ორიოდე კვირის წინ ევროპის ყველაზე პოპულარულმა არხმა – „ევრონიუსმა” აფხაზეთში დაწყებული პოლიტიკური აქტივობის კონტექსტში გააჟღერა ცნობა, რომ აფხაზეთი, რომელიც თურმე 1925 წლამდე საბჭოთა კავშირში შედიოდა, როგორც ცალკე რესპუბლიკა, 1925 წელს საქართველოში შევიდა ავტონომიის სახით.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა ნოდარ ნათაძემ განმარტა, რომ რატომღაც „ევრონიუსის“ მაყურებელს პარალელურად არ მიეწოდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთი, როგორც ტერიტორია, ყოველთვის იყო საქართველოს ნაწილი კოლხეთის სამეფოს ეპოქიდან დღემდე, ხოლო1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობიდან 1925 წლამდე, მას რუსეთი ისე განკარგავდა, რომ არაფერს ეკითხებოდა არც აფხაზებს (აფსუებს, მოსახლეობის 17%-ს), არც ქართველებს (მოსახლეობის 40%-ს) და არც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ რომელიმე მოდგმას, რომლებიც ჯერ თურქებმა შემოიყვანეს საქართველოს პირველი რუსული ანექსიიდან 1850-იან წლებამდე, ხოლო შემდეგ - რუსებმა.
ამგვარად, ნოდარ ნათაძის აზრით, მსოფლიო მაყურებელი დღეს შემზადებულია, რომ ამ უახლოეს დღეებსა და თვეებში რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მოსალოდნელი მცდელობები - „ევრაზიის” გაერთიანებაში აფხაზეთის შეყვანის სურვილი, აფხაზეთიდან (გალის რაიონის ჩათვლით) ქართული მოსახლეობის გამოდევნის მცდელობა (რისკენაც პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი ხაჯიმბა ხალხს მოუწოდებს) აღიქვას, როგორც რუსეთის მიერ საქართველოსგან 1925 წელს „გადაყლაპული“ აფხაზეთის გათავისუფლების ოპერაციის ნაწილი.
„საერთოდ, „ევრონიუსი“ ობიექტური არხია. როგორც ჩანს, რუსებმა ძალიან „იჩალიჩეს“, მრავალცვლიანი კომბინაცია განახორციელეს, რომელიც მოახვედრეს „ევრონიუსში“. სხვათა შორის, აფხაზეთთან დაკავშირებული ეს მცდარი ინფორმაცია „ევრონიუსს“ მეორედ აღარ გაუმეორებია. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას მართებს ერთგულება და სიფხიზლე, რომ „ევრონიუსში“ გასული ასეთი სიუჟეტები არ გამოეპაროს. პროფილაქტიკის მიზნით უნდა მივიღოთ რამდენიმე კანონი, რომელიც პუტინის მომავალ ნაბიჯებს გააუვნებელყოფს. მათ შორის, „ევრონიუსის“ პუბლიკაციასთან დაკავშირებით უნდა გაცხადდეს, რომ ეს არის ისტორიის გაყალბება, რადგან საქართველოს ისტორიაში არ არის არცერთი მომენტი, აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილიყოს. ჰეროდოტეს და უფრო ადრეული დროიდან მოყოლებული, არავითარი ნიშანწყალი არ არსებობს, რომ ისტორიაში ნახსენები აბაზგები იგივეა, რაც აფსუები. სიტყვიდან „აბაზგი“ სიტყვა „აფსუა“ არ გამოიყვანება და პირიქით. დღევანდელი აფსუები ჩრდილო კავკასიიდან არიან მოსულები. ესენი ერთ-ერთი ჩრდილო კავკასიური ტომია, ადიღეური მოდგმის“,- აცხადებს ნოდარ ნათაძე.
იგი აქვე განმარტებას აკეთებს აფხაზეთში თურქეთის გააქტიურებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთში თურქეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დეპუტატების ვიზიტი განხორციელდა. „სახალხო ფრონტის“ ლიდერის თქმით, თურქეთს ძალიან უნდა, საქართველომ აფხაზეთი დაკარგოს და თურქეთმა მოიპოვოს გავლენა აფხაზეთზე. ამიტომაც აფხაზეთში მოძრაობს თურქული გემები, გააქვთ ხე-ტყე და ტაქტიანად არ იქცევიან საქართველოთან მიმართებით.
უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, ნოდარ ნათაძის აზრით, ეს სახელმწიფო შინაგანად მაინც რუსეთის მოკავშირეა. ამის მაგალითად ნოდარ ნათაძეს ისიც ახსენდება, რომ 1921 წელს საქართველოში მე-11 არმიის შემოჭრისთანავე, თურქეთის ჯარებმა ბათუმის მხრიდან ერთ დღეში დაარტყეს საქართველოს.
რაც შეეხება ასი ათასი მუჰაჯირის აფხაზეთში ჩასახლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ნოდარ ნათაძის აზრით, სინამდვილეში, ესენი საგანგებო დავალებით დატვირთული თურქეთის მოკავშირე ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლები არიან. ამ ადამიანებს გალის რაიონში დაასახლებენ. ამით აფხაზეთის დემოგრაფიული სურათი შეიცვლება და აფხაზები (აფსუები) ადგილობრივებს შორის (ანუ არარუსებს შორის) უმრავლესობაში აღმოჩნდებიან.
„ამჟამად აფხაზეთში ჩასასახლებლად 100 ათასი მუჰაჯირი სახელდება. სინამდვილეში, აქედან ნამდვილი მუჰაჯირი მხოლოდ 1% თუ იქნება. ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია, ამის საწინაარდეგოდ კანონმდებლობითი ნაბიჯი გადადგას და შემოიღოს კანონი, ვინც აფხაზეთში ჩვენი ხელისუფლების ნების გარეშე დასახლდება, არ იქნება უფლებამოსილი, აფხაზეთში იცხოვროს. ანუ ამისთვის საჭირო უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობა“, - აცხადებს ნოდარ ნათაძე ჩვენთან საუბარში.