კოდუა ალაპარაკდა... პატარკაციშვილის აივანი და მარინა გაბუნიას წერილი სააკაშვილს

კოდუა ალაპარაკდა... პატარკაციშვილის აივანი და მარინა გაბუნიას წერილი სააკაშვილს

კითხვა _ დედააა, არა, რა იყო ეს? მართლა რა იყო ეს?

შოკი _ კოდუას დაწყებული, მიშამ გააგრძელა...

ორჯერ არა და კიდევ ორჯერ _ არაააა, მართლა, რა იყო ეს? სუბორდინაციის დაუცველად და შეუთანხმებლად მოხდა ვითომ, თუ ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო და ისე დაიგეგმა, როგორც ვიხილეთ? შემსრულებლები ვნახეთ, მაგრამ რეჟისორი ვინ ჰყავდა, იცის ვინმემ?.. და თუ არ ჰყავდა, მთლად უარესი...

კაცი ცოცხალი რომ იყო, მაშინ არავის გახსენებია ხაინდრავას მკვლელობის დაკვეთა და ახლა, როცა ძვალიც აღარაა მისი, ცოტა არ იყოს, უხერხულია მიცვალებულთან თუ არა, ხალხთან თუ არა, საკუთარ თავთან მაინც.

მთავარი გაუგებრობა: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ბადრი პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაუკვეთა. კოდუას ინფორმაციით, პატარკაციშვილს მისი გუნდის ოთხი წევრის მოშორება უნდოდა, რაც, კოდუას თქმით, ხელისუფლებას დაჰბრალდებოდა. “ერთი ადამიანი პირდაპირ, დაუფიქრებლად მითხრა _  გოგა ხაინდრავა და დანარჩენ სამ ადამიანზე სიას მომაწვდიდა. ის იცილებდა მისი გუნდის ისეთ წევრებს, ამოირჩია ისეთი ხალხი, რომ საზოგადოება 100%-ით ყოფილიყო დარწმუნებული, რომ ეს ამათ გააკეთეს”, _ აღნიშნა სოდ-ის ყოფილმა უფროსმა. ერეკლე  კოდუა  აცხადებს, რომ ლონდონში მასა და ბადრი პატარკაციშვილს შორის საუბარი ორ საათზე მეტხანს გრძელდება და ამ საუბრის სრული ჩანაწერი პროკურატურაში დევს. სოდ-ის ყოფილი უფროსის განმარტებით,  პროკურატურამ აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს ამ საუბრის სრული ვერსია, თუკი ძალოვან უწყებას უნდა ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს”. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “ადრეულ გაზაფხულზე” თავდაპირველად ითქვა, გივი თარგამაძის მკვლელობას უკვეთდაო, მერე მიშამ “კინაღამ პრეზიდენტ” “გრეჩიხას” უთხრა, ბადრიმ შენი მკვლელობა დაუკვეთაო და თურმე სად გვაბანავებდნენ... “გრეჩიხას” ან “ვასილიჩის” ადგილას მე თავს მოვიკლავდი, სად ხაინდრავა და სად ეს ორი “პრადვინუტი”? 

“ენას ძვალი არა აქვს” კითხვა _ ნეტავ, რამდენს გადაგიხდიო, რას დაჰპირდა ბადრი ერეკლეს? თუ “პოსლეზე” უნდა გაეგორებინა ვინმე, ზოგადად (და თუნდაც კონკრეტულად), და ამას დასთანხმდა, დავიჯერო, არც ამან დააეჭვა ბადრი, ისევე როგორც მისი დაცვა არ გააოცა “ბულავკებით” აკინძულმა პიჯაკმა?

ბოლოს და ბოლოს, მკვლელობას მხოლოდ მკვლელებს უკვეთენ და არც ისეა საქმე, შემთხვევით შემარჩია, შემთხვევით დამიკვეთაო, რომ თქვა _ ჩინოსნების მეტი რა იყო, ნდობის საკითხიცაა, ალბათ, თუ ვცდები? აკი, მიშაც ამბობდა, “გრეჩიხას” უმიზნებენო, იქით ვასილიჩზე იყო ეჭვი. კარგი, ეს არაფერი, ხომ შეიძლება “მაშინ” არ გაგახსენდა ხაინდრავას დაკვეთა რომ წამოვიდა და ახლა ამოგიტივტივდა ეს ცუდი ამბავი მეხსიერებაში, ესეც დასაშვებია, მაგრამ ის მაინც ხომ უნდა გაგახსენდეს, რომ თავის დროზე ჩვენება გაქვს გამოძიებისთვის (ხაზგასმით ვამბობ, გამოძიებისთვის და რატომ ხაზგასმით, ამას ქვემოთ იხილავთ) მიცემული, იმ ხელისუფლებისთვის, რომლის ჩინოსანიც იყავი და რა გამოდის ახლა? საკუთარი ხელისუფალი მოატყუე საკუთარმა ჩინოსანმა? რა გამოდის, გამოძიებას პატივი არ ეცი და შეცდომაში შეიყვანე? დანაშაულის დაფარვას თავი დაანებე, საქმეში გამსვლელი რომ გამოდიხარ და ეს რომ დასჯადია, წესით კი უნდა იცოდე “ამხელა პატრიოტმა” კაცმა. მაგრამ აქ ერთი მაგრამ არის, გამოძიების გარდა, ერეკლე კოდუამ ჩვენება სასამართლოსაც მისცა და ამ ჩვენებას ქვემოთ იხილავთ...

