ერთ-ერთი ბოლო სატელევიზო გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტყოფილმა, ისე, რომ არავის უკითხავს, გადამზიდავი კომპანიები და არაბი შეიხი ახსენა. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი “გაღმა შედავების” პრინციპით მოქმედებს, რადგან ხვდება, რომ კუთხეშია მიმწყვდეული. “დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურა გადამზიდავ კომპანიებს “აზის”, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის წესრიგში, ადრე თუ გვიან, იარაღის უკანონო ბიზნესის გამოძიება დადგება”, - ამბობს ქართველი სპეცსამსახურელი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სააკაშვილის წარამარა სირბილის საიდუმლოს შიფრავს. როგორც კონსტანტინე ფორჩხიძის ნაამბობიდან ირკვევა, იარაღის უკანონო ბიზნესში, აქამდე დასახელებულის გარდა, კიდევ რამდენიმე პერსონა იყო ჩართული, მათ შორის, თავის დროზე ალექსანდრე ლუკაშენკოსთან დაახლოებული ვინმე ვლადიმერ პეფტიევი, რომელსაც “ნაციონალები”, სავარაუდოდ, არაბმა შეიხმა, მილიარდერმა ადან ჰაშოგმა დააკავშირა.
- ბატონო კონსტანტინე, “ნაციონალები” ქირქილებენ, სააკაშვილი სატელევიზიო ინტერვიუებს ნიუ იორკიდან იძლევა, ამათ კი, შიდა ძებნა გამოაცხადესო...
- საქირქილო არაფერია, რადგან შიდა ძებნა იმას ნიშნავს, რომ თუკი სააკაშვილი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, დააპატიმრებენ...
- შიდა ძებნის გამოცხადება ავტომატურად საერთაშორისო ძებნის გამოცხადების წინაპირობაა?
- არა. შიდა ძებნის გამოცხადება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებაა...
- ისე, მართალია, სააკაშვილს ბრალი კიდევ დაუმძიმდა, მაგრამ საქმე ქაშმირის პალტოსა და კოსმეტიკურ პროცედურებს არ სცდება...
- ვეთანხმები გია ხუხაშვილს, რომელიც აცხადებს, არ შეიძლება, სააკაშვილის სამართლებრივი დევნა ნაკლებად მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულობებით დაიწყოსო, მით უმეტეს, რომ ამ ადამიანს ისეთი დანაშაულობები აქვს ჩადენილი, რომლებითაც ზიანი პირდაპირ საქართველოს ინტერესებს მიადგა!
- მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტყოფილის ე.წ. პირადი ხარჯები გაასაჯაროვა, სააკაშვილმა განაცხადა, ყველა ქვეყნის პირველი პირის ხარჯები საიდუმლოაო. მართლაც, ასეა?
- პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია, დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურის, მით უმეტეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშების მართვის უფლება არ აქვს. პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის ბიუჯეტი კანონითაა გათვალისწინებული, თუმცა ამ ხარჯებზე გრიფით “საიდუმლოს” დადება არ შეიძლება.
- სააკაშვილი თავს იმართლებს, გრიფით “საიდუმლო” იმიტომ დავადეთ, რომ პუტინი მემუქრებოდაო...
- ეს უსუსური არგუმენტია. სპეცსამსახურებმა პრეზიდენტის გადაადგილება რომ დაადგინონ, საამისოდ ხარჯებში ჩახედვა საერთოდ არ სჭირდებათ. თანხები უცხოეთის სპეცსამსახურებმა შეიძლება, პრეზიდენტის კომპრომეტირებისთვის გამოიყენონ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია არაა.
- სხვათა შორის, ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას, პრეზიდენტყოფილი რატომღაც გადაზიდვების თემას შეეხო და იმაზეც მიანიშნა, რომ ანაკლიაში ავღანეთიდან ტვირთი უნდა ჩამოსულიყო. ბატონო კონსტანტინე, ეს, პრაქტიკულად, “ქართულ სიტყვაში” გამოქვეყნებული თქვენი ინტერვიუების ციკლის გამოხმაურებაა, მით უმეტეს, გადაზიდვები, როგორც ამბობთ, საბოლოო ჯამში, იარაღით უკანონო ვაჭრობამდე მიდის...
