ეკონომიკის სამინისტროსთან ახალგაზრდების 5-კაციანი ჯგუფი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში კულტურის მინისტრის ლექსებს კითხულობდა. აქციის მონაწილეების განმარტებით, პერფორმანსი კულტურის სამინისტროს კომპეტენციაში ეკონომიკის სამინისტროს ერთგვარ ჩარევას მიეძღვნა. მეგაფონით წაკითხული ლექსების მნიშვნელოვანი ნაწილი უსათაურო და სამ-ოთ სიტყვიანი იყო, შესაბამისად, ახალგაზრდებმა მოკლე დროში ბევრი ლექსის წაკითხვა მოახერხეს. მათ შორის იყო ასეთი ლექსებიც:
„მკვდარი ჩიტიც გალობს“;
„სამი დღე წვიმდა და მერე, როცა გაქრა ნისლი და მოკვდა ღრუბელი, მინდორი იშვა“;
„წითელი ფერი კიოდა, ევედრებოდა ჰორიზონტს,
მომკალი შენი ჭირიმე, მეტი აღარ შემიძლიაო.
ყვითელმა უთხრა: იყუჩე, გაუძლო უნდა ძმობილო,
მაგრამ აკვნესდა თვითონაც, მეტი აღარ შემიძლიაო.
ლურჯი კი დუმდა ცასავით. ლურჯი ზღვას ეფერებოდა,
არ დასცდენია ერთხელაც, მეტი აღარ შემიძლიაო“.
„კულტურის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტრო არ უნდა განაგებდეს - დღეს კი, სწორედ, ასე ხდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ინგრევა, დიდი დაფინანსებაა საჭირო მათ გადასარჩენად. არ ვიცით, საით იყურება ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენი მთავარი სათქმელია - „ხელები შორს კულტურის სამინისტროსგან“, კულტურის სამინისტრომ უკეთ იცის, სად და როგორ რა გააკეთოს, როგორ დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ჩემი აზრით, კულტურის მინისტრს მართებს მეტი სიძლიერისა და ხასიათის გამოვლენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაში“,- განუცხადა for.ge-ს ისტორიკოსმა ვლას ვაწაძემ, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს წინ მეგაფონით 10-მდე ლექსი წაიკითხა.
ვაწაძე განმარტავს, რომ დღეს კულტურის სამინისტროს პასიურობის შედეგად ათასობით ძეგლი ინგრევა, მათ შორისაა საყდრისი, რომლის შესახებაც საზოგადოებამ უკვე ბევრი რამ იცის.
„გასულ წელს კულტურის სამინისტროს 3 მილიონი ლარი გაუხარჯავი დარჩა. ამ თანხით თავისუფლად შეეძლოთ თუნდაც 10 ძეგლი გადაერჩინათ. რა სჯობს ფულის ეკონომია, თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა? მე მგონი, საზოგადოება ცალსახად იტყვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უპირატესია. კულტურული მემკვიდრეობა არის ის, რითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ. ნუ წაგვართმევენ ამ სიამაყეს“, - აცხადებს ვლას ვაწაძე.
აქციის მონაწილეთა განმარტებით, გურამ ოდიშარია ხელოვანი ადამიანი, საკმაოდ კარგი პოეტი და მწერალია. მისი ლექსები აქციისთვის იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ ფორმით სურდათ, ეკონომიკის სამინისტროსთვის ხელოვანი ადამიანების სათქმელი გადაეცათ.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან აქციის გამართვა იმიტომაც გადაწყვიტეს, რომ ამ სამინისტროს მონაწილეობით შექმნილ მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიაში კულტურა, პრაქტიკულად, უგულებელყოფილია.
„მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიაში „კულტურა“ ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები. ამის შედეგი კი ის არის, რომ ისე ანადგურებენ საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლს, საჭიროდაც არ მიიჩნევენ, ექსპერტებს აზრი ჰკითხონ. ჩვენ წავიკითხეთ გურამ ოდიშარიას ლექსები იმის ნიშნად, რომ თავად კულტურის მინისტრი ბრძანდება პოეტი და ქმნის კულტურას. მან როგორმე უნდა მოახერხოს ამ კულტურის დაცვა და აწარმოოს დიალოგი სამინისტროებთან, რომლებმაც არც კი იციან კულტურის მნიშვნელობა. ქვეყნის მდგრადი განვითარება კულტურის გარეშე შეუძლებელია“, - განუცხადა for.ge-ს ლალი პერტენავამ.
აქცია-პერფორმანსის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მათი შეკრება და მეგაფონით ნათქვამი ლექსები უყურადღებოდ არ დარჩება და კულტურის სამინისტროს პოლიტიკა უფრო დამოუკიდებელი და ადეკვატური გახდება.
„ჩვენი პროტესტის შედეგი ალბათ ის იქნება, რომ ყურადღებას მივიქცევთ. კულტურის სამინისტრო უფრო გააქტიურდება და საკუთარ მოვალეობას უკეთ შეასრულებს - დაიცავს კულტურულ მემკვიდრეობას და აამუშავებს კულტურულ პროექტებს. ამ აქციით შევახსენეთ კულტურის სამინისტროს, რომ მას კულტურა აბარია და არა სხვა რამე“, - განმარტა for.ge-სთან საუბრისას აქციის მონაწილემ ლევან ჩიტაიშვილმა.
პირველი შედეგი კი აქციას მის გამართვამდე მოჰყვა. მედიაში გავრცელებული ანონსის საფუძველზე პერფორმანსის იდეის ავტორებს კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და აქციის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უშუალოდ, გურამ ოდიშარიასთან შეხვედრაც შედგა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მინისტრმა მათ განუმარტა, რომ კულტურული ძეგლების მნიშვნელობას სათანადოდ აფასებს, მაგრამ ამა თუ იმ ძეგლის საკითხზე ის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს, რადგან ბევრ საკითხს მთავრობა გუნდურობის პრინციპით წყვეტს.
პერფორმანსის მონაწილეებს ეკონომიკის სამინისტროდან დაცვის თანამშრომლების გარდა არავინ გამოხმაურებია. დაცვამ კი მათ მხოლოდ ის ურჩია, რომ აქცია სამინისტროს შენობიდან მოშორებით ჩაეტარებინათ.