კარგი, დედა დედაა და ლაურა ღაჭავაც დედაა, ამიტომ ტრაბახობს, ჩემმა შვილმა ქვეყანა ტერორისტისგან იხსნაო, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ დამკვეთიც და დანაშაულის დამფარავიც კანონის წინაშე ერთნაირად დამნაშავეა და არა გმირი? ისიც ხომ იცი, რომ ვიღაცა ამ კითხვას დასვამს და ისიც ხომ იცი, რომ პასუხი არ გექნება, გაჩერდი რა, გიღირს კი, ნიანგს ჩაუვარდე ხახაში? და თუ გიღირს, რის ფასად? ახლა, თუ ვინმეს სჯერა შენივე გუნდის გავრცელებული ინფორმაციები რაღაც პოლიტიკურ ჭრილში გადატანილ თემებზე, ეგ საკენკი საქართველოში რომ აკენკონ, სხვაგან მაინც რომ არ წაუცდებათ “ხელი”, წესით კი უნდა იცოდე შენც, კოდუა რომ ხარ გვარად და იმათაც, ვინც გითხრა, დაჯექი და ილაპარაკე, რაც იცი და რაც არ იციო... მაგრამ სხვები რად გეტყვიან, სხვებს საზარბაზნე ხორცი სჭირდებათ. ალბათ, “ზამენაში” შენც მიიღებ რამეს, რა ვიცი, რა ვიცი...

მთავარი კითხვა _ დაეჯერება თუ არა ერეკლე-ირაკლი კოდუას? და ზოგადად, უშუალოდ ბადრი პატარკაციშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი რომ შემდგარიყო, რას იტყოდა კოდუა _ იმას, რაც წინასწარ გამოძიებას უთხრა თუ იმას, რაც ახლა თქვა (და რაც უკვე ერთხელ თქვა და როგორი შინაარსით, ამასაც წაიკითხავთ ამ წერილში)?! ის, რომ “ბულავკებით” (ქართულად ითქმის ინგლისური ქინძისთავი) და ტელეფონის დამტენით ხდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კვანძის გახსნა, გავიგეთ, ისიც გავიგეთ, რომ ბადრი პატარკაციშვილს პროფესიონალები კი არა, პრაფანებიც კი არ იცავდნენ და უბრალოდ, ჯერ (მაინც ცხელია ამბავი და...) ვერ მივხვდით, ბიზნესმენის დაცვის სამსახურის წევრებს რა შეიძლება ვუწოდოთ. სხვა საკითხია, ქვეტექსტი თუ დევს რამე ამ ამბავში, მაგალითად, ასეთი _ დაცვა დავაბრმავეთ. “დაბრმავება” ერთადერთ ვარიანტში ხდება _ მოსყიდვა! მაშინ ისმის კითხვა, რამდენი გადაუხადეთ დაცვას, იმაზე მეტად ბევრი, ვიდრე ბადრი უხდიდა? თუ ეს ასეა, მაშ რამდენი და საიდან? თუ ბიუჯეტიდან, ეგ როგორ? და თუ ბიუჯეტიდან არა, მაინც როგორ? ერთ შემთხვევაში ხალხის ფული გამოიყენეთ და მეორე შემთხვევაში ვიღაცის, ხომ? და რაკი შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა არ არსებობს, გამოდის, კერძო პირმა დაგაფინანსათ? ე.ი. იმ კერძო პირის ინტერესი იყო ის, რაც მოხდა და რაც მოჰყვა ამ შეხვედრას, ხომ?

მძიმე ამბავია, პატარკაციშვილთან მიდის სტუმრად სოდ-ის უფროსი, რომელსაც ლამის ნიფხავიც კი “ბულავკებით” აქვს დამაგრებული და ეჭვი არავის არაფერში ეპარება. უფრო მძიმეა ის, რომ პატარკაციშვილთან სტუმრად მისული სააკაშვილი (მომავალი პრეზიდენტი), როგორც თავად მიშა იხსენებს, თხემით ტერფამდე გაჩხრიკეს და მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ. შეჯერდით, ბიჭებო, როცა ერთად დააპირებთ, მკვდარს შეუტიოთ, შეტევამდე შეთანხმდით და ისე ილაპარაკეთ. მიშასგან არ მიკვირს აბდაუბდა ლაპარაკი, მაგრამ ლამის ნომერ პირველი და შეუცვლელი კოდუა თუ საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდოდა, ამას როგორ წარმოვიდგენდი?

რა თქვა და რა არ თქვა?..

თქვა ცოტა, არ თქვა ბევრი... თქვა ცოტა ახალი და არაფერი ძველი. ახსნა? არავითარი! რაც ნათქვამი იყო, ის არაფერი იყო და რაც თქვა, ისიც არაფერია, თუ არ ჩავთვლით ერთ მომენტს _ თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო... ეს იდეაში გამოთხარა, რეალურად, არა მგონია, ვინმემ ამის (და სხვა რამეების) გამოც ხელი სტაცოს. აქ იყო და დედამისი გადახდისუუნაროდ გამოაცხადეს და უკვე “გაფრინდა”, ვინღა დაეწევა?

