ალასანიას მაღალი რეიტინგი და ძალების სავარაუდო გადაჯგუფება

ალასანიას მაღალი რეიტინგი და ძალების სავარაუდო გადაჯგუფება

მართალია, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკვლევები, ახალი ხელისუფლების კრიტიკული შეფასებების კვალდაკვალ, საქართველოში გარკვეულ წრეებში მიკერძოებულად იქნა მიჩნეული, მაგრამ 27 აგვისტოს გამოქვეყნებული პოლიტიკური რეიტინგი ანალიტიკოსებს გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას აძლევს. როგორია პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების შესაძლებლობები ამ ეტაპზე და ვინ ვის გვერდში შეიძლება იხილოს საზოგადოებამ უახლოეს წლებში?

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მოწონების რეიტინგი (60%) კვლავაც აღემატება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა (54%) და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის (51%) მოწონების რეიტინგს - ასეთია მოწინავე პოლიტიკურ სამეულთან დაკავშირებით ბოლო გამოკვლევაში ასახული რეალობა. მომდევნო, უფრო დაბალ საფეხურზე დგანან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (48%) და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე (48%), რომლებსაც კიდევ უფრო დაბალ საფეხურზე ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი (45%) და თბილისის მერი დავით ნარმანია (45%) მოჰყვებიან. რეიტინგის სათავეში კვლავაც კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დგას (91%).

3 338 რესპონდენტის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ 42% თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ ძალად კოალიცია ”ქართულ ოცნებას” მიიჩნევს, ხოლო 11%-ისთვის ასეთი ძალაა ”ნაციონალური მოძრაობა”. ეს მონაცემები იმ გაცილებით მასშტაბური გამოკვლევის ნაწილია, რომელიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე შუალედში, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. 

თუკი NDI-ის წინა გამოკვლევებს გავითვალისწინებთ, პოლიტიკოსთა უმრავლესობის რეიტინგი კლების ტენდენციით გამოირჩევა. ასე მაგალითად, ირაკლი ალასანიას შემთხვევაში კლების მაჩვენებელი 7%-ს შეადგენს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით უსუფაშვილის შემთხვევებში  10%-იანი კლება იკვეთება. მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილია გიორგი მარგველაშვილის (2%-ით) და დავით ნარმანიას (4%-ით) რეიტინგები. 6%-ით არის გაზრდილი და 25%-ს აღწევს პოლიტიკოსების სიაში მოხვედრილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოწონების რეიტინგი.

ამ ეტაპზე გამოვლენილი მონაცემები პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს უმყარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი მწიფდება და ცვლილებების მომსწრენი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გავხდებით. ანალიტიკოსის ერთ-ერთი ვერსიით, ერთმანეთს ირაკლი ალასანია, გიორგი მარგველაშვილი და ლევან ვასაძე დაუკავშირდებიან, თუმცა პირველი და მეორე ვერაფერს გახდებიან მესამის გარეშე:

”მიუხედავად ირაკლი ალასანიას ფიგურის მოწონებისა, ის დამოუკიდებლად თუ გამოვა საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიმე პოლიტიკური ძალის ლიდერად, მისი მაჩვენებელი არ იქნება სახარბიელო, რადგანაც მას კრიტიკოსი და ოპონენტი ბევრი ჰყავს... ასევეა მარგველაშვილი - შეიძლება ვიღაცას მოსწონს მისი ინტელექტი, მისი დაუმორჩილებლობა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური ფიგურისა, ჯერჯერობით გაურკვეველია მისი ხედვები და ასე შემდეგ. ამიტომ, სერიოზული და პერსპექტიული გაერთიანების შექმნას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუკი მას შეუერთდება ლევან ვასაძე. მიუხედავად იმისა, რომ ის არის კონსერვატიული და ტრადიციონალისტური შეხედულებების მქონე, მაინც, ბოლო-ბოლო, მილიონერია, ბოლო-ბოლო, ბიზნესმენია და მისთვის დასავლური ღირებულებები მთლად უცხო არ არის”.

ვაჟა ბერიძე ჩვენთან საუბრისას ვარუდობს, რომ ასეთ ახალ ალიანსს ექნება შანსი ოპოზიციურ სარბიელზე გათავისუფლებული ადგილი დაიკავოს, რადგანაც ”ნაციონალურ მოძრაობას” ანალიტიკოსი ვეღარ აღიქვამს პერსპექტიულ პოლიტიკურ ძალად, რომელიც წარსული წლების შეცდომებისა და დანაშაულისგან გამიჯვნას წარმატებით ცდილობს.

”ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებით ჯერჯერობით ასეთი დასკვნის გამოტანა ნაადრევად მიაჩნია ჟურნალისტს, პოლიტიკურ მიმომხილველ ირაკლი ტაბლიაშვილს. ამ შემთხვევაში მისი ლოგიკა ეფუძნება NDI-ის გამოკვლევის მაჩვენებელს: მართალია, თვითონ პარტიის მოწონების რეიტინგი 11%-ს არ აღემატება, მაგრამ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების რეიტინგში ”ნაციონალური მოძრაობა” გამოკვეთილი ლიდერია და მისი მაჩვენებელი 51%-ს შეადგენს. სწორედ ”ნაციონალური მოძრაობის” პერსპექტივებს უკავშირებს ირაკლი ტაბლიაშვილი კოალიცია ”ქართული ოცნების” დაშლის პერსპექტივასაც, ანუ თუ მოიკრიბა ძალა ამ პარტიამ, კოალიციისთვის არამომგებიანი იქნება დაშლა, მაგრამ თუკი ახალი პოლიტიკური ცენტრრს შექმნის აუცილებლობა მაინც დადგება, ირაკლი ტაბლიაშვილი იქ მთავარ ფიგურად არ ხედავს გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც უგრძელდება.

”ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანიას პროდასავლურ ძალებს - ხელისუფლებაში არსებულებს - აქვთ იმის პოტენციალი, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად. ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი, რასაკვირველია, არიან ცენტრალური ფიგურები პროდასავლურ სახელისუფლებო ფრთაზე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ტაბლიაშვილმა.

არაფერს გამორიცხავს, მაგრამ უკვე ცნობილ სახეებზე მეტ წარმატებას ახალ სახეებს უწინასწარმეტყველებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. ის თვლის, რომ მოქმედმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა ძალებმა რესურსი ამოწურეს:

”ლაპარაკია ახალ კონცეპტუალურ ხედვაზე, სახელმწიფოს მართვაზე, ახლებურ მიდგომებზე. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ხედვებსა და რა ფასეულობებს შესთავაზებს ამომრჩეველს ის პიროვნება თუ ძალა, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს საზოგადოება. სიმართლე გითხრათ, ხალხს მოყირჭდა ”ქართული ოცნების” დაპირებები,  ”ნაციონალურმა მოძრაობა” კი საერთოდ მოაბეზრა ხალხს თავი. აქედან გამომდინარე, რაღაცნაირი გულაცრუება შეიმჩნევა ამომრჩევლების დიდ ნაწილში”.

პოტენციალი სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში ეგულება, თუმცა ვიდრე ახალი სახელები და სახეები გამოჩნდებიან, კორნელი კაკაჩიას აზრით, პოლიტიკური ძალები კვლავაც შეეცდებიან ისარგებლონ კათალიკოს-პატრიარქის ძალიან მაღალი რეიტინგით. თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, პრობლემა ის არის, რომ ამ ნიშის დაკავებას პროდასავლურზე მეტად პრორუსული ძალები შეძლებენ.