ირანში გამართული საიდუმლო ენერგოშეხვედრები (წერილი მეცამეტე)

ირანში გამართული საიდუმლო ენერგოშეხვედრები (წერილი მეცამეტე)

აშშ ნახშირწყალბადების მოპოვებაში ევროკავშირსა და რუსეთს გაუსწრებს. ევროკომისიის 2013 წლის 25 სექტემბერს გამოქვეყნებული დასკვნით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საწვავის ფასი, სავარაუდოდ, მაღალ დონეზე დარჩება. ევროკომისია ამ საკითხზე პოლიტიკური დოკუმენტის მომზადებას წლევანდელი ინდუსტრიული სამიტის შემდეგ აპირებს, რომელშიც განხილული იქნება ევროკავშირის მიზნები ენერგეტიკის სექტორში. საქმე ისაა, რომ თუ ენერგომატარებლების ფასები არ შემცირდება, კავშირის წევრი ქვეყნები შეიძლება, აშშ-ს ეკონომიკურად ჩამორჩნენ... 2020 წლისთვის დაგეგმილია 20%-იანი ზრდის მიღწევა. 2013 წლის ბოლოს, აშშ-მ, გაზისა და ნავთობის ჯამური მოპოვებით, რუსეთს გაუსწრო და ნახშირწყალბადების უდიდესი მწარმოებელი გახდა. ექსპერტთა აზრით, ჭარბწარმოების გამო, ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასი, საშუალოვადიან პერსპექტივაში, 60-80 დოლარამდე დაეცემა, რაც რუსეთის საბიუჯეტო სტაბილურობისთვის პირდაპირი საფრთხეა, რადგან 2014-2016 წლებში ბიუჯეტის შემოსავლები რუსეთში ნავთობის მსოფლიო ფასის 95-100 დოლარის დიაპაზონშია გათვლილი. რუსეთის ხაზინა, ევროპის ბაზარზე გაზის ფასების შემცირებით, უკვე დაზარალდა. ნავთობის გაიაფებაც კრემლის კეთილდღეობის მორიგ პრობლემად იქცევა. იმისთვის, რომ რუსეთში საბიუჯეტო პარამეტრებიც შესრულდეს და ნავთობმოპოვებაც რენტაბელური იყოს, ბარელი ნავთობის ფასი წლის ბოლომდე 95 დოლარზე დაბლა არ უნდა დაეცეს.

მოსალოდნელი ნეგატიური მოვლენებისგან თავის დასაცავად, რუსეთში “ძვირფასი ლითონების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მომზადდა. 2014 წლის 1 იანვრიდან, როგორც ანტიკრიზისული ღონისძიება, რუსეთიდან, რომელიც წლიურად 200 ტონამდე ოქროს მოიპოვებს, იკრძალება ოქროს ზოდებისა და ჯართის გატანა, თუმცა ეს შეიძლება, დაგვიანებული ნაბიჯია, ვინაიდან აშშ ენერგოინფორმაციის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ენერგოსააგენტოს მონაცემებით, ჯერ კიდევ 2012 წელს, 1982 წლიდან პირველად, აშშ-მ რუსეთს გაზის მოპოვებით გაუსწრო. ნავთობის ამოღებით კი, ჯერჯერობით ჩამორჩება. 2013 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, აშშ-ს დღიური ნავთობმოპოვება 9.9 მლნ ბარელია, რუსეთის - 10.8 მლნ (ამ სფეროში ლიდერად კვლავ საუდის არაბეთი რჩება, რომელიც დღეში 11.7 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებს)... ექსპერტული მონაცემებით, ენერგორესურსებით გლობალურ ვაჭრობაში ძირითადი ფაქტორი ჩრდილოეთ ამერიკის მზარდი თვითუზრუნველყოფა ხდება, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში ფიქლების გაზისა და ნავთობის მოპოვების ზრდით გახდა შესაძლებელი. სპეციალისტების აზრითვე, თუ 2012 წელს აშშ-მ 260 მლრდ კუბური მეტრი ფიქლების გაზი მოიპოვა, 2040 წლისთვის ამ მაჩვენებელმა შესაძლოა, 485 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწიოს. ამის გათვალისწინებით, ბრიუსელის ახალ სამრეწველო სტრატეგიაში გამოყოფილია ექვსი პრიორიტეტი, რომელიც მოკლევადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს: 1) მოწინავე სამრეწველო ტექნოლოგიები; 2) წამყვანი ტექნოლოგიები ხელით შრომის შესამცირებლად; 3) ბიოტექნოლოგიები; 4) სამშენებლო და ნედლი მასალები: 5) დაბალგამონაბოლქვიანი ავტომანქანები და 6) „ჭკვიანი“ ქსელები.

