ჩინელების წყალობით წყალტუბოს გაუდაბნოება ემუქრება!

ჩინელების წყალობით წყალტუბოს გაუდაბნოება ემუქრება!

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში “ჯორჯია მაინინგ კო ლიმიტედის” საქმიანობას მოსახლეობა აპროტესტებს.  ადგილობრივების ინფორმაციით, ხომულის მთაზე კირქვის მოსაპოვებლად წარმოებული სამუშაოების გამო, სოფელში გზა გზად აღარ ვარგა, ხოლო სახლებს ბზარები გაუჩნდა. მოსახლეობის ბრალდებას ჩინურ კომპანიაში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, თუმცა პასუხისმგებლობას არ გაურბიან და ნებისმიერ დანაკარგს, თუკი ვინმეს მათი საქმიანობით მიადგება, აანაზღაურებენ.

“ჯორჯია მაინინგ კო ლიმიტედის” ხომულში სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების მიზნით 53.20 ჰექტარი ფართობი აქვს გადაცემული. ჩინელმა ინვესტორმა ტერიტორია იჯარით შარშან, 20 წლის ვადით აიღო. კირქვის მოსაპოვებლად სამუშაოები ახლახან დაიწყო, მაგრამ შედეგი მოსახლეობამ ძალიან მალე იწვნია.  სოფელში უკვე 40 ოჯახია, რომელიც ჩინური კომპანიის საქმიანობამ დააზარალა.

მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ხომულში, ლაშა შვანგირაძე აცხადებს, რომ სამუშაოების გაგრძელების შემდეგ დაახლოებით 100 კომლი საფრთხის წინაშე დადგება. მისი თქმით, “ჯორჯია მაინინგ კო ლიმიტედის” საქმიანობა სამეწარმეო წესების უხეში დარღვევით მიმდინარეობს. არის საფრთხე, რომ სოფლის ირგვლივ მდებარე მთა გაუდაბნოვდეს. გარდა ამისა, საშიშროება ემუქრება საცხოვრებელ სახლებსაც, ზოგიერთ მათგანს ბზარები აქვს და შეიძლება დაინგრეს კიდეც.

“მიმდინარე სამუშაოების გამო, სოფელში ყოველდღიურად გადაადგილდება 50-ტონიანი ავტომანქანი, რაც გზას მთლიანად ანადგურებს. ისედაც არ ვარგოდა გზა და ჩინელების დაუდევრობამ საერთოდ გამოიყვანა მწყობრიდან. პირველი რეისები უკვე შესრულდა და შედეგი ამ ეტაპზევე საგანგაშოა. წარმოდგენაც კი არ მინდა თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ყოველივე მოსახლეობისთვის.

შემაშფოთებელია, რომ ჩინური კომპანიის საქმიანობა სამეწარმეო უფლებების დარღვევით მიმდინარეობს. სახლები იბზარება და მოსახლეობის ჩივილს ყურად არავინ იღებს. რეალური საფრთხეა, რომ სოფლის ირგვლივ მდებარე მთა უდაბნოდ იქცეს.

საფრთხეშია წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტიც. წესით, ასეთი სამუშაოები მის ახლო-მახლო არ უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ ამას არავინ ითვალისწინებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, უნდა მოხდეს მწვანე საფარის აღება და ტერიტორია დაკონსერვდეს, რომ ისევ წამოვიდეს ტყე. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება. არ ირწყვება კარიერი, ნარჩენებს ადგილზე ყრიან, რაც დაუშვებელია.

მუშაობა ყველა წესის დარღვევით მიმდინარეობს და ამით მოსახლეობა პირწმინდად ზარალდება. ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც ჩინელებმა სამუშაოები წამოიწყეს და ხალხში სერიოზული უკმაყოფილებაა. ადამიანები, ელემენტარულად, ითხოვენ გარანტიას, რომ დიდი წვალებით აშენებული სახლები არ დაუზიანდებათ და მიმდინარე სამუშაოები მათ ჯანმრთელობაზე არ იმოქმედებს”, -  აცხადებს ლაშა შვანგირაძე.

ხომულის მოსახლეობა ჩინური კომპანიისგან ზარალის კომპენსაციას მოითხოვს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მათი პირობა არ დაკმაყოფილდება, ხალხი აქციებს გამართავს და დარღვეული უფლებების დაცვას ამ ფორმით შეეცდება. პირველი საპროტესტო გამოსვლა 2 დღის წინ მოეწყო და ხომულელები უფრო მწვავე აქციებითაც იმუქრებიან.

ხომულის მკვიდრ კობა ფანცხავას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ საქმე აქამდე არ მივა და მათ უკმაყოფილებაზე შესაბამისი სტრუქტურები რეაგირებას მოახდენენ.

