ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა, ფაქტობრივად, დასრულებულია. პარლამენტი მას პირველი მოსმენით საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებს. არასამათავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლები სწორედ ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვენ, რომლებმაც უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია დაიწყებს. თუმცა, ამ არასამთავრობო სექტორის მიერ დაწყებულ აქციას, არასწორს და არაადეკვატურს უწოდებენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მათივე კოლეგები.
რეალურად რა მიზანი აქვს „ეს შენ გეხებას“ ორგანიზატორებს, გრანტი თუ პოლიტიკური მოტივაცია? ამ საკითხებზე for.ge. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
„ეს შენ გეხება“-ს გარშემო გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება კრიტიკის საფუძველი გახდა როგორც მათი კოლეგების, ასევე ხელისუფლების მხრიდან - რატომ დუმდნენ, თუნდაც, 2 ან 3 წლის წინ? - ასე ისმის არასამთავრობოთა მისამართით დასმული კითხვა. რამდენად საფუძვლიანია ეს კრიტიკა?
რამაზ საყვარელიძე: ძნელია შეედავო, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს აქციები, თუნდაც, მოსმენებთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ თინა ხიდაშელმა გამოთქვა საყვედური იმასთან დაკავშირებით, რომ იგივე ტონში ლაპარაკი დღევანდელ ხელისუფლებასთან, როგორც ელაპარაკებოდი წინა ხელისუფლებას, არ მიმაჩნია გამართლებულადო. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ჩემის აზრით, პრობლემა გახლავთ ის, რომ მაშინ ხელისუფლების მოსმენის ფაქტები იდო ეკრანზე.
ჩვენ გვიჩვენედნენ როგორ უსმენდნენ სხვებს. დღეს ასეთი ფაქტები არ გვაქვს. ამიტომ, უფაქტო ბრალდებასავით გამოდის. ეს მძაფრ შეძახილს, გავს, რომ არიქა, ქვეყანაში რაღაცა ხდება, მიმდინარე მოვლენები ფაქტებით არ ამყარებს. ამიტომ ჩნდება ეს კრიტიკულობა ისეთი ხალხისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ამავე საკითხზე იყვნენ კრიტიკულნი,
მითუმეტეს, რომ კანონმდებლობაზე ერთობლივად მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლება.
შს მინისტრის მოადგილის ინტერვიუ იყო ამ საკითხზე და ისიც გამოთქვამდა გაკვირვებას - რა მოხდა, არ მესმისო. აი ასეთი შეუსაბამობაა რეალურ ვითარებასთან. ფაქტები არაა გახმაურებული და, ამავე დროს, სოციალური რეკლამის დონეზე მიდის ამ საკითხის პედალირება. ეს შეუსაბამობა სახეზეა.
„ძირგამომთხრელი საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ“ - ასეთი იყო პრემიერ-მინისტრის შეფასება. ეთანხმებით ამ შეფასებაში ირაკლი ღარიბაშვილს?
- ვიცით, რომ მძაფრი რეაქცია ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს. სიმართლე გითხრათ, ასეთი ტერმინი „ძირგაგამოთხრელი“ ჩემი შორეული ახალგაზრდობის მერე არც გამიგია, მაგრამ ქართული სინამდვილე, ალბათ, შეჩვეულია იმას, რომ პოლიტიკოსები უფრო მძაფრ გამონათქვამებს ხმარობენ, ვიდრე შეიძლება სიტუაცია იყოს.
ამ შემთხვევაში გამონათქვამის სტილისტიკას არ გავხდიდი მსჯელობის საგნად, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოებრიობის ინტერესებს, შეიძლება პრემიერი გულისხმობდა იმას, როდესაც საკითხის ასეთი პედალირება ხდება, რომ ყველას უსმენენ, ერთი მხრივ ასეთი რამ პრობლემებს გააჩნეს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის შიდა პოლიტიკური ასპექტი.
ძალზედ ხელსაყრელია დღეს ყოფილი ხელისუფლებისთვისაც საზოგადეობაში შეიქმნას აზრი, ის რასაც საყვედურობდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ აგერ „ქართული ოცნებაც“ იგივეს აკეთებს. წინასაარჩევნოდ ეს აზრი უდაოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხამს წყალს.
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პოლიტიკური ქვეტექსტები ამ კამპანიას გააჩნია. დღევანდელ მსოფლიოში როდესაც აგერ გახმაურებული ფაქტებია იმაზე, რომ ამერიკა უსმენს ევროპის ლიდერებს, ალბათ, შენც რომ გაგიჩნდეს ასეთი აზრი, რომ გისმენენ, გასაკვირი ნამდვილად არაა, მაგრამ ფაქტიური მასალა უნდა იყოს. ან მოსმენის შედეგად უნდა ხდებოდეს რაღაცა, რაც მიუთითებს, რომ მოუსმინეს - იმის ანალოგიური რა ექსპერიმენტიც ჩაატარა გოგა ხაჩიძემ.
