უკანონო ან სანქცირებული მოსმენა თუ პროვოკაცია?!

უკანონო ან სანქცირებული მოსმენა თუ პროვოკაცია?!

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე თვეა, აჟიოტაჟია ატეხილი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც კი გაერთიანდა „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში და ხელისუფლებას ერთიანად შეუტიეს, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდელობის მიღება დაეჩქარებინათ. „ეს შენ გეხებასთვის“ „რუსთავი-2“-ის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მათ ფარულად უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ, დამატებითი აღმაშფოთებელი არგუმენტი აღმოჩნდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის განცხადების საფუძველზე გამოძიება უკვე დაიწყო. პროკურორ კოკა კაციტაძის განმარტებით, მოხდება ყველა იმ ჩანაწერის, ტექნიკური მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ტელეკომპანია ფიქრობს, რომ საეჭვოა.

მთავარ პროკურატურაში შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ღონისძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმრიტება. საგამოძიებო ჯგუფი ტელეკომპანიაში უკვე შესულია.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ვახტან ხმალაძის განცხადებით, გამოძიებამ უნდა გამოავლინოს, მართლა იყო თუ არა ფარული მოსმენა თუ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი ან ხომ არ არსებობს სასამართლო განჩინება, რომლითაც გაიცა ნებართვა ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის მიყურადების თაობაზე.

„რუსთავი 2“-ში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერების საქმით სახალხო დამცველიც დაინტერესდება და უნდა მოხდეს ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც შესაძლოა წარმოიშვას ამ საკითხთან დაკავშირებით.

საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე თვლის, რომ როგორც ჩანს, შს სამინისტროში ინფორმაცია დაცული არ არის და ვინ რა მიზნით და რატომ გამოიყენებს ამას, ცალკე თავის ტკივილია - „ერთი პრობლემაა, თუ რატომ ხდება თვალთვალი და მიყურადება, მეორე კი ის, რომ ინფორმაცია შს სამინისტროდან ჟონავს და მას დაცვა სჭირდება“.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში განხორციელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება სასწრაფო წესით ჩატარდება და მალე დადგინდება რა მოწყობილობაზეა საუბარი. ამასთან, მისივე განმარტებით, ძალიან კარგია ისიც, რომ „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა, თავის დროზე ფარულ ჩანაწერების განხორციელებაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა.

ამ ფაქტს, ვიცე-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ „რუსთავი-2“-ის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასება გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს.

შსს-ს განცხადებით, მოკვლევა უკვე დაიწყო პროკურატურამ და გამოძიების შედეგებს გაგვაცნობენ. კითხვაზე, დაიწყო თუ არა შიდა მოკვლევა შსს-დან ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გვიპასუხა, რომ გამოძიების შედეგებს გვაცნობებენ და ამ ეტაპზე მათი კომენტარი ამით ამოიწურება.

საზოგადოებაში უკვე ორად გაიყო აზრი, ერთი ნაწილი თვლის, რომ თვალთვალი და მოსმენები კვლავაც გრძელდება, მეორე ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროვოკაციას. ამ ფაქტის შეფასება for.ge-მ ექსპერტ კახა კახიშვილს სთხოვა.

ბატონო კახა, ცნობილია, რომ გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა საზოგადოება აღშფოთებულია და კითხვებზე პასუხს ითხოვს...

- თვითონ ფაქტი წარმოადგენს საფუძველს, რომ დაიწყოს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოძიების დაწყება ნიშნავს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას - ყველა ნიუანსი და კითხვის ნიშანი, რომელიც გაჩნდა ამ საკითთან დაკავშირებით, უნდა იქნას შესწავლილი გამოძიების შედეგად და სწორედ გამოძიებამ უნდა წარუდგინოს საზოგადოებას კარგად დასაბუთებული არგუმენტირებული და დამაჯერებელი პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას გააჩნია.

