რამდენიმე დღეში ფეხბურთში მსოფლიოს მორიგი პირველობა დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში, სრულიად საქართველოს „ძლიერთა სქესის“ წარმომადგენელთა ყურადღება სამხრეთ ამერიკისაკენ იქნება მიპყრობილი. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ბურთაობით არა მარტო მამაკაცები ინტერესდებიან. ორი დღის წინ ერთმა ნაცნობმა გოგონამ სრული სერიოზულობით მკითხა, ფულის მოგება მსურს და ბრაზილიის გაჩემპიონობაზე 300 ლარი რომ დავდო რამდენს მოვიგებო.
ქართველებს ფეხბურთი კი გვიყვარს, მაგრამ ჩვენი ეროვნული გუნდის უსუსურობის გადამკიდე იძულებულები ვართ უცხოტომელებს ვუგულშემატკივროთ. ალბათ გახსოვთ 2006 წლის პირველობა, როდესაც სხვადასხვა ნაკრებების „ადგილობრივი ქომაგები“ თბილისის ქუჩებში „საყვარელი გუნდების“ წარმატებებს აქტიურად აღნიშნავდნენ.
სამწუხაროდ საქართველოში ფეხბურთის ალალი ქომაგები ცოტაღა დარჩა. ეს ხალხი მსოფლიო პირველობისთვის განსაკუთრებულად ემზადება და საყვარელი თამაშით სიამოვნების მიღება სურს. მათთვის ტოტალიზატორის „ციებ-ცხელება“ უცხოა, „კუშებს“ ყურადღებას არ აქცევენ და გუნდების შესაძლებლობებზე ობიექტურად საუბრობენ. სანამ დღევანდელ სტუმარს წარმოგიდგენთ, ნება მომეცით მცირეოდენი შესავალი გავაკეთო.
წინა საუკუნის 50-იან წლებში თბილისის მოსახლეობა უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა. იმდროინდელ კიროვის ბაღში გულშემატკივართა არაოფიციალურმა „დაჯგუფებამ“ დაიწყო ფუნქციონირება და ამ „წრეში“ არაერთი პროფესიის ადამიანი გაერთიანდა. ფეხბურთის თაყვანისმცემლები ძირითადად საღამოობით იკრიბებოდნენ და „ტყავის ბურთზე“, აგრეთვე პოლიტიკაზე გათენებამდე კამათობდნენ. ულმობელი დრო იდგა. შესაბამისი სამსახურები ქუჩაში სამ მოსაუბრეს თუ გადააწყდებოდნენ, უშიშროების კომიტეტში მიჰყავდათ და მათი ვინაობით ინტერესდებოდნენ. ვერის ბაღელებმა დროის გამოცდას გაუძლეს და ამ კლუბის წევრები ერთმანეთთან ურთიერთობას დღესაც აგრძელებენ.
ბატონი თემურ ღაღანიძე ვერისბაღელთა საძმოს აქტიური წევრი ბრძანდება. რამდენიმე დღის წინ სტუმრად ვეწვიე და მომავალი მსოფლიო პირველობის შესახებ მისი აზრითა და პროგნოზებით დავინტერესდი. ბატონ თემურს თავდაპირველად „მუნდიალი - 2014“ წლის ფავორიტების დასახელება ვთხოვე.
- პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს, რადგან მსოფლიო პირველობაზე კარგად ის გუნდი ასპარეზობს, რომელიც ამ კონკრეტულ დროში ჩინებულ სპორტულ კონდიციაში იმყოფება. მოგეხსენებათ ევროპის კონტინენტზე საფეხბურთო სეზონი ცოტა ხნის წინ დასრულდა და მოთამაშეები გადაღლილები არიან. შეიძლება რომელიმე ნაკრებმა წლის განმავლობაში ჩინებულად ითამაშოს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატს მაინც მოუმზადებელი შეხვდეს.