- დიახ, ასეა. მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ გადაზიდვის კომპანიები ბინძურ საქმეებში იყვნენ ჩართულნი და ყველაფერ ამის უკან ყოფილი ხელისუფლება იდგა. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ როგორც ვიცი, “ქართულ სიტყვაში” გამოქვეყნებული ინტერვიუები საქართველოს ოპერატიული სამსახურების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და იარაღის უკანონო ბიზნესის შესწავლის კუთხით, ძალოვან უწყებებში გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, რასაც 3 ტონამდე თხევადი “ჰეროინის” ამოღებაც მოწმობს. მოკლედ, გადაზიდვები სააკაშვილისთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია და ამ კუთხით საშიშროებას გრძნობს.
- თუკი გადაზიდვები სუსტი წერტილია, სააკაშვილმა ამ თემაზე საუბარი თვითონვე რატომ დაიწყო?
- ქართული ანდაზაა, გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო.
- ისე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართულ პოლიტიკაში ფარული ბრძოლა სწორედ გადაზიდვებს უკავშირდება...
- ეს ბუნებრივიცაა, რადგან შავ და რუხ სქემებზე რომ აღარაფერი ვთქვა, თეთრ გადაზიდვებსაც კოლოსალური მოგება მოაქვთ. წინა ხელისუფლების დროს გადაზიდვების მაფია პირდაპირ სახელმწიფოსთან იყო შეზრდილი, ანუ მაფიოზურ კლანად უშუალოდ სახელმწიფო აპარატი იქცა.
მოკლედ, გადაზიდვების კუთხით სააკაშვილი საშიშროებას გრძნობს და შეეცდება, რომ ისრები სხვების მიმართულებით ისროლოს, მაგრამ ეს უსუსური მცდელობაა. იარაღით უკანონო ვაჭრობა მხოლოდ საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი კი არა, ტრანსნაციონალური დანაშაულია და ყველა საფუძველი არსებობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ამ კუთხით ბრალი წაუყენონ. სხვა თუ არაფერი, სააკაშვილს თვითონ აქვს ნათქვამი, რომ საქართველოში უკრაინიდან, ბელორუსსა და ე.წ. ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებიდან იარაღის შემოტანა მისი უშუალო ინიციატივით დაიწყო. სააკაშვილი გრძნობს, რომ ამ თემაზე პასუხისგება, ადრე თუ გვიან, მოუწევს. მთავარი პროკურატურის მთავარი შეცდომა კი, თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისაა, სააკაშვილს თავიდანვე მძიმე ბრალი არ წაუყენა. არადა, ასე რომ მოქცეულიყო, ყოფილი პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემას დასავლეთიდან მძაფრი პოლიტიკური შეფასებები აღარ მოჰყვებოდა. ვანო, ნარკოტრეფიკს თავი რომ დავანებოთ და სააკაშვილს ბრალი იარაღით უკანონო ვაჭრობისთვის წაუყენონ, შეკითხვები ამ კუთხით დასავლეთშიც გაუჩნდებათ, რადგან ეს მხოლოდ საქართველოს კი არა, მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას ეხება...
- ბატონო კონსტანტინე, რამდენჯერმე ნარკოტრეფიკი ახსენეთ და, როგორც ამბობენ, იმ სამ ტონამდე თხევადი “ჰეროინის” კვალი, რომელიც შსს-მ ამოიღო, ხელისუფლებამდე მიდის, ანუ ეს იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობისა და, საერთოდ, ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება დღის წესრიგში არასოდეს დადგება?
