25 ივნისს, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რამუსენმა განაცხადა, რომ 2014 წლის ნატოს სამიტზე ალიანსის გაფართოება არ მოხდება. უფრო მეტიც, მისი განცხადებით, საქართველო ვერ მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP). MAP-ს, რომელიც ალიანსის სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად ფორმალური მექანიზმია, საქართველო დიდი ხანია ელოდება. მის სანაცვლოდ კი ნატოსთან დაახლოების მიზნით, საქართველოს თანამშრომლობის "არსებითი პაკეტს" დაპირდნენ.
ამერიკამ უნდა გააგრძელოს საქართველოს ნატოში მისწრაფების მხარდაჭერა და უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველომ სამიტზე ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დახმარების პირობაც მიიღოს.
ერთგული პარტნიორი
ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოს ალიანსში მიპატიჟებას არავინ ელოდა, თუმცა ნატოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის MAP-იც კი არ მიეცა, ძალიან დიდი დარტყმა იყო თბილისისთვის.
2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ, რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, საქართველომ შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია განახორციელა და აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. ერაყის მისიაში ათასობით ქართველი სამხედრო იღებდა მონაწილეობას. ბალკანეთში საქართველომ ასობით სამშვიდობო გააგზავნა, ხოლო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ამჟამად 150 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს სამშვიდობო მისიას.
ყველაზე დიდი წვლილი საქართველომ ავღანეთის ოპერაციაში შეიტანა. 2000-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე ომის ყველაზე კულმინაციურ პერიოდში, ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, სამხრეთში იმყოფებოდა. ჰელმანდის პროვინციაში 1600 ქართველი სამხედრო ასრულებს მისიას და ამ მონაცემებით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანაა. ნატოს ბევრ ქვეყანას ჯერ გარკვეულიც კი არ აქვს რამდენ სამხედროს დატოვებას აპირებს ავღანეთში, საქართველომ კი უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ავღანეთში მისიის შესრულებას 750 სამხედრო მოსამსახურე გააგრძელებს. გარდა ამისა, 2015 წელს საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველო ევროპის ქვეყნებისთვის სამაგალითოა.
გრძელი გზა ნატოსკენ
საქართველომ ნატოში გაწევრიანების პირობა 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო. მაშინ ამ გადაწყვეტილებას მხარს ყველა წევრი ქვეყანა არ უჭერდა, განსაკუთრებით კი ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას აღელვებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შესაძლოა რუსეთთან ავტომატურად ომის დაწყება მოყვეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო. ქართველი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი თანახმა არიან ნატოში გაწევრიანდნენ იმ პირობით, თუ ნატოს მეხუთე მუხლით განსაზღვრული უსაფრთხოების გარანტიები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გავრცელდება, ვიდრე ეს საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი გზით არ მოგვარდება. ამის დასამტკიცებლად საქართველომ განაცხადა, რომ მზად არის ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, რასაც არ აკეთებს რუსეთი.
ჩიკაგოს სამიტმა მოლოდინი გაზარდა
ბევრის გასაკვირად, 2012 წელს ჩიკაგოში ნატოს სამიტზე ალიანსის გაფართოების საკითხი დღის წესრიგში არ იდგა. ნატოს გაფართოების მხარდამჭერთა დასამშვიდებლად საგარეო საქმეთა მინისტრებმა 28+4 ფორმატის შეხვედრა გამართეს, რომელსაც ასპირანტი ქვეყნებიც ესწრებოდნენ. ის ფაქტი, რომ ეს შეხვედრა სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე არ გაიმართა საკითხის ნაკლებ აქტუალურობაზე მიანიშნებდა. მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კრიტიკას ასე უპასუხა: "დარწმუნებული ვარ ეს სამიტი ბოლო სამიტია, რომელზეც გაფართოება არ მოხდება." ჯონ კერიც დიდ ენთუზიაზმს არ იჩენს ამ საკითხის მიმართ და პრეზიდენტი ობამაც პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს გაფართოების საკითხს არ განიხილავს.
დასავლელი პოლიტიკოსები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას. ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული 2012 და 2013 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობა. ამ არჩევნებმა მშვიდობით ჩაიარა და ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა.
თუმცა, ამერიკის სენატმა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების გამო. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ "პროცესს შესაძლოა შერჩევითი სამართლის სახე მიეცეს". შეშფოთება გამოთქვეს ნატოს სხვა წევრებმაც.