უპირველეს ფავორიტად ბრაზილია მიმაჩნია. ეს გუნდი შინაურ კედლებში თამაშობს და გამარჯვების უპირველესი პრეტენდენტია. მინდა ერთი გულისტკივილიც გამოვთქვა. ბრაზილია ყოველთვის შეტევაზე ორიენტირებული გუნდი გახლდათ. მისი დევიზი ერთი იყო: „რამდენ გოლსაც მეტოქე გამიტანს, იმაზე ერთით მეტს შეგიგდებ“. ლუიშ ფელიპე სკოლარის შეგირდები დაცვაზე ორიენტირებულები შეიქმნენ და გადამწყვეტ მნიშვნელობას საბოლოო შედეგს აქცევენ. დღეს ბრაზილიელები ამაყობენ რომ საუკეთესო მეკარეები და დაცვის ხაზი გააჩნიათ. სამწუხაროდ მათი შეტევა შედარებით მოიკოჭლებს. ნეიმარს დიდ ფეხბურთში საკუთარი სიტყვა ჯერ არ უთქვამს. ჰალკი იბრძვის, მაგრამ მინდორზე რას გააწყობს, ამას უშუალოდ ჩემპიონატის დღეებში შევიტყობთ.
მეორე უპირობო ფავორიტად არგენტინის ეროვნული გუნდი მიმაჩნია. თავად ამ ნაკრებს ვქომაგობ და იმედი მაქვს რომ ისინი ბრაზილიაში წარმატებას მიაღწევენ. ოპტიმიზმის საფუძველს ლეო მესი მაძლევს. თუ ფეხბურთელს სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ღირსეული ადგილის დაკავება სურს, მსოფლიო პირველობაზე თავი აუცილებლად უნდა გამოიჩინოს. ჯერჯერობით მესის არგენტინის ნაკრებში რაიმე ღირებული არ გაუკეთებია და მსოფლიო მას „ბარსელონას“ მოთამაშედ იცნობს. მარადონამ, პელემ, ბეკენბაუერმა და კრუიფმა სახელი მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩინებული ასპარეზობით მოიხვეჭეს. თუ მესის სურს რომ გულშემატკივრებმა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების გვერდით მოიხსენიონ, ამ ჩემპიონატზე თავი აუცილებლად უნდა გამოიჩინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფეხბურთო მატიანეში თავს „ბარსელონას“ სახელით დაიმკვიდრებს. დარწმუნებული ვარ, ლეო მესი ამ პირველობაზე გაიბრწყინებს და არგენტინას წარმატებას მოუტანს, ეს ქვეყანა ხომ 1990 წლის შემდეგ ნახევარფინალურ სტადიაზე არ გასულა.
გამარჯვების კიდევ ერთ პრეტენდენტად ესპანეთი მესახება. მართალია ეს გუნდი „ბარსელონას“ სათამაშო სქემაზეა აწყობილი, კატალონიელების წინააღმდეგ თამაში კი უკვე ისწავლეს, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკეს ბიჭებს სამხრეთ ამერიკაში წარმატების დიდი შანსი გააჩნიათ.
ზემოთჩამოთვლილ სამ ნაკრებს გერმანიას დავამატებდი. ეს გუნდი ბოლო რვა წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად პროგრესირებს, ახასიათებს სრულყოფილი სათამაშო დისციპლინა და ჰყავს შესანიშნავი მწვრთნელი.
ბატონო თემურ, სხვა გუნდებზე რას გვეტყვით?
- ჩემს მიერ დასახელებული ოთხი გუნდის გარდა თბილისში კიდევ რამდენიმე ნაკრებს გულშემატკივრობენ. სამწუხაროდ ეს გუნდები მოსალოდნელ ფავორიტებად არ მიმაჩნია.
ინგლისის ეროვნული გუნდი სამხრეთ ამერიკაში თავს ალბათ ვერ გამოიჩენს. ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლების მთავარი პრობლემა პრემიერლიგის ჩემპიონატის უკუღმართ სტრუქტურაში უნდა ვეძიოთ. თავად განსაჯეთ. ახალი წლის წინ, ბრიტანელი მოთამაშეები 12-14 დღეში 5-6 შეხვედრას ატარებენ. შესაბამისად მსოფლიო პირველობას ზომაზე მეტად გადაღლილები ხვდებიან და ხშირ შემთხვევაში „ტურისტების“ როლით კმაყოფილდებიან. ჩემი აზრით, შეიძლება ჯგუფიდან გავიდნენ, მაგრამ მომდევნო სტადიაზე წარმატებას ვერ მიაღწევენ.
საფრანგეთის ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. ზიდანისა და მისი ასაკის ფეხბურთელების წასვლის შემდეგ ფრანგები არასტაბილურად ასპარეზობენ და მეეჭვება მათ ბრაზილიაში რაიმე ღირებულს მიაღწიონ.
