ნელი მოქმედების ნაღმი ამოქმედდა - ანგარიშსწორება ქუჩებში

ნელი მოქმედების ნაღმი ამოქმედდა - ანგარიშსწორება ქუჩებში

„დათო კოდუა შემთხვევით შემხვდა ბარნოვის ქუჩაზე. მე მასთან მქონდა გარკვეული პრეტენზიები იმის გამო, რომ 2008 წელს დავით და ერეკლე კოდუებმა დაგეგმეს ჩემი დაჭერა. შემომიცვივდნენ სახლში, ჩამიდეს ნარკოტიკი. ამის სანაცვლოდ წაიღეს მთელი ჩემი ქონება. ეს იყო მოტივი. მანამდე შევხვდი დათო კოდუას და ვუთხარი, რომ ეს ამბავი ასე არ დამთავრდებოდა და სიმართლე უნდა დადგენილიყო, ჩემი ქონება უნდა დამბრუნებოდა.

მან არ ისურვა ამ ყველაფრის მოგვარება. შემთხვევით შევხვდი ბარნოვის ქუჩაზე და ვცემე. ჩემი ერთი წლის ბავშვი იყო მომსწრე იმის, როგორ შემომიცვივდნენ სახლში და ჩამიდეს ნარკოტიკი. მე ამას არ ვაპატიებდი არც ერეკლე კოდუას და არც დათო კოდუას“, - ეს გახლავთ „ტიფლის დეველოპმენტის“ დამფუძნებლის ნოშრევან ნამორაძის ჩვენება, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა. ნამორაძე პოლიციას თავად ჩაბარდა, მან დავით კოდუას ცემის ფაქტი აღიარა, მიზეზად კი შურისძიება დაასახელა. გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს.

დავით კოდუას ახლობლები მიიჩნევენ, რომ ნოშრევან ნამორაძეს ბრალი ორგანიზებული თავდასხმის მუხლით უნდა წაუყენონ, რადგან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თვითმხილველებიც ადასტურებენ, რომ აბაშიძის ქუჩაზე დავით კოდუას ჯგუფურად დაესხნენ თავს. ისინი ამბობენ, რომ ნამორაძეს თავდასხმის დროს სხვა პირებიც ახლდნენ, რომლებიც ამ დრომდე პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი.

ბიზნესმენ დავით კოდუას ძმის გიორგი კოდუას თქმით, როგორც მას თვითმხილველებმა უთხრეს, თავდამსხმელები გამშველებლებს სროლით ემუქრებოდნენ.

„ყოველდღე რაღაც ხდება. განუკითხაობაა, ისეთი მესიჯებია, რომ პოლიცია არ გვიცავს, ჩვენ თავს ჩვენ თვითონ უნდა მოვუაროთ. ასეთი რაღაც თუ წავიდა - ვესტერნი, 20-ანი წლები, მაშინ ყველამ იარაღი უნდა ავიღოთ, მოვიმარაგოთ და ერთმანეთს გავუსწორდეთ, სამოქალაქო ომი დავიწყოთ. მე ყველაფრისთვის მზად ვარ“, - აღნიშნა გიორგი კოდუამ.

პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს დაკავებულის მეუღლე ნინო სუთიძე, როგორც მან for.ge-ს უთხრა, გასაგებია რატომ არ სჯერათ კოდუებს დაკავებულის ჩვენების. მისი თქმით, უნდათ საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ.

„პოლიტიკა რა შუაშია არ ვიცი. ჩემი ქმარი გახლავთ ბიზნესმენი, „ტიფლის დეველოპმენტის“ დამფუძნებელი. 2008 წელს ერეკლე კოდუას დავალებით შემოვიდნენ სოდ–ის თანამშრომლები, ჩაგვიდეს დიდი ოდენობით ნარკოტიკი, დაიჭირეს ჩემი მეუღლე, 500 000 გადაახდევინეს, წილი დაათმობინეს. ერეკლე კოდუამ დამირეკა ტელეფონზე და მითხრა სად უნდა მივსულვიყავი წილის გადასაფორმებლად. ყველაზე გასაოცარი რაც იყო, ქუჩაში გამაჩერეს სოდ–ის თანამშრომლებმა და ჩემი კუთვნილი ავტომობილიდან გადმომსვეს“, - აღნიშნა ნინო სუთიძემ.

ბიზნესმენ დავით კოდუასთან დაკავშირებული ინციდენტს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის განცხადებით, ეს ფაქტი მოწმობს, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ადამიანებს ქუჩაში არ უწევდეთ ანგარიშსწორება.

