ერთ წელიწადში სამუშაო მოვალეობის შესრულებისას, საშუალოდ, 46 ადამიანი იღუპება. ვითარება უკონტროლია. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები საკმაოდ შევიდა, შრომის უსაფრთხოების მხრივ პროგრესი არ იგრძნობა.
ბოლო 6 წლის განმავლობაში, საქართველოში სამუშაო ადგილზე 273 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი მძიმედ დაშავდა - ასეთია მონაცემები სამუშაო ადგილებზე დასახიჩრებულთა და დაღუპულთა შესახებ. პროფკავშირების წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსთან ქვეყანაში შრომის ინსპექციის გაუქმება გააპროტესტეს და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების გატარება ითხოვეს.
როგორც პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, 2007 წლიდან 2013 წლამდე სამუშაო ადგილებზე 273 ადამიანი დაიღუპა, 486 ადამიანმა კი მძიმე საწარმოო ტრავმა მიიღო. ამ დროს ქვეყანაში არ არსებობს შრომის ინსპექცია.
„ეკონომიკის სამინისტროში არსებობს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია, რომელიც მუშაობის ტექნიკურ პირობებს ამოწმებს და შრომითი რესურსების სამუშაო პირობების შემოწმება კი მისი ფუნქცია არ არის. ეკონომიკის სამინისტრო და ეკონომიკური გუნდი ეწინააღმდეგება, თითქოს იმ მოტივით, რომ შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შექმნის მოთხოვნა ინვესტორებს დააფრთხობს“, - აცხადებს პეტრიაშვილი.
შრომის დაცვის ინსპექცია საქართველოში 2006 წლამდე არსებობდა, თუმცა შემდეგ „შრომის კოდექსში“ ცვლილებები შევიდა, ეს სამსახური გააუქმეს. ინსპექციის აღდგენამდე კი, როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, „ობიექტებზე უსაფრთხოების წესები დაცული ვერ იქნება“.
შრომის უსაფრთხოების პრობლემა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ შეხვედრაზეც განიხილეს. შეხვედრაზე გამოიკვეთა მთავარი პრობლემა - სამთავრობო უწყებების არაერთგვაროვანი მიდგომა და ერთიანი პოზიციის არარსებობა.
„უსაფრთხო შრომის უფლებას დღესდღეობით ქვეყანაში არავინ იცავს, ვინაიდან არ არსებობს რეგულაცია, რომელიც მოახდენს შრომის უსაფრთხოების პირობების მონიტორინგს. სწორედ ამიტომ წამოვწიეთ ეს თემა, რომ გაგვეგო რა მდგომარეობაა ამ მხრივ, როგორია ხელისუფლების მიდგომა ამ მეტად მტკივნეული საკითხის მიმართ. არის დაპირებები, მაგრამ ჯერჯერობით რეალური ნაბიჯები არ ჩანს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა კახა საგანელიძემ შრომის ინსპექციის შექმნისა და მისი შესაბამისი კადრებით დაკომპლექტებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პრობლემა უსწრაფესად ვერ გადაიჭრება, თუმცა საკითხის განხილვაში კომპეტენტური მხარეთა ჩართვა სერიოზული მასტიმულირებელი ფაქტორია.
დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლის მიხეილ კორძახიას აზრით კი, სასურველი იქნება შრომის ინსპექციის ფუნქციები უკვე არსებულმა ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურმა შეითავსოს. მან აღნიშნა, რომ თავად დამსაქმებელთა ინტერესშია უსაფრთხო შრომის პირობების უზრუნველყოფა.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის მრჩეველმა ბექა ნაცვლიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა და ამ ფორმატში მხარეებს შრომის უსაფრთხოების მოგვარებისთვის გზების მოძებნის საშუალება ექნებათ.
მიუხედავად დისკუსიების, მსჯელობების და შრომის კოდექსში შესული ცვლილებებისა, უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის საკითხი მთველი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ღიადაა დატოვებული.