სამწუხარო ტენდენცია ფარული მასალების გამოქვეყნების და თვალთვალისა ისევ გრძელდება, მაგრამ ამავდროულად, არ გვაქვს შესაძლებლობა, განვაცხადოთ, რომ ის ვერსია, რომელიც „რუსთავი-2“-ის თანამშრომლებმა წარუდგინეს საზოგადოებას, ობიექტური ჭეშმარიტებაა, თუმცა, ვერც უარვყოფთ ამ ფაქტს.

გარდა ამისა დასადგენია, როდის, ვის მიერ, რა ვითარებაში იქნა გადაცემული ასეთი ტიპის მასალა. დასადგენია, როდის და ვის მიერ დამონტაჟდა ასეთი ტიპის სათვალთვალო აპარატურა „რუსთავი-2“-ის ხელმძღვანელების სამუშაო კაბინეტებში.

ეჭვს ბადებს ერთი მომენტი - „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათ ვერ იპოვეს სათვალთვალო აპარატურა კაბინეტებში. იმ მასალიდან, რომელიც გავრცელდა, რთული დასადგენი არ არის, რომელი რაკურსიდან იღებდა კამერა გენერალური დირექტორის საუბარს - იმ მონაკვეთში რატომ ვერ აღმოაჩინეს სათვალთვალო კამერა, ესეც დასადგენია გამოძიების მიერ.

კამერის დამინტაჟება არ ხდება კვალის გარეშე და გამოძიება უნდა დაინტერესდეს, დარჩა თუ არა შესაბამისი კვალი. ვფიქრობ, ეს საკითხი კარგად არის შესასწავლი, რამდენ ვერსიაზეც არ უნდა ვისაუბროთ - საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნამდვილად შს სამინისტროს თანამშრომლების მიერაა გაკეთებული, მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს შესაძლოა, იყოს პროვიკაცია „რუსთავი-2“-ის მხრიდან, მაგრამ ყველა ვერსიას პასუხი მხოლოდ გამოძიებამ უნდა გასცეს.

ამიტომ, უნდა დაველოდოთ გამოძიების მასალებს. მართალია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის კომპეტენცია მხოლოდ და მხოლოდ გამოძიებას გააჩნია.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია, მოუწოდებენ ხელისუფლებას შესაბამისი, გამკაცრებული კანონის მიღებას. როგორ ფიქრობთ ეს ფაქტი დააჩქარებს ამ პროცესს? ხელისუფლება ამბობს, რომ მომავალ კვირაშია დაგეგმილი ამ კანონის განხილვა...

- ამ კანონის გამკაცრებას ითხოვს მთელი საზოგადოება. როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა, მან განაცხადა, რომ შს სამინისტროს შენობაში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის შენობაში აღმოაჩინეს ძალზე დიდი რაოდენობა ფაილების, რომელიც დანაშულებრივი გზით იყო მოპოვებული შს სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, სხვადასხვა მიზნებითა და ამოცანებით.

გამოდის, შს სამინისტრომ ირიბად დაადასტურა, რომ დღეს შესაბამის სპეცსამსახურებს გააჩნიათ შესაბამისი აპარატურა, მასობრივ თვალთვალისა და მიყურადებისთვის. საყურადღებოა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ კუთხით რეგულაციები არ შეცვლილა.

ხელისუფლება ჩვენ გვეუბნება: მართალია, ასეთი აპარატურა არსებობს, მართალია, არსებობს შესაძლებლობა მოუსმინოს და უთვალთვალოს დანაშაულებრივი გზით და ხერხებით, მაგრამ შს თანამშრომლები კეთილ ნებას იჩენენ და ასეთი ტიპის აპარატურას არ იყენებენ.