თუმცა, ეს არ იყო სერიოზული ფაქტი ვამტკიცოთ, რომ გვისმენენ...
- რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი სერიოზული ფაქტი უნდა არსებობდეს, რომელიც მიგანიშნებს, რომ მოსმენებს აქვს ადგილი. თუ ასეთი ფაქტები არაა, მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგადად მოსმენის ინსტიტუტი არსებობს და შეიძლება გისმენდნენ, დამაჯერებელი ვერ იქნება. ამ კამპანიას შეიძლებოდა ჰქონოდა უფრო მშვიდობიანი ხასიათი, მაგრამ კონფრონტაციული პროცესი დაიწო თვითონ კამპანიამ. თუ გრანტი იყო ამის უკან, გრანტებს უყვართ ხმამაღალი შესრულება თავისი სოციალური რეკლამით და ა.შ. მაგრამ ღირს კი გრანტის გამო ეს კონფრონტაცია?
მტკიცებულების გარეშე მსგავსი კამპანიის წარმოებას, რომ გვისმენენ, ალბათ, აქვს თავისი მიზეზიც. შეიძლება ითქვას, რომ მთავარი მიზეზი არის გრანტი?
- გრანტის ინტერესის ბრალდება კიდევ სხვა ტვირთია. ასეთ ბრალდებაზე თითის დადება გამიჭირდება, იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციებს თავისი წილი დიდი თუ მცირე გმირობა ჩაუდენიათ თავის დროზე. ესენი სწორედ ის ორგანიზაციებია, რომელზეც გული არ გეთანაღრება, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგან. თუმცა, ყველანი ადამიანები ვართ, თუკი შემოსავალი მხოლოდ გრანტია, მაშინ გრანტს ეძებენ.
რაღაცა ბრალდების ტონი რომ არ იყოს, მაშინ არ გაჩნდებოდა ეს კითხვები, მაგრამ ბრალდების ტონი ფაქტების გარეშე, ეს აჩენს ამ დამოკიდებულებას ხელისუფლების მხრიდან - რას გვერჩით, რა გინდათ ჩვენგან. მაინც მგონია, რომ სწორი იქნებოდა გარკვეული კრიტიკულობა გამოეჩინა ორივე მხარეს. თვითკრიტიკის გარეშე შეუძლებელია. რაღაცაში უნდა იყო თვითკრიტიკული, მერე იპოვი იმ გზას, რითაც კონფრონტაცია მოიხსნება.
როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური დივიდენდები შესძინა ამ კამპანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას, რომ ხდება მოსმენები და ფარული მიყურადება? ამას აქვს თავისი პოლიტიკური მხარე ორგანიზატორების მხრიდან, ისინი გარკვეული სახის პოლიტიკურ კამპანიას ხომ არ აწარმოებენ?
- მოსმენებთან დაკავშირებულ კამპანიას აქვს თავისი პოლიტიკური მხარე. ანუ ნაციონალებს აქვთ იმის ინტერესი, რომ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდეს მომსმენი და ამ მარტივი მიზეზის გამო, ნაციონალები არ იქნებიან მარტო. რაც შეეხება კითხვას, ასეთი პოლიტიკური ინტერესების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები გვინახავს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი თავისი ხელისუფლება არასამთავრობოებით დააკომპლექტა, ვინაიდან ისინი ჩართული იყვნენ ამ პოლიტიკურ საქმიანობაში. პოლიტიკური პროცესები მაშინ ისე მიდიოდა, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებასთან ახლოს იყვნენ. პოლიტიკამ მიიზიდა არასამთავროების ის ნაწილი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ „ვარდების რევოლუციაში“ და შემდეგ უკვე ხელისუფლებაში მოვიდნენ. ასეთი სიტუაცია დღეს არაა.
ასევე ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობა არის საკმაოდ დაბალი და ეს ყველა გამოკითხვაში ჩანს...
- გეთანხმებით, გამოკითხვებშიც ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია-ხოლმე არასამთავროების მიმართ, რადგან ისინი ხშირად, ანგარიშს გრანტის მომცემთა ღირებულებებს უფრო უწევენ, ვიდრე ქართული საზოგადოების ღირებულებებს. ძალიან ხშირად საზოგადოებაში ეს იწვევს უნდობლობას და გაღიზიანებას მათ მიმართ.