პირველი პრიორიტეტი იმითაა განპირობებული, რომ აშშ-ს „ფიქლების რევოლუციის“ დაწყების შემდეგ, იაფი ენერგოტექნოლოგიით ამ ქვეყანაში ინდუსტრიალიზაციის ახალი ტალღა დაიწყო, რამაც ევროპული საქონლის კონკურენტუნარიანობა შეამცირა. საქმე ისაა, რომ მრეწველობის ზოგიერთი ისეთი დარგი, როგორიცაა, მაგალითად, ქიმიური ინდუსტრია, გაზს მხოლოდ ენერგიის წყაროდ კი არა, არამედ, მასალადაც იყენებს. გაზის სიიაფის გამო, ევროპული კაპიტალი მასიურად გადადის აშშ-ში. ევროკომისიის გათვლებით, აშშ-სთან შედარებით, ევროპაში გაზის ფასი ოთხჯერ მაღალია. 2013 წლის დასაწყისში, ევროკავშირის ლიდერებმა სამიტი ჩაატარეს, სადაც აღინიშნა, რომ ევროკავშირისთვის ძნელი იქნება ამერიკული „ფიქლების რევოლუციის“ გამეორება, რადგან კონტინენტზე განსხვავებული გეოლოგიური, საკუთრებითი და გარემოსდაცვითი პრობლემებია. ამერიკულ ფირმებთან იაფი ენერგიის გამო არსებული კონკურენტული დაპირისპირების მიუხედავად, ევროკავშირი მაინც არ აძლევს რუსულ „გაზპრომს“ ევროპის „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ შეზღუდვების გვერდის ავლის საშუალებას. 2013 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ მილანში გამართულ ენერგოკონფერენციაზე - „გაზის დიალოგი“ გამოსვლისას, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ანატოლი იანოვსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვისა და ბრიუსელის მოლაპარაკებები „მესამე ენერგოპაკეტის” ირგვლივ წარმატებული იქნება, თუმცა იქვე ევროპის ენერგოკომისარმა გიუნტერ ეტინგერმა შეუვალად განაცხადა, რომ რუსული „სამხრეთის ნაკადი“ დამატებაა და არა - ახალი გაზმომარაგების წყარო, აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია, ევროკავშირის გაზის ბაზრის კონკურენტუნარიანობა გაზარდოს.

იგივე აზრი გამოითქვა 2013 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ვაშინგტონის წამყვანი სამეცნიერო ცენტრების მიერ ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციაზე, სადაც 2014 წელს, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ ევრაზიის რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და “შაჰ-დენიზის” აირის “ტაპის” გაზსადენით ევროპაში ტრანსპორტირებაზე იმსჯელეს. კონფერენციაზე განხილული თემებიდან ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა თურქმენეთის “სამხრეთის გაზის დერეფანში” ჩართვის საკითხი იყო. ექსპერტების უმრავლესობის აზრით, 2013 წლის ივნისში, “შაჰ-დენიზის” კონსორციუმის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში აზერბაიჯანული აირის “ტაპის” გაზსადენით ტრანსპორტირებას ეხება, დასავლეთის ისტორიული გამარჯვებაა, თუმცა მხოლოდ 10 მლრდ კუბმეტრი გაზის რუსეთის გვერდის ავლით ექსპორტი მაშინ, როცა ევროპის მოთხოვნა, წლიურად, 500 მლრდ კუბმეტრია, რეალურ დივერსიფიკაციას არ წარმოადგენს. ამიტომ, სპეციალისტებმა გაიზიარეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრება, რომ “სამხრეთის დერეფანი” არა მხოლოდ გაზსადენია, არამედ, არატრადიციული და განახლებადი ენერგეტიკა და სხვადასხვა სახის თხევადი გაზიცაა.