და აჰა, კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ძველ, კარგად გადავიწყებულ და სათანადოდ გაუხმაურებელ საკითხს ეხება! ირაკლი კოდუას ადრინდელი, ოფიციალური ჩვენება:

შესავლის ნაცვლად: მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელების წინააღმდეგ ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა, ერეკლე-ირაკლი კოდუას სახელი ისევ აქტუალური გახდა. ბურჯანაძის წინააღმდეგ ჩანაწერებიც სოდ-მა “გააიმასქნა”, ისევე, როგორც თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილისა და ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ ჩაწერილი ფირები. ნინო ბურჯანაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, ჩვენს წინააღმდეგ ზუსტად იმ მეთოდით შეთითხნეს და შეკერეს ფარული ჩანაწერების ფირები, როგორც ეს ბადრი პატარკაციშვილს გაუკეთესო. სხვებს ახსოვთ თუ არა, არ ვიცი და მე ძალიან კარგად მახსოვს, იმ დროს, როცა ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერები, პარალელურად პატარკაციშვილის საქმეში ახალი, სკანდალური დეტალები ამოტივტივდა. ირაკლი კოდუამ მარინა გაბუნიას სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა, სადაც აღიარა, რომ მას არ ჰქონია შესაბამისი ნებართვა პატარკაციშვილი-გელბახიანის ჩაწერის შესახებ. იურისტებმა ძალიან კარგად იციან, რასაც ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს და ამ ფონზე არც პატარკაციშვილი და არც გელბახიანი “ტერორისტები” არ ყოფილან...

“2007 წლის 14 დეკემბერს დამირეკა ქალბატონმა მარინამ (გაბუნია, ყოფილი მოსამართლე) და მთხოვა, შევხვედროდი. ქალბატონი მარინე თვითონ მოვიდა ჩემთან სამსახურში, მე დავუშვი საშვი და ქალბატონი მარიკა ჩემთან შემოვიდა. ვიფიქრე, მას თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაღაც თხოვნა ჰქონდა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ის საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა და ვიფიქრე, ალბათ, ვიღაცას იცავს და დახმარება სჭირდება-მეთქი. ჩემდა მოულოდნელად, მან დაიწყო ლაპარაკი 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ მოვლენებზე, ქალბატონი მარი ოპოზიციურად იყო განწყობილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე ქალბატონ მარინეს, როგორც ჩემი ოჯახის ახლობელს, მოვიხსენიებ ხან მარითი, ხან მარიკათი. მას ზერელედ მოვუსმინე, ყურადღება არ მიმიქცევია მისი ლაპარაკისთვის, მოვიმიზეზე, რომ რაღაც საქმეები მქონდა და არ მეცალა. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ვისაუბრეთ, რის შემდეგაც ქალბატონი მარიკა წავიდა. მეორე დღეს, 15 დეკემბერს, მან კვლავ დამირეკა. მითხრა, შენი ნახვა მინდაო, რაზეც თანხმობა განვუცხადე და კვლავ მივიღე ჩემთან სამსახურში. ქალბატონმა მარიკამ საუბარი დაიწყო იგივე თემაზე, რაზეც წინა დღეს ლაპარაკობდა, რომ საქართველო განსაცდელშია. ქვეყანას სჭირდება დახმარება, რომ არსებობს ხალხი, ვისაც შეუძლია საქართველო გადაარჩინოს და ა.შ.

ქალბატონმა მარიკამ შემომთავაზა, რომ არსებობდა შანსი საქართველოს გადარჩენისა და ეს მე შემეძლო გამეკეთებინა, ხოლო ამაში დიდ ფულს გადამიხდიდნენ. მე ვუსმენდი, დამაინტერესა, რა ხდებოდა. ქალბატონმა მარიკამ განაცხადა, რომ იყო ასეთი პიროვნება, “ულვაშა”, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ის გულისხმობდა ბადრის, იგივე არკადი პატარკაციშვილს, მას ბადრი პატარკაციშვილის შტაბის უფროსთან, ვალერი გელბახიანთან ჰქონდა ურთიერთობა და სწორედ ვ. გელბახიანისგან წამოვიდა ეს წინადადება, რომ, თუ მე საქართველოს გადავარჩენდი, ამაში დიდ ფულს გადამიხდიდნენ. ქალბატონმა მარიკამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის დაკავებაზე იყო საუბარი, რაც მე აბსურდულად მომეჩვენა და მარის ვუთხარი, რომ მეორე მხარეს კარგად ჩამოეყალიბებინა პოზიცია და ამის შემდეგ შევხვდებოდი მათ. ქალბატონი მარიკა წავიდა. ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით 17 დეკემბერს, რა დროსაც მარიკამ მითხრა, რომ ის დაელაპარაკა ვ. გელბახიანს და ამ უკანასკნელს უნდოდა ჩემთან შეხვედრა.

