ქობულეთში იპოთეკური ვნებათაღელვა ბოლომდე არ ჩამცხრალა

ქობულეთში იპოთეკური ვნებათაღელვა ბოლომდე არ ჩამცხრალა

ქობულეთში იპოთეკით დაზარალებულები დაბალპროცენტიან სესხს მიიღებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიამ მიიღო. 2008 წლის მოვლენებისას დაზარალებულთა 400 განაცხადიდან კომისიამ ქობულეთში მცხოვრები 94 ოჯახი შეარჩია. მიუხედავად ამისა, შავი ზღვისპირა კურორტზე მცხოვრებთა შორის ვნებათაღელვა ბოლომდე არ ჩამცხრალა. დაზარალებულთა ნაწილი აჭარის მთავრობას ჯერ კიდევ უპირისპირდება.

იურიდიულ საკითხებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. იპოთეკით დაზარალებულთა დახმარება მაისიდან უნდა დაიწყოს.

როგორც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე განმარტავს, სესხს „ლიბერთი ბანკი“ გასცემს და მისი საპროცენტო განაკვეთი 15% იქნება და აქედან 12%-ს სახელმწიფო დაფარავს. დანარჩენ 3 პროცენტს თავად მსესხებელი გადაიხდის. სამი წლის შემდეგ პროცენტის გადახდა მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს.

თუკი თანადაფინანსების შემდგომ პერიოდში დარჩენილი ვალის გადახდის პირობები გადამხდელს არ დააკმაყოფილებს, მას თავისუფლად შეეძლება გადავიდეს მისთვის სასურველ საპროცენტო განაკვეთის მქონე ბანკში და წინასწარი დაფარვის საკომისიო არ გადაიხადოს. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7 წელი. ჯერჯერობით იპოთეკარების პროცესში მხოლოდ „ლიბერთი ბანკია“ ჩართული, თუმცა შეიძლება მას სხვა ბანკებიც შუერთდნენ.

ეს იპოთეკართა ერთი ნაწილისთვის დიდი შვებაა, მაგრამ დახმარების მიღმა დარჩენილთათვის არაფრის მომცემია. ამიტომაც ისინი თავს დაჩაგრულად გრძნობენ და სესხით დაზარალებულთა ნაწილი აჭარის მთავრობას უპირისპირდება. ისინი ამჟამად, აღსრულების გამო, გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან.

ერთ–ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, იპოთეკარების სიის დაზუსტების შემდეგ, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც სესხის რეფინანსირება უნდა შეეხოს, 94–დან 75–მდე შემცირდა. გია ვერულიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის სახელზე განცხადება დაწერა და პასუხად მიიღო, რომ საკითხს იურიდიული სამსახური განიხილავდა, სადაც თავის მხრივ უთხრეს, რომ საქმე მიღებულია და დამტკიცებას ელოდებიან. თუმცა, ვის ან როდის უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ამ კითხვაზე პასუხი გია ვერულიძემ ვერ მიიღო.

მას გამოსახლებაზე საბოლოო ვადა 4 აპრილს ამოეწურა, თუმცა ბანკს თხოვნით მიმართა, რომ მის საქმეზე აჭარის მთავრობიდან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე გამოსახლება გადაევადებინა.

ქობულეთში დაზარალებული იპოთეკარების თემაზე „კომერსანტი“ აჭარის მთავრობის იურიდიული სამსახურის ყოფილ უფროს პარმენ ჯალაღონიას დაუკავშირდა, რომლის განცხადებით, სიების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს და არც გია ვერულიძის საქმეს იცნობს. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს აქვს გადაცემული. მისივე თქმით, სიების შემცირება არ მომხდარა.

აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე კი აცხადებს, რომ შეიქმნა მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც „ლიბერთი ბანკთან“ ერთად მიზნად ისახავს იმ ადამიანებისთვის სესხის გაცემას, ვისაც ტურისტული ბიზნესის განვითარება სურს.

აჭარის მთავრობის მიერ სესხის პროცენტის თანადაფინანსებითვის გამოყოფილი თანხა 720 ათასი ლარია. მისივე თქმით, დასაფინანსებელი ადამიანების კატეგორიაში მოაიზრებიან 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული ქობულეთელი იპოთეკარებიც, თუმცა მათ რაოდენობას ვერც ბოლქვაძე აკონკრეტებს.