საზოგადოება ითხოვს, რომ თუ სპეცსამსახურები უარს აცხადებენ იმ დანაშაულებრივ პრაქტიკაზე, რომელიც დამკვიდრებული იყო შს სამინისტროში წლების განმავლობაში, მაშინ არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას რეგულაციების გამკაცრება ისე, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებას ჰქონდეს შესაძლებლობა, კანონით დადგენილი ამოცანების შესრულებისთვის გამოიყენოს ეს აპარატურა, როგორც დანაშაულის პრევენციის ისე მისი გახსნის შემთხვევაში, თუმცა პოლიტიკური ან სხვა მიზნების შესასრულებლად ამ აპარატურის გამოყენების საშუალება არ უნდა ჰქონდეს - ამის გაწერა საკმაოდ ადვილია იმ კანონმდებლობაში, რომელიც არეგულირებს ამ საქმიანობას.

გახსოვთ ალბათ, როდესაც შეიკრიბა ფარული თვალთვალისა და მიყურადების საქმიანობის შემსწავლელი კომისია. მაშინ სამწუხაროდ, შს სამინისტრომ, მთავარმა პროკურორმა, იუსტიციის მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ნაწილობრივ გაანადგურეს ის ფაილები, რომლებიც უკავშირდებოდა იმ მტკიცებულებას, რომელიც დანაშაულებრივ თვალთვალსა და მიყურადებას ეხებოდა.

ვფიქრობ, იმ დროს ქვეყნის ხელისუფლებას რომ მყარი პოზიცია გამოეჩინა და განადგურების ნაცვლად დაეწყო ინტენსიური მუშაობა იმ პირების გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომლებიმაც წლების განმავლობაში დანერგეს ასეთი დანაშაულებრივი სისტემა, ნაკლები კითხვის ნიშნები იქნებოდა ამ ხელისუფლებასთან.

ის თანამშრომლები, რომლებიც ასეთ დანაშაულს სჩადიოდნენ წლების განმავლობაში, დღესაც მუშაობენ შს სამინისტროში და მათი პრაქტიკა, მხოლოდ და მხოლოდ, დანაშაულებრივი გზით მასალების მოპოვება და ადამიანების შანტაჟია. რა თქმა უნდა, საზოგადოება წუხს ამაზე და უჩნდება კითხვები.

რუსთავი-2“- დავუბრუნდეთ, გვარამია აცხადებს, რომ მისი ინფორმაციის წყარო იყო შს სამინისტრო. თუ ასეა, გამოდის შს სამინისტროს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს?

- ხელისუფლებას ერთი რამ ავიწყდება, მართალია, ვიღაც იყენებს იმ მანკიერ პრაქტიკას, (ამას არ ვადასტურებ ალბათობით ვსაუბრობ), ამ ვიღაცას აწყობს ამ მაინკიერი პრაქტიკის გამოყენებით რაღაც ინფორმაციის მიღება, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, ისევ მეგობრულ ურთიერთობაში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

არ გამიკვირდება, თუ მოსმენებთან და თვალთვალთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობას“ უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ხელისუფლებას. ამ და ყოფილ ხელისუფლებას აკავშირებს ის თანამშრომლები, რომლებიც წლების განმავლობაში ასეთ სისტემას ინარჩუნებდნენ და რომლებიც დღესაც მუშაობენ თანამდებობებზე, ზოგიც დაწინაურებულია.

შს სამინისტროს რეფორმირება სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ არ მოინდომა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაპირება იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში.

დღეს ვერაფერს ვერ დავადასტურებ, სინამდვილეში ჰქონდა თუ არა ამ ფაქტს ადგილი, ან იყო თუ არა ინსპირაცია. მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლების ბერკეტები იძლევა ამის დადგენის და დადასტურების საშუალებას, მაგრამ კითხვები რომ არსებობს და ამ კუთხით და საზოგადოებაც რომ მოითხოვს რეფორმის ჩატარებას, ეს ფაქტია.

თქვენ აღნიშნეთ, რომ კადრების მიხედვით ადვილი იყო რაკურსის დადგენა, თუმცა გვარამია აცხადებს, რომ სათვალთვალო მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. შესაძლებელია გამოძიებამ უფრო დეტალური ინფორმაცია მოიძიოს?

