ერთი კვირის შემდეგ სრულიად საქართველოს მორიგი არჩევნები ელის. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში „პოლიტიკური დუღილის“ ტემპერატურამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. არ მოგატყუებთ, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ყველა სატელევიზიო პოლიტიკურ დებატებს თვალი ყურადღებით მივადევნე და ერთი „ორიგინალური“ აზრი დამებადა. თბილისელი გახლავართ და რასაკვირველია ქალაქის მომავალ პირველ პირზე დიდ იმედებს ვამყარებ. ვფიქრობ რომ დაპირისპირების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა თბილისის მერად ერთდროულად რამდენიმე ადამიანი აგვერჩია. თითოეულ კანდიდატს ქალაქის განვითარების ერთმანეთისაგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია და მივცეთ ამ ხალხს მუშაობის შესაძლებლობა. ალბათ საინტერესო „ექსპერიმენტი“ იქნება და თითოეულ კანდიდატს ნახევარი წლით საქმიანობა თუ შეეძლება, თბილისის მოსახლეობა ამით მხოლოდ მოიგებს.
შესავალი გამიგრძელდა და დღევანდელ კვირას ქართველი ხელოვანების მორიგ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ. იმედია „ზედმეტად პოლიტიზირებული“ მკითხველი მცირე ხნით დაისვენებს და საყვარელ თანამემამულე მსახიობებსა და მომღერლებს კიდევ ერთხელ გაიხსენებს.
ჩვენი პირველი სტუმარი სახელოვანი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე იქნება. ბატონი ბიძინა იუმორის განსაკუთრებული გრძნობით გახლდათ დაჯილდოებული.
ერთხელ ნიკო ლეკიშვილი, გია ყანჩელი, რობიკო სტურუა და ბიძინა კვერნაძე ერთად იყვნენ და ნიკომ მეგობრებს რაჭაში გასეირნება შესთავაზა.
„კი მაგრამ, მანქანით ოთხი საათი ცოტა ძნელია მგზავრობაო, თქვეს. ნუ გეშინიათ, ვერტმფრენით შეიძლება გადაფრენა-მეთქი, - იხსენებს ბატონი ნიკო, - ბიძინამ უცებ მიპასუხა, რას ამბობ, მაგით ვერ წამოვალ, ეგ მიქელ-გაბრიელის „პრავიზიონკაა“, როცა უნდა, ხელს მაშინ გაუშვებსო.
ჩავედით რაჭაში, ბუნებაში ვართ და, სანამ სუფრასთან მივიდოდით, პატარა წყალი უნდა გადაგველახა. ყველა გადავიდა. მოვკიდე ბიძინას ხელი და მოდი, გადავიდეთ, სუფრა იქითა მხარესაა გაშლილი-მეთქი. მე რა, ნახიმოვი ვარ, ამაზე რომ გადავიდე? მანქანით გადამიყვანეთო“.
ცნობილ მომღერალ გია ჭირაქაძეს იმდენი სასაცილო და უცნაური ამბავი გადახდენია თავს, რომ მათი მოგონებებით ხშირად ანებივრებს მკითხველს. ერთხელ თურმე ბატონი გია და მისი შეყვარებული ქუჩაში მოდიოდნენ:
„მე ამ გოგოს ვეპრანჭები, თავს ვაწონებ, ვუხსნი, რომ კაცმა ქალის გამო თავი უნდა გაწირო, რომ მას უნდა გაუფრთხილდე, ხელისგულზე ატარო, ეთაყვანო და... გავიხედე, ვიღაც ბიჭს წიხლქვეშ ჰყავს გაგდებული გოგონა და რაც ძალი და ღონე აქვს, გამეტებით ურტყამს.
ვერ მოვითმინე, ვეცი იმ ბიჭს და მაგარი მოვდე. ძირს რომ დაეცა, ხელი დავუჭირე და ვუთხარი, აზრზე მოდი, რას აკეთებ-მეთქი. მიპასუხა, ნუ მიჭერ ხელს, არ დაგარტყამ, ქალთან ერთად ხარო. გადავირიე და კიდევ ერთი მოვდე: შე კაი კაცო, ამდენი თუ გესმის, რომ ქალთან ერთად არ შეიძლება მუშტზე ყურება, ეს ქალი რომ გაგიგდია და ურტყამ, ნამუსი არა გაქვს? თბილისელი მაინც არა ხარ? არ იცი, რომ ამ ქალაქში ასეთი რამეები არ მოსულა, ძმაო, აზრზე მოდი-მეთქი. დაფიქრდა. ამომხედა და ჩუმად მითხრა, მართალი კი ხარ, მაგრამ კაცის ბუნება ხომ იცი, თან საყვარელ ქალსაც ხომ გააჩნია, ამ ურთიერთობაში თბილისელობა და კაი ბიჭობა არ ჭრისო“.
