ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ითხოვს მოქალაქეების პირად და პროფესიულ ინფორმაციას. როგორც კუპრაშვილმა აღნიშნა, ბიურო მოქმედებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში და მისი უმთავრესი პრიორიტეტი არის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. რაც შეეხება ბიუროს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციას, მისივე თქმით, მიზნად ისახავს მხოლოდ ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლას და არ სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოს.
„ბიურო საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ინფორმაციას არ გასცემენ. შესაბამისი საპროცესო კოდექსი გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ სხვა ქმედითი, სამართლებრივი მოქმედებები, რომელიც ჩვენ გამოგვარკვევინებს სამართლებრივ მდგომარეობას იმ „ქეისებზე“, რაზეც წარმოებები დავიწყეთ.
ჩვენი მიზანია, გამოვარკვიოთ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკრეტულად, საგრანტო ხელშეკრულებებს და კონკრეტული არასამთავრობო თუ იმ ფიზიკური პირების საქმიანობას, რომლებიც შეფარვით პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. როგორც იცით, პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი რეგულაციები, რაც ყველა სუბიექტმა უნდა დაიცვას“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს მოქმედებას ლონდონიდან გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან ზეწოლის მსხვერპლნი გახდნენ. მეტიც, ზურაბიშვილი წერს, რომ ანტიკორუფციული ბიურო სადამსჯელო უწყებად იქცა. თუმცა, რას ეფუძნება ზურაბიშვილის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, მის განცხადებაში ეს არ ჩანს.
ზურაბიშვილისა და რადიკალების მსგავსად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას აკეთებს ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე და ამტკიცებს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა სამოქალაქო საზოგადოებაზე სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა დაიწყო, რასაც ევროკავშირმა სანქციებით უნდა უპასუხოს.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს ყალბი სასამართლოს ბრძანებებით შეუძლებელ მოთხოვნებს უყენებენ - კრემლის სტილის ნაბიჯი. ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს მკაცრი სანქციებით“, - წერს ევროპარლამენტარი.
საქართველოში რეგისტრირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ „რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო“ და ჩივია, თითქოს, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. შესაბამისად, ე.წ. მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი ამ ბრძანებების წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავენ, რადგან რუსული კანონებით ცხოვრებას არ აპირებენ.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას საქართველოში. ივანიშვილის მიზანია, რომ ჩვენ ყველა გვაცხოვროს რუსული კანონებით. ეს არ მოხდება!“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.
ორკესტრირებული შეტევის სამიზნე ამჯერად ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი გახდა, თუმცა, ა-ო-ებს მოუწევთ დაემორჩილონ კანონს, რომელიც სწორედ ევროკავშირის ქვეყნებშიც მოქმედებს და იქ გაცილებით მკაცრია, ვიდრე საქართველოში. ერთია რას იზიარებენ და რას არა, მაგრამ საქართველოში მოქმედი კანონის თანახმად უცხოურ მხარეს არ აქვს საქართველოს მთვრობის თანხმბობის გარეშე არც ერთი თეთრი გრანტების გაცემის უფლება. საქართველოს მთვრობის პოზიცია აქ არის გადამწყვეტი.