკის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ნგრევის მიზეზი ჰესის მშენებლობა ვერ გახდებოდა. რომელი ვერსიისკენ იხრებით?

- კავკასიონი მთაგრეხილების ახალი სისტემაა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. მსოფლიო სეისმოლოგების მონაცემებით, 2014 წლის შემოდგომასა და მომავალ წელს ახლო აღმოსავლეთი და კავკასია, კერძოდ, საქართველო აქტიურ სეისმოლოგიურ ზონაში მოხვდებიან, რის შედეგადაც შესაძლოა, მცირე ვულკანური წარმონაქმნებიც გაჩნდეს. დარიალის ხეობაში ყინულის უზარმაზარი მასის ჩამოწოლა ბუნების სიგნალი და გაფრთხილება იყო, რომ რღვევები დაწყებულია და ამიტომ, მაღალი სიმძლავრის ჰესების მშენებლობა უნდა შეჩერდეს.

- ენერგეტიკოსები ამ საფრთხეს არ ითვალისწინებენ?

- შეჩერებას არ აპირებდნენ, მაგრამ ბიძგები განმეორდა და იძულებულნი გახდნენ, შეჩერებულიყვნენ.

- გვაქვს თუ არა სათანადო კომპეტენცია კვლევების ჩასატარებლად?

- მართალია, ,,ნაციონალურმა” მმართველობამ ყველა ინსტიტუტი მოშალა და გაანადგურა, მაგრამ გეოლოგიის, გეოდეზიის, გეოფიზიკისა და სეისმოლოგიის კვლევითმა ინსტიტუტებმა მაღალი კვალიფიკაციის კადრები დაგვიტოვეს, დღეს მთელი პასუხისმგებლობაც სწორედ მათზეა.

- ამ სპეციალისტების მუშაობას ვინ ხელმძღვანელობს?

- სპეციალისტები საკუთარი ინიციატივებით გამოდიან. ამას წინათ,  ბატონ თამაზ ჭელიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ვარაუდობს, რომ 2014 წლის ბოლოსა და 2015 წელს 9-ბალიანი მიწისძვრებია მოსალოდნელი.  მსგავსი კატაკლიზმები განსაკუთრებით საშიში დედაქალაქისთვისაა. ასეთი კატასტროფის შემთხვევაში, თბილისი სასაფლაოდ იქცევა. უკვე ორი ათეული წელია, ახალი კორპუსები ისე შენდება, რომ არც გრუნტს სწავლობენ და არც   იმას ამოწმებენ, თუ როგორ სამშენებლო მასალას იყენებენ. ამის კონტროლი ,,ნაციონალური” მმართველობის დროს არ ხდებოდა და სამშენებლო პოლიტიკაში წესრიგი ჯერჯერობით ვერც ,,ოცნებას” დაუმყარებია.

- საბჭოთა პერიოდში გრანდიოზული მშენებლობების ბუმი იყო. მოდით, “ენგურჰესისმშენებლობა გაიხსენეთ.

- როცა “ენგურჰესის” აშენების საკითხი გადაწყდა, მოსკოვიდან საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალური ჯგუფი ჩამოვიდა, რომელსაც სეისმოლოგიური პროცესები უნდა შეესწავლა. კომისიის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ვიქტორ სოლონენკომ ასეთი დასკვნა დადო: ,,კავკასია მიეკუთვნება ძალიან აქტიურ სეისმოლოგიურ ზონას. აქ ისეთი მიწისძვრების ნაკვალევია, რომ რამდენიმე ქედი არა მხოლოდ წაქცეული, არამედ, ერთი ადგილიდან მეორეზე რამდენიმე ათეული მეტრითაა გადაადგილებული, ასეთი მიწისძვრები დედამიწაზე არსადაა დაფიქსირებული. ეს შეიძლება, ატლანტიდის გაქრობას შევადაროთ”.

-ენგურჰესიმაინც აშენდა...

- აშენება საჭიროდ მერკანტილიზმით დაავადებულმა და დაინტერესებულმა პირებმა ჩათვალეს...

