მედია მედეას წინააღმდეგ

მედია მედეას წინააღმდეგ

აჭარის მედია უმაღლესი საბჭოს დეპუატატ მედეა ვასაძეს უპირისპირდება. რეგიონის ჟურნალისტები „ტელეარხი 25-ის“ კორესპონდენტის ჯაბა ანანიძის წინააღმდეგ განხორციელებულ მუქარას საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ. „დაიცავი კონსტიტუცია“, „წაიკითხე კანონი“, „გამოიძიეთ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები“, - ამ და მსგავსი შინაარის პლაკატებით ბათუმში ევროპის მოედანზე 13 მედიასაშუალების ჟურნალისტები შეიკრიბნენ.

საქმე ეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის სატელეფონო საუბარს, რომელიც „ტელეარხ 25-ის“ ჟურნალისტის მიერ მომზადებულ ფილმზე საჯარო მოხელის ერთგვარი რეაქცია იყო. „უმაღლესი კომფორტით“,- ასე ჰქვია საგამოძიებო ფილმს, რომელიც ჯაბა ანანიძემ ახლახან მოამზადა და ტელეარხის ეთერში 8 ივნისს გავიდა. დაახლოებით ერთსაათიან ფილმში საუბარია საბიუჯეტო თანხების განკარგვასა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებზე გაწეულ კონკრეტულ ხარჯებზე.

„ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას“, „მიკერძოებული ხარ“, „ცოლი გყავს? საეჭვო მიხვრა-მოხვრა გაქვს“, „ხვალ დაიკითხები პროკურატურაში“ - ეს ფრაზები, სწორედ, მედეა ვასაძის და ჯაბა ანანიძის სატელეფონო საუბრის ნაწილია. ჟურნალისტი განმარტავს, რომ დეპუტატმა მას დაშინების მიზნით დაურეკა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯაბა ანანიძემ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით უკვე მოამზადა და პროკურატურაში შეიტანა განცხადება, რომლითაც გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

„მივიჩნევთ, რომ ამ სატელეფონო ჩანაწერში რამდენიმე ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ძირითადად, ეს შეეხება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ფარულ მუქარას, მეორე მთავარი საკითხი არის ის, რომ მედეა ვასაძემ, როგორც დეპუტატმა სატელეფონო საუბარში გაასაჯაროვა ერთ-ერთი მოქალაქის მიერ მიწერილი წერილი. როცა მოქალაქე დეპუტატს პირად პრობლემებზე სწერს წერილს, ეს არ უნდა იყოს საჯარო. ამიტომ ეს ფაქტიც, სავარაუდოდ, არის დანაშაული“, - განუცხადა For.ge-ს ჯაბა ანანიძემ და აღნიშნა, რომ პროკურატურაში შეტანილი განცხადებით მედეა ვასაძისგან ბოდიშის მოხდას არ ითხოვს და მისთვის მნიშვნელოვანი საჯარო მოხელის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.

ანანიძე ჩვენთან საუბარში მედეა ვასაძის მიერ მოგვიანებით გაკეთებულ იმ განცხადებებსაც ეხმიანება, რომლის თანახმადაც, გამოქვეყნებული სატელეფონო საუბარი დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

„სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, რა თქმა უნდა, არის ავთენტური, სრული ჩანაწერი გამოვაქვეყნე. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება მის ნამდვილობაში, შეუძლია, შეამოწმოს, ნებისმიერ პირს შემიძლია გადავცე“, - აცხადებს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ მსგავს ფაქტებს თუ სათანადო რეაგირება არ მოჰყვა, შესაძლოა საჯარო მოხელეებისთვის წამახალისებელიც აღმოჩნდეს და ჟურნალისტებზე ზეწოლა და მუქარა სხვა დეპუტატებმაც განაგრძონ.

გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნათია როყვა ბათუმში გამართული სოლიდარობის აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. იგი For.ge-სთან საუბარში თედო ჯორბენაძის საქმეს იხსენებს და აღნიშნავს, რომ წლების წინ ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი და სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ მისი პირადი ცხოვრებით მანიპულაციის მცდელობა დღემდე გამოუძიებელია. ნათია როყვა იმედოვნებს, რომ ანანიძის საქმე ჯორბენაძის საქმის ბედს არ გაიზიარებს.

