ვის დაემუქრა ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე უშიშროების საბჭოს მდივანი ციხეში ამოლპობით და როგორ ამოწყვიტეს პოლიციელებმა ზუგდიდელი ჩქოტუების ოჯახი
ერთი წლის წინ, “ქართულმა სიტყვამ” მკითხველს ჩქოტუების ოჯახის ტრაგედიაზე უამბო: 2006 წლის 16 ნოემბერს, ზუგდიდში ,,სამაგალითოდ” დასაჯეს ინდმეწარმე თენგიზ ჩქოტუა, რომელსაც ბლოკის და ხე-ტყის საამქრო ჰქონდა. თენგიზმა პოლიციის თანამშრომელ ირაკლი ახალაიას 1 800 ლარის ოდენობის შეკვეთაში მხოლოდ მუშებისთვის გადასახდელი, 300 ლარი მოსთხოვა, რაც ახალაიებმა შეურაცხყოფად მიიღეს და ზუგდიდელმა პოლიციელებმა, უამრავი ხალხის თანდასწრებით, თენგიზ ჩქოტუა ჯერ სასტიკად სცემეს, მერე, ხეზე მიაბეს და მისი მისამართით იარაღი ისროლეს, ჯიბეში ნარკოტიკიც ჩაუდეს და ციხის გზას გაუყენეს. თენგიზის ვაჟი, ანზორ ჩქოტუა 2006 წლის დეკემბერში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ირაკლი საპატიმროდან, სადაც სამი დღე გაატარა, დათრგუნული გამოვიდა, ყველაფერზე ხელი აიღო და 2009 წელს, უცნაურ ვითარებაში თავი ჩამოიხრჩო. თენგიზის ძმა, კობა ჩქოტუა, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ ჩაუდეს ნარკოტიკი ხეზე მიბმულ ძმას, 2010 წელს დააკავეს და საპატიმროდან ფსიქიურად დაავადებული გამოვიდა. ასე დაიქცია ჩქოტუების ოჯახი. 2008 წელს, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო სარჩელი ,,ჩქოტუა-არქანია საქართველოს წინააღმდეგ”. 2014 წლის 10 ივნისს კი, ევროსასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა და საქართველოს მხარეს საქმის ხელახალი გამოძიება დააკისრა. ,,ქართული სიტყვა” ჩქოტუების ოჯახის ადვოკატ რუსუდან ქორჩილავას ესაუბრა:
- სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო დაადანაშაულა და თენგიზ ჩქოტუას გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიება მოსთხოვა. დაკავების მომენტიდან, თენგიზ ჩქოტუასთან რამდენჯერმე იქნა გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაპატიმრების შემდეგ, საპატიმროდან საპატიმროში, ,,რეზბალნიციდან” ისევ ციხეში გადაჰყავდათ. იძულებულნი გახდნენ, ცემის შედეგად გახეთქილი თიაქარის ოპერაცია გაეკეთებინათ. ბოლოს, ქსნის ციხიდან, ღამით, ცოლს, ელისო არქანიას დაურეკეს და უთხრეს, რომ ორი კვირაა, მენინგიტით დაავადებულს ხელს არავინ კიდებს და კვდებაო. ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანილი პატიმარი დეკემბერში დაიღუპა.
- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო?
- 2014 წლის 7 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს და სახელმწიფომ გამოძიებისთვის საჭირო თანხაც ჩარიცხა, მაგრამ მთავარი პროკურატურიდან ჩამიჩუმიც არ ისმის.
- რატომ?
- ჩქოტუას საქმეში ბრალდებული ზუგდიდის სამმართველოს პოლიციელები - ირაკლი ახალაია და გრიგოლ ჭითანავა, 2013 წლის 19 ივნისს, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით იარაღისა და ნარკოტიკების, ადამიანთა წამების და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალების საქმის გამო დააკავეს, მაგრამ მათ ბრალდებებში ჩქოტუების ოჯახის მიმართ ჩადენილი დანაშაულები არ დევს. ქსნის ციხის უფროსი, რობერტ არაქელოვი დოკუმენტურად ამტკიცებდა, რომ თენგიზ ჩქოტუა თავიდანვე დაავადებული იყო. სამედიცინო დაწესებულებებიდან ყველა მტკიცებულება მოვიპოვე, რომ გარდაცვლილი პატიმარი არასოდეს ყოფილა აღრიცხვაზე ტუბდისპანსერში, არც სხვა დაავადება ჰქონია, რასაც შეიძლება, სასიკვდილო შედეგი მოჰყოლოდა. ჩემი აზრით, არიან ძალები, ვისაც ამ საქმის გამოძიება არ აწყობს. მაგალითად, ქსნის საპატიმროს ყოფილი უფროსი რობერტ არაქელოვი დაწინაურებულია და თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.
- რას აპირებთ, ქალბატონო რუსუდან?
- ჩქოტუების საქმის გამოძიება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, დასაკითხია უამრავი მოწმე, ისედაც მრავალი წელია, ოჯახი მორალურად და ზნეობრივად განადგურებულია და გამოძიებას დაყოვნება აღარ უნდა, მით უმეტეს, რომ სახელმწიფომ ვალდებულება აიღო. პროკურატურის დუმილი მაიძულებს, განვაცხადო: კიდევ ორი კვირა დავიცდი და მერე, საქმეს ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტში გავასაჩივრებ.