- “ენგურჰესისგამომუშავებული ელექტროენერგია ვისთვის უფრო ხელსაყრელია - მეზობლებისთვის თუ ჩვენთვის?

- ორივე მხარისთვის სასარგებლოა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რუსი სპეციალისტები დებდნენ დასკვნას, რომ სახიფათო პროექტი იყო. საკვირველი ისაა, ამ პროექტის განხორციელება ჩვენ რატომ დავუშვით. გეოდეზიის ინსტიტუტში, პროექტის განხილვისას, ერთმანეთს მერაბ ალექსიძე და სპარტაკ კერესელიძე დაუპირისპირდნენ და ეს დაპირისპირება პიროვნულ შეურაცხყოფამდეც კი მივიდა. კერესელიძის მომხრეებმა ენგურის პროექტი გაიტანეს, მერე კი ამტკიცებდნენ, წყალსაცავში იმხელა უნაგირი ავაშენეთ, მიწისძვრა ვერაფერს დააკლებსო, მაგრამ ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ ბუნებრივ ნგრევას ვერაფერი შეაჩერებს. ასევე გვეუბნებოდნენ ხუდონის შემთხვევაშიც.

- “ენგურჰესიჩვენსა და აფხაზებს შორის პოლიტიკურ საჯილდაო ქვადაც გვექცა - აფხაზებს არ მოსწონთ, რომ იქ ქართველები მუშაობენ.

- რასაკვირველია, მაგრამ ყველაზე საშიში მაინც ის კატასტროფაა, რომელსაც სპეციალისტები ვარაუდობენ. ჩვენმა მეზობელმა თურქეთის რესპუბლიკამ ჰესის აშენების გამო საბჭოთა კავშირს პროტესტი განუცხადა, თუმცა მეცნიერებმა გარშემო დაარწმუნეს, რომ წყალს გასავლელი გვირაბი აქვს და ისეთ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, რომ მიწისძვრის შემთხვევაში წყალი გაიყინება. გეკითხებით: გვაქვს საქართველოში ასეთი ტექნოლოგიები, ან მიწისძვრის შემთხვევაში, რომელი გამსვლელი გვირაბები მოასწრებს წყლის უზარმაზარი მასის გატარებას?

- “ენგურჰესისკაშხალის ამოქმედების მერე, ბევრს ლაპარაკობენ კლიმატის შეცვლაზე. ცნობილია ექიმ ლუბა ნიჟარაძის გამოკვლევები, რომელიც აცხადებდა, რომ ბუნების წინააღმდეგ ასეთი მკვეთრი ნაბიჯები ზიანს, პირველ რიგში, ბუნების შვილებს - ადამიანებს აყენებს...

- გამოკვლევები ადასტურებენ, რომ სვანეთში ასთმურმა დაავადებებმა იმატა და ამის მიზეზი კლიმატის ის ცვლილებებია, რასაც დაგროვილი წყლის მასები იწვევს. ენგური ჩაკეტილი კანიონია, გვერდიდან, ორივე მიმართულებით, მარადიული ყინულებით დაფარული ქედები აკრავს, უკან კი, - შხარა, რომელიც, ასევე, მარადიული ყინულითაა დაფარული. ტენისა და ორთქლის კონდენსირების გამო, ყინული წყლად იქცევა და ნალექების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, გაჩნდა მეწყერული ზონები. ამ პროცესების გამოძახილი იყო 1987 წლის სვანეთის ტრაგედია, რომლის დროსაც უამრავი ადამიანი დაიღუპა. მსოფლიოს მეცნიერთა მონაცემებით, თუ დაგროვილი წყლის სიმაღლე 40 მეტრს ასცდა, კაშხალი თავისთავად ტექტონურ რყევებს იწვევს. ასეთი კატასტროფები დაფიქსირდა ჩინეთსა და იტალიაში. ენგურის კაშხლის სიმაღლე 200 მეტრს ასცილდა, იგივე სიმაღლეს ვარაუდობდნენ ხუდონის შემთხვევაშიც. 500 ჰექტარი მიწა და 2 000 ჰექტარი შემოგარენი წყლის ქვეშ უნდა მოექცეს, დაიანგარიშა ვინმემ, რა უფრო მეტ მოგებას მოგვცემს - მიწა, ტყე თუ ელექტროენერგია? მივიღებთ ტენიანობის გეომეტრიული სისწრაფით ზრდას. კატასტროფა გარდაუვალია, ვინ არანორმალურმა დაგეგმა, რომ ენგურის  ხეობაში, მთლიანობაში, 21 ელექტროსადგური უნდა აშენდეს? სხვათა შორის ბოლო დროს ეს ციფრი 14-მდე ჩამოიყვანეს.