გია ჭირაქაძე კიდევ ერთ „შემთხვევას“ გაიხსენებს:
„ერთხელ ზურაბ ანჯაფარიძესთან ერთად სუფრასთან ვისხედით და ვქეიფობდით. გოგი დოლიძემ დაიწყო სიმღერა, ჩვენც ავყევით. ზურაბს ორი უცხოელი კოლეგა - ოპერის მომღერალი ახლდა თან.
გოგის სუფრაზე „სტოსი“ მიჰყავდა. დაასრულებდა ერთ სიმღერას და წამოიწყებდა მეორეს. უსმინა, უსმინა ბიძინა კვერნაძემ, მერე ადგა, მიუახლოვდა ზურაბს და ყურში ჩასჩურჩულა: მაგ შენს სტუმარ კოლეგებს უთხარი, ა, ბატონო, სიმღერა ამას ჰქვია, აბა ის არის სიმღერა, რომ დადგებით სცენაზე, დააღებთ პირს ამხელა კაცები და გაჰკივითო? ზურაბი გადაბჟირდა სიცილით. ჩააცივდნენ კოლეგები, რა გითხრა ამ კაცმა ასეთიო, მაგრამ ამას როგორ გაუმხელდა? ერთი კი უთხრა, ამ კაცის ნათქვამი რომ გაიგოთ, ნამდვილი თბილისური იუმორი უნდა გესმოდეთ და, თუ ამ ქალაქში არ ხართ დაბადებულ-გაზრდილი, ისე ვერ გაიგებთ, გეწყინებათ და ამიტომ ვერ გავამხელო“.
გია ფერაძეს ხშირად ვიხსენებ და ამ ტრადიციას ამჟამადაც არ დავარღვევ. მსახიობის ძმა, ილიკო ფერაძე, ტრაგიკული ბედის პიროვნებაზე, უნიჭიერეს მსახიობზე და საკუთარი ოჯახის წევრებზე მოგვიყვება:
„მე და გიას ოჯახის შექმნისას პირველად არ გაგვიმართლა და ორივე სხვადასხვა დროს დავშორდით ცოლებს. მერე მეორედ დავოჯახდით. მე მეორე ცდაზე გავჩერდი, გიამ კი გააგრძელა მარათონი. თითოსთან თითო შვილი შეგვეძინა. როცა მომრავლდნენ შვილიშვილები, როგორც რუსის დედა თავის ხუთ შვილს - ხუთივე ვანიას მამის სახელებით არჩევდა, ისე ვარ მეც. ყველა რომ შეიკრიბება და ოთახებში დარბიან, დავიჭერ რომელიმეს და ვეკითხები, რომელი ხარ შენ? შენს დედას რა ჰქვია? და მერე ვცნობ.
ერთხელ დედაჩემს, თინა ჟორჟოლიანს, დაურეკა ვიღაც ქალმა. ქალბატონი თინა ბრძანდებით, გია ფერაძის დედა? დიახ, - უპასუხა დედამ. თუ შეიძლება, თქვენთან საქმე მაქვს. სახლიდან თუ არ გადიხართ, ცოტა ხანში შემოგივლითო. მობრძანდით, ქალბატონო, - უპასუხა დედამ. ათიოდე წუთში ორი გაპრანჭული მანდილოსანი მოვიდა. პირდაპირ საქმეზე გადავალ, - თქვა ერთ-ერთმა. ქალბატონო თინა, ჩემი არასრულწლოვანი ქალიშვილი რამდენიმე დღეა სახლში არ მოსულა. მითხრა, მეგობართან მივდივარ აგარაკზეო და, როგორც გავიგე, თურმე თქვენს ვაჟიშვილთან, გიასთან ერთად ყოფილა ეს დღეები და ძალიან გთხოვთ, მიხედეთ თქვენს შვილსო.
თინას ჩაეღიმა და უპასუხა: მე რა უნდა მივხედო, ქალბატონო, ჩემს შვილს? ამ მოხუც დედაჩემს ხომ ხედავთ. გია ფერაძეს ქალი რომ მოუნდება, მე და დედაჩემი ლიფტში ვემალებით. ასე რომ, გირჩევნიათ, თქვენ თვითონ მიხედოთ თქვენს ქალიშვილსო“.