- თუ ამ კუთხით გამოძიება არ დაიწყება, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძოდ, გაერო-სთან სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგან გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარიატის ბოლო ანგარიშში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაზეა საუბარი. ომი იარაღს და დანაშაულს ნიშნავს. ამიტომ, როცა გაერო გამოძიებას ითხოვს, აქ კომპლექსურ გამოძიებაზეა ლაპარაკი და არა იმაზე, თუ რა შეცდომები დაუშვა, ვთქვათ, ქართულმა მხარემ. ეს საერთაშორისო საზოგადოებას არ აინტერესებს, რადგან მისთვის ისაა საინტერესო, თუ სად წავიდა მის მიერ გრანტების სახით გამოყოფილი მილიარდები. სააკაშვილი ამბობს, შინ თეთრიც არ წამიღიაო. მამაცხონებულო, შეიძლება, შინ, მართლაც, არაფერი წაგიღია, მაგრამ იმ კონტრაქტებში, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ და იარაღის მომწოდებელ სხვა კომპანიებთან აფორმებდა, შენი მკვიდრი ბიძაშვილი, ანუ ოჯახის წევრი იყო ჩართული.
- იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან იარაღის შესყიდვაში სააკაშვილის ბიძაშვილი მონაწილეობდა, წინა ინტერვიუებში ვილაპარაკეთ... სხვათა შორის, ამას წინათ, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, შინ არაბი შეიხის პირადი საჩუქარიც არ წამიღიაო. არსებობს ინფორმაცია, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობაში ერთ-ერთი არაბი შეიხიც იყო ჩართული. ისიც ცნობილია, რომ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს სააკაშვილი ხშირად სტუმრობდა...
- თავისთავად საგულისხმოა, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში დარბოდა და არა - საუდის არაბეთში, რომელიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია. საერთოდ, ემირატები შუა აღმოსავლეთში ერთ-ერთი შუამავალი რგოლია, საიდანაც იარაღი სხვადასხვა ცხელი წერტილის მიმართულებით ნაწილდება.
- ემირატებში იარაღი საიდან ხვდება?
- გეტყვით. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ ყველაფერ ამაში ბელორუსული კომპანია “ბელტექესპორტიც” იყო ჩართული, რომელზეც გაერო-ს იარაღის ვაჭრობისთვის ლიცენზია არ აქვს გაცემული. ამ კომპანიის დამფუძნებელი ბელორუსი მილიარდერი, ვინმე ვლადიმერ პეფტიევია, რომელიც წლების განმავლობაში ბელორუსის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნისა და, ასევე, ყოფილი გენერალური პროკურორის, ვიქტორ შეიმანის მფარველობით სარგებლობდა.
- ესე იგი, საქმეში ისევ შეიმანი ჩნდება, რომლის აგარაკზეც, როგორც ადრე თქვით, რამდენიმე თვის წინ, მიხეილ სააკაშვილმა და ბიძამისმა, თემურ ალასანიამ საიდუმლო შეხვედრა გამართეს...
- დიახ, ისევ სააკაშვილის ბიძის წრესთან მივდივართ...
მოდით, ამ ბელორუსულ არხს გავყვეთ და იქამდე მივალთ, თუ რა ინტერესი ჰქონდა სააკაშვილის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სირბილს.
მოკლედ, ბელორუსულმა კომპანია “ბელტექექსპორტმა”, შეიმანის დახმარებით, ბელორუსის იარაღის ბაზრიდან კონკურენტი “ბელსპეცვნეშტექნიკა”, “ბელვნეშპრომსერვისი” და “ბელარუსინტორგი” განდევნა.
- “განდევნაში” რა იგულისხმება?
- “ბელვნეშპრომსერვისისა” და “ბელარუსინტორგის” ხელმძღვანელებს - ანდრონს, გრომიკს, გუბსკისა და ფალკოს 4, 6 და 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. “ბელსპეცვნეშტექნიკის” გენერალური დირექტორი ივან კოლესნიკოვი კი, კუბაში მივლინების დროს, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა - სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა.
საერთოდ, პეფტიევი ძალიან საინტერესო ფიგურაა.
- რატომ?
- ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საპრეზიდენტო არჩევნებში პეფტიევი ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეს, პრემიერ-მინისტრ ვიაჩესლავ კებიჩს აფინანსებდა, რაც ლუკაშენკომ არ აპატია და არჩევნების დამთავრების შემდეგ, პეფტიევი იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად, მალტაში გაქცეულიყო. სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მასალებში მითითებულია, რომ მას შემდეგ, რაც ბელორუსიდან გაიქცა, პეფტიევი აშშ-ის დაზვერვის ყურადღების ქვეშ მოექცა. 2007 წლის სექტემბერში, მალტაზე აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პეფტიევი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, რომლებიც რუსულად ვერ ლაპარაკობენ, მინსკში გაემგზავრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლუკაშენკომ იარაღის ბიზნესით მიღებული ფული “გაათეთრა” და დასავლეთის რომელიღაც ქვეყანაში ანგარიშები გახსნა...