„გასაგებია, რომ იყო გარკვეული პრეტენზია ძალადობის ავტორის მხრიდან და შეხვედრამ გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ეს ის მეთოდი არ არის, რომლითაც შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუსწორო. ეს ამავე დროს მოწმობს იმას, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ადამიანებს არ უწევდეთ ქუჩაში ანგარიშსწორება და ეს სამართლებრივ ჩარჩოში გამოძიების, თუ ადეკვატური სასჯელის მისჯის გზით უნდა ხერხდებოდეს და არა ქუჩაში კერძო პირებს შორის ანგარიშსწორებით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, დავით კოდუაზე განცორციელებულ თავდასხმას არავითარი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ეს არის ელემენტარული გაუბედურებული ადამიანის შურისძიება. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქმეზე პოლიტიკური ელემენტების ხელოვნურად შეტანა არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.

„ძალადობა არასდროს არ არის წასახალისებელი და მოსაწონი. ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან ურთიერთობები გაარკვიონ სამართლებრივი გზებით და ცივილიზებული მეთოდებით. ძალადობა არასდროს არ არის პრევენცია და არ არის კარგი შედეგის მომტანი. ამ საქმეს პოლიტიზირება არ სჭირდება. იყო ძალიან კონკრეტული დავა პირებს შორის და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი საქმე უმჯობესია, ცივილიზებული მეთოდებით გაირკვეს. გამოძიება მუშაობს და იმედი მაქვს, ყველაფერი ობიექტურად წარიმართება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილი ხელისუფლება და რომელშიც სწორედ შსს-ს მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ, მათ შორის არის დავით კოდუას ძმა, ერეკლე კოდუა, რომელსაც პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი აქვს წაყენებული.

ყოფილი ხელისუფლების მმართველობის ხანას თუ გავიხსენებთ, სწორედ დღისით ესხმოდნენ ნიღბიანები თავს პოლიტკურად მიუღებელ ადამიანებს, სასტიკად უსწორდებოდნენ და ნაცემ ადამიანებს ხელ-ფეხ გაკოჭილს ტყეში ტოვებდნენ. მაშინდელი ძალოვანები ამისთვის ოქროყანის სასაფლაოს იყენებდნენ.

ვალერი გელაშვილი არაა ერთადერთი ფაქტი, რომელშიც დავით კოდუას ძმა, ერეკლე კოდუა ფიგურირებს. ერეკლე კოდუას წინააღმდეგ პროკურატურას უკვე მიმართა მისმა ყოფილმა თანამშრომელმა თემურ რევაზიშვილმა, რომელიც კოდუას მის წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. რევაზიშვილი სოდ-ის თანამშრომლებმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და ბაგების ტყეში აიყვანეს. დაახლოებით 5 წუთში ადგილზე მივიდნენ ერეკლე კოდუა და მისი მოადგილე, კახა მისირელი, რომლებმაც რევაზიშვილი სასიკვდილოდ სცემეს, და ტყეში დატოვეს.

For.ge ასევე შეგახსენებთ 2005 წელს ყოფილი პოლიციელის, პოლკოვნიკ გია თელიას სკანდალურ განცხადებას. თელია ირწმუნებოდა, რომ კოდუა მის ლიკვიდაციას გეგმავდა. თუმცა, აქვე ამბობდა, რომ მისი დაღუპვის შემთხვევაში ისეთ სამხილს დატოვებდა, რომ ეს პიროვნება სამართალს ვერ გაექცეოდა. მოგვიანებით, სოდმა ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის შედეგად ლიკვიდირებული იქნა თელია.

კოდუას სახელი ფიგურირებს ლაშა ხორგუანის, გოჩა და ხვიჩა მილდიანების უკანონო დაკავების საქმეში.

ხელისუფლების სასტიკი შურისძიების პირველი მსხვერპლი გახდა ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი, გია ხუხაშვილი. მას 2005 წლის 23 იანვარს დილით ნიღბიანები დაესხნენ თავს. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ხუხაშვილი ახდენდა ხელისუფლების შავი სალაროს ლუსტრირებას, საქმე ეხებოდა ეკონომიკურ საკითხებს.

ხუხაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ყოფილმა ხელისუფლებამ ეს საქმე არ გამოიძია, დამნაშავეები დაუსჯელები დარჩნენ. ხელისუფლებამ არ გამოიძია დეპუტატ ვალერი გელაშვილის, კობა დავითაშვილის და ზურაბ აბაშიძის ცემის ფაქტი. მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო სასტიკად იყვნენ ნაცემები.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრონციპული განსხვავებაა მაშინ განხორცილებლ თავდასხმებსა და დღეს მომხდარ ფაქტს შორის და დღევანდელი დანაშაული არის იმ დანაშაულების გამოძახილი.

„მაშინ ეს ხდებოდა მატერიალური სარგებლის მოპოვების, ადამიანების შევიწროების და ქონების გადანაწილების მიზნით. დღეს კი მოტივი არის წართმეულის დაბრუნება. მიუხედავად ამისა, ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია და გამართლება არ აქვს. საზოგადოებაში ისმის ფრაზები - თუ თქვენ არ აღადგენთ სამართლიანობას, მაშინ ჩვენ გადავალთ ანგარისწორებაზე. ეს არის ამ ხელისუფლების მხრიდან ამ პროცესის ცუდი მენეჯმენტის ბრალი. დაგროვილი ორთქლისთვის ხელისუფლებას უნდა მიეცა რაღაცა ტიპის გამოსავალი, ან საზოგადოება უნდა მოემზადებინა დიდი ამნისტიისთვის, აეხსნა საზოგადოებისთვის რატომ იყო ეს საჭირო და საერთო ეროვნული შერიგება მომხდარიყო. ან, იყო მეორე გზა - დაზარალებული თავის უფლებებში აღდგენილიყო. ძალიან ბევრი თემა გამოიკიდა ჰაერში და ეს ჯაჭვი თუ დაიძრა, ძალიან სახიფათო იქნება“, - აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე განცხადებით, დღეს საზოგადოების პროვოცირებას მისივე რიტორიკით ახდენს „ნაციონალური მოძრაობა“.

„იმ განუკითხაობაზე, რასაც მათ დროს ჰქონდა ადგილი, ნაცვლად იმისა, რომ  ბოდიშს იხდიდნენ, კიდევ კონტრშეტევაზე გადადიან და ჩემი შენ გითხარის პრინციპით იქეთ უტევენ ხელისუფლებას. ანუ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენს საზოგადოების პროვოცირებას თავისი თავხედური რიტორიკით. მეორე მხრივ ხელისუფლება არაა ეფექტური სამართლიანობის აღდგენის მენეჯმენტის თვალსაზრისით. ეს ორი ფაქტორი არის სახიფათო, რამაც შეიძლება ძალიან ცუდი ფორმები შეიძინოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობები გვაქვს, მაგრამ პრობლემა ორივე შემთხვევაში არის ის, რომ სახელმწიფო არაა თავის სიმაღლეზე და არ ასრულებს თავის უპირველეს მოვალეობას.

„წელიწადზე მეტია ვლაპარაკობ, რომ ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია, როდესაც ადამიანებს აიძულებენ სამართალი თვითონ გააჩინონ. დღეს მართლმსაჯულების სისტემა არ არის ადეკვატური, გამოძიებაზე ლაპარაკი არ ღირს, იმდენად უსუსური და არაკვალიფიციურია. თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფო შევინარჩუნოთ და სახელმწიფო არ დაგევქცეს, კეთილი ინებონ და უზრუნველყონ საქმის გამოძიება. საქმეები თაროებში ან ქეისებში არ უნდა იყოს გადანახული. ყველა დანაშაული უნდა იქნეს გამოძიებული“, - ამბობს მუხაშავრია.

იურისტი ამბობს, რომ ამ საქმეების გამოძიებისთვის  პოლიტიკური ნება არ არსებობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ კარგახანია გარიგებაში არიან ერთმანეთთან. ძალიან მარტივია - წართმეული ქონება იმის მაგივრად, რომ ჩამოართვან უკანონოდ წამრთმევებს და დაუბრუნონ მათ, ვისაც წაართვეს, ერთმანეთში გაინაწილეს. თავდაპირველად დაზარალებული მხარის ინტერესების დაცვა და მათთვის დარღვეული უფლებების აღდგენა, ხელისუფლების პრიორიტეტი სამწუხაროდ აღარ არის.

არანაირი სხვა ახსნა ამას არ აქვს. მაშინ ახსნას ხელისუფლებამ რაშია საქმე, რატომ დაწნილდა ის საქმეები უკანონობის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ კბილაშვილის პროკურატურაში შევიდა, რატომ არ ხდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.