კრემლმა ხაჯიმბას როგორც იქნა, ოცნება აუსრულა

კრემლმა ხაჯიმბას როგორც იქნა, ოცნება აუსრულა

სეპარატიეტებმა „პრეზიდენტად“ რუსეთის ფავორიტი რაულ ხაჯიმბა აირჩიეს და „საპრეზიდენტო გამარჯვებას“ ზეიმობენ. ზეიმს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც შეუერთდა და რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა. მისალოც შეტყობინებაში რუსეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ რაულს ხაჯიმბას საქმიანობა ხელს შეწყობს ეროვნული კონსესურის მიღწევას, უზრუნველყოფს შიდა სტაბილურობას, ეფექტურად გადაწყვეტს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.

ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები აღიარა, სწორედ რუსეთია. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს აშშ-ი და ევროპა, რადგან ცივილიზებული სამყაროსთვის ნათელია, რომ „საპრეზიდენტო არჩევნები“ საერთაშორისო პრინციპების, დემოკრატიული ფასეულობებისა და ადამიანის უფლებების დარღვევით ჩატარდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო-მ რაულ ხაჯიმბა „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვებულად ოფიციალურად დაასახელა. ე.წ. ცესკოს შედეგებით რაულ ხაჯიმბას ხმა არჩევნებში მონაწილეთა 50,57 პროცენტმა მისცა, მისმა მთავარმა კონკურენტმა, ასლან ბჟანიამ კი ხმების 35,91 პროცენტი მიიღო. მესამე ადგილზე მერაბ ქიშმარია გავიდა. მას მხარი 6,4 პროცენტმა დაუჭირა, მეოთხე ადგილზე კი ლეონიდ ძიაპშბა გავიდა, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 3,4 პროცენტმა მისცა. უკვე ცნობილია, რომ აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ვიტალი გაბნია დაიკავებს. 

როგორც ცნობილია, ხაჯიმბა უშიშროების სტრუქტურის მუშაკი გახლავთ, მას გავლენა აქვს რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებში. რაულ ხაჯიმბა გამოკვეთილი ნაციონალისტია, მან მესამედ სცადა ბედი „საპრეზიდენტო“ არჩევნებში. პირველად, 2003 წელს ვლადისლავ არძიბნას გარდაცვალების შემდეგ შეეჭიდა „პრეზიდენტის“ სავარძელს, მაგრამ უშედეგოდ. „წინასაარჩევნო“ კამპანიის ფარგლებში 2003 წელს ვლადიმერ პუტინმა საჯაროდ მიანიჭა მას სპეცსამსახურების გენერალ-მაიორის წოდება, თუმცა, ამ წოდებამ და პუტინის მხარდაჭერამ ვერ გაუკაფა გზა „პრეზიდენტობამდე“. მიუხედავად ამ მხარდაჭერისა, ხაჯიმბა მაინც დამარცხდა ბაღაფშთან.

მაშ ასე, მძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე, სეპარატიეტებმა რიგით მეოთხე „პრეზიდენტად“, რუსეთის ფავორიტი კანდიდატი, რაულ ხაჯიმბა აირჩიეს. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართა. აფხაზეთში ყველა ხვდება, რომ აფხაზი ხალხის სოციალური მდგომარეობის გამუჯობესებასთან კავშირი არ აქვს იმას, რასაც რუსეთი დღეს აფხაზეთში ღიად და დაუფარავად აკეთებს.

დღეს, აფხაზურ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება არერთგვაროვანია. მთავარი ამ ყველაფარში ის არის, რომ ეს არის ძალიან მცირერიცხოვანი საზოგადოება, რომელსაც მყარი პარტნიორი, მოკავშირე ან მხარდამჭერი არ ჰყავს. რუსეთს უზურპირებული აქვს დღეს აფხაზეთი, ეს ის მწარე რეალობაა, რომელის წინაშეც სამწუხაროდ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა დგას.

