ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა და განაცხადა, ირანის ბირთვული საფრთხის აღმოსაფხვრელად ოპერაცია გრძელდება.
ნეთანიაჰუს თქმით, ამ დროისთვის ისრაელი თეირანის საჰაერო სივრცეს აკონტროლებს. მისი განცხადებით, ბრძოლა გრძელდება ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ რეჟიმის გასანადგურებლად და მათ ტყვეობაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად.
„ჩვენ ეს ოპერაცია იმისთვის დავიწყეთ, რომ ორი სერიოზული საფრთხე აგვეცილებინა ისრაელის სახელმწიფოსთვის: ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საფრთხეები. ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ცას თეირანის თავზე, ძლიერ დარტყმებს ვაყენებთ აიათოლას რეჟიმს, მიზანში ვიღებთ ბირთვულ ობიექტებს, რაკეტებს, სამეთაურო ცენტრებს - რეჟიმის სიმბოლოებს. ვესაუბრები მსოფლიო ლიდერებს და ისინი აღფრთოვანებულები არიან ჩვენი სიმამაცითა და მიღწევებით. ისრაელის სახელმწიფო ახლა ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, - თქვა ნეთანიაჰუმ.