ამავე დროს, კონფერენციაზე დასავლური გაზსადენების საუკეთესო მარშრუტად კვლავ აზერბაიჯანის სატრანზიტო მიმართულება ჩაითვალა, რადგან ეს ქვეყანა აირის ექსპორტს სამხრეთ ევროპაში გეგმავს და, ამდენად, ცენტრალური ევროპის ბაზარზე რუსეთის პირდაპირი კონკურენტი არაა. ამასთან, “ბი-პი”-ს სპეციალისტების გათვლით, 2030 წელს ენერგომატარებლებზე, განსაკუთრებით ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 40%-ით გაიზრდება, საიდანაც 90% განვითარებად სამყაროზე, ძირითადად, ჩინეთსა და ინდოეთზე მოვა. ამიტომ, 45 მლრდ დოლარად ღირებული “სამხრეთის დერეფანი”, რომლითაც 16 მლრდ კუბმეტრი აირით ევროპისა და თურქეთის გაზმომარაგება იგეგმება, მოკლე დროში შესაძლოა, ტრანსნაციონალური კომპანიების პრიორიტეტი აღარც იყოს, რაც საქართველოს ენერგოპოლიტიკის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნას.

ასეთი პესიმისტური სცენარის მიუხედავად, ენერგეტიკის ევროკომისარმა, გიუნტერ ეტინგერმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანული გაზის ახლანდელი მცირე მოცულობა 5 წელში შესაძლოა, 20-25 მლრდ კუბმეტრამდე გაიზარდოს. მეტიც, ტალინის “თავდაცვის კვლევის საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი, მეთიუ ბრაიზა კონფრენციაზე ამტკიცებდა, რომ საკმარისია “სამხრეთის დერეფნის” ერთი პროექტი მაინც ამუშავდეს, რომ თურქმენეთი დაიწყებს გაზის დასავლეთისკენ ექსპორტს, წლიურად 30-40 მლრდ კუბმეტრის მოცულობით. კონფერენციაზე ბრაიზამ, აზერბაიჯანული “სოკარის” ფილიალის, “თურქას ჰოლდინგის” წინადადებაც გააჟღერა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე ისრაელის “ლევიაფანისა” და “თამარის” ოფშორული გაზის საბადოების თურქულ პორტ მერსინთან დამაკავშირებელი, 470 კმ სიგრძის გაზსადენის აგებას ეხება. ამ 2.5 მლრდ დოლარის ღირებულების გაზსადენის წლიური წარმადობა 16 მლრდ კუბმეტრი აირი უნდა იყოს, მაგრამ ექსპერტების ნაწილს ეს გეგმა ამ ეტაპზე არარეალისტურად მიაჩნიათ, რადგან “ტაპის” გაზსადენის წლიური წარმადობა მხოლოდ 10 მლრდ კუბმეტრია, ანუ დაახლოებით, 2020 წლისთვის, როცა “ტაპი” უკვე “შაჰ-დენიზის” მეორე ფაზის გაზით იქნება შევსებული, დამატებით 16 მლრდ კუბმტერ აირს ეს მილსადენი ფიზიკურად ვერ გაატარებს.