საერთოდ, ევროსასამართლოში საქართველოდან საჩივრები კვლავ შედის და ეს პროცესი მანამ გაგრძელდება, ვიდრე 2003 წლამდე სამართალდამცავ სისტემაში არსებული ზედამხედველობის სამსახური არ აღდგება, რომელიც პროკურატურის გადაწყვეტილებებს განიხილავდა.
- ეს სამსახური რატომ გაუქმდა?
- იმიტომ, რომ ,,ნაციონალებს” უკონტროლო პროკურატურა და სასამართლო სჭირდებოდათ. ამის დასადასტურებლად ნუგზარ საჯაიას და გიორგი სანაიას მკვლელობებიც საკმარისია.
- ეს რა შუაშია?
- ნუგზარ საჯაია “რუხი კარდინალი” იყო, ,,ახალგაზრდა რეფორმატორების” შორეული მიზნები შესანიშნავად განჭვრიტა და დაემუქრა, ციხეში ამოგალპობთო. აქედან, ერთ კვირაში, საჯაია კარგად შენიღბული თვითმკვლელობის ვერსიით მოკლეს. გიორგი სანაიას მკვლელობა კი, საჯაიას ამბის ლოგიკური გაგრძელება იყო: გახსოვთ მისი გასვენება? - როგორ მიარბენინებდნენ მიცვალებულს და როგორ გარბოდნენ მის უკან მაღალჩინოსნები და დაბალჩინოსნები? ეს იყო სცენა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება, ნებისმიერი რევოლუციის საბაბი გამხდარიყო ლოზუნგით: ,,ხედავთ, რას შვრება ხელისუფლება?”
- პროკურატურის დუმილი რას უნდა მივაწეროთ, დღევანდელი კადრების ნაკლებობას თუ უპასუხისმგებლობას?
- ორივეს ერთად. საქართველოდან ტვინების გადინების პროცესი შეუქცევადია. ნიჭიერი ახალგაზრდები განათლების მიღების მერე, შინ არ ბრუნდებიან. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოხელეთა 18% ქართველია, რომელთაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული. სავალალო სტატისტიკაა სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც.
- უცხოელი სამართალდამცავების ვიზიტზე რას იტყვით?
- ზოგს ეს მოსწონს, მაგრამ ვინმე მიიწვევს ჩვენს სპეციალისტებს სარკოზის, ან ბერლუსკონის წინააღმდეგ საქმის გამოსაძიებლად? მსოფლიოში იდეალური, ყველაზე დახვეწილი პრეცედენტული სასამართლო სისტემა ინგლისს აქვს, ასევეა, სკანდინავიური ქვეყნები. რომაულ ცივილისტიკაზე დაყრდნობილი სამართალი ყველა ქვეყანამ თავისას მოარგო.Mმონტესკიეს კანონებში უწერია, რომ საკანონმდებლო ბაზის შედგენისას, პირველ რიგში, ერის მენტალობა, ტრადიციები უნდა იქნას გათვალისწინებული, სხვანაირად კანონი ვერ იმუშავებს. როგორც ვერ იმუშავა საქართველოში გერმანულიდან ,,კოფი-ფეისტით” გადმოტანილმა სასამართლო სისტემამ. ინგლისში ორი კაცი რომ მოილაპარაკებს, ამას ჯენტლმენური გარიგება ჰქვია და კანონის სახე აქვს, რასაც, საქართველოს მოქალაქეებზე, სამწუხაროდ, ვერ გადმოიტან. ჰოლანდიაში პატიმრები შაბათ-კვირას შინ ატარებენ, მაგრამ ეს ჩვენთან არ გამოვა. რატომ? - თავისუფლება გვიყვარს და საერთოდ, ,,რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ”!
- ჩვენც გვქონდა ხევისბერების სამართალი, ნამუსის ულვაში...
- ეს ისტორიაა...
- ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს...
- სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებაზე ლაპარაკი ადვილია, მაგრამ მთავარია, რა მტკიცებულებები აქვთ. იურისპრუდენციის შემსწავლელებს ყველა დროში ასეთ შეგონებებს ასმენინებდნენ: ,,კანონი - ეს ლოგიკაა, რომელიც ვნებებს არ ექვემდებარება... ჯობს, ათი დამნაშავე გარეთ იყოს, ვიდრე - ერთი უდანაშაულო ციხეში”. რა გვჭირს სხვისი დასახმარებელი, იცით, რა დონის იურისტები გვყავს? მაგრამ, ,,შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს”. სამართლის სპეციალობას დაგროვილი გამოცდილება და კონტაქტები სჭირდება. ახალ ხელისუფლებას სიტუაციის გამოსწორება რომ სდომოდა, ძველ გამოცდილ იურისტებს დაიბარებდა, მრჩეველის სტატუსს მიანიჭებდა, გვერდში ამოიყენებდა და თაობებს გამოაზრდევინებდა. ასეთი არეულობა არასოდეს ყოფილა... საერთოდ, ცოდონი არიან ის ახალგაზრდები, რომელთაც იმაზე მეტი ტვირთი და პასუხისმგებლობა დაადეს, რისი ტარებაც არ შეუძლიათ.