არარსებული გასაღების ესტაფეტა?!

არარსებული გასაღების ესტაფეტა?!

„არავითარი გასაღები არ არსებობს და აქაც ატყუებენ მოსახლეობას“, - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ შენიშვნებს, რომელიც კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მის მთავრობას სურვილი და რეალური მოტივაცია აქვს, ააშენოს ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით, სადაც უსაფრთხოება ძლიერ დონეზე იქნება დაცული.

„ამ ეტაპზე მე მიმაჩნია, რომ ეს ე.წ. გასაღები არ უნდა იყოს მობილური ოპერატორის ხელში. არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები, რომელზეც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურები და უნდა გავითვალისწინოთ ის საფრთხეები, რაც მათი შეფასებით, მომდინარეობს ამა თუ იმ კუთხიდან. ჩვენ მაქსიმალურად დაბალანსებულ მექანიზმს გავაკეთებთ, რაც, ერთი მხრივ, გამორიცხავს უკანონო მოსმენებს და, მეორე მხრივ, უსაფრთხოებას დავიცავთ. ამ ოქროს ბალანსს მოვძებნით ისე, რომ არ შეილახოს სახელმწიფოს ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის ამ განცხადების პარალელურად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო მოქმედებების დროს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებები ჯერ კიდევ 29 მაისს პირველი მოსმენით მიიღო. ამ დროისთვის ღიად მხოლოდ ე.წ. „გასაღების“ საკითხია დარჩენილი  - თუ ვის ექნება წვდომა საგამოძიებო მოქმედებებისთვის საჭირო ინფორმაციაზე - სატელეკომუნიკაციო კომპანიებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ დამოუკიდებელ სააგენტოს, რომელიც შუამავალი იქნება შსს-სა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებს შორის.

ის, რომ მობილურ ოპერატორებს ჩვენი საუბრების მოსმენის საშუალება აქვთ, არავისთვის გასაკვირი არ არის. მთავარია, ხომ არ გამოიყენებენ ეს ოპერატორები ჩვენი საუბრის ჩანაწერებს დაინტერესებული პირების სასარგებლოდ?! ამ შემთხვევაში, ასეთი ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ ცალკეულ ბიზნესწრეებს ან გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფებს. გარდა ამისა, ალბათ, ინტერესმოკლებული არ არის, საიდან გაჩნდა სულ ახლახანს „რუსთავი 2“-ზე ე.წ. სატელეფონო ფარული ჩანაწერები.

ქართული მობილური ოპერატორების საეჭვო კავშირების შესახებ ინფორმაცია უცხოურმა მედიამაც აიტაცა. ჯერ კიდევ გასულ წელს „ფრანს-პრესში“ დაიბეჭდა პუბლიკაცია - „საქართველოს მთავრობა საკუთარი მოქალაქეების უკანონო მოსმენებისთვის სავარუდოდ, „ჯეოსელს“ იყენებდა“. პუბლიკაციის თანახმად, ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად დამნაშავეთა მოსასმენად შეიქმნა, სტანდარტულია და „ერიქსონმა“ 2005 წელს კომპანია „ჯეოსელს“ ქსელურ აღჭურვილობასთან ერთად მიჰყიდა.

ამ თემას მაშინ უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აპარატი იმგვარად მუშაობდა, თუ არ მიხვიდოდი „ჯეოსელში“, სხვაგვარად ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა ამ აპარატის მართვა უშიშროების სამინისტროსგან. ამიტომ უშიშროებიდან „ჯეოსელში“ მიდიოდნენ სანქციით და მხოლოდ სანქციის შემთხვევაში ხდებოდა ამა თუ იმ აბონენტის ჩართვა.

