თავდაცვის მინისტრი დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრი დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. აშშ-ში ვიზიტი ირაკლი ალასანიამ სან-დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში სტუმრობით დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი კლინიკაში 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაშავებულ ქართველ სამხედროებს შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა ინფორმაცია რეაბილიტაციის პროცესის შესახებ. ირაკლი ალასანია ქართველი სამხედროების პროთეზირების კურსის შესახებ ექიმებსაც გაესაუბრა.

„თავდაცვის სამინისტროსთვის და მთელი მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცებია. განსაკუთრებით ისინი ვინც საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა ქვეყანას შესწირა. დღეს სან დიეგოში ჩვენი გმირი ბიჭები მოვინახულეთ, რომლებიც  პროთეზირებისა და რეაბილიტაციის კურსს გადიან. ძალიან მიხარია, რომ მათ ამ ახალი ტექნიკის ათვისებაში ასეთი პროგრესი აქვთ.  უახლოეს პერიოდში ისინი  სამშობლოს დაუბრუნდებიან და  შეიარაღებული ძალების სამსახურში ჩადგებიან. მინდა ყველას სახელით, მთელი საქართველოს სახელით, ამ ბიჭებს  დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ემსახურებიან სამშობლოს და მომავალშიც გააგრძელებენ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსაახურეების მოსანახულებლად, თავდაცვის მინისტრთან ერთად,  ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ვაკო ავალიანი და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი.

პიტერ ჰარშის კლინიკაში დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ პროთეზებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროთეზით უცვლიან. ამჟამად ისინი ახალი პროთეზების მორგებისა და შეგუებისთვის შესაბამის ვარჯიშებს გადიან და ახალი კიდურების მოხმარების წესებს ეუფლებიან. უახლესი თაობის ელექტრო პროთეზი სამხედროებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს მსახურს.