- საქართველოში არცთუ იშვიათობაა მიწისძვრა, ვინმე ამოწმებს, თუ რა მდგომარეობაშია კაშხლები?

- უბედურებაც ისაა, რომ არ ამოწმებენ, ყველაფერი მოშლილია, სისტემური სახელმწიფო შესწავლა არ ხდება, მხოლოდ ცალკეული ენთუზიასტები აქვეყნებენ მონაცემებს. არადა, ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მთავრობამ სახელმწიფო უსაფრთხოების დონეზე უნდა აიყვანოს და კომისიამ დადოს ობიექტური დასკვნა. ამდენი ჰესის აშენების შემთხვევაში, სვანეთი განადგურდება და სვანი, როგორც ეთნიკური ჯგუფი, აღარ იარსებებს.

- თუ კაშხალი მოასკდა, ამას რა მოჰყვება?

- ჩინეთში მომხდარი კატასტროფის მერე, კაშხლის ქარი 500 კილომეტრს იქით აღწევდა.Eჩვენს შემთხვევაში, აჭარაში, უბრალო ტაფობზე დაგუბებული წყლის გამოხეთქვამ კი ის გამოიწვია, რომ ქარმა მაღალი ძაბვის ანძა თოკივით დაგრიხა. მსგავსი კატაკლიზმები იმერეთამდე, ანუ ნახევარ საქართველოს გაანადგურებს.

- ალტერნატივა არ გვაქვს?

- გერმანელმა მეცნიერებმა ჰესების აშენების გვირაბული სისტემების პროექტი შეიმუშავეს, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხო და ნებისმიერ სიმძლავრეზეა დამუშავებული. ფონდმა ,,მესხეთმა” გერმანელებთან კარგი კონტაქტი დაამყარა და ახლა ცდილობს, ამჟამინდელ ხელისუფლებას დააკავშიროს, რათა ამ მიმართულებით წავიდნენ.

- ბატონო აკაკი, მაღალი სიმძლავრის ჰესები ეკონომიურად, ანუ ფულის მოზიდვის მხრივ, უფრო მომგებიანია?

- მომგებიანი პირველ ეტაპზეა, მაგრამ ჰესები 20-30 წლის მერე, მწყობრიდან გამოდიან, შლამით ივსებიან. ენგურზე უკვე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რემონტი იმხელა თანხასთანაა დაკავშირებული, საბოლოო ჯამში, მოგებას არც ტოვებს. გვირაბული მეთოდით ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, არც ხეების მოჭრა იქნება საჭირო.

- ასეთი ჰესები სად აშენდა?

- გერმანიასა და ავსტრიაში. ამ პროექტსაც სწორედ ამ ქვეყნების სპეციალისტები  გვთავაზობენ.

- ჩვენ მთლიანად ინვესტორზე ვართ დამოკიდებული, რომელიც თავის პროექტს მოიტანს...

- ფონდი ,,მესხეთი” გერმანელ ინვესტორთა ჯგუფთან მოლაპარაკებებშია ჩართული, რომელსაც ასეთი პირობა წავუყენეთ, დაგვეხმაროს თანხით, იდეებით, უფასოდ მოამზადონ სპეციალისტები, მუშახელი კი, ქართველები იქნებიან. ეს ეკოლოგიურად უსაფრთხო, მიწისძვრებისგან დაცული პროექტი იქნება. გერმანელებს ლაზერული იარაღები აქვთ და შეუძლიათ, ყოველგვარი აფეთქებების გარეშე იმუშაონ, რაც თავისთავად, ტექტონიკურ რყევებს გამორიცხავს. ბუნებასაც შევინარჩუნებთ და ენერგიაც გადაჭარბებული, გასაყიდი გვექნება.