ასევე, საინტერესოა პეფტიევის კავშირები რუსეთის სპეცსამსახურებთან. მალტაზე რუსეთის საელჩოს ყოფილი სავაჭრო მრჩეველი, “ეს-ვე-ერ”-ის, ანუ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სიზოვი ერთ-ერთ წერილში პეფტიევს მოიხსენიებს, როგორც “ხელმძღვანელსა და უფროს მეგობარს”. პეფტიევი მალტაზე დღესაც ფლობს კომპანია “Samul International Limited”-ს.
გარდა ამისა, პეფტიევი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “ველქომს”, “ისტლი ტრეიდგინ ლიმეტიდსა” და სათამაშო ბიზნეს-კომპანია “სპორტ-პარის” მფლობელიცაა. ამასთან, ბელორუსის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც გახლავთ.
ისე, “ველქომი” არაფერს გეუბნებათ?
- ანუ, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ პეფტიევს გარკვეული კავშირი შესაძლოა, რუსულ აქციონერთა კორპორაცია “სისტემასთანაც” ჰქონდეს, რომლის დამფუძნებელიც რუსული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ევტუშენკოვია და რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ქართველი მილიონერი ლევან ვასაძე იყო?
- დიახ... გამორიცხულია, პეფტიევსა და ვასაძეს შორის კავშირი არ არსებობდეს, მით უმეტეს, როცა საუბარი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბიზნესზეა. რუსეთში ტელეკომუნიკაციების მეფე ევტუშენკოვია, ბელორუსში კი, ამ სფეროს მეფედ პეფტიევი იქცა.
ერთი სიტყვით, პეფტიევმა ლუკაშენკოსთან ურთიერთობა დაალაგა და მალტიდან უკან, ბელორუსში დაბრუნდა.
- ურთიერთობა როგორ დაალაგა?
- ურთიერთობის დალაგებაში შეიმანი და ლუკაშენკოს უფროსი ვაჟის მეუღლე, ლილია ლუკაშენკო დაეხმარნენ - ლილია პეფტიევთან მუშაობდა, მაგრამ პეფტიევის ბელორუსში დაბრუნების შემდეგ, მოვლენები უფრო საინტერესოდ განვითარდა. სხვათა შორის, დამავიწყდა მეთქვა, რომ ევროკავშირმა პეფტიევი ლუკაშენკოს იარაღის ოფიციალურ დილერად გამოაცხადა.
- ამაზე ოფიციალური დოკუმენტი არსებობს?
- რა თქმა უნდა, არსებობს და სწორედ ამის გამო, პეფტიევს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აკრძალული აქვს.
მოკლედ, ბელორუსში დაბრუნებულ პეფტიევს უკვე შს მინისტრი ნაუმოვი დაუპირისპირდა.
- რის ნიადაგზე?
- დაპირისპირება გადასახადების დამალვის გამო დაიწყო. ეს ომი, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვაჟის, ვიქტორის დახმარებით, პეფტიევმა მოიგო. ვიქტორ ლუკაშენკო იმხანად ბელორუსულ “კა-გე-ბე”-სა და პრეზიდენტთან არსებულ საიდუმლო სამსახურს, ოპერატიულ-ანალიტიკურ ცენტრს აკონტროლებდა.
მართალია, ნაუმოვი შს მინისტრობიდან გადააყენეს, მაგრამ პეფტიევს ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ურთიერთობა ისევ დაეძაბა. ამასობაში ბელორუსი ბანკირი, ვიქტორ შევცოვი დააპატიმრეს და პეფტიევი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ბელორუსში აღარ დაედგომებოდა. ამიტომ, თავისი კომპანია “ბელტექექსპორტი” რუს მილიარდერს, ვინმე დიმიტრი გურინოვიჩს მიჰყიდა.