მართალია, “ტაპს” წარმადობის 20 მლრდ კუბმეტრამდე გაზრდის პოტენციალი აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ “აფშერონის” გაზის საბადოს ამუშავების შემთხვევაში მოხდება, როდესაც ამ საბადოდან გაზი “შაჰ-დენიზის” საექსპორტო აირს დაემატება. ამიტომ, სპეციალისტების აზრით, შეუძლებელია, ისრაელის გაზის ევროპაში აზერბაიჯანული გაზსადენებით ტრანსპორტირება. ეს აირი ახალი ე.წ. მეხუთე დერეფნის ინფრასტრუქტურის შექმნას საჭიროებს, რაც კასპიის აირის ევროპისკენ გადამისამართებაში დამატებით კონკურენციას აჩენს. სპეციალისტების აზრით, თუ უახლოესი 20 წლის განმავლობაში ისრაელიდან 15-16 მლრდ კუბმეტრი გაზის სტაბილური ექსპორტი განხორციელდება, მაშინ “თურქას ჰოლდინგის” ზემოაღნიშნულმა პროექტმა შეიძლება, ნაადრევად მივიწყებული “ნაბუქო-უესტის” პროექტის “რეანიმაციაც” კი გამოიწვიოს. ამასთან, ისრაელში გაზის მოპოვების საპროგნოზო მოცულობა, 16 მლრდ კუბმეტრამდე მხოლოდ “ნაბუქო-უესტის” (10 მლრდ კუბმეტრი) და არა გლობალური “ნაბუქოს” (31 მლრდ კუბმეტრი) გაზსადენის აგების საშუალებას იძლევა. ამ მილში ისრაელის გაზი თურქეთის სამხრეთიდან, თურქეთ-ევროკავშირის საზღვრამდე ადგილობრივი ენერგოკომპანია “ბოტაშის” შიდა ქსელით შეიძლება, გადაიტუმბოს.

თვით გაზსადენის კვიპროსიდან თურქეთამდე ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე გატარებაც არ უნდა იყოს პრობლემური. მაგალითად, თავის დროზე კომპანია “ენი”-ს მიერ შავი ზღვის ფსკერზე, რუსეთის თურქეთთან დამაკავშირებელი “ცისფერი ნაკადის” აგებისას, მილი 2 კმ-ზე მეტ სიღრმეზე ჩაიდო. მართალია, ხმელთაშუა ზღვა შავი ზღვისგან მარილის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, მაგრამ ეს, მილის კარგი ჰიდროიზოლაციის პირობებში, პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ზღვის ფსკერზე, დიდი ხანია, წარმატებით ფუნქციონირებენ ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში გაყვანილი გაზსადენები (“მწვანე ნაკადი”, “მედგაზი”, “მაღრიბ-ევროპა”, “ტრანსმედი”, ანუ “ენრიკო მატეის გაზსადენი” და ა.შ.)

2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისი და საუკუნის ენერგოპროექტები

2007 წლის დასაწყისში, ბელორუსის მთავრობასა და ს/ს “გაზპრომს” შორის ხელშეკრულების გაფორმებით, დასრულდა რუსეთ-ბელორუსის “გაზის ომი”. ამ კონტრაქტით, ათას კუბ.მ. ბუნებრივ აირს ბელორუსი, 2007-08 წლებში, 110 აშშ დოლარად იღებდა. ეს ფასი იმის გათვალისწინებით დაფიქსირდა, რომ გაზგამანაწილებელი ქსელის კომპანია “ბელტრანსგაზი”-ს აქციების საკონტროლო პაკეტი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ანუ უკონკურსოდ ხელში რუსულმა სახელმწიფო ენერგოგიგანტმა, “გაზპრომმა” ჩაიგდო... ამჟამად, ბელორუსის გავლით, ევროპა, დაახლოებით, 1/5 რუსულ იმპორტულ გაზს იღებს, დანარჩენი 4/5 უკრაინული სახელმწიფო “ნაფტოგაზის” ტრანზიტული მილებით მიღებული რუსული, ძირითადად ციმბირული საექსპორტო გაზია. ამიტომ, უკრაინული “ნაფტოგაზის” მიერ რუსული “გაზპრომის” ვალის გადაუხდელობა 2009 წლის დასაწყისში, პრაქტიკულად, ევროპის ენერგოუსაფრთხოების პრობლემა გახდა...

საბჭოთა სტრატეგიული გაზსადენების დიდი ნაწილის მემკვიდრე, უკრაინის სახელმწიფო კომპანია “ნაფტოგაზი”, წესით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი სტრუქტურა უნდა იყოს - მის ხელშია რუსული ნავთობისა და გაზის ტრანზიტის უდიდესი ნაწილი, მაგრამ ამ სფეროში გამეფებული კორუფციისა და განუკითხაობის გამო, ასე არაა...

2009 წლის თებერვლის ბოლოს, კიევის ცენტრში, “ნაფტოგაზის” ოფისში, უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმმა ხმაურიანი სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შემდეგაც, 1 მარტს, კომპანიის მთავარი ბუღალტერი, გულის შეტევით, საავადმყოფოში აღმოჩნდა. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ 2004 წელს შვეიცარიაში დარეგისტრირებული შუამავალი კომპანია “როსუკრენერგო” (დამფუძნებლები: “გაზპრომი” და ორი უკრაინელი ბიზნესმენი), რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების კორუმპირებულობის მაგალითია. “ნაფტოგაზსა” და “როსუკრენერგოს” შორის გაფორმებული კორუფციული გარიგებების შედეგად, 2008 წელს მიღებული 3.8 მლრდ დოლარის შემოსავლის ფონზე, სახელმწიფო კომპანია “ნაფტოგაზმა” 8.2 მლრდ დოლარი იზარალა, რაც წინა წლის ზარალს 2.2 მლრდ-ით აღემატება. ანალიტიკოსების აზრით, კომპანია თითქოს განგებ მუშაობდა წაგებაზე, რაც მომავალში მის ყველაზე მსხვილ კრედიტორს, “გაზპრომს”, გაკოტრების შემთხვევაში, მისი ხელში ჩაგდების იმედს აძლევს, მით უმეტეს, რომ უკრაინის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სტრატეგიული ობიექტების კრედიტორისგან საკანონმდებლო დაცვას...

სხვათა შორის, “ნაფტოგაზის” ბოლო ორი ხელმძღვანელიდან ერთი, იგორ ბაკაი თავის დროზე რუსეთში იყო გაქცეული, მეორე, იური ბოიკო კი, პრორუსული რეგიონების პარტიის ენერგოპოლიტიკას ხელმძღვანელობდა და სათბობ-ენერგეტიკის ჩრდილოვან მინისტრად ითვლებოდა. კომპანიის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, იგორ დიდენკო კი, თავის დროზე გერმანიაში პასუხისგებაში იყო მიცემული 38 მლნ დოლარის ნაცისტებისგან დაზარალებულთა დახმარების დატაცების ბრალდებით.

ამავე პერიოდში რუსულმა ენერგოგიგანტმა სერბიული გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ეს გაზგამანაწილებელი კომპანია, ყოფილი იუგოსლავიის დროიდან, ამ რეგიონის ე.წ. ჰაბი იყო და ამ შესყიდვით “გაზპრომმა” მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქსელებზე კონტროლი მოიპოვა. მართალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის “ნაბუქო”-ს პროექტი საბოლოოდ დასამარდა, მაგრამ როგორც ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში გამოქვეყნებულ გამოკვლევაშია აღნიშნული, ევროკავშირი თანდათან კარგავს კასპიის ენერგო დერეფანს, რაც მხოლოდ კასპიისპირა ქვეყნებს შორის ადრე არსებული საერთაშორისო-სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური დაპირისპირების კი არა, კიდევ ორი ახალი მიზეზის გამო ხდება:

