ვენდეტა ქართულად

ვენდეტა ქართულად

ნოშრევან ნამორაძის მიერ დავით კოდუას ცემის ფაქტი საზოგადოების განსჯის საგნად იქცა. ზოგიერთებმა ნოშრევანი გმირად შერაცხეს, ზოგისთვის კი მისი საქციელი გამწარებული ადამიანის ნამოქმედარია, რომელმაც ქვეყანაში სამართალი ცივილური ფორმით ვერ იპოვა. უფრო შორს წავიდნენ „ფორუმელები“, რომლებმაც გამოკითხვაც კი ჩაატარეს - „უნდა ეცემა თუ არა ნოშიკოს დავით კოდუა“? მათ პასუხებში დადებითი რეაქცია სჭარბობდა. აშკარაა, საზოგადოება მორიგი შურისძიებების მოლოდინშია და ისმის შეფასებებიც:

„ჯერ სად ხართ, მტაცებელო ნაცებო, თქვენზე ნადირობა აწი დაიწყება! ახლა განახებენ, როგორ უნდა ადამიანის გამწარება“...

„შენმა მარჯვენამ გაიხაროს, ნოშრევან!“...

„სად ერთი გამწარებული კერძო ტიპი რომ ჩადის დანაშაულს და სად სახელმწიფო რომ არის დამნაშავე“...

„იმდენი ხალხი ჰყავთ გამწარებული, ეგენი ქუჩაში სიარულს ვერ უნდა ბედავდნენ“...

„ოცნებამ“ იმას მიაღწია, რომ ხალხმა სამართლის ძებნის საკუთარი გზა ირჩია“...

„ნაცებს კალოობა დაეწყოთ, ნაცები უნდა გადაჯიშდნენ საქართველოდან და ლიბერასტებიც უკან მიყვნენ!“...

თავად ნოშრევან ნამორაძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სულში ჩაფურთხებულად გრძნობდა თავს. კოდუების მხრიდან უკანონოდ დაკავებისა და ქონების წართმევის შემდეგ იგი, უბრალოდ, ითხოვდა ადამიანურ ბოდიშს, რაც არ მომხდარა. სწორედ ამან გამოიწვია მისი განრისხება. თუმცა დავით კოდუას ცემის შემდეგ აწ უკვე ბრალდებულ ნამორაძეს მიმალვა არ უცდია და იგი თავად ჩაბარდა გამოძიებას.

„2008 წელს კოდუების ოჯახმა გაგვანადგურა და დაგვტოვა ქუჩაში. ერეკლე და დავით კოდუებმა დაავალეს ნუკრი ჩიკვილაძეს ჩემთვის ნარკოტიკის ჩადება. ჩამიდეს დიდი ოდენობით ჰეროინი. ჩემთვის ქონების წართმევა და მატერიალური მხარე უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც მოხდა. ნარკოტიკთან შეხება საერთოდ არ მქონია. შემჩნეულიც არ ვყოფილვარ, თუმცა ისინი დადიოდნენ ქალაქში და ყველას ეუბნებოდნენ, რომ მე აღმომაჩნდა ჰეროინი. ამასთან, ჩემი მეუღლე ქუჩაში ჩამოაგდეს და ის მანქანა წაიყვანეს, რომელშიც იჯდა. ამის შემდეგ დამაკავეს“, - აღნიშნა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნოშრევან ნამორაძემ.

ნაციონალების მიერ დაკავების შემდეგ ის „იძულებული გახდა“, ეღიარებინა არარსებული დანაშაული, რაზეც ციხიდან გამოსვლის შემდეგ 500 ათასი ლარი გადაახდევინეს. მოგვიანებით აიძულეს, დაეთმო „ტიფლის დეველოპმენტი“. ქონება 200 ლარად კოდუებთან დაახლოებულ პირზე - გოგა ზაქაიძეზე გადააფორმეს.

მოჰყვება თუ არა ნოშრევან ნამორაძის შურისძიებას ჯაჭვური რეაქცია და განხორციელდება თუ არა სხვა პრეცედენტებიც?! რას ფიქრობენ მომხდარის შესახებ „ნაცმოძრაობისგან“ დაზარალებული ბიზნესმენები?!

For.ge ბიზნესმენ მამია სანადირაძეს ესაუბრა, რომელსაც ყოფილმა ხელისუფლებამ „კავკასუს ონლაინი“ ძალადობრივად ჩამოართვა და, რომლის საქმეც დღეს საქართველოს პროკურატრურაში სრულ სტაგნაციაშია, ინგლისის სასამართლოში კი მიმდინარეობს სამოქალაქო დავა. მამია სანადირაძის პერსონა იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ იგი, ამავდროულად, მოძრაობა „დააბრუნეს“ ხელმძღვანელიცაა, რომელიც უამრავ დაზარალებულ ბიზნესმენს აერთიანებს. მამია სანადირაძე მიიჩნევს, რომ ნოშრევან ნამორაძის ქმედება შურისძიების ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. თანაც, გაგრძელდება შემზარავი ფორმებით, რადგან შურისმაძიებელი ადამიანი ფსიქოლოგიურად ამაში იღებს სიამოვნებას. ეს მისთვის საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განადგურდება, გალოთდება...