ოკუპირებილი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა არის არსებული ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგი მცდელობა და საერთაშორისო სამართლის უხეში უგულებელყოფა. პრეზიდენტმა მადლიერება გამოთქვა საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, რომლებიც გმობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამართულ ე.წ. „არჩევნებს“ და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ რჩებიან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები და გრძელდება ადამიანების უფლებების ხელყოფა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ იძულებით გადაადგილებული პირია.

რუსეთის ფედერაცია დღემდე არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. ამ ვითარებაში სრულიად აღმაშფოთებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ამ რეალობის დაკანონებას ე.წ. „არჩევნების“ ან დემოკრატიული მმართველობის რაიმე ელემენტის არსებობის ილუზიის შექმნის გზით“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ქართულ მხარეს არ აქვს იმის ილუზია, რომ ტერიტორიაზე, რომელზეც ხორციელდება უცხო ქვეყნის ოკუპაცია, დაცული იქნება ეთნიკური ქართველების უფლებები. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტავს: „ე.წ. სარჩევნო კამპანიის დროსაც ირღვეოდა ეთნიკური ქართველების უფლებები და ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით იქ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინათ. ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჟენევის თანათავმჯდომარეები. ამიტომ, ჩვენი მცდელობა მიმართული უნდა იყოს იქეთკენ, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანაგობრობის სრულად ინფორმირება და მათი მხარდაჭერის კონსოლიდაცია“, - აცხადებს დავით ზალკაიანი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნებით არაფერი იცვლება, რადგან საოკუპაციო რეჟიმის ჩართულობა კვლავ გრძელდება. მისი თქმით, ე.წ. არჩევნები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და ამ პროცესის შედეგებს ქვეყანა არ ცნობს.

„თუმცა, გამოიკვეთა გარკვეული ჯგუფების ინტერესები, მათი ლიდერები. თავისთავად საზოგადოებირივი აქტიურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ, გვქონდეს ურთიერთობა აფხაზური საზოგადოების ნებისმიერ ლიდერთან. მიგვაჩნია, რომ ვითარება არსებითად არ იცვლება და გრძელდება იგივე პოლიტიკა აფხაზეთის მართვაში საოკუპაციო რეჟიმის მეტი ჩართულობის მიმართულებით.

ასევე, სახეზეა აფხაზურ საზოგადოებაში უპერსპექტივობის განცდა, რადგან მათ არ სურთ რუსეთთან მეტი დაახლოება, რაზეც ხშირად საუბრობენ. აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უფრო მეტად ენდობა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით სტამბოლში ერთი ე.წ. სარჩევნო უბნის გახსნას, ქართული მხარის განმარტებით, თურქეთის ოფიციალურ პოზიციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია ე.წ. უბნების გახსნას. დავით ზალკანიანი განმარტავს, რომ თურქეთის ხელისუფლებასთან წინმსწრები კონსულტაციები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ იქ თითქოსდა უნდა გახსნილიყო ე.წ. საარჩევნო უბანი.

„ამ ე.წ. უბნის გახსნას არავითარი შეხება არ ჰქონია თურქეთის ოფიციალურ პოზიციასთან. ეს იყო რაღაც კერძო წამოწყება და თურქეთის ხელისუფლებამ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღკვეთა კიდევაც ე. წ. არჩევნების ჩატარების მცდელობა. თურქეთის ელჩმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ თურქეთის ხელისუფლება არ ცნობს ამ არჩევნებს და თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი აცხადებს, რომ სტამბოლში ე.წ. საარჩევნო უბნის გახსნასთან ოფიციალურ ანკარას არანაირი შეხება არ ჰქონია. მისი თქმით, თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

„ეს არის აბსოლუტურად უკანონო აქტი და წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლინობისა და სუვერნიტეტის დარღვევას. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ვიხილავთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების განცხადებას, რომ ისინი არიან მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის.

რაც შეეხება თურქეთში განლაგებულ ე.წ. საარჩევნო ოლქებს, მე გავეცანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ აღნიშნულთან ოფიციალურ ანკარას არანაირი შეხება არ ჰქონია. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არაერთგზის დაუდასტურებია. მეტიც, თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით დარჩიაშვილმა.