ნანული სარაჯიშვილის მანქანა „რენო მოსკვიჩი“ კინოშიც კია გადაღებული - „გარიგებაში“. ქალბატონი ნანული იხსენებს, როგორი ოინი მოუწყო მას გოგა პიპინაშვილმა:
„სადღაც ივლისის შუა რიცხვებში გამოვიყვანე მანქანა და წავედი კიდეც გადაღებებზე, ერთ ამბავში ვიყავი, ძალიან ვუფრთხილდებოდი, წამდაუწუმ სასტუმროდან ვუყურებდი, ჩავდიოდი, ვაპრიალებდი. გოგა პიპინაშვილმა ჩაავლო ხელი ამ მომენტს და „გამიჩალიჩა“... ინსპექტორმა გამაჩერა, ეს მანქანა ვისიაო? როგორ ვისია, ჩემია-მეთქი, გავიჯგიმე. საბუთები, თუ შეიძლებაო. ვიცი, რომ საბუთები წესრიგში მაქვს, ამოვიღე დიდის ამბით. უყურებს მანქანის ნომერს, იყურება საბუთებში, შემხედავს მე, ბოლოს მეუბნება, თქვენი მანქანა არ არისო. რას ლაპარაკობ-მეთქი, გავგიჟდი. გავიხედე, უკან „სიდენიაზე“ ჩემი შლაპა დევს. როგორ, მანქანაც ჩემია და აგერ შლაპაც-მეთქი. შლაპა არ ვიცი, გადმოდი, ნომრები ნახეო. გადმოვედი, შევხედე და სხვა ნომრებია, გული გამისკდა. წამიყვანეს ინსპექციაში, იყო ერთი ამბები. მერე გაირკვა, რომ პიპინაშვილმა შემიცვალა ნომრები. თან ინსპექცია გააფრთხილა, გააჩერეთ და აწრუწუნეთო. მთელი კვირა არ ველაპარაკებოდი გოგას, მერე დიდი პურმარილი იკისრა და ძლივს შემირიგა“.
ზურაბ ყიფშიძის მშობლები - ელენე ყიფშიძე და ავთო ვერულეიშვილი ხშირად თამაშობდნენ სპექტაკლებში ერთად და მრავალი სასაცილო ამბავიც გადახდენიათ თავს.
„მახსოვს, მამას ხშირად ავიწყდებოდა ტექსტი, - იხსენებს ზურა, - დედა თამაშობდა კინტოს. ერთ-ერთ სცენაში ლენა ცეკვავდა, ავთო უნდა შემოსულიყო და ეკითხა: „საით მიდიხარ?“ ლენა კიდევ მთელი მონოლოგით პასუხობდა ამ კითხვას. ერთხელაც მამაჩემს დაავიწყდა ტექსტი და „ნნნ” -იძახის. ლენა ცეკვავს, თან ხმადაბლა ეუბნება: რა „ნნნ”, თქვი, ბიჭო, თან ცეკვას აგრძელებს - მეორე „კრუგზე“ წავიდა. მამაჩემმა ბოლოს ჰკითხა - „სადა მუშაობ?“ სად უნდა მუშაობდეს კინტო? ლენამაც გასცა რა პასუხი - „ლიხაჩოვის ქარხანაში, შენი დედა ვატირე!“
ყველასათვის საყვარელი მსახიობი, ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი, ზინა კვერენჩხილაძე, უბადლო ნიჭთან ერთად, მაღალი ზნეობითა და პატიოსნებითაც გამოირჩეოდა. ქალბატონი ზინა განსაკუთრებით ვერ იტანდა ბილწსიტყვაობას და ამის გამო კოლეგა მამაკაცებს მისი ხელიც კი მოხვედრიათ. რეჟისორი გოჩა კაპანაძე ერთ ასეთ შემთხვევას იხსენებს:
„ქალბატონი ზინა ყოფილი სპორტსმენია. საქართველოს ჩემპიონი იყო ფარიკაობაში და მტერს მოხვდა მისი ხელი. კახი უწმაწურ ანეკდოტს ყვებოდა და ზინამ უთხრა: ხომ გაგაფრთხილე, ჩემი თანდასწრებით არ ახსენო ცუდი სიტყვებიო. ჰოდა, ამაზე შეჰყვნენ: გაიქცა ბატონი კახი, გაეკიდა ქალბატონი ზინა, ამ დროს წაიქცა კახი და მოიტეხა ფეხი. ამას კახი ყვება კარგად: რომ წავიქეცი, ისეთი თვალებით მადგა ზემოდან ზინა, რომ ვიყვირე, არ მომკლა, არ მომკლა-მეთქი. მერე მთელი ორი თვე დადიოდა კახისთან სახლში ქალბატონი ზინა ხაშითა და არყით. კახიმაც ისარგებლა თავისი მდგომარეობით და მშვენივრად შეიფერა”.
ჩვენი საყვარელი მედეა ჩახავა თურმე ძალიან არაპუნქტუალური ყოფილა და ყველგან და ყოველთვის აგვიანებდა, მერე თავისი დაგვიანების გასამართლებლად სხვადასხვა ისტორიას იგონებდა.
ერთხელ თავისი ვაჟის, ბატონი თემურ ჩხეიძის სპექტაკლში მონაწილეობდა და იქაც, რა თქმა უნდა, დაიგვიანა. თემური ეკითხება, რატომ დააგვიანეო და მედიკო პასუხობს: იცით, რა არის? თემური დილით ადგა, საჭმელი უნდა გამეკეთებინა, მერე მაკა გავუშვი თეატრში, რაღაცა, რაღაცა, რაღაცა... - და არ ჩერდება, მიზეზებს იგონებს. უცებ თემური ეუბნება: დედა, დღეს როდის გააკეთე საჭმელი და როდის მაჭამე? მაშინ მიხვდა მედეა, რომ ამას თავის შვილს უყვებოდა და არა სხვა რეჟისორს.