- ამ მოლაპარაკებების საქმის კურსში ენერგეტიკის მინისტრი არის?

- “ხუდონჰესის” აშენების საკითხი გაჩერდა, შესაძლოა, ხელისუფლებამ განსაზღვროს, რომ ეს მიმართულება ჯობს. ისე, მძლავრი კაშხლის აშენებაზე ხელისუფლების დაჟინებულმა მოთხოვნამ ჩაგვაფიქრა. ვეჭვობთ, რომ გამიზნულად სურს სვანების აყრა. “იუნესკო”-ს ვთხოვეთ, რომ სვანეთი ეთნონაკრძალად გამოცხადდეს. სვანები ხომ უძველესი ცივილიზაციის ერის - იბერების შთამომავლები არიან. საქართველო სულიწმინდის ქვეყანაა. ამიტომ საკრალურად, გნებავთ, მისტიკურად თუ ვიმსჯელებთ, ამ მიწის არაიბერიელებზე გასხვისება, გაყიდვა, ან ვინმეს მიერ მიტაცება-მითვისება განგებისგან აკრძალულია. სწორედ ცარისტული რუსეთის მიერ სვანეთისთვის დაწესებული მიწის გადასახადის წინააღმდეგ აჯანყდა მთელი სვანეთი. დაპყრობა იმპერიების წესია, მაგრამ რუსეთი იბერიულ სულიერებას განსაკუთრებული მიზანდასახულობით ებრძოდა... ახლა კიGგამოდის, რომ სვანეთის მიწა წყალს ჩვენი ხელით უნდა მივცეთ...

- არსებობს მოსაზრება, რომხუდონჰესისმოწინააღმდეგენი წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამენ, რადგან საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ყველაზე მეტად კრემლს არ აწყობს...

- ბოლო ათწლეულებში ქართველებმა იმდენი პერიპეტია გადავიტანეთ, რომ ადვილად ვერავინ გაგვაცურებს. მიატოვონ ეს დემაგოგიები, იყვნენ გულწრფელნი, თვალღია, გულღია, ხალხი ასარგებლონ და თავადაც ისარგებლებენ! ისე, სინამდვილეში, ხუდონზე არაფერს ააშენებენ.

- რატომ?

- იციან, რომ იქ არაფერი გამოვა. ყველაფერი გამოსაცვლელია, საძირკვლის გვერდით, ენგურიდან ასული სინესტის გამო, მთამ უკვე ჩამოშლა დაიწყო, ბუნებას ნუ ეთამაშებიან, თორემ დარიალის კატასტროფა მონაგონი იქნება.

- ამბობთ, რომხუდონჰესისაშენება გამორიცხულია. აბა, ხმაური რაღას მოჰყვა? მოწინააღმდეგეთა აქციები ოცდაათი წლის წინაც ტარდებოდა და ახლაც ტარდება. როგორი იყო საზოგადოებრივი აზრი მაშინ და დღეს?