7 დეკემბერს, ღამის 10 საათზე, მე ვიყავი სასტუმრო “მერიოტში”, იქ მოვიდა ქალბატონი მარინა, შევხვდი მას და მე თვითონვე შევთავაზე, რომ გელბახიანს შევხვდებოდი ჩემს ბინაში. 18 დეკემბერს, ღამის 1-ელ საათზე, ჩემს სახლში ვალერი გელბახიანს შევხვდი. მე ის პირველად სწორედ მაშინ გავიცანი, მანამდე გელბახიანს მხოლოდ ტელევიზორის საშუალებით ვიცნობდი. ერთი-ორი საათი ვიჯექით მე და გელბახიანი ოთახში. ქალბატონი მარი არ იმყოფებოდა ჩვენთან ერთად ოთახში, მას ვთხოვეთ, რომ ოთახიდან გასულიყო. დავრჩით მხოლოდ მე და გელბახიანი. ვ. გელბახიანმა დაიწყო საუბარი, რომ ძალიან ბევრი ხალხი უჭერდათ მხარს, მათ შეეძლოთ 200 ათასი მხარდამჭერის ქუჩაში გამოყვანა და ერთადერთი პრობლემა, რაც იყო, ეს გახლდათ “მვდ”-ს მინისტრი. ვალერი გელბახიანმა მითხრა, შენ დიდ თანამდებობაზე მუშაობ და ისე უნდა მოახერხო, რომ ვ. მერაბიშვილი დააკავოო. მე მაშინ მივხვდი, რომ მერაბიშვილის დაკავებაზე იყო საუბარი და არა საქართველოს პრეზიდენტის დაკავებაზე, როგორც ეს შეხვედრისას ქალბატონმა მარინამ მითხრა. მე ვკითხე გელბახიანს, როგორ უნდა მომეხერხებინა მერაბიშვილის დაჭერა, რაზეც მან მიპასუხა, რომ ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მე უნდა ამეღო ჩემს თავზე, როგორ გავაკეთებდი ამას, მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვ. გელბახიანმა განაცხადა, რომ 2008 წლის 6 იანვარს, ქვეყანაში მიმდინარე 2008 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, არ ჰქონდა მნიშვნელობა ისინი რეალურად წააგებდნენ თუ არა ამ არჩევნებს, უნდა გამოეყვანათ 200 ათასი კაცი. ამ დროს სჭირდებოდათ მათ ჩემი დახმარება, რათა “მვდ”-ში (რუსულად “მვდ” და არა ქართულად შსს. _ დ.მ.) ძალაუფლება ჩამეგდო ხელში. ამაში მე მთავაზობდნენ დიდ თანხას, თანხის ზუსტი რაოდენობა გელბახიანმა ვერ დაასახელა, რადგან ბ. პატარკაციშვილთან ჰქონდა შესათანხმებელი, თუმცა მითხრა, რომ მილიარდზე იყო ლაპარაკი, მაგრამ, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საუბარი იყო ას მილიონზე, ასევე, ამ ყველაფრის შემდეგ მთავაზობდნენ მინისტრის თანამდებობას.

მე და ვალერი გელბახიანმა მოვილაპარაკეთ, სად ჩავიდოდი, უშუალოდ რომელ სასტუმროში დავბინავდებოდი და როგორ მოხდებოდა ბადრი პატარკაციშვილთან ჩემი შეხვედრა. მე და ვალერი გელბახიანი შევთანხმდით, რომ 22 დეკემბერს, 1-ელ საათზე, ორთაჭალაში, აბანოებთან შეხვდებოდა ჩემი მძღოლი ვ. გელბახიანის მძღოლს და ეს უკანასკნელი ჩემს მძღოლს გადასცემდა წერილს, სადაც ეწერებოდა, რომელ სასტუმროში უნდა ჩავსულიყავი, ვის გვარზე იქნებოდა სასტუმროს ნომერი “დაბრონილი”, ვინ მოვიდოდა ჩემთან სასტუმროში, ვინ წამიყვანდა ბ. პატარკაციშვილთან შესახვედრად და ა.შ.

ლონდონში მარტო არ ჩავსულვარ, რადგან ინგლისური კარგად არ ვიცი, თან წავიყვანე ჩემი თანამშრომელი, დათო ჟვანია. სასტუმროში მისვლის შემდეგ ქვემოდან დამირეკეს, მოვიდა ვიღაც დაბალი ბიჭი, რომელიც გამეცნო, როგორც საშა, ჩავედი ქვემოთ და ვუთხარი, რომ მე ვიყავი ე. კოდუა. ჩავსხედით მანქანაში. მე და დ. ჟვანია ვიჯექით უკან, წინ იჯდა მძღოლი და გვერდით ეჯდა უცნობი პიროვნება. ლონდონში დაახლოებით ერთი საათი, საათ-ნახევარი, ერთი და იგივე გზაზე ვიარეთ, ერთი და იგივე შენობებს ხან წინიდან ჩავუარეთ მანქანით რამდენჯერმე, ხან უკნიდან, ალბათ, აინტერესებდათ, მყავდა თუ არა წაყვანილი ვინმე და თვალთვალი ხორციელდებოდა თუ არა ჩემზე. საათ-ნახევრის შემდეგ მივედით მილიონრების უბანში, მთელ უბანს პოლიცია იცავდა, იქაც დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ და ბოლოს მივედით ბ. პატარკაციშვილის სახლამდე. სახლთან რომ მივედით, სახლის გარეთ დამხვდა 10 კაცი, რომლებიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გვამოწმებდნენ ცალკე მე და ცალკე ჟვანიას. ბოლოს მოხდა ჩემი შესვლა სახლში. ჟვანია არ შემოუშვეს. ოთახში რომ შევედი, არავინ არ იყო, უბრალოდ, ჩემს უკან იდგა მისი დაცვა, თვითონ ბადრი პატარკაციშვილი ორ წუთში შემოვიდა, მე ის მაშინ გავიცანი, უშუალოდ არ ვიცნობდი. დაიწყო ჩვენს შორის საუბარი.

