ქობულეთი ინფექციური ეპიდემიის ზღვარზეა - ვინ მფარველობს ჩინურ კომპანიას

ქობულეთი ინფექციური ეპიდემიის ზღვარზეა - ვინ მფარველობს ჩინურ კომპანიას

ყველას თავისი კუთხე უყვარს, მაგრამ დაბეჯითებით ვამბობ: ქობულეთზე, კერძოდ, მდინარე კინტრიშის ხეობაზე ლამაზი კუთხე არ არსებობს. თავის დროზე, როცა მეცნიერებმა აქაურობა გამოიკვლიეს, განაცხადეს: „კინტრიშის ხეობა იმდენად უნიკალურია, რომ გამყინვარების ხანაშიც კი, თავისი ბუნებრივი მდგომარეობის გამო, ამ ხეობაში გამყინვარება არ მომხდარა”, თუმცა დღეს ამ ულამაზესი და უნიკალური ხეობის ნაწილი განადგურებულია! ხეობის ვანდალურად, დაუზოგავად და სამუდამოდ განადგურებაში კი, დამნაშავე ჩინური კომპანიასინოჰიდროა“.

ცნობისათვის: ეს ჩინური კომპანია ავტომაგისტრალს აშენებს, რისთვისაც ე.წ. ბალასტს გამოიყენებენ. “ბალასტს” კი, სწორედ კინტრიშის ხეობიდან იღებს.

ჩინელები, ადგილობრივ მაფიოზთა ჯგუფის ჩარევის გარეშე, ვერაფერს გაბედავდნენ. ამ მაფიოზური ჯგუფის გავლენა კი, იმდენად დიდია, რომ სიუჟეტი, რომელიც აჭარის ტელევიზიამ ამ პრობლემაზე მოამზადა და ეთერშიც გავიდა, მეორე დღეს საიტიდან წააშლევინეს...

ქობულეთის შემოგარენი ისეა დამახინჯებული და გადათხრილი, კაცი იფიქრებს, ატომური აფეთქება მოხდაო. გარდა ამისა, “ბალასტის” მოპოვებისას დარღვეულია სანიტარული ნორმებიც. მაგალითად: ქობულეთის წყალსადენთან ამოთხრილია და ჭაობადაა ქცეული რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი (ჭაობმა ადგილობრივების რამდენიმე ძროხა უკვე შეიწირა). ჭაობი კი იმიტომ გაჩნდა, რომ ორმოში 150 ტონამდე გაფუჭებული მანდარინი ჩაყარეს და, კვალი რომ დაეფარათ, ზედ მიწა გადააყარეს. ყველაფერი ეს იმ წყალსაცავის  გვერდით ხდება, საიდანაც ქობულეთი სასმელი წყლით მარაგდება. ცნობილია, რომ ლპობის შემდეგ, მანდარინი გამოყოფს ეთილს, ანუ სასმელ წყალს ეთილისა და გახრწნილი პირუტყვის, ასე ვთქვათ, ნაჟური ერევა. ყოველივე აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ მალე ქობულეთში ინფექციურმა ეპიდემიამ იფეთქოს!

ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ სამებაში, ჭაინათის ტერიტორიაზე, რომელიც კინტრიშის ხეობის ნაწილია.

“ბალასტის” მომპოვებელ ჩინურ კომპანიას აქვს უფლება, რომ მიწაში 5 მეტრის სიღრმეზე ჩავიდეს, მაგრამ სინამდვილეში, 10-15 მეტრზე ჩადის და ჭაობის ახალ კერებს აჩენს...

ეს სქემა ჩახლართულია, მაგრამ როგორც გავარკვიე, ამ უკანონობის უკან ვინმე დავით ბოჭორიშვილი დგას. ამბობენ, რომ ეს ბატონი კაზინოების მოყვარულია და აზარტულ თამაშებში წაგებულ ფულს, როგორც ჩანს, ჩვენი ულამაზესი ხეობის განადგურებით ინაზღაურებს.

ასევე, გავარკვიე, რომ ბოჭორიშვილს ზურგს აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, „ქართული ოცნების” წევრი, ვინმე მაილო ჯაში უმაგრებს, რომელიც ხალხში ხმას ავრცელებს, თითქოს ყველაფერ ამის უკან საქართველოს ცენტრალური მთავრობის უმაღლესი პირები დგანან. ჯაშს თბილისში დიდი გავლენიანი მფარველი რომ ჰყავს და ეს მფარველი ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, იქიდანაც ჩანს, რომ „აჭარის ტელევიზიის” სიუჟეტი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საიტიდან წაშალეს...

მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებსაც ამ ფაქტების გაკონტროლება ევალებათ, დროს უსუსური ჯარიმებისა და აქტების წერაზე ხარჯავენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ვინმე ხმას ამოიღებს, დაჭერით ემუქრებიან! ისე, აი, ხმა ამოვიღე და აბა, გაბედონ და დამიჭირონ!

გერმანიის საელჩოში ერთ-ერთ პიროვნებას დავუკავშირდი, რომელიც ეკოლოგიის განხრით მუშაობს და რომელიც დამპირდა, რომ გვერდში დაგვიდგება და სიმართლეს გვაპოვინებს.

ისე, რაღა დაგიმალოთ და, ძალიან მაკვირვებს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთელი დეპუტატების ქცევა. ეტყობა, სიტყვა “დეპუტატის” განმარტება დაავიწყდათ და ხალხი აღარ აინტერესებთ, მაგრამ, ბატონებო, ორ წელიწადში არჩევნები ისევ მოვა და ძალიან მაინტერესებს, მაშინ ქობულეთელებს რა პირით სთხოვთ, ხმა მოგვეცითო?

სხვათა შორის, ბატონმა ჯაშმა ტელევიზიით განაცხადა, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში მიჩივლებს.... ჰოდა, ველოდები სასამართლოდან უწყებას!

მერაბ ბლადაძე,უფლებადამცველი