„მიგვაჩნია, რომ სატელეფონო საუბარი ძალადობის და მუქარის შემცველ ფაქტებს შეიცავს. ვფიქრობთ, მსგავსი ტონით, ლექსიკით და დისკრიმინაციული სიტყვებით საუბარი დაუშვებელია არათუ ჟურნალისტის, არამედ, ნებისმიერი ადამიანის მიმართ. ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირი ასეთი ტერმინებით მოქალაქეებს არ უნდა ესაუბრებოდეს. ჩვენ ჟურნალისტები და პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ასე არ უნდა დასრულდეს და დეპუტატ მედეა ვასაძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ის არის აჭარის რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე და მით უფრო ცუდია, რომ პირადად არღვევს ჟურნალისტის უფლებებს“, - განუცხადა for.ge-ს ნათია როყვამ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიმართ აჭარის რეგიონის ჟურნალისტებს უკმაყოფილება პირველად არ გამოუთქვამთ. მედიის წარმომადგენლების მიმართ არაკორექტული გამონათქვამებით გამოირჩევა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეც. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მას ბათუმის საქალაქო სასამართლოში პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ბრალდებით რამდენჯერმე უჩივლეს.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ აჭარის რეგიონის კორესპონდენტი ნინო ხოზრევანიძე for.ge-სთან საუბარში ავთანდილ ბერიძესთან მომხდარი კონფლიქტის დეტალებს იხსენებს: „2013 წლის 11 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ ჩემ მიერ მომზადებულ სტატიას უწოდა ტყუილი, მე კი - მატყუარა. სტატიაში საუბარი იყო ნეპოტიზმის საკითხზე. ადამიანთა ერთი ჯგუფი უმაღლეს საბჭოში ნეპოტიზმის ნიშნით დასაქმებას აპროტესტებდა და მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდა. ავთანდილ ბერიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ტრიბუნიდან მომართა: ნინო ხოზრევანიძე შენ ხარ მატყუარა და არაპროფესიონალი, იმიტომ რომ ტყუილები დაწერეო. მე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მივმართე, ერთადერთი მოთხოვნა მქონდა - ავთანდილ ბერიძეს უარეყო ჩემ შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება. სასამართლო განხილვის დაწყებამდე მოსამართლემ მორიგება შემოგვთავაზა. ავთანდილ ბერიძემ შეასრულა მოთხოვნა - ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა სპეციალური განცხადება და აღნიშნა, რომ ნინო ხოზრევანიძე არ არის მატყუარა და რომ თავად მას მოუვიდა გადაცდომა“.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ჯაბა ანანიძის შემთხვევა არ მოხდებოდა, თავის დროზე, დეპუტატ მედეა ვასაძის სხვა ქმედებას რომ ადეკვატური რეაგირება მოჰყოლოდა - ხოზრევანიძე ვასაძის მიერ კონკრეტული მოქალაქის შეურაცხყოფის ფაქტს იხსნებს.

„ჯაბა ანანიძემდე დეპუატატმა მედეა ვასაძემ შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, რომელიც მისგან ფულად დახმარებას ითხოვდა. დოდო დიასამიძე მან სცემა კიდეც - ჩვენი ინფორმაციით, კეფაში ტელეფონი ჩაარტყა. იმ დროს ამ ფაქტს დეპუტატების მხრიდან სათანადო რეგირება არ მოჰყოლია“,- აცხადებს ნინო ხოზრევანიძე. იგი მიიჩნევს, რომ მედეა ვასაძემ ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს და დღის წესრიგში ასევე უნდა დადგეს მისი, როგორც დეპუტატის უფლებამოსილების საკითხი.

ბოლო დღეებში გამოთქმული ბრალდებებისა და ჟურნალისტების მოთხოვნაზე for.ge-მ მედეა ვასაძეს საკუთარი პოზიციის გამოთქმა სთხოვა. ამ მიზნით ქალბატონ მედეას დღის განმავლობაში რამდენჯერმე დავუკავშირდით, თუმცა, მან ჩვენთვის დროის დათმობა და კომენატრის გაკეთება ვერ მოახერხა, მიზეზად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი დაასახელა.