- კადრების მიხედვით პირდაპირ ჩანს, საიდან იღებს კამერა, მაგრამ აპარატურა ადგილზე აღარ არის. უნდა იყოს კვალი ამ აპარატურის, რომელიც ალბათ მიმაგრებული იყო და შსაბამისად, ხვრელები უნდა დარჩენილიყო.

ითქვა, რომ ხვრელები იპოვეს...

- ეს უკვე კრიმინალისტების საქმეა, ანაბეჭდების აღებით თუ სხვა შესაძლებლობებით დადგინდება, ჰქონდა თუ არა გაყვანილობა იმ სათვალთვალო კამერებს, სად მიდიოდა ეს გაყვანილობა, რა დრო დასჭირდებოდა ასეთი გაყვანილობის დამონტაჟებას და შემდეგ მის დემონტაჟს და ა.შ. ძალიან ბევრი კომპლექსური საკითხია, რომელიც გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ჭეშმარიტების დასადგენად.

შეიძლება დავუშვათ, რომ არსებობდა სასამართლოს სანქცია ამ მოსმენასთან დაკავშირებით?

- სულ არის სამი ვერსია ერთი, რომ შს სამინისტრო უკანონოდ ახდენდა მოსმენასა და თვალთვალს, მეორე - შს სამინისტრო კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს სანქციით კანონიერად უსმენდა და უთვალთვალებდა, მესამე ვერსია - ინსპირირებული ხომ არ იყო პოლიტიკური მიზნებით რაღაც ჯგუფის მიერ.

ჩემი აზრით, გამოძიებამ ამ სამ ვერსიაზე უნდა იმუშაოს და რომელი ვერსიაც დადასტურდება, შესაბამისი მტკიცებულების საფუძველზე უნდა გამოკვეთოს ის პირები, რომლებიც პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი.

თუ გაირკვევა, რომ კონკრეტული სასამართლო სანქციის ფარგლებში ხორციელდებოდა მოსმენა, ამის შესახებაც უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია.

საქართველოს პროკურატურამ გამოძიების პროცესში უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი, თუმცა მეორე საკითხია, დაუჯერებენ თუ არა პროკურატურის გამოძიების შედეგებს. თუ გამოძიების მასალები იქნება მყარი და მტკიცებულებათა ნაწილში პროკურატურას ისეთი პრობლემები არ შეექმნება, როგორც სხვადასხვა საქმეებზე ექმნებოდა, ბოლო თვეების განმავლობაში, ვფიქრობ ამ საქმეს ნათელი მოეფინება. იმედს ვიტოვებ ეს საქმე გადაფარული არ იქნება სხვა საქმეებით.

თუ პროკურატურა ვერ დაადგენს ჭესმარიტებას, კითხვები უკვე ხელისუფლებათან გაჩნდება. ყველაზე მეტად, ვისაც დღეს ამ საკითხის დროულად შესწავლა უნდა აწყობდეს, ხელისუფლებაა. პასუხგაუცემელი კითხვები მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მიმართ გააჩენს დამატებით კითხვებს. ეს კი საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააბრაზებს, შექმნის განწყობას, რომ არაფერი არ შეცვლილა გარდა იმისა, რომ აღარ გვცემენ და გვაშინებენ ისე პირდაპირ, როგორც ამას აკეთებდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში.

არჩევნების წინ ასეთი სკანდალი ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს, თუ დავუშვათ, პროკუტარურამ კვლავაცმოიკოჭლა“, საზოგადოების მორიგი იმედგაცრუება არჩევნების შედეგებზე აისახება?

- არჩევნების შედეგებზე არ მგონია აისახოს, ის მოტივირებული ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, რადიკალურად არ შეიცვლის განწყობას. თუმცა პოლიტიკური ვითარება ნელ-ნელა დაიძაბება. შესაძლოა, ამ არჩევნებისთვის ეს განწყობა არ აისახოს, მაგრამ თუ დადასატურდა, რომ ეს შს სამინისტროს მიერ არის გაკეთებული, შესაძლოა, უფრო მეტად დაძაბოს ვითარება კოალიციის შიგნითაც და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვისაც.