ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 6 ივნისს ქვებს ისროდნენ, იყო ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც. საზოგადოების ერთმა ჯგუფმა პარტიის ოფისში შეჭრაც სცადა. ვითარება სამართალდამცავებმა განმუხტეს. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას ახლობლები და ოჯახის წევრები ამ აქციით „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდნენ. მათი განცხადებით ამ პარტიამ და მისმა კანდიდატმა თენგიზ გუნავამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
2008 წლის აგვისტოში გაუჩინარებული პაატა ქარდავას საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად 6 წლის შემდეგ, 5 ივნისს გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი წამების მსხვერპლი გახდა. ქარდავას საქმეზე ბრალი უკვე წაუყენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას. შსს-ს ინფორმაციით, შამათავა დანაშაულებრივ ჯგუფთან შეთანხმებით მოქმედებდა და ქარდავას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მკვლელობის საქმეში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. თენგიზ გუნავა კი იმ დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი იყო. თენგიზ გუნავა და „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში გამართულ აქციას პოლიტიკური ბრძოლის ნაწილად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მმართველი პარტია და მისი ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი მათ უმართებულო ფორმით და ხალხის გამოყენებით ებრძვის. „ქართულ ოცნებაში“ კი ბრალდებებს უარყოფენ და გუნავას საწინააღმდეგო აქციასთან პარტიის კავშირს გამორიცხავენ.
„ვაპირებთ აქციების გაგრძელებას და არა მხოლოდ ზუგდიდში. მთელი საქართველო დაგვიდგება გვერდით. შამათავას მსგავსად უნდა დაისაჯოს ამ საქმის თითოეული მონაწილე“, - განუცხადა for.ge-ს პაატა ქარდავას შვილმა ქრისტინა ქარდავამ და აღნიშნა რომ შსს-ს მიერ გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ მამამისის გატაცებისა და მკვლელობის საქმეში სამხარეო პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
„დავიჯერო, ეს არ იცოდა თენგიზ გუნავამ, რომელიც სამხარეოს უფროსი იყო?! როგორ, როგორ შეიძლებოდა, მის თანამშრომლებს ხელმძღვანლის გარეშე ემოქმედნათ. დარწმუნებული ვარ, იცოდა გუნავამაც და გოროზიამაც. უნდა დაისაჯოს თითოეული მათგანი. სწორედ, ამას ვითხოვთ და ამიტომ გავმართეთ აქცია. სამწუხაროდ, დანაშაულს არ აღიარებს თენგიზ გუნავა და არ იხსნის ნიღაბს. ეს კაცი 5 წელი მიმტკიცებდა, რომ მამა ცოცხალია. შეგნებულად გვიმალავდნენ სიმართლეს. იმიტომ, რომ არსებობდა კლანი და ერთმანეთს არ ღალატობდნენ ამ კლანის წევრები. გამოდის, თენგიზ გუნავა, მკვლელების მფარველი იყო“, - აცხადებს ქრისტინა ქარდავა. იგი თენგიზ გუნავას მოუწოდებს, პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, აღნიშნულ საქმეში საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებელი არგუმენტები წარმოადგინოს.
„ასეთი ტრაგედიის ფონზე თენგიზ გუნავა დგას და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს - ჩემი სახელის დისკრედიტაცია უნდათო. საერთოდ, პოლიტიკასთან რა კავშირი აქვს ამ თემას?! გარდაცვლილი მამის ცხედარიც არ მაქვს და პროტესტიც არ გამოვხატო?! ვითხოვ დამნაშავეების დასჯას, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც დანაშაული დაფარა. ყველაფერს აქვს საზღვარი ამა თუ იმ ამბის პოლიტიკასთან დაკავშირებასაც, მაგრამ ესენი ხომ ყველაფერს კადრულობენ“, - აცხადებს ქრისტინა ქარდავა.
პაატა ქარდავას ოჯახის წევრებთან სხვადასხვა დროს შეხვედრებს და კონკრეტულ საუბრებს არ უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თენგიზ გუნავა. იგი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ოჯახთან კომუნიკაციის პრობლემა არც ამჯერად აქვს და როცა ხვდებოდა მათ პაატა ქარდავას შესახებ სწორედ იმ ინფორმაციას აწვდიდა, რაც იმ დროს გამოძიებას ჰქონდა.
„ქარდავას ოჯახის წევრები იყვნენ ჩემთან. ვესაუბრე გახსნილად და გულწრფელად. პრობლემა არ მაქვს, მათ ოჯახში კიდევ მივიდე და ვისაუბრო თუ ამის საჭიროება იქნება. ოჯახს ვეუბნებოდი, რომ მიდის საქმის ძიება და ვეძებთ ადამიანს, სხვა არც ეს ვიცოდით და არც ის. ვეძებდით და ვმოქმედებდით კანონის შესაბამისად. მოგეხსენებათ, მაშინ რთული პერიოდი იყო ომი მიმდინარეობდა საქართველოში. რაც იყო საქმის მასალებში, ყველაფერი ვუთხარი ოჯახს. არ ვიცი, რას ეყრდნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლანდელი განცხადება“, - გაუცხადა for.ge-ს გუნავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი აცხადებს, რომ პარტიის ოფისთან აქცია უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით ჩატარდა და ქარდავას ოჯახის წევრებს „ქართული ოცნება“ მისი დისკრედიტაციისთვის იყენებს.
„ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში წაგებული აქვს არჩევნები და ყველაფერზე მიდიან. საქართველოს ჰყავს ბანდიტი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გაბედა და წამალი და იარაღი ჩამიდო თავის დროზე და დღეს იცის, რომ თუ იმ საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართება, თავად აღმოჩნდება გისოსებს მიღმა. სწორედ ამიტომ აკეთებს ყველაფერს, რომ აქ შავი პიარით მოიგონ არჩევნები, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ. აბსოლუტურად არავის ვემალები. ყველამ იცის, რა გადამხდა თავს და რომ არ ვარ უკან დამხევი, მაგრამ ამას ვერ შეეჩვია „ოცნება“. არსად ვარ გამქცევი, არც კანდიდატურის მოხსნას ვაპირებ. ბოლომდე ვიბრძოლებ. თუ ვინმეს შეკითხვები აქვს, მზად ვარ პასუხი გავცე“,- აცხადებს თენგიზ გუნავა და აღნიშნავს, რომ პაატა ქარდავას საქმეზე შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა და ამ საკითხზე სიმართლის გარკვევას სასამართლოსგან ელის.
„ნაციონალების ხრიკი და აპრობირებული მეთოდი“,- ასე აფასებს ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციის შესახებ თენგიზ გუნავას და მისი თანაპარტიელების პოზიციას „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ლაშა გვასალია. მისი მტკიცებით, „ქართულ ოცნებას“ აქციაში მონაწილეობა არ მიუღია და „ნაციონალების“ ოფისთან არსებული დაპირისპირების შესახებ მოგვიანებით შეიტყო.
„კოალიცია „ქართულ ოცნებას“ თენგიზ გუნავას საწინააღმდეგო აქციაში არანაირი მონაწილეობა არ მიგვიღია. 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზეა საუბარი, როცა „ოცნება“ საერთოდ არ არსებობდა. არ არს დამალული, რომელიც არ გაცხადდებისო, - ნათქვამია და როდესმე აუცილებლად გაირკვეოდა სიმართლე, გაიხსნებოდა დანაშაული და მოსთხოვდა ხალხი პასუხს დამნაშავეებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სწორედ, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები მივარდნენ და არა „ოცნების“ წევრები. როგორც გავარკვიე 2-3 ჩვენი მხარდამჭერი იყო იმ აქციაზე, მაგრამ ისინი იქ იმიტომ იყვნენ რომ ქარდავას ოჯახის ახლობლები არიან. ოჯახის უახლოეს ნათესავებს კი პროტესტის გამოხატვას ჩვენ ვერ ავუკრძალავთ, რომ პარტიული შეხედულების გამო ოჯახის წუხილი არ გაიზიარონ“, - განუცხადა for.ge-ს ლაშა გვასალიამ.
ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსის ინფორმაციით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უკმაყოფილებას ბევრი ადამიანი გამოხატავს.
„მოგეხსენებათ, საარჩევნო შეხვედრებს ვაწარმოებთ და ერთ-ერთ შეხვედრაზე მივდიოდით, როცა გუნდად შეგვხვდა ხალხი, ასე ვთქვათ, ჯარი მიდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გასამართ ღონისძიებაზე. გადავეღობეთ მათ, ედიშერ თოლორაიამ და მე ვთხოვეთ, რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება მით უმეტეს ახლა, როცა არჩევნებია და ამგვარი ქმედებები, პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. მალე დასრულდება არჩევნები და ყველას კანონის მიხედვით მოეთხოვება პასუხი“,- აცხადებს ლაშა გვასალია.
„ოცნების“ შტაბის უფროსს თენგიზ გუნავას და მისი პარტიის რეიტინგზე საუბარი სასაცილოდ მიაჩნია.
„თენგიზ გუნავას აქვს რეიტინგი კაცის მკვლელებსა და მის დამქაშებში. უნდა ნახოთ მისი შეხვედრები, 10-15 კაცი ჰყავთ, ხალხს ვერ აგროვებენ. ჩვენთან კი უამრავი ადამიანი მოდის. ხალხი გვთხოვს, ბოლომდე გავისტუმროთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი“, - აცხადებს ლაშა გვასალია.
არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი რჩება. პარტიების და კანდიდატების რეალურ რეიტინგებს ამომრჩეველი ზუგდიდშიც და მთელ საქართველოშიც 15 ივნისს გამოავლენს.