- საბჭოთა კავშირს ლენინის მიერ შემუშავებული ქვეყნის ელექტროფიკაციის გენერალური გეგმა ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, 21 მძლავრი ჰესი უნდა აშენებულიყო. “ენგურჰესის” აშენებაზე უზარმაზარი ფული დაიხარჯა, რომლის დიდი ნაწილიც მშენებლების ჯიბეებში დაილექა. ლიმიტის გადასაფარად “ხუდონი” მოიგონეს, რომ მასზე გამოყოფილი თანხებით “ენგურჰესის” ხარჯები დაეფარათ. ამასობაში, საბჭოთა კავშირი დაინგრა. დღეს მავანთ ხელთ აქვთ პროექტი, რომელიც 158 მილიონი დოლარი დაჯდა, მიწის პირველ სამუშაოებზე გახარჯულმა თანხამ კი, 178 მილიონი შეადგინა და უნდათ, ეს გამზადებული პროექტი გამოიყენონ და დაწყებული მშენებლობა გააგრძელონ. “ხუდონის” აშენება დაუშვებელია! ის მიწაში მხოლოდ სოფელ ხაიშს, თავისი სალოცავებით, მიწითა და ტყით კი არა ჩაიტანს, არამედ, მთლიანად სვანეთს გაანადგურებს. ეკლესიებსა და სალოცავებთან ჭიდაობა, წინაპართა საფლავების მიმართ უდიერი მოპყრობა სარგებელს არც მკვდარს მოუტანს და არც - ცოცხალს. უნდა დაიტბოროს ჭუბერი, რომლის შემოგარენშიც 5 000 წლის მეტალურგიული ქურაა ნაპოვნი.Aეს ჩვენი ისტორიაა, რითიც მსოფლიოს ვუმტკიცებთ, რომ უძველესი ცივილიზაციის ერი ვართ. დავესესხოთ წმინდა ილია მართალს: ,,ვისაც ისტორია არ აქვს და ისტორია დავიწყებული აქვს, ის აწმყოს და მომავალს ვერ ააშენებს!” “ხუდონი” დატბორავს დალის ხეობისკენ მისასვლელ გზას. საბოლოოდ, დავიბრუნებთ აფხაზეთს და გავერთიანდებით და მაშინ რა ვქნათ, ცურვით გავიდეთ კაშხალზე აფხაზეთისკენ? პრობლემას მეცნიერულად, პროფესიონალურად მიდგომა სჭირდება, დაკვალიანება უნდა იმ შესანიშნავ კადრებს, რომელიც გვყავს. საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებას გვერდით თავდადებულად დავუდექით. ახლა კი მოვითხოვთ, რომ მან იზრუნოს ქართველ ერზე, ხალხის ხმა გაიგონოს, გვერდით მეცნიერები დაიყენოს, რომლებიც კომპეტენტურ დასკვნას დადებენ. მთავრობა ვალდებულია, ერს ემსახუროს, ერს კი, მისი იმედი ჰქონდეს და მისგან ახალ ღონისძიებებს სიხარულით ელოდოს!

წაბლანას ტრაგედია

 

ჰესები აჭარის მაღალმთიან რეგიონებშიც საპროტესტო აქციების ფონზე შენდება. ,,ქართული სიტყვაადვოკატ ზურა ცეცხლაძეს ესაუბრა, რომელიც მოქალაქე ნაზი შაინიძის უფლებებს იცავს. ამბავი ასეთია: 1989 წლის 19 აპრილს, ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში მეწყერი ჩამოწვა და ოცამდე ოჯახი მიწის ქვეშ მოექცა. მიწაში ცოცხლად ჩაიმარხნენ ნაზი შაინიძის მამა, ორი ძმა და ერთ-ერთი ძმის ფეხმძიმე ცოლი. ყველაზე საშინელი ამ ტრაგედიაში ისაა, რომ უმცროსი ძმის გვამი არ გამოჩნდა, ფეხმძიმის გვერდით კი, ახალშობილი იპოვეს... ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობისას, საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადა სახელმწიფომ დაზარალებულებს, მაგრამ ამ ოჯახს რატომღაც არაფერი მიუღია. გავიდა წლები, წაბლანას რელიეფიც შეიცვალა და ლანდშაფტიც... ახლა იქ ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. კომპანია და სახელწიფო კომპენსაციების გადახდას აპირებენ, მაგრამ მოსახლეობა უკმაყოფილოა.

- ზურა, თუკი სოფელი აღარ არსებობს, პრობლემა რაშია?