მე მას შეკითხვა დავუსვი, მართლა რომ მიეცა ამ ხელისუფლებისთვის ხალხს ხმა, მაშინ რა უნდა გვექნა, რაზეც მან მიპასუხა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ხელისუფლება არჩევნებს მოიგებდა თუ წააგებდა. იგი არჩევნების მეორე დღეს მაინც გამოიყვანდა 200 000 კაცს და ჩემი ამოცანა იყო, რომ “მვდ”-ს ხელი არ შეეშალა მისთვის. ყოველივე ამის სანაცვლოდ, მე მივიღებდი 100 000 000 დოლარს და თანამდებობას, ძირითადად ფულზე იყო საუბარი, მე ვუთხარი, თანამდებობა არ მაინტერესებს-მეთქი. ჯერ უნდა მოეცა თანხის ათი პროცენტი, რომელსაც უცხოეთში მირიცხავდა ანგარიშზე, სადაც ვიღაც “X” პიროვნება უნდა გამოეგზავნა და შემდეგ სამი მილიონი აზერბაიჯანში უნდა შემოეტანა, სადაც უშუალოდ უნდა წავსულიყავი მე. ასევე, საუბარი გვქონდა, რომ არჩევნების დღეს, ერთი-ორი “მეშოკი” ბიულეტენები უნდა ამეფრიალებინა, რომ თითქოს დამავალა მინისტრმა, რომ ყალბი ბიულეტენები ჩამეყარა და რომ მე ამას არ გავაკეთებდი და ა.შ. ამის შემდეგ კი შს მინისტრი უნდა ამეყვანა.

ბოლოს გამიყვანა აივანზე და მითხრა, რომ ვალერის გამოატანდა წერილს, მე ამ წერილიდან უნდა ამომეღო ყოველი მეორე ასო და მივიღებდი იმ პიროვნებათა სახელსა და გვარს, ვინც იყო მოსაცილებელი. ეს პიროვნებები იყვნენ ოპოზიციური პარტიიდან, მან ეს ყველაფერი მითხრა აივანზე. მითხრა, რომ არიან მოსაცილებელი ხალხი, მაგრამ უშუალოდ ვინ, ჯერ არ ვიციო. ვალერის წერილს გამოვატან, სადაც მათი სახელები და გვარები ეწერება და თუ შენ გყავს ისეთი ჯგუფები, ვისაც ამ ადამიანთა მოცილება შეუძლიათ, კიდევ მიიღებ გარკვეულ თანხასო. მე ფიზიკურად ვერ მოვასწარი ამ სიის მიღება, რადგან უკვე დიდი შანსი არსებობდა, რომ ინფორმაცია გაჟონილიყო. როდესაც მე გამოვფრინდი ლონდონიდან, დამემგზავრა ორი ადვოკატი, ერთ-ერთი იყო პატარკაციშვილის ადვოკატი ი. ბარათაშვილი. მათ დაინახეს, რომ აეროპორტში დამხვდა ხუთი-ექვსი კაცი ჩემი სამსახურიდან, მაშინ, როცა ბადრიმ იცოდა, რომ მე მარტო ვიყავი ჩასული ლონდონში და ჩემს სამსახურში არავინ იცოდა ჩემი ლონდონში ყოფნის შესახებ. საქმის მსვლელობასთან ერთად, იზრდებოდა იმ ხალხის სია, რომელთაც ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ და მეშინოდა ინფორმაციის გაჟონვის. 

 ჩამწერი ლონდონში ჩემი ინიციატივით წავიღე, მე თვითონ მინდოდა, რომ ჩამეწერა ჩვენი საუბარი...”

აი, აქ შევჩერდეთ და რამდენიმე კითხვა დავსვათ: კოდუა ამბობდა და კვლავაც გაიმეორა, რომ ბოლოს გამიყვანა აივანზე და მითხრა, რომ ვალერის გამოატანდა წერილს, მე ამ წერილიდან უნდა ამომეღო ყოველი მეორე ასო და მივიღებდი იმ პიროვნებათა სახელსა და გვარს, ვინც იყო მოსაცილებელი. დავიჯეროთ, რომ საკმაოდ გამოცდილ იურისტს, ვალერი გელბახიანს, რომელიც არაერთხელაა ნამყოფი პატარკაციშვილის “ინგლისურ” სახლში, ეს წაკითხული არ აქვს და მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება იმას, რომ ბადრის სახლს აივნები არ ჰქონდა, რითაც აბსურდამდე სურს დაიყვანოს „ყოველი მეორე ასოს” ამბავი? მოდით, ისიც გვერდზე გადავდოთ, კანონიერად მოიპოვა მტკიცებულება კოდუამ თუ უკანონოდ, ეს ჩანაწერი მან გააკეთა თუ თავად პატარკაციშვილმა, ამით რამე იცვლება? იცვლება ორი “მეშოკი” ბიულეტენი... ან მერაბიშვილის არათუ საღათას, არამედ მიქელას ძილი? სასამართლოზე მიცემული ჩვენებაც ხომ “უზენაესია” და სწორედ სასამართლო გამოძიების, მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებების, მხარეთა პაექრობის შედეგად დგინდება საბოლოო განაჩენი? კი ბატონო, თუ იმ პრინციპითაც ვიხელმძღვანელებთ – ერთი ღმერთისთვის და ერთიც კაცისთვის – მაშინ კოდუას ბრალი ნამდვილად არის ის, რომ ხაინდრავას გვარი არ გააჟერა, მაგრამ სჭირდებოდა კი იმ დროისთვის ხელისუფლებას და სახელმწიფოს ინტერესებს “მაესტროს” გვარის გაჟეღება? გელბახიანმა ხომ ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს მიზაშეწონილობა? არა ადვოკატის ან ყოფილი ბრალდებულის, არამედ პროკურორის ადგილას წარმოიდგინოს ნებისმიერმა საკუთარი თავი და გულწრფელად თქვას, რა შედეგი მოჰყვებოდა შს მინისტრის “დაძინებას” ქვეყნისთვის? აქ ხომ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზეა საუბარი და არა მერაბიშვილის პერსონაზე... რომელი იდიოტი ხელისუფლება დასთანხმდებოდა იმას, რომ მოვლენები ბოლომდე მიეშვათ? თუნდაც კოდუა რომ ამბობს, იმ ადამიანების გვარები იყო საინტერესო და ვანომ ხელი შემიშალაო, ვინ იყო მართალი გადაწყვეტილებაში, ის თუ მერაბიშვილი? კოდუას ხომ მხოლოდ პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე აინტერესებდა საქმის შედეგი, მაგრამ სად იყო გარანტია, რომ არ არსებობდა სხვა – სათადარიგიო გეგმა? ამ ფონზე კი იმაზე დავა, რამდენად სამართლებლივად არის მოპოვებული ჩანაწერი, უფრო ყურადაღების გადატანის მცდელობაა, ვიდრე იმ პერიოდისთვის არსებული რეალობის კონსტატაცია.

 დაბოლოს, ქილიკი იმის შესახებ, ხაინდრავას გვარი თუ უთხრა, სხვა გვარები არ იცოდა ბადრიმო, – ესეც უადგილოა. იქნებ, ეს ტესტი იყო? იქნებ, სწორედ ხაინდრავასთან შეთანხმებული (ასე გავაკეთებ და იცოდეო), რომელიც დავუშვათ და, ახლა უარობს ამას. ისევე, როგორც გააფრთხილა გიორგი თარგამაძე, დაცვით იარეო, სწორედ ასევე გააფრთხილა ხაინდრავაც, ამ “უტკას” შევაგდებ და იცოდე, რომ ჩემგან მოდისო. რატომ არ შეიძლება ამის დაშვებაც და ის, რომ ხაინდრავას ამჟამინდელი გაკვირვებული სახე და აღშფოთებული კომენტარები მეგობრის სახელის გაფრთხილების კონტექსტში განვიხილოთ?

 ახლა კი ისევ დავუბრუნდეთ კოდუას ჩვენებას, რომელსაც მოსამართლის გარდა, პროკურორი ისკო დასენი ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სოდ-ის დირექტორმა სასამართლოზე ჩვენება შეცვალა (მან წინასწარ გამოძიებას განუცხადა, რომ ფარული ჩანაწერის უფლება მოსამართლემ დაუკანონა, ხოლო მოსასმენი აპარატურა შსს-მ მისცა), არც პროკურორმა და არც მოსამართლემ, კითხვა არ დასვეს და არც მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს.

 იმ პერიოდში ძალიან საინტერესო მომენტი იყო ის, რომ, როცა პატარკაციშვილი მოღალატედ გამოაცხადეს, ოპოზიცია განზე გადგა, სხვათა შორის, იგივე გააკეთა ოპოზიციამ როცა ბურჯანაძის თანაპარტიელები დააკავეს. საოცარი იყო, მაგრამ ფაქტია: ოპოზიციამ ორივე შემთხვევაში განაცხადა, მოვლენებს შეფასებას გამოძიების დასრულების შემდეგ მივცემთო. თუ გამოდიხარ და ამბობ, რომ ქვეყანაში არის დიქტატურა, არ არსებობს სასამართლო ხელისუფლება და გამოძიება არაობიექტურია, რა შედეგებს ელოდები?.. გამოდის, რომ შენც რაღაც გეეჭვება და არც შენთვისაა მთავარი, ეს ყველაფერი კოდუამ ჩაწერა უკანონოდ, თუ თავად ბადრიმ, ასევე უკანონოდ. გამოდის, რომ შენთვისაც შინაარსია მთავარი – არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიუხედვად, 200 ათასი კაცი ქუჩაში, “მიშა დამთავრებულია”, ვანოს “დაძინება” და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შეცვლა, რაც ბადრისეული ფორმულით ნამდვილად არის სახელმწიფო გადატრიალება. რა, ამის შესახებ გელბახიანმა არ იცის, თუ დღევანდელი ხელისუფლებისა და იმდროინდელი ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელმა?

 რეალურად რომ საქმე უფრო უფრო მარტივიცაა და ამავდროულად რთულიც, ესეც ხომ გასაგებია. რეალურად, რას ვედავებით კოდუას თავის “აბდაბუბდა” ინტერვიუში? “ბულავკას” თუ აივანს, რომელიც თურმე ადრეც ჰქონია ბადრის სახლს და გელბახიანს გამორჩა? ხაინდრავას გვარის დამალვას გამოძიებისთვის? ეს ნამდვილად არ არის რიგითი საკითხი, თუმცა პოლიტიკური და სამართლებლივი მიზაშეწონილობა? კიდევ რას? ჩანაწერების უკანონოდ მოპოვებას? ჰო, მაგრამ აქაც შეიძლება ვიდავოთ, კოდუას ჩანაწერია უკანონო და ბადრისი კანონიერი? შინაარსი? ვინ დავობს შინაარსზე? თითქმის არავინ. აი, ეს კი უკვე ნამდვილად ყურადსაღები გარემოებაა.

 ახლა თქმა იმისა, რომ კოდუას ჩვენებები არეულია, ან მოსამართლემ არ დააფიქსირა სწორად და ჩინოსანს ჩვენება გაუყალბა, ანუ ოქმში არ შეიტანეს ხაინდრავას გვარი, “ბულავკების” ზღაპარს ჰგავს. ბოლოს და ბოლოს, თუ მოსამართლემ თავს უფლება მისცა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩამშლელს ჩვენება გაუყალბა, გამორიცხულია, ეს მოსამართლე ნაციონალურ სინამდვილეში სამსახურში დაეტოვებინათ, თავი რომ დავანებოთ დაკავებას. ამ საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია წერილი, რომელიც თავის დროზე ერთმა პიროვნებამ მომიტანა, მარინა გაბუნიას პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ. აქვე განვმარტავ, რატომ მაინცდამაინც მე გამომიგზავნეს. საქმე ისაა, რომ იმ პერიოდში, როცა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ “დვიჟენიები” დაიწყო, “ალიაში” ვმუშაობდი და საქმის მასალების ყველა დეტალი (დღეს რომ აცხადებენ, თითქოს პირველად ნახა ამ დოკუმენტებმა დღის სინათლე) მე გამოვაქვეყნე. ფარული ჩანაწერის სრული ვერსია მაშინ სწორედ “ალია ჰოლდინგში” მოიტანეს და “ქრონიკამ” გამოაქვეყნა, ამ ფარული ჩანაწერების (რაც მე არ მომიპოვებია) გამომზეურებას მოჰყვა ჩემგან საქმის მასალების გამოქვეყნება. იმ პერიოდში მარინა გაბუნია უკვე პატიმარი იყო. ერთხელაც, მან ციხიდან დამირეკა და ჩვენი ხანგრძლივი საუბარი “ქრონიკაში” დავბეჭდე. გავიდა დრო და მე მომაწოდეს (სწორედ მარინა გაბუნიასა და ჩემი საუბრის გამოქვეყნების “ხათრით”) გაბუნიას წერილი. ამ წერილს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა, ამიტომ ამოვიღე არქივიდან:

“მინდა გითხრათ, რომ ეს განცხადება სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში. მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილის საქმეში დაკავებული ერთადერთი პატიმარი _ ყოფილი მოსამართლე მარინა გაბუნია გაათავისუფლეს. თითქმის ერთი წელია, ამ სიასა და განცხადებას ვინახავ. ვერ გამოვატანე ვერავის, იმიტომ, რომ ვერავის ვენდე. ახლა, რატომ მოვედი თქვენთან... თქვენ ხართ ის ჟურნალისტი, რომელმაც ამ საქმის ყველა დეტალი, საქმის მასალები გამოაქვეყნა. მე მახსოვს, როდესაც თქვენ ფარულად ჩაწერეთ მარინა გაბუნია, რა რეაქცია მოჰყვა ამას და როგორი ზეწოლა იყო პატიმარზე. არ ვიცი, რატომ არ დაგიკავშირდათ უკვე ყოფილი პატიმარი გაბუნია და რატომ არ გითხრათ, რაც მოხდა. მისი ნებართვის გარეშე მეც ვერ გეტყვით, მაგრამ მე მოგცემთ განცხადებას, რომელიც არსად გამოქვეყნებულა და თქვენ წარმოიდგინეთ, არც საქმეში დევს. მოგცემთ ასევე სიას, სადაც აღნიშნულია პროკურატურის ჩამონათვალი, ვისთვის უნდა დაედო გაბუნიას ხელი. ამის შემდეგ, ალბათ, თქვენ, როგორც სამართლიანი გამოცემის სამართლიანი ჟურნალისტი, თავს უხერხულად იგრძნობთ. მე თქვენს ადგილას ბოდიშს მოვუხდიდი გაბუნიას, თუმცა თქვენიც მესმის, მაშინ ისეთი აურა შექმნეს, ყველა მართალი იყო და ერთადერთი დამნაშავე ამ საქმეში ყოფილი მოსამართლე აღმოჩნდა”, _ ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ყოფილმა პატიმარმა, რომელმაც რატომღაც გვთხოვა, რომ მისი სახელი არ გამოგვექვეყნებინა. რაც შეეხება მოწოდებულ სიას, ამ სიაში არის 13 ადამიანი და გამოდის, _ რაკი საქმეში გაბუნიას შესაბამისი ჩვენება არ მოიპოვება, მარინა გაბუნიამ 13 კაცის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა. ანუ, რბილად რომ ვთქვათ, 13 კაცი დაჭერას გადაარჩინა. აი, ამ ადამიანების სია: ირაკლი კოდუა, ბორის ბერეზოვსკი, ბადრი პატარკაციშვილი, ნანა პატარკაციშვილი, მზია პატარკაციშვილი, გოგა ჟვანია, ვალერი გელბახიანი, გოგა ხაინდრავა, ნონა გაფრინდაშვილი, გუგე ცანავა, გიული ცანავა (გუგე ცანავას ძმა), იზორია (სახელი არ არის მითითებული), დაბოლოს, შალვა ნათელაშვილი. ეს არის ის სია, რომელიც, პატიმრის განცხადებით, მარინა გაბუნიას მიუტანეს პროკურატურიდან. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, თავის დროზე მქონდა საშუალება, გამომექვეყნებინა ამ საქმის ყველა მტკიცებულება და ყველა ჩვენება, ხაზგასმით ვამბობ, _ მარინა გაბუნიას ჩვენება ამ პირთა წინააღმდეგ საქმეში არ დევს. რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჩვენება არ მიუცია.

