Foreign Policy -ში მიხეილ სააკაშვილი სტატია გამოქვეყნდა -

Foreign Policy -ში მიხეილ სააკაშვილი სტატია გამოქვეყნდა - "ზაზუნას დღე" და მტაცებელი პუტინი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყჯნებს სათაურით - „ზაზუნას დღე" და მტაცებელი პუტინი. "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს.

"პრეზიდენტები პეტრო პოროშენკო და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს მინსკში 26 აგვისტოს შეხვდნენ - ამ თარიღს ავბედითი მნიშვნელობა აქვს. ექვსი წლის წინათ, 26 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული და დაპყრობილი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და ამით სამხედრო ძალის მეშვეობით ევროპული საზღვრების ცვლილების პრეცედენტი შექმნა, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ვლადიმერ პუტინის მოქმედება საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში დღეს ერთმანეთს ისე ჰგავს, რომ არ შემიძლია არ ვიფიქრო ფილმ „ზაზუნას დღეზე", რომლის პერსონაჟი, ბილ მურეის შესრულებით, რამდენჯერმე ერთი და იგივე დღით ცხოვრობს, სანამ სწორად არ იმოქმედებს. შაბლონის გარჩევა იოლია: სეპარატისტული განწყობის გააქტიურება მძლავრი პროპაგანდისტული კამპანიით; ადგილობრივი სეპარატისტული სამხედრო ფორმირებების ჩამოყალიბება, მათი გაწრთვნა და შეიარაღება; მუდმივად სისხლმდენი კონფლიქტის კერის შექმნა და ასე შემდეგ.
რატომ არ მოემზადა დასავლეთი შესაბამისი პასუხისათვის? ჩვენ ხომ მსგავსი თამაშები ადრეც გვინახავს?

ვლადიმერ პუტინის თამაში გამოიხატებოდა ფსონების გაზრდაში, იგი იმედოვნებდა, რომ დაძაბულობის მატების კვალობაზე, დასავლეთი კვლავ მხოლოდ თვალებს ააფახულებდა და საქმე ამით დამთავრდებოდა. მართალია, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციები მიგვანიშნებს, რომ ამჯერად ვლადიმერ პუტინის ავანტიურა უღრუბლო აღარ იქნება (2008 წელს რუსეთი დასჯას გადაურჩა), თუმცა ჩვენ მაინც ვხედავთ: დღემდე დასავლეთის დედაქალაქებიდან წამოსული სიგნალები ისეთი წინააღმდეგობრივი და არეულ-დარეულია, რომ ეს ყველაფერი პუტინს მანევრირების სივრცეს უტოვებს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, კიევში, პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერი საჩვენებელი ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ „უკრაინაში შექმნილი სიტუაცია" მოსკოვის უვნებლად უნდა მოგვარდესო, ანუ რუსეთს ზიანი არ უნდა მივაყენოთო. ანგელა მერკელის მთავრობის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმაც, როცა ისინი ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ, უკრაინის ფედერალიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კიევმა არ უნდა დააჩქაროს სეპარატისტებზე გამარჯვება, რადგან ამას მოსკოვი დამცირებად მიიღებსო. იმავდროულად, ევროპელი ლიდერები ერიდებიან გამოიყენონ სიტყვა „შეჭრა" და ეს იმ დროს, როცა ტანკები და ჯავშანმანქანები საზღვარზე თავისუფლად გადადიან, როცა [სეპარატისტთა] არმიის ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფების დიდი ნაწილი, სანდო წყაროების მონაცემებით, რუსი ჯარისკაცებითაა სავსე. ბევრმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა უკვე ღიად დაიწყო საუბარი „უკრაინა-რუსეთის ომზე".

მართლაც, პუტინი მინსკის მოლაპარაკებისათვის სამხედრო თვალსაზრისითაც მოემზადა: რადგან უკრაინის არმია სეპარატისტების მთავარ დასაყრდენ ქალაქებს - დონეცკსა და ლუგანსკს მიუახლოვდა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ახალი ძალები გაგზავნა, რომლის მეშვეობითაც „ბოევიკებმა" შეძლეს უკრაინის არმიისა და სპეცნაზის მიერ მიღწეული წარმატებების განეიტრალება. მინსკის მოლაპარაკებაზე პუტინს უკვე საკმაოდ ძლიერი პოზიცია ჰქონდა ცეცხლის შეწყვეტის მოსათხოვნად, ადგილობრივ [სეპარატისტთა] წარმომადგენლების სტატუსის ასამაღლებლად და რუსეთის საშუამავლო ფუნქციების მისანიჭებლად. ეს ხელს შეუწყობდა „რუსული სამშვიდობო ძალების" შეყვანას [ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში]. ჩვენ საქართველოში ამგვარ „ძალებს" „ნაკუწთა მცველებს" ვუწოდებთ, რადგან მათი ამოცანაა მოსკოვის მიერ ყოფილი საბჭოთა იმპერიის ნაწილების გაკონტროლება.
იმის შემდეგ, რაც [დონბასში] კონფლიქტი ასეთი წესით „გაიყინება", ვლადიმერ პუტინი სეპარატიზმს უკრაინის დანარჩენ ნაწილებზეც გაავრცელებს, ამით მას ქვეყნის დესტაბილიზების შესაძლებლობა მიეცემა, იგი საბოლოოდ შეწყვეტს ენერგოშემცველების მიწოდებას და უკრაინის მყიფე ეკონომიკას მოგუდავს. დაახლოებით იგივე სცენარი გამოიყენა რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და მოლდოვას მიმართ.

ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ პეტრო პოროშენკო, სავარაუდოდ, ამგვარ ზეწოლას არ დაემორჩილებოდა და მინსკში რუსულ „სამშვიდობო გეგმას" არ დაეთანხმებოდა. ამიტომაც კრემლს აქვს თავისი სამომავლო მოქმედების სქემა „ლოდინის რეჟიმში": ყველაფერი უკრაინის ხელისუფლების არაკონსტრუქციულ პოზიციას დააბრალოს და ამის შემდეგ მას მთელი თავისი ძალებით დაესხას - ისე, როგორც ეს გააკეთა საქართველოში, როცა ჩვენ მოსკოვის მიერ წამოყენებულ მიუღებელ პირობებზე უარი განვაცხადეთ.

ერთადერთი გზა წინსვლისათვის, გინდაც ის რთული და ძვირადღირებული იყოს, ისაა, რომ მტკიცედ დავდგეთ უკრაინის მხარეზე და მას გადამწყვეტი გამარჯვების მისაღწევად დავეხმაროთ. ამისათვის ევროპელებმა უნდა შეწყვიტონ „ხელების გადაგრეხვის" პოლიტიკა პეტრო პოროშენკოს მიმართ და ძირის გამოთხრა უკრაინელთა მტკიცე მორალისთვის. ევროპელები ასევე მზად უნდა იყვნენ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ახალი სანქციების დასაწესებლად და კიევისათვის ქმედითი ეკონომიკური დახმარების გასაწევად.

ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ მისი ბრძოლა უფრო დიდ თამაშის ჩარჩოებში მიმდინარეობს, რომელშიც დასავლეთს ნულოვანი პოზიცია აქვს და მისი გადარწმუნების ყოველი მცდელობა ინტერპრეტირებული იქნება როგორც სისუსტის ნიშანი, როგორც დამატებითი ავანტიურიზმის შესძლებლობა. ახლა ჩვენ კარგად ვიცით მისი მოქმედების შაბლონი: ამ მტაცებელს ყოყმანი და მსხვერპლი ვერ შეაჩერებს".