ავღანეთში ბაზა „ფენიქსი“ ფუნქციონირებას წყვეტს (ვიდეო)

ავღანეთში ბაზა „ფენიქსი“ ფუნქციონირებას წყვეტს (ვიდეო)

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ამერიკულ ბაზა "ფენიქსს" ტოვებენ. ბაზა „ფენიქსი“ ფუნქციონირებას წყვეტს. პირველი ქვეითი ბრიგადის 13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის მიერ ISAF-ის ოპერაციის დასრულება საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 13-ე ბატალიონის სამხედროებმა ბაზა "ფენიქსზე" საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ოცეულის სერჟანტმა გიორგი ტაბლიაშვილმა დროშა ავღანეთში უფროს სამხედრო წარმომადგენელს პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს გადასცა. საზეიმო ცერემონიალს ბაზა „ფენიქსზე“ აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლობაც დაესწრო.

დროშის დაშვების ცერემონიალის დასასრულს ქართველ სამხედროებს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მედალი გადაეცათ. აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის ჯგუფის უფროსმა ვიცეპოლკოვნიკმა ალექს მაკლემურმა კი ქართველ ჯარისკაცებს ჯორჯიის შტატის მედლები გადასცა.

პირველი ქვეითი ბრიგადის 13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეული სამშვიდობო მისიას  5 თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი სამხედროების ამოცანას ამერიკული ბაზა "ფენიქსის" დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.