საქართველოს სწორი კურსის შენარჩუნებაიმისთვის, რომ ნატო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე იყოს ფოკუსირებული, ამერიკელი მართველი გუნდის აქტიურობაა საჭირო. ამერიკის შეერთებული შტატების გარანტორობით ნატოს მომავალმა სამიტმა უნდა აღიაროს ის ძალისხმევა და მსხვერპლი, რაც საქართველომ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გაიღო. აშშ-მ და ნატომ:
- ცალ-ცალკე უნდა გამოაქვეყნონ სამიტის დეკლარაცია, რომელშიც დაფიქსირებული იქნება ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა. ნატოს ლიდერები ხშირად თანმხდებიან ცალკეულ დეკლარაციებზე, რომელიც სპეციფიურ და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მთავარი დეკლარაციისგან დამოუკიდებლად ქვეყნდება. მსგავსი ცალკეული დეკლარაციით დაფიქსირდება ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ქართველი ხალხი კი მიიღებს შეტყობინებას, რომ მათი ძალისხმევა და მსხვერპლი შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
- უნდა უზრუნველყონ, რომ ალიანსი მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს მომავალ გაწევრიანებას. სამიტის დეკლარაციამ მკაფიო უნდა გახადოს, რომ ნატო-საქართველოს კომისიასთან ერთად, ყოველწლიური ეროვნული პროგრამის წარმატებით შესრულება ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მეტ დაახლოებას გაწევრიანებასთან.
- უნდა უზრუნველყონ, რომ „ნატოს 28+4" ფორმატში შეხვედრა ჩატარდება მთავრობის მეთაურების დონეზე. გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით, ალიანსის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირები აუცილებლად უნდა შეხვდნენ ოთხი ასპირანტი ქვეყნის ლიდერებს. ეს შეხვედრა არ უნდა ჩამოქვეითდეს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, როგორც ეს ჩიკაგოს სამიტზე მოხდა.
- უნდა დაეხმარონ საქართველოს დაიცვას საკუთარი თავი. ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის შეუვალი უფლება. აშშ-მ და ნატომ უნდა მიყიდონ საქართველოს ანტი-სატანკო და საჰაერო თავდაცვის სისტემები. გამომდინარე იქედან, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სისტემები თავდაცვითი ხასიათისაა, არ არსებობს არანაირი მიზეზი არ გადასცენ ის ქართულ არმიას.
- ნელნელა უნდა შეცვალონ ქართული ჯარის წვრთნების პროგრამაც. ამბოხებულთა წინააღმდეგ არსებული წვრთნები უნდა ჩანაცვლდეს ადგილმდებარეობის დაცვის ოპერაციებით. ბოლო რამოდენიმე წელიწადია, ნატოს წვრთნები ძირითადად ფოკუსირებული იყო ავღანეთში, ქართული არმიის ამბოხებულთა წინააღმდეგ მომზადებაზე. თუმცა, ნატოს საბრძოლო მისია ავღანეთში დასასრულს უახლოვდება და წვრთნების მიმართულებაც უნდა შეიცვალოს და ის უნდა პასუხობდეს რეგიონში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.
- უნდა გაზარდონ მრავალმხრივი და ორმხრივი ტრეინინგები საქართველოს შიგნითაც. რაც უფრო მეტი ნატოს წევრი სახელმწიფოს დროშა იფრიალებს საქართველოში, ქართველი ხალხი მით უფრო მკაფიოდ იდგება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. სამხედრო წვრთნები არის შესამჩნევი ნიშანი ნატოს მხარდაჭერისა.
- რუსული სამხედრო ძალის ყოფნას საქართველოში უნდა განიხილავდნეს როგორც ოკუპაციას. სამიტის დეკლარაციაში მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მყოფი რამოდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი წარმოადგენს საოკუპაციო ძალას. დღემდე, ბევრი ევროპული ქვეყანა ხშირად ცდებოდა და არ იყენებდა ამ ტერმინოლოგიას. ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მსგავსი, ერთიანი შეტყობინება იძენს უდიდეს მნიშვნელობას.
გაწევრიანების გზაზე ქართველებმა დაუმტკიცეს ყველას, რომ ისინი უბადლო მეომრები არიან. გარდა ამისა, ისინი წარმატებით ართმევენ თავს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროგრამასაც, რაც სამაგალითოა ნატოსთვის. მომავალი სამიტი იძლევა შესაძლებლობას ხელახლა დაადასტუროს ნატომ საქართველოს გაწევრიანების მიმართ თავისი პოზიტიური მიდგომა, გაძლიერდეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები და განვითარდეს საქართველოს თავდაცვითი პოტენციალი. გრძელვადიან გეგმაში, მსგავსი მიდგომა სამხრეთ კავკასიას უფრო სტაბილურს გახდის. ალიანსმა უნდა უერთგულოს 2008 წლის განცხადებას, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.
http://ghn.ge