მოგვიანებით „ჯეოსელის“ აღმასრულებელი დირექტორის  - პასი კოისტინენის ინფორმაციაც გავრცელდა იმის შესახებ, რომ „ჯეოსელის“ 21 ათასი სმარტფონის მქონე აბონენტი ისმინება. იგი ითხოვდა, მართვის პულტი, რომელიც შს სამინისტროს ჰქონდა, მობილურ ოპერატორებს გადასცემოდა.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე For. ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნებისმიერ მობილურ ოპერატორს, რომელიც ახორციელებს კავშირს სხვადასხვა აბონენტს შორის, ტექნიკური საშუალება აქვს ნებისმიერი საუბარი მოისმინოს. თუმცა სახელმწიფომ უნდა დაადგინოს მკაცრად რეგულირებადი ფორმა, რათა კერძო ან იურიდიული პირის საუბარი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს და არ მოხდეს დაინტერესებული პირის მხრიდან წინასწარი განზრახვით მისი შესყიდვა.

„ორ ადამიანს შორის საუბარი, გასაგებია, რომ ტექნიკურად სადღაც ფიქსირდება. არსებობს ცენტრი, სადაც ხდება ჩვენი საუბრების ხელშეწყობა, იქ გადის ინფორმაცია, ხდება გარკვეული ინფორმაციების დიგიტალიზაცია, მაგრამ ხდება თუ არა ამ ყველაფრის არქივიზაცია, რამდენად დაცულია საიდუმლოების მოთხოვნები, რამდენად შეუძლია დაინტერესებულ პირს ამ ჩანაწერებზე წვდომა, სწორედ ამ საკითხს სჭირდება რეგულაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული ოპერატორების ხელმძღვანელობით, ან ცალკეულ მუშაკთა ინტერესების თანხვედრის შედეგად, ჩვენი საუბარი შეიძლება აღმოჩნდეს მესამე პირის ხელში. რაც შეეხება სახელმწიფოსა და მობილური ოპერატორების ურთიერთობას, აქაც მკაცრად უნდა იყოს დარეგულირებული, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკებს არ ჰქონდეთ საშუალება, სპეციალური რეგლამენტის გვერდით ავლით განახორციელონ არაოფიციალური მოსმენა. ამიტომ, ერთი მხრივ, სახელმწიფომ კონტროლი უნდა გაუწიოს მობილურ ოპერატორებს და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს არ უნდა შეეძლოს კანონის დარღვევით მოსმენების განხორციელება. მაგალითად, ნაცმოძრაობა უსმენდა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი წესების დარღვევით, ან ჯერ უსმენდა და ამის შემდეგ ხდებოდა იურიდიულ ჩარჩოებში ამ მოსმენების მოქცევა. სრული ქაოსი იყო ამ სფეროში. ახლა საუბარია, რომ ეს ქაოსი უნდა დამთავრდეს და ყველა მიმართულებით უმკაცრესი ზომები გატარდეს, რომ ასე „უპრაგონოდ“ ყველას არ შეეძლოს მოსმენები“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

„რუსთავი 2“-ზე სულ ახლახანს გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით კი ექსპერტი განმარტავს, რომ ხელისუფლებას უნდა დაეწყო ძიება, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ეს იყო ნამდვილად ტექნიკური საშუალებებით გამოყენებული მოსმენები, რაც დაადასტურებდა, რომ დაუცველია ჩვენი მობილური საუბრები, თუ თვითონ მობილური ოპერატორების არასათანადო მუშაობის, ან დაინტერესების შედეგად მოხდა ამ ჩანაწერის გასხვისება.

გიორგი თავდგირიძის აზრით, თუ ჩვენს საუბარს დაინტერესებული პირი ვერ გამოიყენებს, ზის ვიღაც, გვისმენს და ამით იკმაყოფილებს ჭორის მიმართ სურვილებს და ცნობისმოყვარეობას, ეს არ ქმნის პრობლემას. თუმცა პრობლემაა ის, რომ ზუსტად გარკვეული პირები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ სფეროს მოუწესრიგებლობას, ან აწვდიან ინფორმაციას ნაციონალებს. ეს არის პოლიტიკური და ბიზნესჯგუფების შეთქმულება, რადგან ამ მობილურ ოპერატორებს ჰყავთ ხელმძღვანელები, ეს არის ტექნიკურ დონეზე ჩანერგილი მუშაკები, რომლებიც ისევ ეხმარებიან ნაცმოძრაობას, ეს არის ქაოსი და ამ ქაოსით სარგებლობენ პირები, რომლებსაც ამის ტექნილოგიური წვდომა აქვთ. ფაქტი ერთია, რომ ქართველი მაღალჩინოსნების საუბრები თავისუფლად გახდა ერთ-ერთ ტელეკომპანიისთვის ხელმისაწვდომი.

