თავდაცვის მინისტრი სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრი სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე სამხედროებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიულოცა. ირაკლი ალასანია სან-დიეგოში, ამერიკულ კლინიკაში იმყოფება, სადაც დაჭრილ სამხედროებს ულტრა-თანამედროვე პროთეზები უკეთდებათ.

„ჩემთვის დიდი პატივია მივულოცო დღევანდელი დღე იმ ადამიანებს, რომელთა დევიზია - სამშობლო, ღირსება, ერთგულება. ეს ბიჭები ერთგული ჯარისკაცები არიან ჩვენი ქვეყნის, რომლებმაც არა ერთხელ დაამტკიცეს მშვიდობის და საბრძოლო მოქმედებების დროსაც, რომ მათთვის საკუთარ სიცოცხლეზე მეტად, სამშობლოს ინტერესები არის უპირველესი.

მინდა განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე მათ, ვინც დღესაც, ამ წუთებშიც საგუშაგოზე დგანან და იცავენ ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო უსაფრთხოებას.

მინდა ასევე, გავიხსენო ჩვენი თანამებრძოლები, ის გმირები, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს საქართველოსთვის.

ქვეყნის არა კეთილმოსურნეებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კრიტიკა მიაქვთ სწორედ შეიარაღებულ ძალებზე. უნდათ დააზიანონ ჩვენი შეიარაღებული ძალების იმიჯი, რადგან კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყნის ხერხემალი, ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამ ბიჭებზეა დამოკიდებული. მინდა მათ ვუთხრათ, რომ ვერაფერი შეარყევს ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერეს. 93 პროცენტი მთელი საქართველოს მოსახლეობის მხარს უჭერს და ენდობა შეიარაღებულ ძალებს  და მათთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდება თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები.

მომავალში ჩვენ და გენერალურ შტაბს გვაქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გეგმები და სწორედ ამ ვაჟკაცებთან ერთად ჩვენ ამ გეგმებს ბოლომდე მივიყვანთ.

გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს.“