- კოტე ბატონო, დავაკონკრეტოთ: “ბელტექექსპორტი” ოფიციალურად იარაღის დილერი კომპანიაა?
- დიახ, რომელიც მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი არა, კოტ-დიუვარში, სიერა ლიონესა და ლიბერიაშიც ოპერირებს.
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იარაღის ბელორუსულ დილერთან ოფიციალური ურთიერთობა ჰქონდა?
- რა თქმა უნდა და დოკუმენტებიც არსებობს, რითიც დასტურდება, რომ ქართულ მხარეს ამ კომპანიისგან სამხედრო აღჭურვილობა არაერთხელ აქვს შეძენილი, თუმცა ეს შესყიდვები “უკსპეცექსპორტთან” ტანდემში ხდებოდა.
მას შემდეგ, რაც კომპანია რუს მილიარდერ დიმიტრი გურინოვიჩს მიჰყიდა, პეფტიევი ემირატებში გადაბარგდა და აბუ-დაბიში “ბელტექექსპორტის” შვილობილი კომპანია დააარსა, რომელსაც “ბელტექექსპორტ FZE” დაარქვა და შუა აღმოსავლეთში საქმიანობა არაბების “კრიშის” ქვეშ დაიწყო. ამასთან, იარაღის შავ ბიზნესში რუსულ კომპანიებთან შუამავლის ფუნქციასაც ასრულებს.
- ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რა შუაშია?
- ჯერ ერთი, გავიხსენოთ, თავიდან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ სააკაშვილს და ლუკაშენკოს - გივი თარგამაძე და გიგა ბოკერია ლუკაშენკოს რევოლუციასაც უწყობდნენ.
- სამაგიეროდ, დღეს არიან მეგობრები. ყოველ შემთხვევაში, ლუკაშენკო არ მალავს, რომ მიშასთან მეგობრობს...
- ერთი, მითხარით, ისეთი რა მოხდა, რამაც სააკაშვილი და ლუკაშენკო დაამეგობრა? დამეგობრების ერთადერთი მიზეზი ფული, იარაღი და “შავი სქემებია”...
- თუკი ყველაფერი, რასაც ამბობთ, სიმართლეა, სააკაშვილი გადაზიდვების თემითა და თუნდაც არაბი შეიხის ხსენებით, ეჭვს რატომ აჩენს?
- სააკაშვილი მომწყვდეულია...
- პრეზიდენტყოფილი აღიარებს, აღვირი არ მაქვსო, ანუ ზემოხსენებული განცხადებებით ერთგვარად ხომ არ მიანიშნებს, მხოლოდ მე კი არა, სხვებიც უნდა დაიჭიროთო?
- დიახ, ასეა. სააკაშვილი ამბობს, ჩემს უკან არაბები, ბელორუსები, უკრაინელები, ბულგარელები, გარკვეულწილად ამერიკელები და ისრაელელებიც არიანო. სააკაშვილი ღიად ვერ იტყვის, რომ მის უკან რუსებიც დგანან, მაგრამ საქართველოს მხრიდან იარაღის თითქმის ყველა შესყიდვის კვალი რუსებთან მიდის. ისე, პეფტიევმა თავისი კომპანია რუსულ მილიარდერს 450 ბელორუსულ რუბლად მაშინ მიჰყიდა, როცა კომპანია გაცილებით ძვირი ღირდა. ამ ყიდვა-გაყიდვაში ბიზნესის კი არა, უფრო იმის ინტერესი იდო, რომ რუსეთს იარაღის ბელორუსული ბაზარიც ხელში უფრო მეტად ჩაეგდო.
- პეფტიევის აბუდაბური კომპანიაც იარაღის ბიზნესში საქმიანობს?