“ჩინელები ჩვენს ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინათ გამოჩნდნენ, მაგრამ დიდი მუშაობა ახლა გააჩაღეს. როგორც კი დიდი ლოდების გადაზიდვას შეუდგებიან, აქ გაჩერება შეუძლებელი გახდება. საბოლოოდ მოიშლება გზა, დაზიანდება ერთ დროს გაჭირვებით აშენებული სახლები და ტერიტორია უდაბნოდ იქცევა. 2 თვის წინ ბურღვითი სამუშაოები მიმდინარეობდა, თქვეს, ხარისხს ვამოწმებთო, მერე კი გააქტიურდნენ.

როგორც ჩანს, საბადო მოეწონათ და ახლა მთლიანად არიან ჩართული მარმარილოსებრი კირქვის მოპოვების საქმეში. აქედან ქუთაისში ჩააქვთ, შემდეგ რა ხდება, ჩვენთვის უცნობია და არც გვაინტერესებს. ხალხის მოთხოვნაა, არ დაგვაზარალონ. თავდაპირველად ითქვა ისიც, რომ ჩინელების საქმიანობისგან ხალხი სარგებელს ნახავდა. ახლა ამაზე საუბარიც არ არის და არც ვითხოვთ რამეს, მთავარია, ჩვენი უფლებები დავიცვათ”, - ამბობს კობა ფანცხავა.

ხომულის მკვიდრ მურად კიკვიძის თქმით, ჩინური კომპანიის საქმიანობა მოსახლეობას მხოლოდ დააზარალებს. ის ფიქრობს, რომ დაზარალებულების პროტესტს რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს.

“მაქსიმალურად ვცდილობთ, საპროტესტო აქციებამდე საქმე არ მივიდეს. ყურადღებას თუ არ მოგვაქცევენ, კანონით არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ. ტერიტორია ხელში ჩაუგდეს ვიღაც გადამთიელებს, რომელებიც 20 წლის ვადით განკარგავენ აქაურობას.  ამით, რა თქმა უნდა, მოსახლეობა მხოლოდ იზარალებს. დღეში თითო-ოროლა მძიმე მანქანის გადაადგილებამ გზები გააფუჭა.  შესაბამისად, გაცილებით უარეს შედეგს უნდა ველოდოთ, როცა ქვა-ლოდებით დატვირთულ მანქანებს აქაურობის გავლა დღეში რამდენჯერმე მოუწევთ.

გარდა იმისა, რომ გზა დაზიანდება, დაგვენგრევა სახლები და ჯანმრთელობის პრობლემაც შეგვექმნება. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ მატერიალურ ზიანზე, რისკის ქვეშაა ხალხის სიცოცხლეც, რადგან სამუშაო პირობებს არავინ იცავს. სახელმწიფომ, რომელმაც ტერიტორია იჯარით გასცა, ვალდებულია, კონტროლი ბოლომდე გასწიოს, რომ ჩვენი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს”, - აცხადებს მურად კიკვიძე.

კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ქვის გადაზიდვის სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა და მათ საქმიანობას გზების დაზიანება არ გამოუწვევია. “ჯორჯია მაინინგ კო ლიმიტიდის” მენეჯერის ზაზა ნუცუბიძის ინფორმაციით, თუ ვინმეს კომპანიის საქმიანობის შედეგად ზიანი მიადგება ან დაზიანდება გზა, საკუთარ ვალდებულებას არ გაექცევიან. თუმცა, როგორც ნუცუბიძე ამბობს, ერთადერთი შემთხვევის გარდა, სოფელში სხვა ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია.

“ჩინური კომპანია, რომელიც ხომულში კირქვისებრ ქვას მოიპოვებს, საქართველოშია დაფუძნებული და ხომულში ჩვეულებრივ სამუშაოებს აწარმოებს. ეს არ არის ისეთი მასშტაბის სამუშაო, რომ ვინმეს საფრთხე შეუქმნას. ამასწინათ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოგვმართა, წყალგამავალი მილი იყო შესაკეთებელი და საკუთარ თავზე ავიღეთ. პასუხისმგებლობას არც სხვა შემთხვევაში გავექცევით.

რაც შეეხება გზებს, აქამდეც დაზიანებული იყო და ჩვენი საქმიანობის გამო, ის არ გაფუჭებულა. გადაზიდვის სამუშაოების შესრულებისას, თუკი სადმე პრობლემა გაჩნდება, ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ. მთავარია, დაზარალებულებმა პირდაპირ მოგვმართონ.  ყველამ იცის კომპანიის ოფიციალური მისამართი, ნებისმიერ პირთან შეხვედრისთვის მზად ვართ”, - აცხადებს ზაზა ნუცუბიძე.