სახელმწიფო აუდიტის 49 გვერდიანი დასკვნა საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დადგება თუ არა გიორგი ბარამიძის პასუხისმგებლობის საკითხი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2011-2012 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეამოწმა. შემოწმების შედეგად გიორგი ბარამიძის მიერ გახარჯული ხარჯები გამოავლინა.
ამასთან ირკვევა, რომ საუდიტორო პერიოდში, სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, შტატით მომუშავე თანამშრომლების უმეტესობაზე პრემიები ყოველთვიურად გაიცემოდა. იყო შემთხვევები, როდესაც თვეში ერთზე მეტ პრემიას გასცემდნენ.
აუდიტის დასკვნით ბარამიძის უწყებას შეძენილი აქვს სასაჩუქრე ნივთები, თამაბქო, სასმელი და საკვები პროდუქტები, რომელთა საერთო ღირებულებამ 2011-2012 წლებში 124 700 ლარი შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, რისთვის შეიძინა სახელმწიფო მინისტრის აპარატმა აღნიშნული საქონოელი, მითითებული არაა.
აუდიტის მასალებით ირკვევა, რომ თანამშრომლებისთვის საჩუქრად გაცემულია მობილური ტელეფონები და ფოტოაპარატები. სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მივლინებისთვის და პირადი კომფორტისთვის გაწეულ ხარჯებს.
გიორგი ბარამიძის აშშ-ში, გერმანიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და ბელგიაში მივლინება, სპა-სალონებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრებში მასაჟები ბიუჯეტს 6 200 ლარი დაუჯდა. ფაქტობრივი ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტაციის თანახმად, 2012 წლის 10 მაისს სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს ბრიუსელში მივლინებისას ბლანკესტრაატის N14-ში მდებარე მასაჟის დაწესებულება „INTERDIT“ - ში გახარჯული აქვს 1 300 ლარი და 600 ლარი. იმავე დაწესებულებაში, 2011 წლის 25 ნოემბერს გიორგი ბარამიძემ სამივლინებო თანხებიდან გახარჯა 300 ლარი. სახელმწიფო მინისტრის კიევში მივლინებისას, 2012 წლის 4 თებერვალს, ღამის ბარ JUST CAFE-ში 1 900 ლარია გადახდილი, მათ შორის, ქვითრის მიხედვით, 4 გოგონას შეყვანის ღირებულება - 100 ლარი და 9 ცალი წითელი ვარდი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 ლარი დაჯდა.
როგორც აუდიტის დასკვნით ირკვევა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, შესაბამის ბრძანებებში განსაზღვრული არ არის მივლინების მიზანი და აუცილებლობა, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიწვევები წარმოდგენილი არ არის, რაც ვიზიტის მნიშვნელობასა და საჭიროებას დაადასტურებდა. გარდა ამისა, მივლინებულ პირებს, მივლინების პერიოდში განხორციელებული შეხვედრებისა და ვიზიტის ფარგლებში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშიც არ წარუდგენიათ.
სახელმწიფო აუდიტის 49 გვერდიანი დასკვნაზე, ვერდიქტს უკვე საგამოძიებო უწყება გამოიტანს. თავად, გიორგი ბარამიძე ადასტურებს თნამშრომლებისთვის პრემიებისა დფა საჩუქრების გაცემას, თუმცა აქვე კატეგორიულად უარყოფს მასაჟებსა და სპა-სალონებში დახარჯულ თანხებს, რომლის შესახებ ვრცელი ანგარიში დადო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
„ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რომ ხელისუფლება ამგვარი მაიმუნობით არის დაკავებული“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
ის რაც სასაცილოა ბარამიძისთვის, მიუღებელია უმარავლესობისთვის. კოალიციაში აცხადებენ, რომ ბარამიძის მიერ გახარჯული თანხები შესაბამისი ქვითრებით და მტკიცებულებებით არის გამყარებული. კოალიცია „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ პირადი გართობებისთვის საზოგადოებრივი ფულის ხარჯვა, მიუღებელია.
„საერთოდ გადაცდომად მიმაჩნია ასეთი მაღალი პრემიები, როგორც თუნდაც მოხდა სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტში, ეს ანომალიურია. პირადი გართობებისთვის საზოგადოებრივი ფულის ხარჯვა, მიუღებელია. რაც შეეხება გიორგი ბარამიძეს, თუ ეს ვარდები ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მიართვა ჩვენს მოძმე უკრაინელ მანდილოსნებს, მაშინ მე ვაპატიებ, მაგრამ თუ ეს ბიუჯეტის თანხებით გააკეთა, მაშინ ვერ ვაპატიებ, იმიტომ, რომ ეს არის სერიოზული ფინანსური გადაცდომა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ვოლსკი.
საიას იურისტი სულხან სალაძე თვლის, რომ თუ აუდიტის სამსახური ამ დოკუმენტებს პროკურატურას გადაუგზავნის, სავარაუდოდ უნდა ჩავთავლოთ, რომ აუდიტის სამსახური აქ ხედავს დანაშაულის ნიშნებს.
„შემდგომი რეაგირება უკვე სამართალდამცავი ორგანოების საქმეა. მათ უნდა გასცენ პასუხი კონკრეტული ქმედება შეიცავდა თუ არა დანაშაულის ნიშნებს, და იყო თუ არა იმ ტიპის დანაშაული, რომელიც თავისი შინაარსით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას განეკუთვნება. ბიუჯეტს აქვს თავისი დანიშნულება და არ შეიძლება თანხები გამოყენებული იქნეს ისე, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდეს იმ კონკრეტულ მიზნებთან, რისთვისაც ეს თანხა არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სულხან სალაძემ.