- დიახ. სააკაშვილი, ლუკაშენკოს შუამავლობით, პეფტიევს არაერთხელ მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში კი არა, ემირატებსა და სხვა არაბულ ქვეყნებშიც შეხვდა. ეს შეხვედრები, ჩემი ინფორმაციით, იარაღით ვაჭრობას უკავშირდებოდა. პეფტიევს, ასევე, ურთიერთობა აქვს არაბულ კომპანიებთან, მათ შორის, “რაკიინ კორპორეიშენთან”, რომლის უკანაც იარაღით ცნობილი მოვაჭრე, არაბი მილიარდერი ადან ჰაშოგი დგას. ევროკავშირისა და აშშ-სთვის ცნობილია, რომ ეს კომპანია ერაყის ქურთისტანის მებრძოლებს სირიიდან იარაღს აწვდის. კომპანიას ერაყულ ბანკებთანაც საეჭვო ურთიერთობა აქვს, რის გამოც მას შეზღუდვები დაუწესეს.
- იმ კომპანიაზე საუბრობთ, რომელიც პეფტიევმა რუს მილიარდერს მიჰყიდა?
- დიახ... საერთოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბელორუსში იმდენი საწყობი და იარაღი დარჩა, რომ იარაღით მოვაჭრეებს კიდევ ათწლეულები ეყოფათ.
- შეიძლება, მაგრამ ეს საბჭოთა იარაღი ხომ უკვე მოძველებულია?
- ცხადია, მაგრამ მესამე და მეოთხე რიგის ქვეყნებისთვის ასეთი ტექნიკა მისაღებია. სხვათა შორის, წინა ინტერვიუებში იარაღით მოვაჭრე შვიდ ბარონზე საუბრისას ვთქვი, რომ ამ სფეროში “თავის მოკვეთა” არ ამართლებს, რადგან “ახალი თავი” ჩნდება და ამის დასტურია სწორედ პეფტიევი და ზემოხსენებული რუსი მილიარდერი დიმიტრი გურინოვიჩი...
- სიტყვამ მოიტანა და, ბატონო კონსტანტინე, იზიარებთ მოსაზრებას, რომ რუსული სპეცსამსახურების გარკვეულ ფრთას ამერიკელები აკონტროლებენ? ამბობენ იმასაც, რომ სააკაშვილის რუსი მფარველები, თავის მხრივ, ამერიკული დაზვერვისგან იმართებიან...
- ასე ნამდვილად არაა და ასეთი მსჯელობა ფანტაზიამდე მიგვიყვანს. ისე, რა მნიშვნელობა აქვს, რუსულ სპეცსამსახურებს ამერიკელები მართავენ თუ არა? იცით, “გე-რე-უ”-ს რას ეძახიან?
- არა, მითხარით...
- “აკვარიუმს”.
- სად სპეცსამსახური და სად - აკვარიუმი...
- თევზისთვის აკვარიუმიდან გამოსვლა სიკვდილს ნიშნავს. “გე-რე-უ”-ს თანამშრომლები ხუმრობენ, “აკვარიუმიდან” გამოსვლა მხოლოდ ფეხებით წინ შეიძლებაო. ამ “აკვარიუმიდან” სააკაშვილიც ვერასოდეს გამოვა, რადგან სხვა თუ არაფერი, ბიძამისი, თემურ ალასანია “ეფ-ეს-ბე”-ს გენერალია და გენერლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო. ამას ვერც თავად თემურ ალასანია უარყოფს...
- როგორ შეიძლება, გაერო-ს თანამშრომელი “ეფ-ეს-ბე”-ს გენერალი გახდეს?
- სწორედ ესაა საინტერესო... თუ ურთიერთობა შეწყვიტე და სპეცსამსახურის წარმომადგენელი აღარ ხარ, “ეფ-ეს-ბე” გენერლობას არ მოგანიჭებს...
- იმას, რასაც ახლა ამბობთ, როგორ დაამტკიცებთ?
- ცხადია, დოკუმენტები არ მაქვს, მაგრამ ინფორმაცია რუსეთში საქართველოს საელჩოს ყოფილმა თანამშრომელმა მომაწოდა... სხვათა შორის, რუსებმა გენერლის წოდება თავის დროზე ასლან აბაშიძესაც მიანიჭეს...
- ბატონო კონსტანტინე, რუსულ სქემებზე საუბრისას, ალბათ, იმ ვიდეოსაც უნდა შევეხოთ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთმა, თუ არ ვცდები, უკრაინულმა არხმა გაავრცელა. ვიდეოში ქართველი, ვინმე ირაკლი საუბრობს...
