„რატომ იყავით ჩუმად ეს წლები?“

„რატომ იყავით ჩუმად ეს წლები?“

„რატომ იყავით ჩუმად ეს წლები, სად იყო თუნდაც კამპანია „ეს შენ გეხება“?! - აინტერესებს ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც ხალხი წლების განმავლობაში ჩურჩულით საუბრობდა, სადაც ვიდეო და აუდიო-ჩანაწერები გროვდებოდა აბსოლუტურად ყველაზე, უხერხულია იმის თქმა, რომ ახლა მოსმენები მასიურია და უკანონო. ამის შესახებ მან კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მიმართებაში პრემიერის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ამ ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, სწორედ წინა ხელისუფლების მიერ მოსმენების და თვალთვალის საშუალებით დაგროვილი მემკვიდრეობა გაანადგურა. ყველა თანამედროვე სახელმწიფოში კი არსებობს კანონი მოსმენების შესახებ, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თუმცა საქართველოს ახალი ხელისუფლება კანონით გათვალისწინებულ ზღვარს არასოდეს გადავა.

ამ განცხადებების პარალელურად, არასამთავრობოები უკვე კარგა ხანია, აქტიურად ავრცელებენ საიმიჯო კლიპს - „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ!“ ისინი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 1937 წლების რიტორიკას ახსენებენ, რადგან მან ძირგამომთხრელი მიზანმიმართული კამპანია უწოდა არასამთავრობოთა მიერ წამოწყებულ „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ კამპანიას.

„ადრე იყვნენ ჩარეცხილები, ახლა ვართ ძირგამომთხრელები“,-  პრემიერის ნათქვამს ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, რომლის აზრითაც, თუ პრემიერს მიაჩნია, რომ ისინი მოღალატეები და მტრები არიან, ეს შეიძლება კატასტროფას ნიშნავდეს.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის შეფასებით კი, პრემიერ-მინისტრმა კრიტიკულად უნდა შეხედოს საკუთარ პოზიციას, რადგან ამ ყველაფერს შეთქმულების თეორიის სუნი ასდის.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური იხსენებს, რომ პირველი აქტივობა მათ რამდენიმე წლის წინ (კამპანიის - „ნუ გვისმენთ“ მეშვეობით) დაიწყეს და ამ დროს კალაძეს ნამდვილად არ აინტერესებდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან და წარმატებულ ბიზნესსაც ახორციელებდა.

წინა ხელისუფლების დროს ყველაზე ნაკლები ბოროტება სწორედ სატელეფონო მოსმენები იყო და ამას ბევრად უფრო დიდი უკანონობა - ადამიანების უსამართლოდ დაკავება-გაქრობა მოჰყვებოდა. ამიტომ საზოგადოების ნაწილის აზრით, ამ ფონზე მოსმენების მიმართ დღეს დაწყებული კამპანია ცოტა გადაჭარბებულია.

თუმცა, საინტერესოა, რა პოზიცია აქვთ ამასთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს?!

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გარკვეული უსამართლობის შეგრძნება ჩნდება, რადგან არ შეიძლება, ერთი და იმავე პათოსით შეუტიო ყოფილ ხელისუფლებას, რომელსაც პოლიტიკად ჰქონდა გადაქცეული მოსმენები, ადამიანების დათრგუნვა-გაკონტროლება და ახალ ხელისუფლებას, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მოსმენებთან დაკავშირებით სრულფასოვანი კანონის მისაღებად.

„რატომღაც თვალს ხუჭავს არასამთავრობოთა ნაწილი, რომ ხელისუფლებას აინტერესებს, როგორი უნდა იყოს ეს კანონი, რომ არ დაზიანდეს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები. ამის არგაზიარება, სულ ცოტა, არაპროფესიონალურია. შალვა შავგულიძის მეთაურობით საპარლამენტო ჯგუფმა კარგი დოკუმენტი დადო, მაგრამ არის ნაწილი, რომელიც ეხება ტექნიკურ უზრუნველყოფას და ეს უახლოეს პერიოდში გადაწყდება. რაღაც დრო სჭირდება ამას და ამის გარშემო აჟიოტაჟის ასეთი ფორმით ატეხვა უსამართლობაა. არასამთავრობოების ნაციონალებთან კავშირზე ვერაფერს ვიტყვი. იმედი მაქვს, ასეთი კონსპირაცია არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, ნაცმოძრაობას, რომელმაც მოსმენების სისტემა კულტად აქცია, არასამთავრობო ორგანიზაციების ამ სახით აქტიურობა პოლიტიკურ დივიდენდთა შეძენაში ეხმარება. მათ ამის საშუალება არ უნდა მისცენ. ეს კანონი ისე იქნება მიღებული, როგორც გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ არ დაზიანდეს ადამიანის უფლებები, მაგრამ რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, არ დაზარალდეს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ექსერტი გია ხუხაშვილი იხსენებს, რომ თავის დროზე, პრეტენზიები და მწვავე დისკუსიები ჰქონდა, თუნდაც, იმავე „ახალგაზრდა იურისტებთან“ და სხვა არასამთავრობოებთან, მაგრამ კამპანია „ეს შენ გეხება“ ახლა არ დაწყებულა, ეს მოძრაობა წინასაარჩევნო პროცესში დაიწყო და არასამთავრობოები იმ პერიოდშიც აქტიურად მუშაობდნენ. მისი თქმით, მას სჯერა ირაკლი ღარიბაშვილის, რომელიც უკანონო მოსმენებს არ იკადრებს, მაგრამ ხომ შეიძლება, ხვალ ხელისუფლებაში „ცუდი ბიჭი“ მოვიდეს?! ამიტომ ინსტიტუციურად უნდა იყოს ეს საკითხი მოგვარებული.