- საქმე ისაა, რომ აჭარა ერთადერთი რეგიონია, სადაც სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მიწა საკუთრებაში არ გადაუცია. მას შემდეგ კი, რაც ჰესის მშენებლობა დაიგეგმა, ანუ 2012 წელს, ხალხს მიწა დაურეგისტრირეს. საკარმიდამო ნაკვეთების გარდა, ოჯახებს გარე სარგებლობის ფართებიც აქვთ - სახნავ-სათესი, ჭალა, ყანა. ეს მიწები მთავრობამ არაფრად ჩააგდო და ხალხს მათ სანაცვლოდ, როგორც იტყვიან, კაპიკებს სთავაზობს.

- ჰესს ვინ აშენებს?

- შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია”. N

- ამ შპს- უკან რომელი ქვეყნის ინვესტორები დგანან?

- ნორვეგიელები და ინდოელები, რომლებმაც ნაზი შაინიძის ყოფილი საკარმიდამო ტერიტორია შუაზე გაჭრეს და გზა გაიყვანეს. აქ გზა არ არსებობდა. 2012 წლის 17 იანვარს, აჭარის მთავრობის დადგენილებით, გზას სასოფლო გზის სტატუსი მიენიჭა და გზების ნუსხაში უკანონოდ შეიტანეს. მას შემდეგ, რაც მდინარე სხალთის წყალზე ჰესის მშენებლობა გადაწყდა, მიწების დარეგისტრირება დაიწყო, სოფელი ფეხზე დადგა და საპროტესტო აქციები გამართა. მთავრობამ ხალხს, კომპენსაციის სახით, მილიონნახევარი შესთავაზა. შეიმუშავეს ურთიერთგაგების მემორანდუმი. მეწყრისგან დაზარალებულ 70 ოჯახს ტერიტორია შესთავაზეს, სადაც მის მიერ მოძებნილი ინვესტორი მრავალბინიან საცხოვრებელს ააშენებდა და სოფლის მოსახლეობას ბინებით დააკმაყოფილებდა. ამის მერე, საკითხი ასე დაისვა: თუკი კომპენსაციას 1989 წლის 19 აპრილს დაზარალებულებს ურიგებთ, რა შუაში არიან ოჯახები, რომელთაც სტიქიისგან არათუ ოჯახის წევრი, ძროხაც არ დაუკარგავთო.

- რა პრეტენზიები აქვს ნაზი შაინიძეს ინვესტორისა და სახელმწიფოს მიმართ?

- ნაზი შაინიძე სახელმწიფო ინტერესებს არ ეწინააღმდგება, მაგრამ სათანადო კომპენსაციას, ანუ სამი ათას კვადრატულ მეტრ საკარმიდამო ნაკვეთში, კვადრატულში, ოც ლარს ითხოვს, დანარჩენ ნაკვეთებში კი, კვადრატულში - ექვს ლარს, მაგრამ ამ მოთხოვნაზე უარი მიიღო. ამიტომ ქალბატონმა ნაზიმ განაცხადა, რომ გზას გადაკეტავს. საქმეში პოლიცია ჩაერია - რამდენჯერმე პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. K

- ნაზი შაინიძეს კანონი არ დაურღვევია და პოლიცია რა შუაშია?

- პოლიცია კონფრონტაციის თავიდან აცილებას ცდილობს, ეშინია, იგივე არ განმეორდეს, რაც სოფელ ღურტაში მოხდა. 

- ღურტაში რა მოხდა?

- რამდენიმე თვის წინ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მოსახლეობამ ტერიტორიის დასათვალიერებლად არ შეუშვა, რასაც ფრიად არასასიამოვნო პროცესები მოჰყვა.

- რას გულისხმობთ?

- სოფლის მოსახლეობა ისე ,,დააუთოვეს”, როგორც ეს ,,ნაციონალების” მმართველობის პერიოდში ხდებოდა. დღეს ნაზი შაინიძესაც ჭკუას არიგებენ, აშინებენ.

- მოსახლეობა, თუკი მთავრობა და ინვესტორი სარფიან გარიგებებს სთავაზობს, რაღას აპროტესტებს?