იტალიის ეროვნული გუნდი ყოველთვის გამოუცნობი ერთეულია. მის მომავალ შანსებზე საუბრისაგან თავს შევიკავებდი. შეიძლება ქვეჯგუფში ჩარჩეს, არც ის გამიკვირდება ნახევარფინალში რომ აღმოჩნდეს.
ჰოლანდია ოთხი წლის წინანდელ შედეგს ალბათ ვერ გაიმეორებს. მისი თამაში ვან პერსისა და არიენ რობენის სპორტულ ფორმაზეა დამოკიდებული. გუნდი ოთხი წლით გახლავთ დაბერებული და ვფიქრობ, ერთთვიან საფეხბურთო მარათონს ვერ გაუძლებს.
სიურპრიზის შემოთავაზება რომელ გუნდებს შეუძლიათ?
- მიმაჩნია რომ ასეთი სამია - ჩილე, ურუგვაი და ხორვატია. სამივე ნაკრებში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი ასპარეზობს და ბოლო წლების განმავლობაში ერთი შემადგენლობით თამაშობს.
შეიძლება მკითხოთ აფრიკული გუნდების შესახებაც. ამ რეგიონის წარმომადგენლებს წინა საუკუნის 90-იან წლებში გარკვეული პროგრესი გააჩნდათ. გაიხსენეთ იგივე კამერუნისა და ნიგერიის ეროვნული გუნდები. სამწუხაროდ ამ საუკუნეში „შავი კონტინენტის“ მობურთალთა ოსტატობა შენელდა და ამის უმთავრეს მიზეზად ფეხბურთის კომერციალიზაციას მივიჩნევ. აფრიკელმა მოთამაშეებმა ის თვითმყოფადობა და ხიბლი დაკარგეს რაც ადრე ახასიათებდათ.
დაგვრჩა აზიის კონტინენტი. შეიძლება შემეკამათოთ, მაგრამ ამ რეგიონის გუნდებს სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი აქვთ და ბრაზილიაში მათგან საფეხბურთო გმირობებს არ უნდა ველოდოთ.
ძველ მსოფლიო ჩემპიონატებს როგორ გაიხსენებდით?
- საბჭოთა კავშირის ტელევიზიამ მსოფლიო პირველობების შეხვედრების გადმოცემა 1966 წლიდან დაიწყო. თხრობას ინგლისის მუნდიალიდან დავიწყებ. ამ წელს საუკეთესოები ეუსებიო და ბობი ჩარლტონი გახლდნენ. 1970 წელს პელე დამამახსოვრდა. მის გვერდით შეიძლება ტოსტაო და ჟაირჟინიოც მოვიხსენიო. 1974 წელი ფრანც ბეკენბაუერისა და იოჰან კრუიფისა იყო, 1978 წელი - მარიო კემპესის, 1982 წელი - პაოლო როსის, 1986 და 1990 წლები - დიეგო მარადონასი, 1994 წელი - რომარიოსი, 1998 წელი - ზინედინ ზიდანის, 2002 წელი კი რონალდოსი. 2006 წლის პირველობის საუკეთესო მოთამაშეს ნამდვილად ვერ დაგისახელებთ, 2010 წელს კი ყველას ინიესტამ და დიეგო ფორლანმა აჯობა. დარწმუნებული ვარ რომ ერთი თვის შემდეგ ამ მოთამაშეების გვერდით ლეო მესის აუცილებლად მოვიხსენიებთ. არაერთი მსოფლიო ჩემპიონატი მინახავს და დღემდე დარწმუნებული ვარ რომ როგორც სანახაობითი მხრივ, ასევე დაძაბულობით, ყველაზე საინტერესო 1970 წლის პირველობა იყო.
ბატონო თემურ. ვერის ბაღელები მსოფლიოს ჩემპიონატებს როგორ ხვდებოდნენ?
- ვერის ბაღის გულშემატკივართა კლუბის აქტიური წევრი 1974 წლიდან გავხდი. მახსოვს რომ მსოფლიო პირველობაზე გოგი დემეტრაძე, გიგლა ფირცხალავა და დავით ქლიბაძე გაემგზავრნენ. რამდენიმე ადამიანი საკუთარი მანქანებით უკრაინის ქალაქ უჟგოროდში ჩავიდა, სადაც ერთ-ერთი უცხოური ტელეარხის მეშვეობით ყველა შეხვედრას უყურეს. საინტერესოა რომ მათთან ერთად დავით ყიფიანიც იმყოფებოდა. ერთ გარემოებას მსურს ხაზი გავუსვა. მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე გამგზავრებული ვერის ბაღელები თბილისში დაბრუნებისას, აეროპორტიდან ჯერ ბაღში შემოივლიდნენ, შთაბეჭდილებებს გვიზიარებდნენ და სახლებში მხოლოდ ამის შემდეგ მიდიოდნენ.