- ეს ქართველი ირაკლი ქურასბედიანია, რომლის გამოჩენამაც 1995 წლის 29 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტი გამახსენა, რომლის შესახებაც წინა ინტერვიუებში ვისაუბრეთ.
მოკლედ, თავის დროზე არსებობდა ინფორმაცია, რომ აფეთქებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ოპერის ერთ-ერთ მომღერალს ნაცნობი შეხვდა, რომელიც თანმხლებთან ერთად “იმელის” მხრიდან მორბოდა და, დაახლოებით, ასეთი ფრაზა თქვა, ამის დედა ვატირე, თითის დაჭერა დროზე ვერ მოვასწარითო. ამის შემდეგ, ოპერის მომღერალი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო.
- ოპერის ეს მომღერალი ვინაა?
- სახელს და გვარს რა მნიშვნელობა აქვს? საქმის მასალების მიხედვით, 29 აგვისტოს ტერაქტი თითქოს “მონ 90”-ით განხორციელდა. სინამდვილეში კი, “მონ 100” ააფეთქეს და ეს მოდელირება იმისთვის დასჭირდათ, რომ “მონ 90” მხოლოდ უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს ჰქონდათ. მართალია, ეს დეტალია, მაგრამ საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ორი ტიპი, რომელიც ოპერის მომღერალს შეხვდნენ, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მე-11 ბრიგადის თანამშრომელი იყო და ერთ-ერთი მათგანი ირაკლი ქურასბედიანი გახლდათ. შევარდნაძის ლიკვიდაციით რუსეთი იყო დაინტერესებული, რასაც ვერავინ უარყოფს და როცა შენ ამბობ, თითი დროზე ვერ დავაჭირეო, გამოდის, რომ ტერაქტის ორგანიზატორებთან ხარ კავშირში... ქურასბედიანი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, შსს-ში მაღალ თანამდებობაზე, სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მოგვევლინა. სამხედრო კონტრდაზვერვა მთელ სპეცსამსახურში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
- იქნებ, ოპერის მომღერალმა მოიტყუა?
- შეიძლება, მაგრამ ამ ოპერატიული ინფორმაციის შედეგად, ქურასბედიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ანუ სწავლობდნენ და გასაკვირია, რომ ადამიანი, რომელზეც ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, მაღალ თანამდებობაზე ინიშნება. ქურასბედიანს შსს-ში მფარველები რომ არ ჰყოლოდა, არქივიდან მასზე არსებული ინფორმაცია ამოვარდებოდა და სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ ვერ დანიშნავდნენ. სხვათა შორის, დღეს უკრაინაში ქართველი ოფიცრების ერთ-ერთი მაორგანიზებელი ძალა სწორედ ეს ქურასბედიანია. მითქვამს და ვიმეორებ: უკრაინაში ქართველი ოფიცრების ყოფნაზე ღიად საუბარი სახიფათო თამაშია. აფხაზეთის ომის დროს უკრაინელთა პატარა ჯგუფები ჩვენს მხარეს იბრძოდნენ, მაგრამ ამის შესახებ დღემდე არავინ არაფერი იცოდა. ასე რომ, “ნაციონალები” ცოტა დაფიქრდნენ, თუ სად “ტენიან” ქვეყანას...
- უკრაინის მოვლენები “ნაციონალების” გადარჩენის ერთ-ერთი გზაა?
- დიახ. “ნაციონალები” თავიანთ მომხრეებს აჯერებენ, ჩვენი დღევანდელი მხარდაჭერის სანაცვლოდ, უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ხელისუფლებაში დაბრუნებაში დაგვეხმარებაო, მაგრამ სინამდვილეში, კარგად ჩანს, რომ “ნაციონალების” უკრაინული აქტივობა წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს და ყველაფერ ამაში ისეთი “ტიპები” არიან ჩართულები, რომლებსაც, მინიმუმ, სუფთა წარსული არ აქვთ. სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს რომ ჩამოჰყვნენ, არქივში ბევრ ისეთ ოპერატიულ მასალას ნახავენ, რითიც პირდაპირ დადასტურდება, რომ სააკაშვილის მთავრობა პრორუსული იყო! მიკვირს, “ოცნების” ხელისუფლება ამას რატომ არ აკეთებს.
