2013 წელს საქართველოს პარლამენტს "კანონშემოქმედებით შესაძლებლობათა გაძლიერებისა და პოლიტიკის ფორმულირების" პროექტისთვის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ინსტიტუციონალური განვითარების ფონდიდან გრანტის სახით გამოეყო 474 ათას 500 აშშ დოლარი. ამ თანხიდან 2013 წელს საქონლის შესყიდვისა და საკონსულტაციო მომსახურების დასაფინანსებლად გაწეულმა ხარჯმა 131 ათას 541 ლარი შეადგინა. ეს ინფორმაცია ისე მოგაწოდეთ, ცნობისთვის, მერე რომ არ თქვათ, ჩვენი პარლამენტი მთლიანად ბიუჯეტზეა ჩამოკიდებულიო. ვერ მოგართვით, აგერ (ფრთხილად წაიკითხეთ, ტვინი არ იღრძოთ), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ინსტიტუციონალური განვითარების ფონდიდან თითქმის ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გამოუყვიათ და აქედან საქონლის შესასყიდად მხოლოდ 131 ათასი ლარი დაუხარჯავთ, 541 ლარზე არაფერს ვამბობ, "სემიჩკის" ფულია. რაც მართალია, მართალია, დახედავთ ამ ციფრებს და იფიქრებთ: უი, ჩვენი დეპუტატები ნამეტანი ყაირათიანები ყოფილან, ნახევარი მილიონიდან მთელი წლის განმავლობაში 131 ათასი ლარი არაფერია, ხურდააო. მაშინ, მოდით, ვნახოთ, რაში ხარჯავენ ძირითადად ფულს ჩვენი რჩეულები:
გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა. შპს "დომინო". 2013 წლის 3 სექტემბერი. თაიგული - 200 ლარი.
ისევ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა. შპს "სემირამიდა". იმავე წლის 10 სექტემბერი. ისევ თაიგული - 150 ლარი.
იმავე წლის 18 სექტემბერი. შპს "დომინო". თაიგული - 150 ლარი.
4 ოქტომბერი. შპს "სემირამიდა". სარიტუალო გვირგვინი - 150 ლარი.
23 ოქტომბერი. შპს "სემირამიდა". თაიგული - 150 ლარი.
12 ნოემბერი. შპს "დომინო". თაიგული - 280 ლარი.
4 დეკემბერი. შპს "დომინო". თაიგული - 150 ლარი.
25 დეკემბერი. შპს "სემირამიდა" - თაიგული - 135 ლარი.
ესე იგი, 2013 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მხოლოდ თაიგულებსა და ერთ სარიტუალო გვირგვინში დაიხარჯა 1365 ლარი. აქ უნდა დავსვათ კითხვა: ჩვენთან სად მიაქვთ ხოლმე თაიგულები და სარიტუალო გვირგვინები? როგორც ვიცი, იუბილეებზე, საზეიმო ღონისძიებებსა და დაკრძალვებზე. გამოდის, როცა პარლამენტის წევრები დაბადების დღეებზე, საზეიმო ღონისძიებებსა და დაკრძალვებზე დადიან, ყვავილებს ჩვენი ფულით ყიდულობენ. ჰოდა, ამიერიდან იცოდეთ, ძვირფასო ცოცხლებო და მკვდრებო, პატივს პარლამენტარები კი არა, ჩვენ გცემთ ჩვენი ჯიბიდან.
ვიცი, ახლა მკითხავთ, სულ ეს არის, მხოლოდ ამით კმაყოფილდებიან ჩვენი რჩეულები? არა, ბატონებო, არა, ისინი მარილსა და სხვა უცნაურ ნივთებსაც კი ჩვენი კისრებიდან ამოღებული ფულით ყიდულობენ. აი, მაგალითად:
გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა. შპს "ახალი ამბები". 2013 წლის 11 იანვარი. საინფორმაციო პროდუქტის მიწოდება - 4 ათას 884 ლარი. მოდი და გაიგე, რა საინფორმაციო პროდუქტია მიწოდებული.
30 იანვარი. შპს "კაბადონი". ნაბეჭდი პროდუქცია - 10 ათას 866 ლარი. მოდი და გაიგე, რა ნაბეჭდ პროდუქციაზეა საუბარი.
13 თებერვალი. შპს "აუტოსიტი". ინდივიდუალური და დამხმარე მოწყობილობები - 5 ათას 800 ლარი. ესეც ყოვლად გაუგებარია.
29 მაისი. შპს "ჰორეკა". პირადი ჰიგიენის პროდუქტები - 8 ათას 233 ლარი. თუ პირადი ჰიგიენის საშუალებებია ნაყიდი, მაშინ "ოლვეისი" ყველამ თავის მამიდას თვითონ უნდა უყიდოს. თუ საპონი და ტუალეტის ქაღალდია ნაყიდი, მაშინ თქვით, ხმას არ ამოვიღებთ.
29 მაისი. შპს "იმერეთი". მარილი - 96 ლარი. ე, ბიჭო, მარილი მაინც იყიდეთ თქვენი ხელფასებიდან "ნემენცკი შჩოტით", ესეც ჩვენ უნდა გიყიდოთ?!
