მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში ბრალდებულ სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” გთავაზობთ ამონარიდს მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...
მის ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა წუთები, რომლებიც გაახსენდებოდა და გაახარებდა, თუმცა იყო, მხოლოდ ერთი დღე წელიწადში, რომელიც უყვარდა, უყვარს და სიცოცხლის მერეც ეყვარება...
მას ლელა ჰქვია...
ახლა ან ვაგზალთან დგას, ან რომელიმე მიწისქვეშა გადასასვლელში სძინავს...
ჯერ ზაფხულია და შესაბამისად, ღამე არ შესცივდება...
ზამთარს როგორ გადაიტანს, არავინ იცის...
რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს ციხიდან.
მისი ტირილი და ღმუილი ცეზას წვდებოდა...
იხვეწებოდა, არ გამიშვათ, არ ვიცი, სად წავიდე, სახლი არ მაქვსო...
იდგა და ღმუოდა...
გათავისუფლების მერე, მხოლოდ ერთი ღამე გაათენებინეს სასტუმროში „ენჯეოშნიკებმა”...
ახლა?
ახლა არ ვიცი, სად არის. აკი ვთქვი, ან მიწისქვეშა გადასასვლელშია, ან უფლის მადლით, რომელიმე მონასტერი შეიფარებდა...
ციხეში 7 წელი გაატარა...
გარეთ, ბავშვთა სახლში კი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ეზრდებოდა...
მოვყვები იმას, რაც ლელამ თავის ცხოვრებაში ნახა და რაც მე მიამბო...
თუ სადმე გადააწყდეთ 35 წლამდე ქალს, ლამაზი ცისფერი თვალებით, ჭაღარათმიანს, ჰკითხეთ, რა ჰქვია და რა გვარია და... თუ გიპასუხათ, რომ ლელაა ღურჭუმელია, მაშინ უთხარით, რომ ვეძებ, ვეძებ, რათა ღია ცის ქვეშ არ დარჩეს, მოვიდეს და ერთად ვებრძოლოთ ცხოვრებას, გარიჟრაჟზეც და ჟამის პირსაც...
მაშ ასე, მე ლელას თავგადასავალს გიამბობთ:
დაიბადა სამეგრელოში, მგონი, მარტვილის რაიონის რომელიღაცა სოფელში...
ჰყავდა დედ-მამა და ძმა...
ძმა ფსიქიკურად იყო შერყეული, მაგრამ უყვარდა, უყვარდა ისეთი, როგორიც იყო...
ბავშვობა არც ტკბილი ჰქონდა და არც - მწარე...
ჰქონდა შრომა და ჯაფა...
პატარაობიდანვე ხელმარჯვე იყო, ყველაფერი გამოსდიოდა...
18 წლის გაათხოვეს...
ფიქრობდა, ნეტა, არ გავთხოვილიყავი, მაგრამ ბავშვი ხომ მინდოდაო?
ქმართან ვერ აეწყო - ქმრის ოჯახი გიჟს ეძახდა და გენს უწუნებდა...
შეუპოვარი ლელა კი, არ ნებდებოდა...
არ ნებდებოდა და... ქმარიც ცემას აგრძელებდა...
9 თვის ორსული ისე უცემია, რომ ნაადრევი სამშობიარო ტკივილები დასწყებია... ბავშვს სამშობიარო ტრავმა აღმოაჩნდა - ყიფლიბანდი ღიად დარჩა...
მამამ დაბადებიდან ინვალიდი შვილი არ ისურვა და... ცოლ-შვილი ოჯახში აღარ დააბრუნა...
ასე რომ, სამშობიაროდან პირდაპირ მშობლებთან მოუწია მისვლა...
ცხოვრობდნენ მშობლები, ლელა, მისი ავადმყოფი ჩვილი და ფსიქიკურად შეურაცხადი ძმა...
მძიმე შრომით გაჰქონდათ თავი...
ძილის წინ, როცა შვილის მშვიდ სახეს დახედავდა, უკვე იცოდა, რომ არ ჰქონდა უფლება, ეთქვა:
- ღმერთო, მალე მომკალი!
ასე გაიარა ორმა წელმა...
ძმისა და შვილის პენსია ვერ არჩენდა ოჯახს...
წამლის ფულადაც არ ჰყოფნიდათ...
მალე მეზობლებმაც აითვალწუნეს...
ჯიში არ უვარგათ, დაწყევლილები არიანო...
ფუძე აქვთ წყეული და ამოსაძირკვიო, - ამბობდნენ მეზობლები ჩუმ-ჩუმად...
სად აღარ იყო, რომ შვილს დახმარებოდა...
რა არ გააკეთა, შეუძლებელიც, მაგრამ უფლის ნებას ვერ გაუმკლავდა - ბავშვი მთელი სიცოცხლე ინვალიდი უნდა ყოფილიყო... ამბობდა ხოლმე, ტვინის თხემი გარედან უჩანს და განსაკუთრებული მოვლა უნდაო...
ამასობაში, ძმა, რომელიც მშობლების ყურადღებას იყო მიჩვეული, გაბოროტდა, გაბრაზდა. მიხვდა, რომ და ყურადღებას ძველებურად ვეღარ აქცევდა და პატარის სახით მეტოქე გამოუჩნდა...
ლელა ხვდებოდა, რომ ძმას აგრესია ეწყებოდა...
ერთხელ, წაართვა ბავშვი ხელიდან...
ორჯერ...
სამჯერ...
ვერც ძმა გაიმეტა ფსიქიატრიულში დასაწვენად და ვერც შვილი - გადასაგდებად...
ერთხელაც, სიმინდის ჭრიდან მოსულმა, დაქანცულმა და ნერვებდაწყვეტილმა დაინახა, თუ როგორ აბურთავებდა მის შვილს ძმა... ის ძმა, რომელიც დაბადებიდან გაზარდა...
არ ახსოვს, როგორ წაართვა ბავშვი, როგორ გაუძალიანდა ძმა, როგორ დაავლო ხელი ნაჯახს და როგორ მოკლა თავისი გაზრდილი თავისი ხელით თავის გაჩენილის გადასარჩენად!
მახსოვს, როგორ ტიროდა ყოველი აღსარების წინ, როგორ ინახავდა მარხვას, როგორ ლოცულობდა საათობით...
ისიც მახსოვს, თუ როგორ დარეკა მეზობელთან და იკითხა, სახლი როგორ არის, მგონი, აბალახდაო და... როგორ უთხრა მეზობელმა, ხანძარი გაუჩნდა და ყველაფერი დაიწვაო...
ბავშვი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს...
ამბობდნენ, კარგად უვლიანო...
ლელას არ სჯეროდა...
ლელას მშობლის უფლება შეუზღუდეს, რადგან მკვლელობით იყო დაპატიმრებული....
ახლა არ ვიცი, სად არის...
ვიცი, რომ უფალთან ჩემზე ახლოსაა...
ლელას სწამს, რომ ყველაფერი უფლის ნებაა...