„ნოშრევან ნამორაძის პრეცედენტი მეტყველებს, რომ ეს პიროვნება უფრო გაბედული აღმოჩნდა სხვებთან შედარებით. შურისძიება სხვადასხვა მეთოდით ხდება, ზოგი თავად დაგეგმავს, მიეპარება სადარბაზოში და აგურს ჩაარტყამს დამნაშავეს, ზოგი წავა და კრიმინალების დახმარებით მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას. შურისძების დაგეგმვა ძალზე დიდხანს მიმდინარეობს. ადამიანები, რომლებიც გაიძარცვნენ და მათი ქონება მიტაცებულ იქნა, რომლებიც დაამცირეს და დილეგში ჩააყარეს, თავადვე საჭიროებენ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, რათა სამომავლოდ მათ შეძლონ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა. სწორედ ამისთვის ცდილობს ცივილიზებული სამყარო- სასამართლო, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები, დანაშაული გამოიძიონ და დაზარალებულებმაც ნახონ, რომ დამნაშავეს სამართლის ძალით მიეზღა.

ჩემთან მოსული ძალიან ბევრი ბიზნესმენი დემორალიზებულია, მათ აღარ აქვთ ბიზნესის წარმოების უნარი, ბევრი გალოთებულია, ვერ გადაულახავს დამცირება-შეურაცხყოფა. ეს ადამიანები შურისძების გარეშე ვერ ახერხებენ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ზოგს ეს შურისძიება ურჩევნია, ფიქრობს ამით ვაჟკაცის სახელს დაიმკვიდრებს საზოგადოებაში და ამის შემდეგ შეეძლება ბიზნესსაქმიანობის გაგრძელება. რა თქმა უნდა, არ ვამართლებ შურისძიებას, ვემხრობი ცივილიზებულად დანაშაულების გამოძიებას, რომელიც ადვილად გამოსაძიებელია, თუ გვინდა, დესტრუქციული საზოგადოება არ მივიღოთ“,-აცხადებს მამია სანადირაძე.

მისივე თქმით, აქ არაფერ შუაშია მრავალმილიონიანი თუ მილიარდიანი ზარალი, რითაც მმართველი ძალა აპელირებს. მთავარია, ამ ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, მათ უნდა დაინახონ, რომ დამნაშავემ პასუხი აგო. მაშინ ჩვენი საზოგადოება შურისმაძიებელთა საზოგადოებად არ გადაქცევა. ამიტომ უნდა შეიქმნას ცალკე დეპარტამენტი, რომელიც სამართლიანი პროკურორებით დაკომპლექტდება.

„ნაცმოძრაობა“ ქონების ჩამორთმევას და დანაშაულების გაფორმებას საკმაოდ ოსტატურად ახერხებდა. ეს საქმეები თუ არ გამოიძია პროკურატურამ, ძნელი დასამტკიცებელი იქნება მათ მიერ დაკანონებული ძარცვა. როგორც ნოშრევამ ნამორაძემ თქვა, მას „აახიეს“ ქონება, რის გამოც მან შური იძია. უკვე გავიდა წელიწადნახევარზე მეტი და პირადად მეც პროკურატურაში მეუბნებიან, გამოძიება მიმდინარეობსო. ვადები შეზღუდული არ არის და ეს „გამოძიება“ შეიძლება სამარადისოდ გაგრძელდეს. ვერ მოვახერხეთ სახელმწიფოს მიეღო ვადები, რათა ამ ვადებში ჩატეულიყო გამოძიება“, - აცხადებს მამია სანადირაძე.

ჩვენ ვესაუბრეთ დაზარალებულ ბიზნესმენს ჯემალ ლეონიძეს, რომელიც ათობით მილიონი დოლარის ქონებას ფლობდა, ახლა კი უსახლკაროდაა დარჩენილი. ჯემალ ლეონიძემ კომპანია „მაგნატი 2006“ დააარსა. მისი ძირითადი საქმიანობა ნავთობპროდუქტების შეძენა-რეალიზაცია იყო. თუმცა 2009 წელს უკანონოდ დააპატიმრეს და ქონებაც წაართვეს.

„ვინ არის დავით კოდუა, რომ მასზე ვილაპარაკო? ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტია და მისი ვალდებულებაა, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას, რა უკანონობაც კოდუების დროს ხდებოდა. თუ კარგი კაცია მისი ქმარი, რატომ გაიქცა საქართველოდან? ნანუკამ იცის ხოლმე „იაზვურად“ გამოსვლა და კომენტარების გაკეთება, მაგრამ ნოშრევან ნამორაძემ ვაჟკაცურად გააკეთა, კოდუასავით კი არ დაიმალა, როგორც ის ვალერი გელაშვილის ცემის შემდეგ მოიქცა, არამედ პოლიციაში გამოცხადდა და განაცხადა, რომ მან სცემა დავით კოდუა. მივესალმები ასეთ კაცურ საქციელს. ვერ ვიტყვი, რომ ადამიანის ცემის ფაქტს ვამართლებ, მაგრამ შეიძლება, მეც უარესი გამეკეთებინა, თუ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი. ასეთ რამეს ადამიანი წინასწარ განზრახულად არ აკეთებს, ალბათ, რაღაცით იძულებული გახდა იმ მომენტში. შეიძლება ვინმემ იფიქროს, მე თუ სახლს და წართმულ ბიზნესს არ დამიბრუნებენ, მივალ და კეზერაშვილის მშობლებს ან ძმას ბომბს შევუგდებ, ნაღდად არ მაქვს ასე გათვლილი, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება“, - აცხადებს ჯემალ ლეონიძე For.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება უშუალოდ მის საქმეს, ბიზნესმენის თქმით, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი საქმის გამოძიება პროკურატურაში დასრულებულია, მაგრამ დღემდე არც დაზარალებულს აცხადებენ, არც -დამზარალებელს.