თბილისის საკრებულომ მერიის პროექტი „თბილისის ადვოკატი“ არ დაამტკიცა. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ჯინჭარაძემ განმარტა, რომ საკრებულო მერის მოვალეობის შემსრულებელ სევდია უგრეხელიძეს საშუალებას არ მისცემს, წინასაარჩევნოდ პროექტ „თბილისის ადვოკატის“ თანხები არამიზნობრივად დახარჯოს.
დავით ჯინჭარაძეს მიაჩნია, რომ თბილისის მერია ამგვარი უპასუხისმგებლო პროექტების მეშვეობით პარტიული მიზნებისთვის სახსრების მოძიებას ცდილობს, დედაქალაქის მერიას კვლავაც უფლებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა მართავს და სწორედ მის მსგავსად მოქმედებს ამჟამინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძეც. კერძოდ, იმის მიუხედავად, რომ სევდია უგრეხელიძე ამჯერად ოფიციალურად არ არის პროექტის მმართველი, სინამდვილეში, სწორედ ის განკარგავს ამ თანხებს, რაც წელიწადში ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე მერიას კონკურსის ჩატარებისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიეცეთ საშუალება, განახორციელონ ეს პროექტი.
წლების წინ „თბილისის ადვოკატის“ სახელი სწორედ სევდია უგრეხელიძეს დაუკავშირდა. იგი იყო ამ პროექტის კოორდინატორი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხშირად მოსახლეობას მერიის უკანონო გადაწყვეტილებებთან შეჯახება უწევდა, სავარაუდოდ, ინტერესთა კონფლიქტიც წარმოიქმნებოდა. ამიტომ საინტერესოა, რამდენად გამართლებული იყო „თბილისის ადვოკატის“ ამოქმედება სწორედ დედაქალაქის მერიის წიაღში, მიუხედავად იმისა, რომ მერიაში იმთავითვე ირწმუნებოდნენ, რომ „იუესაიდის“ დამატებითი დაფინანსებით ხდებოდა აღნიშნული პროექტის გაფართოება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ხანგრძლივობა 20 თვეს შეადგენდა და სოციალურად დაუცველთა გარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა იურიდიულ დახმარებასაც ითვალისწინებდა.
საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა, 500 ათასი ლარი იხარჯებოდა პროექტ „თბილისის ადვოკატისთვის“. მოსახლეობას იურიდიული კონსულტაცია უტარდებოდა კონკურეტულ წერტილებში, ძირითადად - გამგეობებში, რაც პარტიული მიზნით გამოყენების ეჭვებს აღძრავდა.
„ამ პროექტის თანახმად, კონსულტაციების ჩატარების მიზნით ხდებოდა სტუდენტური ჯგუფების მობილიზება. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამას ბევრი ეჭვი უკავშირდებოდა. ამიტომ ამ ეჭვებისგან თავის დაზღვევის მიზნით არსებობს იურიდიული კონსულტაციის გამწევი კვალიფიციური და პროფესიული კერძო სტრუქტურები, მათ შორის, ადვოკატთა კავშირი და კოლეგია, რომელმაც შეიძლება ამიერიდან უფრო კომპლექსური და კვალიფიციური მომსახურება გაუწიოს თბილისის მოქალაქეებს, თუკი შესაბამისი თანხა იქნება გამოყოფილი ამ მომსახურებისთვის. მიმაჩნია, რომ თავად თბილისელების იურიდიული მომსახურება უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და თბილისელებს უნდა შევთავაზოთ ეს სერვისი. თუმცა არ უნდა დავიწყოთ სტუდენტების ძიება და არ უნდა გამოვიყენოთ ახალგაზრდები პარტიული მიზნებისთვის“, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
რაც შეეხება თავად „თბილისის ადვოკატის“ პროექტს, რომელიც გასულ წლებში მოსახლეობას უფასო კონსულტაციას უწევდა, მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ, თუ „თბილისის ადვოკატის“ ადვოკატებისთვის იურისტის მორალი მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, ისინი ინტერესთა კონფლიქტს არ დაუშვებდნენ, თუმცა ისიც ფაქტია, როცა პროექტს აფინანსებს მერია, კადრებს არჩევს მერია და საქმეს აწარმოებს ისევ მერია, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რამდენად ობიექტური იქნება ეს მომსახურება?! რამდენად დაიჭერდა „თბილისის ადვოკატი“ მერიის წინააღმდეგ მომჩივანი მხარის ინტერესებს?!
„შესაბამისად, ყველაფერთან ერთად ესეც იყო არგუმენტი, რომ დედაქალაქის მოსახლეობას ობიექტური უფასო იურიდიული მომსახურება მიეღო. ამიტომ უნდა გაფორმდეს კონტრაქტი არსებულ საადვოკატო და იურიდიული კონსულტაციის სტრუქტურებთან, რომლებიც მეტი თავისუფლების ხარისხით იქნებიან აღჭულვილნი და ინტერესთა კონფლიქტი თუ გარკვეული ეჭვები აღარ იქნება“, - განმარტავს მამუკა კაციტაძე, რომლის აზრითაც, ცენტრალიზებულად ბიუჯეტიდან თანხის გადარიცხვა იმიტომ ხდება, რომ საქმის შემსრულებელმა საკუთარი ანაზღაურება მიიღოს და მას ქველმოქმედების გაწევა არ მოუხდეს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-რეფორმატორების“ თავმჯდომარის თემურ გრიგალაშვილის თქმით, პროექტ „თბილისის ადვოკატის“ დაფინანსების შეწყვეტა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან ეს უფასო პროექტი ბევრ ადამიანს ემსახურებოდა.
„მე თვითონ წლების განმავლობაში ვიყავი ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი და მახსოვს, არაერთ მოქალაქეს გაუწიეს უფასო იურიდიული თუ სხვა ტიპის კონსულტაცია. ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება მიიღოს ფასიანი იურიდიული კონსულტაცია. აბსურდია, რომ ეს კორუფციის წყარო იყო. ახლა ცდილობენ, მაღალფარდოვანი სიტყვებით გაამართლონ საკუთარი უპასუხისმგებლობა. უმრავლესობას სჩვევია პოლიტიკური განცხადებების და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების კეთება. რეალობა ის არის, რომ საკრებულოს ჰყავს უპასუხისმგებლო უმრავლესობა, რომელიც ზედაპირულად ერკვევა ამა თუ იმ საკითხებში და გადაწყველებას იღებს არა მოსახლეობის, არამედ თავისი პოლიტიკური ვიწრო პარტიული ინტერესიდან გამომდინარე“, - აცხადებს თემურ გრიგალაშვილი For.ge-სთან საუბარში.