ჯაზში მინისტრებიც არიან

ჯაზში მინისტრებიც არიან

23 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" გენერალური მენეჯერის, მიხეილ გიორგაძის, კანდიდატურა დაასახელა. ერთი დღით ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა მთავრობის წევრობის ექვსი ახალი კანდიდატი. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ერთი მესამედით განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადოს პარლამენტმა, რომელიც კენჭს უყრის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ახალ მთავრობას. ნდობის მოსაპოვებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭიროა.

პრემიერ-მინისტრს ყველაზე მეტად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის კანდიდატურის შერჩევა გაუჭირდა. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაპირველად თანამდებობა კომპანია „ისტერნ პრომოუშენის“ სხვა დამფუძნებელს, კახა კანდელაკს, შესთავაზა, თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი შეჩერდა მიხეილ გიორგაძეზე, რომელმაც პირველი კომენტარი ბათუმში „ისტერნ პრომოუშენის“ მიერ ორგანიზებული შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის გახსნის წინ გააკეთა:

„არ დაგიმალავთ, მოულოდნელი ნამდვილად იყო. საუბარი შედგა დღეს დილით პრემიერ-მინისტრთან. ჩემი მოსაზრებები გავუზიარე მას კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ სამინისტრო მეტად აქტიური უნდა იყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ გარკვეული ინიციატივის მატარებელი უნდა იყოს საერთაშორისო არენაზეც“.

მიხეილ გიორგაძემ ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე უჭირს კონკრეტულ გეგმებზე საუბარი და რომ ჯერ გაერკვევა სამინსიტროს სტრუქტურაში და შემდეგ ჩემოაყალიბებს გეგმებს, რომელთა განხორციელებაში თავისი გუნდი დაეხმარება.

„ბევრად უფრო წარმატებულად განხორციელდება ის გეგმები იმ გუნდთან ერთად, რომელთანაც წლებია მოვდივარ, უამრავი დიდი პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული და, ვფიქრობ, ჩემს გვერდით ჩემი გუნდი უნდა იყოს“, განუცხადა ჟურნალისტებს კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, რომელსაც სრული მხარდაჭერა აღუთქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. კერძოდ, მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„კულტურის განვითარებას ახლებური, თანამედროვე, რეფორმატორული მიდგომა სჭირდება. ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მთელი გუნდის ხედვა. ბევრი მსჯელობის შედეგად შეირჩა ისეთი კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც დღეს კულტურის ახალი პოლიტიკისთვის არის საჭირო. ...პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ მიხეილ გიორგაძე დაძლევს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს სამინისტროს წინაშე დგას და გაამართლებს ჩვენი საზოგადოების მოლოდინს".

საზოგადოებას კი, მართლაც, დიდი მოლოდინი აქვს და, როგორც ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური ამბობს, არცთუ უსაფუძვლოდ. მიხეილ გიორგაძეს, როგორც კულტურის სფეროს გამორჩეულად წარმატებულ მენეჯერს, აქვს ბევრი თვისება, რაც ისეთი მნიშვნელოვანი სამინისტროს გაძღოლას სჭირდება, როგორიც კულტურის სამინისტროა.

„როდის დაიწყეს მათ ჯაზ-ფესტივალის კეთება? მახსოვს მათი პირველი ნაბიჯები. მართლაც, სრულიად გაუბედურებულ ქვეყანასა და სრულიად წარმოუდგენელ სიტუაციაში ჩაიფიქრეს ამ ყველაფრის გაკეთება და გააკეთეს კიდეც! არ მინდა წინასწარ პროგნოზების გაკეთება და იმის მტკიცება, რომ გარდაუვალად ბედნიერი მომავალი აქვს ქართული კულტურას, მაგრამ ამის შანსი ნამდვილად არის. ბუნებით მებრძოლია და მისმა ამ ბრძოლამ შეიძლება გარკვეული შედეგი გამოიღოს, თუმცა ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ რა მიმართულებას მისცემს კულტურის პოლიტიკას“, უთხრა ლელა ოჩიაურმა რადიო თავისუფლებას.

ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი მიიჩნევს, რომ კულტურის ახალი მინისტრის მთავარი გამოწვევა, პირველ რიგში, უკავშირდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებასა და მიღებას. კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარი ამბობს, რომ ასევე რადიკალური მოქმედებაა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, რათა არ იქნეს მიღებული მავნებლური კანონი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას. და კიდევ:

„ინსტიტუციურად, სტრუქტურულად ძალიან ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. სამინისტრო უნდა გახდეს ის უწყება, რომელიც განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას ქვეყნისთვის და ქმნის კეთილისმყოფელ და სასურველ გარემოს ხელოვანისთვის და, ზოგადად, კულტურის განვითარებისთვის. კულტურა არის ის სფერო, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარება, მაგრამ სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობაში ნამდვილად არ არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ახალი მინისტრი სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებს დაძლევს. მათ ამისთვის არც კომპეტენცია აქვთ და არც ნება!“

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძის წარდგენას იწონებს საპარლამენტო ოპოზიციაც, თუმცა, როგორც კომპანია „რუსთავი ორს“ დეპუტატმა გიგი წერეთელმა განუცხადა, ამის მიუხედავად, ოპოზია მაინც არ დაუჭერს მხარს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, რადგანაც, ღარიბაშვილის მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, ახალ მინისტრს გაუჭირდება მუშაობა.

მთავრობის პრესცენტრის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მიხეილ გიორგაძე გახლავთ კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" გენერალური მენეჯერი, თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი, ლონდონის BPR Production-ის ხელოვნების მენეჯმენტის პროგრამის კონსულტანტი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მრჩეველი.

მიხეილ გიორგაძესთან ერთად, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობის ხუთ ახალსა და  ცამეტ ძველ წევრს. საპარლამენტო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ კენჭისყრა მიმდინარე კვირაში გაიმართება.