1978 წლის პირველობასაც დიდი მოლოდინით ვხვდებოდით. ბატონმა ქართლოს სვანიძემ არგენტინის ნაკრების, ლუის მენოტისა და მარიო კემპესის შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია წინასწარ შეაგროვა და ამტკიცებდა, რომ ეს გუნდი აუცილებლად გამარჯვებული გახდებოდა.
1982 წლის პირველობის წინ, ჩვენი საძმოს ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა გიგლა ჯაყელმა საბჭოთა წარმოების ფერადი ტელევიზორი „ჰორიზონტი“ შეიძინა, ბაღში მოიტანა და ე.წ. „პენსიონერთა კლუბში“ დადგა. რასაკვირველია ჩემპიონატს ამ დიდეკრანიან „ჰორიზონტში“ ვუყურეთ.
1982 წელს პანტიანი უკვე „აღმოჩენილი“ გახლდათ და ზოგიერთი ჩვენთაგანი ამ პუნქტში დადიოდა. მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა ტელევიზია ყველა შეხვედრის გადმოცემას არ აწარმოებდა.
ერთსაც ავღნიშნავდი. მართალია რთული დრო იყო, მაგრამ ბატონი გოგი დემეტრაძე და ჩვენი კლუბის რამდენიმე წევრი ჩემპიონატებზე უშუალო დასწრებას მაინც ახერხებდა. მთავარი საბჭოთა ტურისტულ ჯგუფებში მოხვედრა იყო, რადგან გაგიკვირდებათ და თავად გამგზავრება დიდ თანხებთან დაკავშირებული არ იყო.
მსოფლიო ჩემპიონატების დღეებში ფსონებს თუ ჩამოდიოდით?
- მახსოვს რომ 25-25 მანეთს ვკრეფდით და საკუთარ პროგნოზებს ფურცელზე ვწერდით. დასასრულს ეს საპრიზო ფონდი გამარჯვებულს გადაეცემოდა. ეს თანხა ისევ „ჩვენ გვხმარდებოდა“ და პირველობის დამთავრებას საზეიმოდ აღვნიშნავდით.
„მუნდიალი - 2014“ დღეებში რას აპირებთ?
- სანამ კაფე „სპორტი“ ფუნქციონირებდა ვერის ბაღელები რეგულარულად იქ ვიკრიბებოდით. წელს თავს სად მოვიყრით ჯერ არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ ამ „პრობლემას“ უახლოეს დღეებში მოვაგვარებთ.
ბატონო თემურ, საბჭოთა კავშირის ნაკრებს თუ ქომაგობდით?
- შემიძლია გითხრათ რომ მხოლოდ 1970 და 1982 წლებში, ისიც ქართველი ფეხბურთელების ხათრით. ესპანეთის მუნდიალის შემდეგ კი საბჭოელებს გვერდით კატეგორიულად აღარ ვედექით. რასაკვირველია ჩვენს რიგებში იყვნენ ადამიანები რომლებიც ამ გუნდს აქტიურად ქომაგობდნენ, მაგრამ უმეტესობა სსრკ-ის მიმართ გულშემატკივრობით თავს არ იკლავდა.
ბატონო თემურ ნება მომეცით ბოლო შეკითხვა დაგისვათ. ვერისბაღელებს დღეს როგორი ურთიერთობა გაგაჩნიათ?
- სამწუხაროდ ცოცხლები ბევრნი არ დავრჩით. „გადარჩენილებს“ ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ამისი მთავარი მოთავე ბატონი გიგლა ჯაყელი ბრძანდება. ეს ასაკოვანი ადამიანი შინიდან ვეღარ გამოდის, მაგრამ ჩვენთან უწყვეტი 24 საათიანი სატელეფონო კავშირი აქვს. დროდადრო ვერის ბაღში კვლავ ვიკრიბებით, მაგრამ ამ შეხვედრებს უფრო და უფრო ეპიზოდური ხასიათი გააჩნია. სამწუხაროდ ახალგაზრდობა ჩვენი „კლუბით“ არ ინტერესდება და ეს გაერთიანება კვლავ „ძველი გვარდიის“ იმედზეა.