11 სექტემბერი. შპს "იმერეთი". იოდიზებული მარილი - 90 ლარი. აჰა, ეტყობა, ჩვეულებრივმა აწყინათ და იოდიზებულზე გადავიდნენ.
4 ოქტომბერი. ი/მ მამუკა ჩხეიძე. რკინის ურიკა - 420 ლარი. რა არის, მაგის დედა ვატირე, ურიკაა თუ "მერსედესი"?!
18 ოქტომბერი. შპს "ჰორეკა". პირადი ჰიგიენის პროდუქტები - 10 ათას 50 ლარი.
10 დეკემბერი. შპს "ჯორჯიან ეარვეისი". საჰაერო ფრენა - 9 ათას 122 ლარი. საჰაერო ფრენაო, თქვენ სახმელეთო ფრენის შესახებ გსმენიათ რამე?!
ვიცი, ახლა იმასაც მეტყვით, ძალიანაც ნუ დაწვრილმანდები, პარლამენტში მარილიც სჭირდებათ, თაიგულებიც და რა თანხასაც ეგენი პირადი ჰიგიენის საშუალებებში ხარჯავენ, ნოდარ ხადური მაგდენს ერთ პურმარილში იხდისო, მაგრამ ცდებით, ჩემო კარგებო... ახლა სხვა რაღაცებსაც ჩამოგითვლით, ბოლოს ჯამსაც ჩამოგიყრით და იმასაც გეტყვით, რამდენ მილიონზე ადის ეს ყველაფერი: საბურავები, საწვავი, ინტერნეტი, ინტერნეტმომსახურება, ავტომობილების ტექმომსახურება, ავტომობილების რეცხვა, დასუფთავება, დეზინფექცია, ელემენტები, პარკირება, ნათურები, ავტომობილების დაზღვევა, თანამდევი მომსახურება (ეს რა ოხრობაა, არავინ იცის), კონვერტები, პარლამენტის აპარატის განცხადების გამოქვეყნება (ამაშიც ფულს იხდიან), ფიჭური სატელეფონო მომსახურება, სეიფები, ციფრული ფოტოაპარატები, ავეჯი, კომპიუტერები, კომპიუტერული მოწყობილობები და მარაგი, დროშები, რუკები, ნაგვის პარკები, მაცივრები, ფანჯარაზე ასაკრავი, წიგნები, ტელევიზორები, გამაგრილებელი მოწყობილობები, ჟალუზები, საკეტები, ციმციმები, სირენები, მტვერსასრუტები, საღებავები, ლაქი, მასტიკა, ავეჯის აქსესუარები, დაშვების სისტემა (სავარაუდოდ, ეს პარაშუტები უნდა იყოს), სკამები, კაბინეტების რემონტები და... ტაში, კუკური!
იცით, ეს ყველაფერი რა დაჯდა მხოლოდ 2013 წელს? 17 მილიონ 897 ათას 109 ლარი და 3 თეთრი! არა, 3 თეთრზე ვინ მამაძაღლი ამბობს რამეს? ამაზე ხმას არ ვიღებ, მაგრამ იცით, მე როგორი შთაბეჭდილება მრჩება? ესენი მოვიდნენ, რაც კი რამ ნახეს "ნაციონალების" ნაყიდი, ავეჯი სეიფები თუ კომპიუტერები, ყველაფერი ნაგავსაყრელზე წაიღეს 420-ლარიანი ურიკით, დაწვეს და მერე ახლები იყიდეს. ალბათ, გახსოვთ, ირინა იმერლიშვილმა რომ თქვა, გიგა ბოკერიას ნაქონ მანქანაში სიგარეტის სუნი იდგა და ახალი ამიტომაც ვიყიდეო. ეტყობა, "ნაციონალების" მიერ ნაყიდ ავეჯს და კომპიუტერებსაც "პაპიროზის" სუნი ასდიოდა და ვერ აიტანეს. ისე, ჩვენ გულმოწყალე ხალხი ვართ, შარშანდელი ფული კი არა, გუშინ რა ვჭამეთ, ისიც არ გვახსოვს და ამ საქმეზეც ხელს ჩავიქნევდით, მაგრამ როგორც თავად პარლამენტი იუწყება, თაიგულებისთვის, მარილისთვის და რაღაც თანამდევი სამსახურებისთვის 2014 წელს გამოყოფილია 13 მილიონ 76 ათას 600 ლარი. ახლავე იცოდეთ, რომ ეს სავარაუდო თანხაა, შესაძლებელია, 18 მილიონამდე გაიზარდოს. გააჩნია, ვინ რამდენ მარილს შეჭამს და ვინ რამდენ ჰიგიენურ რამე-რუმეებს იხმარს. მაგალითად, ამ წლის გაზაფხულზე უკვე ნაყიდია 59 ათას 500 ლარის ფარდები. მოგეხსენებათ, სიგარეტის სუნი ყველაზე მეტად ფარდებზე რჩება. ნაყიდია 39 ათასი ლარის პირადი ჰიგიენის საშუალებები. 5 ათას ლარამდეა დახარჯული ჭაღების რესტავრაციაზე. 1513 ლარად არის ნაყიდი გაურკვეველი სურათი. ეტყობა, ვიღაცამ თავისი პაპის სურათი გაადიდა ჩვენს ხარჯზე. მოკლედ, აღარ მინდა, ნერვები მოგიშალოთ, აქ დავამთავრებ...