- ახლახან, ხელვაჩაურის საჯარო რეესტრის სამი თანამშრომელი დაიჭირეს. მათ ბრალად არაუფლებამოსილ პირებზე მიწების დარეგისტრირება ედებოდათ. არაუფლებამოსილ პირებზე უკანონოდ დარეგისტრირებული მიწები ინვესტორს მიეყიდა, ამის მაგალითია ნაზი შაინიძის მიწის ნაკვეთიც, რომელიც ვინმე მამუკა შაინიძეს ჯერ დაურეგისტრირეს და მერე, მან ინვესტორს მიჰყიდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას კომპანიისგან შეთავაზებული 130 ათასი ლარი სრულად არ მიუღია, თან მსგავს შემთხვევებში, ხელშეკრულების დოკუმენტი მხოლოდ ერთ მხარეს აქვს... როგორც ნაზი შაინიძის უფლებადამცველი, ვცდილობ, მამუკა შაინიძისგან ხელშეკრულება ოფიციალურად გამოვითხოვო... მოკლედ, გამოდის, რომ კომპანია ,,შპს აჭარისწყალი ჯორჯია”, სახელმწიფოსთან შეთანხმებით, გარიგებაში შედის პირთან, რომელსაც მიწის კონკრეტულ ნაკვეთთან შეხება არასოდეს ჰქონია. 

- ჰესის მშენებელი ინვესტორები ბაზარზე სოლიდური თანხებით შემოდიან. ასეთი საეჭვო გარიგებების დადება რაღა საჭიროა?

- ინვესტორი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გასწიოს, სახელმწიფო კი იმაში ეხმარება, რომ მოქალაქეები ცარიელ-ტარიელები დარჩნენ. მთავრობა ვალდებულია, ინვესტორს ხელი შეუწყოს, მაგრამ ამით საკუთარ ხალხს ატყუებს და ძარცვავს. ამას მოწმობს აჭარის მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება, რომელიც ნორმატიული აქტია და ძალაში მხოლოდ რეესტრში დარეგისტრირების მერე შედის. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დადგენილება თავად შეიცავს უკანონობას, მაგრამ ჩვენი სასამართლო სისტემის პირობებში, ძალიან ძნელია, მის გაუქმებას მიაღწიო. ისიც მიუღებელია, რომ ასეთ საკითხებში პოლიცია ერთვება. ,,გათიშე და იბატონე”-ს პრინციპიც ამოქმედდა. სოფელ წაბლანას მცხოვრებლების უმრავლესობა ბინას ელოდება და ნაზი შაინიძის პროტესტი არ აწყობს. წარმოიდგინეთ, სოფელი აღარ არსებობს და რაში სჭირდება მოსახლეობას გზა? მშენებლებისთვის რომ ხელი შეეწყო, ხელისუფლებამ ჩანჩურისხევი-დუდვერათის Gგზა, სოფლის გზების ნუსხაში შეიტანა. ინვესტორს გზა მშენებლობის პროცესშიც სჭირდება და ჰესის აშენების მერეც, რომ ობიექტებს მოუაროს. თუკი სჭირდება, რატომ არ უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია მოქალაქეს, რომლის ახლობლების ძვლებზე უნდა გაიაროს? ისიც საკითხავია, რატომ  უხდის აჭარის მთავრობა ბიუჯეტიდან თანხას იმ პირებს, რომელთა საკუთრება ინვესტორის ინტერესშია? ინვესტორმა, რომელიც 400 მილიონით შემოდის ენერგეტიკის ბაზარზე, კეთილი, ინებოს და თავად მოურიგდეს ხალხს. თუ არადა, არსებობს კანონი ექსპოპრიაციის შესახებ, რაც საზოგადოებრივი აუცილებლობისთვის საჭირო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, სასამართლო განსაზღვრავს ხარჯებს, ქონების ფასს და არა - კომპანიის მიერ დაქირავებული ე.წ. ექსპერტი.

ახლახან, ბეშუმში, ბატონმა პრემიერმა განაცხადა, ყველა მოქალაქეს სახელმწიფო ღირსეულ კომპენსაციას გადაუხდისო. იმედი მაქვს, რომ ასე იქნება.