- თუკი აგვისტოს ომის გამოძიება იარაღით უკანონო ვაჭრობამდე მივა და თემურ ალასანიას კვალიც გამოიკვეთება, ეს მსოფლიოს ზესკანდალი იქნება, რადგან ალასანია ოფიციალურად გაერო-ს თანამშრომელია. ჰააგა ამაზე წავა?
- საერთაშორისო ტრიბუნალი ამაზე წასვლას რომ არ აპირებდეს, გაერო თავის ანგარიშში იმას არ დაწერდა, რაც დაწერა. ყველაფრის თავი და თავი სწორედ აგვისტოს ომია!
მიშა გაიძახის, მათი ოჯახის წევრებს, ვინც უკრაინაში ომობენ, კონტრდაზვერვა იბარებსო. ვერ გავიგე, კონტრდაზვერვა უნდა იჯდეს და ელოდოს, მიშას დესანტი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას როგორ ეწევა? ამ ადამიანებს შეხება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასა თუ აგენტურულ აპარატთან ჰქონდათ და შესაბამისად, ისეთ ინფორმაციას ფლობენ, რაც სახელმწიფო საიდუმლოა. ამ ფონზე, ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი გაიძახის, კონტრდაზვერვა რატომ იბარებსო. რა გარანტიაა, რომ ამ ოფიცრებმა, ვთქვათ, აგენტურა არ “ჩაუშვეს”?
- ისე, ბატონო კოტე, უკრაინის მოვლენებითაც იარაღის ბიზნესის გათეთრება ხომ არ ხდება?
- დავაკვირდეთ, სადაა დაძაბული ვითარება: დონეცკში, ლუგანსკსა და სლავიანსკში. სწორედ ამ რეგიონებშია იარაღის უშველებელი საწყობები, რომელი საწყობებიც “უკრსპეცექსპორტს” ექვემდებარებოდა. დიახ, შესაძლებელია, რომ ამ კონფლიქტით სწორედ იარაღის ჩამოწერა ხდება, რაც მხოლოდ რუსეთის კი არა, უკრაინის ინტერესებშიც შედის...
სხვათა შორის, ორი დღის წინ, სააკაშვილმა უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, უპასუხა, რომ “რუსეთმა გამოიყენა სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ჯარებზე (რუსეთის) თავდასხმა საქართველოში ფართომასშტაბიანი შემოჭრის საბაბად.” ეს განცხადება მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ სააკშვილი, ერთის მხრივ რუსულ სამშვიდობო კონტიგენტზე თავდასხმას აღიარებს, რითიც ამ ომთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალურ პოზიციას კიდევ უფრო ამყარებს, მეორეს მხრივ კი, მიშა ცდილობს, ამ თავდასხმის ინიციატორის როლი თავიდან აიცილოს და სხვას გადააბრალოს, რაც განპირობებულია აგვისტოს 5-დღიანი კონფლიქტის გარდაუვალობით, რომლითაც სააკაშვილი, შესაძლოა, მთავარ სამხედრო დამნაშავედ ცნონ.
რაც შეეხება შს ყოფილ მინისტრ კახა თარგამაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-არმინიჭებას, ეს თავიდანვე პროვოკაციულ ნიშნებს შეიცავდა, ანუ თუ ხელისუფლება თარგამაძეს მოქალაქეობას მისცემდა, “ნაცმოძრაობას” დამატებითი საფუძველი მიეცემოდა, რომ კიდევ ერთხელ ეტქვა, ახლანდელი ხელისუფლება პრორუსულიაო. ახლა კი, რადგან პრეზიდენტ მარგველაშვილს თარგამაძისთვის მოქალაქეობის არმინიჭებისკენ პირველად “ნაცმოძრაობამ” მოუწოდა, შეიძლება, ხალხმა ისე აღიქვას, მარგველაშვილის და “ნაცმოძრაობის” პოზიციების თანხვედრა მოხდა. ეს პეზიდენტის რეიტინგზე აუცილებლად იმოქმედებს და მთავრობასთან მის უთანხმოებასაც გააღრმავებს. ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, უარყოფითად ხელისუფლების იმიჯზე აისახება.