მთავრობა სამოქალაქო სოლიდარობის ფონდს ქმნის. პროექტის კონცეფცია მთავრობის ადმინისტრაციამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივად მოამზადა. შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელიც 45 დღის ვადაში ფონდის მუშაობის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს და ფონდის ფუნქციონირების გამჭვირვალე და მოქნილ სისტემას განსაზღვრავს. მას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.
სოლიდარობის ფონდი საჯარო და კერძო სექტორიდან ფინანსური რესურსების მობილიზებასა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას მოემსახურება. ფონდში დონაციების შეტანა ნებაყოფლობითი იქნება როგორც საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული ინდივიდუალური მოქალაქეებისთვის, ასევე კერძო კომპანიებისათვის. როდის მოხდება ონკოდაავადებული ბავშვების პირველი ნაკადის მიღება და როგორ მოხდება ფონდში თანხების აკუმულირება. ამ და ფონდის სხვა დეტალებზე სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე გვესაუბრა.
ქალბატონო ნინო, პირველ რიგში როგორ მოხდება ფონდისთვის საჭირო სახსრების მოძიება?
- ჩვენ დაახლოებით თვენახევარია, ამ კონცეფციაზე ვმუშაობთ. გვქონდა სხვა ქვეყნების ანალოგიურ ფონდებთან კომუნიკაცია, ვნახეთ როგორ მუშაობდნენ ისინი. ასეთი ტიპის ფონდები ძირითადად იქმნება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ უზრუნველყოფს ადამიანებისთვის იმ დამატებითი მომსახურების ანაზღაურებას, რაც პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში ძვირადღირებული მედიკამენტებისა, ანაზღაურების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას, ხშირ შემთხვევაში კრიტიკულ ზღვარზე ვართ და ამ ბავშვებს ვერ ვშველით. ამიტომ ვიფიქრეთ და გავაკეთეთ პირველ რიგში სამუშაო ჯგუფი, რომლის კონცეფციაც დადებულია, რომელიც უკვე ხელშეკრულებებს გააფორმებს, დაიწყებს ბიზნესთან კომუნიკაციას და მოახდენს თანხების აკუმულირებას. ძირითადი აქცენტი საჯარო მოხელეებზე კეთდება. მათ ნებაყოფლობით 50 თეთრიდან დაწყებული, 100 ლარამდე და უფრო ზემოთ თანხებს, ხელფასიდან ჩამოეჭრებათ და ყოველთვიურად აკუმულირებას გაუკეთდება ამ თანხებს ფონდში.
ხელფასიდან გარკვეული თანხის ჩამოჭრა მხოლოდ ნებაყოფლობითი თუ სავალდებულოც იქნება?
- ყველაფერი ნებაყოფლობითია. ინოვაციური ფონდების აზრი არის ის, რომ ადამიანები სოლიდარული იდეის ქვეშ ერთიანდებიან და ამ შენატანებს ნებაყოფლობით აკეთებენ. არავის, არაფერს ვავალდებულებთ. ჩვენ გვქონდა საჯარო სამსახურებთან კომუნიკაცია და თითქმის 80% თანახმაა, რომ ნებაყოფლობით ჩამოეჭრათ თანხა. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ პრიორიტეტულობა სახელმწიფო დონეზე აგვეყვანა. ადმინისტრაციულ ხარჯებს, იქნება ეს სარეკლამო კამპანია, ადმინისტრაციული ელემენტარული ხარჯები, ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს. ანუ შეგროვილი თანხებიდან არცერთი თეთრი ადმინისტრაციულ ხარჯებზე არ წავა.
რა სახის ადმინისტრაციული ხარჯები იქნება და საიდან გამოიყოფა ეს თანხები? ბიუჯეტიდან?
- ვთქვათ, ფონდს ფუნქციონირებისთვის წელიწადში 40 ათასი ლარი სჭირდება, იქ ტექნიკური პერსონალია ასაყვანი, განაცხადებია განსახილველი და ა.შ. ყველა ამ ხარჯს ფონდის თანხებიდან არ დავხარჯავთ. ეს დაიხარჯება პრემიერის სარეზერვო ფონდიდან. ამას გარდა კომუნიკაცია უკვე გვქონდა ბანკებთანაც და ტრანზაქციებიდანაც კი, მცირე შენატანების გადმორიცხვაზეც თანახმა არიან და ამისთვის დიდი მადლობა მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ბანკებს. უკვე დღეიდან იწყება გაფართოებული შეხვედრები ბიზნეს სუბიექტებთან, ბიზნეს ასოციაციასთან და ვიცი უკვე, რომ სხვადასხვა საწარმოები თანახმა არიან, თავიანთი პროდუქციების გაყიდვებიდან მიღებული 1, 10 თუ 50 თეთრი ჩარიცხონ. ეს აპრობირებული მეთოდია. ჩვენ სრულიად ახლებურ მიდგომას ვამკვიდრებთ, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობა და საზოგადოება, ერთი კონკრეტული მიზნისთვის იყოს გაერთიანებული. ჩვენ თუ თვეში 4 მილიონი ლარი შევაგროვეთ ჩათვალეთ, რომ ონკოლოგიური ბავშვების პრობლემა მთლიანად გვარდება. ქვეყანაში საერთოდ აღარ გვეყოლება ბავშვი, რომელიც არ მიიღებს თანხას და ამის გამო შეიძლება დაიღუპოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ თანხა დარჩება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით გადანაწილდება სოციალურად დაუცველებზე, კატასტროფის შედეგად დაზარალებულებზე. შევეცდებით, რომ ამის გათვალისწინებაც მაქსიმალურად მოხდეს.
ფონდის სახსრებით, მხოლოდ ონკოდაავადებულებს დაეხმარებით თუ სხვა მძიმე სენით დაავადებულებიც იქნებიან გათვალისწინებულები?
- პირველ რიგში განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაში მყოფი ბავშვებზეა აქ ლაპარაკი. პირველ ნაკადში, რომლის მიღებაც 1 აგვისტოდან გვინდა, ყველაზე მწვავე და კრიტიკული ბავშვები იქნებიან. რიგითობა ასეთი იქნება. დეტალურ კრიტერიუმებს კი სამუშაოების დამთავრების შემდეგ გამოვიკვლევთ.
ფონდი საზღვარგარეთ მკურნალობასაც ითვალისწინებს?
- რა თქმა უნდა. ყველანაირ ხარჯს დავფარავთ ასეთ შემთხვევაშიც, რადგან თუ მარტო მკურნალობას ვფარავთ, ოჯახს კი ბილეთის ფული არ აქვს და ბავშვი ვერ მიდის, მაშინ აზრი არ აქვს ამის გაკეთებას საერთოდ. სოლიდარობის ფონდი სწორედ ეს არის, რომ თითოეული ადამიანის პრობლემა სოლიდარულად იყოს გათვალისწინებული, იმ ჭრილში და კრიტერიუმით, რა ჭრილშიც ადამიანს ესაჭიროება დახმარება, რათა უკეთესად გახდეს.