შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს ხელმძღვანელებმა და სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფებმა კახეთში, ყვარლის რაიონში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩალის ტბის მიმდებარედ ტყის მასივი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. ხანძარი ტყის მასივის დაახლოებით 15-20 ჰექტარის ფართობზე იყო გავრცელებული. კლდოვანი რელიეფის გამო გართულებულია სახმელეთო ტექნიკის და სახანძრო მანქანების გადაადგილება. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები ხანძარს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით აქრობენ. ხანძრის ცალკეული კერები ლოკალიზებულია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ჯგუფები შემთხვევის ადგილზე არიან მობილიზებული და ვითარებას აკონტროლებენ.