სამხედრო ექსპერტი და ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია For. ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ წინა ხელისუფლების გამოცდილებიდან გამომდინარე, მის საქმეშიც მობილური ოპერატორი უარყოფითად ფიგურირებს. კერძოდ, „მაგთის“ მობილური ოპერატორი მის პირად საქმეში დაფიქსირებულია და ეს მობილურ ოპერატორთა მანკიერი მხარე იყო. ბუნებრივია, იმ დროს ავტორიტარული რეჟიმი მძვინვარებდა და მობილური ოპერატორებიც კონტროლქვეშ იყვნენ, მაგრამ მის საქმესთან მიმართებით კანონდარღვევა აშკარაა და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

„საამისო დოკუმენტები და მტკიცებულებები არსებობს. მე „მაგთის“ აბონენტი ვიყავი და, თუ არ ვცდები, „მაგთის“ ხელმძღვანელს ხელმოწერილიც აქვს, რომელიც ერთი თვით ადრე მისცა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, სანამ ისინი ოფიციალურად აიღებდნენ ნებართვას ჩემი საუბრის მოსმენის შესახებ. ის, რომ სასამართლოს ნებართვის გარეშე არ შეიძლება აბონენტის მოსმენა, ეს რეგულირდება კანონით. ნებისმიერი ასეთი შემთხვევა ავტომატურად იწვევს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. წესით, ჩემს საქმეში ამ ოპერატორის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. თუ რამე ინტერესებია, ინტერესი არსებობს ისევ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან. აქ კერძო ინტერესები ცოტა მეეჭვება. არა მგონია, დღესაც მობილურმა ოპერატორებმა ნაცმოძრაობას გადასცენ მასალები. ვეჭვობ, ისინი დღემდე ნაციონალების წინაშე იყვნენ ანგარიშვადებულნი. პირიქით, ისინი განიცდიდნენ პოლიტიკურ ტერორს და ამ ტერორის ქვეშ იძულებულნი იყვნენ, მიეცათ ინფორმაციები“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და მიიჩნევს, რომ მობილურ ოპერატორებს, რომლებიც ნაცმოძრაობას უკანონო მოსმენის საშუალებას აძლევდნენ, შესაბამისი საჯარიმო სანქციები უნდა დაედოთ და, ვინც ეს გააკეთა, მათ წინააღმდეგ აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

მისი თქმით, სისტემა დღესაც არ შეცვლილა და ამ სტრუქტურაში ისევ ძველი კადრები დარჩნენ. მართალია, მოსმენების მასშტაბი ახლა სხვანაირია, მაგრამ მოსმენები მაინც გრძელდება.

„თუ ყოფილი ხელისუფლების წევრები ხისტი ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები რბილი ავტორიტარიზმის ელემენტებს შეიცავენ, ძალოვანი სტრუქტურების ჩართულობის კუთხით. ის, რაც „რუსთავი 2“-ზე მოხდა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სწორედ ორხელისუფლებიანობის პირობებში, მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სპეცსამსახურის მიერ გაკეთდა. მათ ჩაამონტაჟეს მოსასმენი მოწყობილობა, რათა „რუსთავი 2“-ში გაეკონტროლებინათ სიტუაცია ძველი ხელმძღვანელობის წასვლის შემდეგ. ამის თაობაზე „რუსთავი 2“-მა ერთი-ორი „შუმოკი“ ატეხა და მას მერე აღარ გაუგრძელებია ეს საქმე. თუ გავითვალისწინებთ, შემდგომი პროცესი როგორც განვითარდა და უცნაურ პირობებში რატომაც დატოვა ნინო შუბლაძემ საკუთარი თანამდებობა, ეს იყო მომხდარის გამო მისი პროტესტი“.

ჩვენ შევეცადეთ მაგთის პრესსამსახურთან დაკავშირებას, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.