„მე მაქვს ენჯეოების გარკვეულ ნაწილთან პრეტენზიები, თუმცა ამ მოძრაობაში არიან ზვიად ქორიძე, ლაშა ტუღუში, რომლებიც ჩუმად არასდროს ყოფილან. ამიტომ როდესაც ხდება ასეთი შეტევა, მაშინ უნდა დაკონკრეტდეს, ვისზეა საუბარი. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ფრაზა „ძირგამომთხრელი მუშაობა“. ის ხელისუფლება ძალიან სასტიკი იყო და საკუთარ ტყავზე გვაქვს გამოცდილი ეს სისასტიკე, მაგრამ ჭკუა ჰყოფნიდა სააკაშვილს, ასეთი ტერმინი არ გამოეყენებინა, თორემ კულისებში ათას სიბინძურეს აკეთებდა. ის ენჯეოები, რომლებთანაც პრეტენზია გვაქვს, რომ მაშინ არასაკმარისად იღებდნენ ხმას, დღეს აქტიურნი არიან და ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა. არასამთავრობო სექტორში შიშის ფაქტორი უკვე ნაკლებია. ამიტომ მუდმივი აპელირება, რომ ჩვენ ხომ უკეთესი ხელისუფლება ვართ, არ შეიძლება. თუ არასამთავრობო სექტორი იმ დროს ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას კარგად, ეს არ ნიშნავს, რომ დღესაც ჩუმად ისხდნენ და ხმა არ ამოიღონ. ეს ამ ხელისუფლებასაც არ აწყობს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ არასამთავრობოებმა ობიექტური პასუხი გასცეს პრემიერსაც და ვიცე-პრემიერსაც, რომელთა განცხადებებიც მიმწუხრის კოღოებივით მწარე გახდა, რაც, სავარაუდოდ, პოლიტიკური დაისის პერიოდით აიხსნება.

„რამდენადაც მახსოვს, ნაციონალების დროს სიტყვა „ჩარეცხილები“ მეხუთე კოლონასა და ე.წ. წითელ ინტელიგენციასთან დაკავშირებით იყო გაჟღრებული. მე ვერ ვიხსენებ ჩვენი ხელისუფლების ვერცერთ არაკორექტულ შეფასებას არასამთავრობოების მიმართ. დღეს გაცილებით უფრო ინტენსიურად გვისმენენ, ვიდრე გვისმენდნენ გუშინ. დღესაც დემოკრატიისა და მრავალპარტიული სისტემისთვის საფრთხე იგრძნობა ქვეყანაში და არასამთავრობოების რეაქცია ამ მხრივ ობიექტურია. თუ წინა ხელისუფლებას ამას საყვედურობენ, ჩვენ ამისთვის გარკვეული პოლიტიკური ვერდიქტი გამოგვიტანა ხალხმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს. ასეთი ვერდიქტის დრო სულ მალე დაუდგება არსებულ ხელისუფლებასაც“.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სააკაშვილის „ნაცისტებს“ ჰყავდათ თავიანთი არასამთავრობოები, რომლებიც მათ ემსახურებოდნენ, მათ არაერთი ახალი არასამთავრობოც შექმნეს, რომლებიც დღესაც მათ ინტერესს ემსახურებიან და არა - ადამიანის უფლებათა დაცვას.

„თუკი არასამთავრობოები წინათ არ აქტიურობდნენ, ამაში გასაკვირი არაფერია. ის საშინელი წნეხი ჯერჯერობით არ იგრძნობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გააკრიტიკო ახალი მთავრობა. ამიტომ პრემიერი არ უნდა უწოდებდეს ძირგამომთხრელებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. სხვათა შორის, ვემდური არასამთავრობოებს იმის გამო, რომ, როცა პრემიერმა არჩევნებამდე დაპატიმრებებთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხადა, მათ რეაგირება არ მოახდინეს. კონსტიტუციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება არ აქვს, რაიმე გავლენა მოახდინოს სამართალდამცავთა საქმიანობაზე. სააკაშვილის ავტორიტარული და სადისტური რეჟიმის დროსაც არასამთავრობოები საპროტესტოდ გამოდიოდნენ, მათ შორის, მოსმენებთან დაკავშირებით, მაგრამ ისიც გასაგებია, მაშინდელი სადისტური სისტემა რას არ უკეთებდა ადამიანებს, ნარკოტიკების ან იარაღის ჩადების, ციხეში სასტიკი მოპყრობის, ფიზიკური ანგარიშსწორების, უგზო-უკვლოდ გაქრობის ჩათვლით“, - განმარტავს პეტრე მამრაძე.

For.ge-სთან საუბრისას ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე პრემიერის ნათქვამს მის პოლიტიკურ გამოუცდელობას აბრალებს და ეჭვობს, ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც მტრებს ხედავდეს არასამთავრობოებში.

„მას ყველაზე კარგად უნდა ახსოვდეს, როგორ მტკიცედ იდგნენ ადამიანის უფლებათა დამცველები თავის სადარაჯოზე, მაშინ, როცა პოლიტიკური ოპოზიცია მარგინალიზებული იყო. ჩვენი ორგანიზაცია მოგვიანებით დაარსდა და ადამიანის უფლებები აიღო პრიორიტეტად. თუმცა ვერავინ იხსენებს, ასე მწვავედ გაეკრიტიკებინოს ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციები. ამას მხოლოდ აკეთებენ ირანში, რუსეთში, ჩრდილო კორეაში დ აზერბაიჯანში. ამიტომ პრემიერს მეტ სიფრთხილეს ვურჩევ“, - ასეთია ირაკლი ვაჭარაძის პოზიცია.