დაბოლოსმარინა გაბუნიას წერილი რომელიც მან ციხიდან მიშას გაუგზავნა:

“მოგახსენებთ, რომ 2007 წლის 24 დეკემბერს დამაკავეს და ბრალი წამიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, შეთქმულების მოწყობაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. 2007 წლის 26 დეკემბრიდან დღემდე ვიმყოფები ქალთა და არასრულწლოვანთა მე-5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში. 2008 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ (მოსამართლე გველესიანი) ჩემ მიმართ გამოტანილ იქნა განაჩენი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, კერძოდ, ჩემსა და პროკურორ იცკო დასენს შორის შედგა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით განმესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. წარდგენილ ბრალდებაში მე სრულად ვცანი თავი დამნაშავედ და ჩვენების მიცემისას არ დამიმალავს, რომ ყოველივე ჩემი ქმედების მიზანი იყო, რომ თქვენ, ბატონო მიხეილ, აღარ მოსულიყავით ხელისუფლებაში 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებით. საპატიმროში გატარებული 10 თვისა და 13 დღის განმავლობაში დამერწმუნეთ, ფიქრისა და ჩემი საქმის ირგვლივ შექმნილი გარემოებების ანალიზისთვის დრო ნამდვილად ბევრი მქონდა. მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ამ პროცესებში ჩართვა არ იყო ჩემი საქმე!..

მართლმადიდებელი მრევლის მე-5 დღიურიდან ვკითხულობთ: “სინანულს მარადის უნდა შესწირავდეს უფალს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. გარეგანადაც და თავის გულშიც”. “და რომ, სინანული ცხოვრების დედაა, შენ მტკიცე სინანული უნდა აღუვლინო უფალს, ხელისგულით უნდა შეინახო, რათა შეინახო შენ შენდობის მიღება”.

მიმაჩნია, რომ ჩემი ქმედების მიზეზი ის გახლავთ, რომ ვიყავი ე.წ. ჩარეცხილი და ჩასარეცხი. ფაქტიურად, როგორც იურისტმა, დავკარგე ფუნქცია, თავს დამცირებულად ვგრძნობდი, მეგონა, რომ ჩემი შესაძლებლობები და პოტენცია (იურისტის) კეთილად შეიძლებოდა წასდგომოდა ჩემს ქვეყანას, მაგრამ, როცა მივხვდი, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელი იქნებოდა, გულწრფელად ვაღიარებ, რომ აღარ მინდოდა ხელისუფლებაში ისევ ის ხალხი მოსულიყო, ვისთვისაც გამოუსადეგარი და გადასაგდები ვიყავი. დამეთანხმებით, იმის ხმამაღლა აღიარება, რომ მე არ მინდოდა თქვენი ისევ ხელისუფლებაში მოსვლა, ბევრს გაუჭირდებოდა. მაგრამ მე ყოველთვის მირჩევნია, სიმართლეს თვალი გავუსწორო, ვიდრე ვიცრუო და გაგაცინოთ. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გვთხოვოთ, დამანახეთ, რომ შევცდი თქვენში, მანანეთ, რომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა, დამარწმუნეთ, რომ თქვენი აგვისტოს მანიფესტაციაზე ხალხისადმი მიმართვა, “ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიყოთ ადამიანურები, ჰუმანურები”, არ არის ლიტონი და ეს სიტყვები თქვენი ცხოვრების ამოსავალი წერტილია. საპყრობილეში გატარებული პერიოდი საკმარისია ჩემთვის, ჩემი 14 წლის გოგონასთვის, რომელიც დედის სანახავად დარბის საპყრობილეში და ნერვული სპაზმის შედეგად გაციებული ხელებით ტოვებს დედას და არ იმჩნევს იმ ტკივილს, რასაც ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე გრძნობს. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული!.. ჩემი დღევანდელი მდგომარეობის დასასრული თქვენზეა დამოკიდებული, მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო, _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე გამოსცეთ ჩემს მიმართ შეწყალების აქტი, დარჩენილი სასჯელის გაუქმების თაობაზე და მე ვიტყვი, რომ საქართველოს კონსტიტუცია მართლა ზრუნავს ჩემი ოჯახის კეთილდღეობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი _ სააკაშვილი გულწრფელია, როცა ამბობს, რომ უნდა ვიყოთ ადამიანურები და ჰუმანურები, რომ საქართველოში დღეს არ სჯიან იმისთვის, აქვთ თუ არა მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. “ნეტარია, ვინც გამოსწორდა სინანულით და თავისი ცხოვრებით შეავედრა თავი ჩვენს უფალს”, “და თუ მე არც ვარ შენდობის ღირსი, შემიწყალე უფალო, შენი სხეულისა და შენი სისხლის გულისთვის, ჩემში რომ არიან დაფარულნი”. _ ასე ვლოცულობ და ვევედრები უფალს, რომ შემიწყალოს. მე მაქვს იმის რწმენა, რომ უფალი მოწყალეა...”

მარინა გაბუნია შეწყალებულ იქნა პატრიარქის შუამდგომლობით ორი წლის წინათ. რამდენიმე პატიმრის მიერ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით, გაბუნია ერთი წლის განმავლობაში “ადინოჩკაში” იჯდა, მარტო იხდიდა სასჯელს “სამარტოო საკანში”. “ვერც ერთი ადამიანი ვერ აიტანდა იმას, რაც ამ ქალმა გადაიტანა და რა ზეწოლასაც ამ ქალის მიმართაც ჰქონდა ადგილი, მოვა, ალბათ, ამის დრო და თქვენ ამასაც გაიგებთ”. არ ვიცი, დადგა თუ არა ეს დრო, მაგრამ მე პირადად არ მიცდია მარინა გაბუნიასთან ახლა, ამ ეტაპზე ამ თემაზე ინტერვიუს ჩაწერა...