პირველი - თურქეთის პოზიციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ანკარას სურს არა ევროპაში “ნაბუქო”-ს მილის სატრანზიტო ქვეყნის როლი შეასრულოს, არამედ ე.წ. რეგიონალური ჰაბი გახდეს. ე. ი. იმავე მარშრუტით მოახდინოს გაზის რეექსპორტი და გაზის შემსყიდველი და გადამყიდველი კვანძი იყოს. ამდენად, თურქეთი თავისი ინტერესებისთვის სრულიად სამართლიანად აყენებს წინადადებას, რომ ვიდრე ევროპაში კასპიური გაზის ტრანზიტზე დაიწყება, საუბარი უმჯობესია, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დაიწყოს. თურქეთის პრემიერი მოუწოდებს ევროპას, რომ სერიოზულად აღიქვას სამხრეთის დერეფანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი აზერბაიჯანული გაზი, უბრალოდ, რუსეთსა და ირანს მიეყიდება, რომლებიც ამის ინტერესს დიდი ხანია, არ მალავენ. თუკი ბაქო თავის გაზს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით გადაამისამართებს, მაშინ ცენტრალური აზიის გაზის ევროპაში მიწოდებაც შეფერხდება.

ამრიგად, თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გაზის ბაზარი “გაზპრომის” გახდება, კასპიის მომწოდებლებს ევროპაში ალტერნატიული მარშრუტის მოძებნის აზრი ეკარგებათ. ამდენად, ევროპამ თურქეთს უნდა შესთავაზოს მიმზიდველი წინადადება, მაგალითად, სატრანზიტო შეთანხმების ნაცვლად, ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებისას, ენერგეტიკული თემის გახსნა.

მეორეა აზერბაიჯანის პოზიცია, რომელიც, თავის მხრივ, “ნაბუქო”-ს გარეშე ცდილობს ევროპაში გაზის მიწოდებას. მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აშკარად დაუჭირა მხარი რუსულ-გერმანულ და რუსულ-იტალიურ პროექტებს, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ დაიწყო მოლაპარაკებები იტალიასთან, საბერძნეთთან, ბულგარეთსა და თურქეთთან საქართველოზე გამავალი “სამხრეთ-კავაკასიური გაზსადენით” “შაჰ-დენიზი-2”-ის საბადოდან მიღებული გაზის მიწოდებაზე... ასევე, განიხილება ალტერნატული, ალბანეთის გვერდის ამქცევი ტრანსადრიატიკული გაზსადენის პროექტიც.

აღნიშნული პროექტების სიცოცხლისუნარიანობა ანკარაში გამართულ ენერგოსამიტზე დაადასტურა ევროკომისიის ენერგოპოლიტიკისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვანუამ, რომელმაც განაცხადა, რომ “სამხრეთის ენერგეტიკულ დერეფანზე” საუბრისას იგულისხმება არა მხოლოდ “ნაბუქო”, არამედ, - სხვა წყაროებიც.

ამრიგად, აზერბაიჯანს ევროპის მიმართულებით ტრანზიტში გარკვეული წარმატებები უკვე აქვს. სწორედ ამ მიმართულების მხარდაჭერისთვის შედგა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ალიევის ვიზიტი ათენში 2009 წლის თებერვალში. წმინდა ფინანსურად, ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რა სატრანზიტო სარგებელიც უნდა მიეღო “ნაბუქო”-ს ფუნქციონირებიდან, მის გარეშეც არანაკლებ შემოსავალს მიიღებს - “შაჰ-დენიზი 2”-ის გაზი ხომ მაინც “სამხრეთ-კავკასიური გაზსადენით” უნდა გავიდეს, მაგრამ უმთავრესი მაინც “ნაბუქო”-ს გეოპოლიტიკური მნიშვნელობაა!

ევროპელებს რუსეთისგან ალტერნატიული გაზმომარაგების დაჩქარებისკენ უბიძგებს “გაზპრომის” მიერ გაზის მოპოვების შემცირებაც, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ საექსპორტო შეთანხმებების შესრულებას. საყურადღებოა, რომ რუსული “კომერსანტის” ცნობით, 2009 წლის იანვარში, “გაზპრომის” ექსპორტი 74.1%-ით შემცირდა, რამაც მთლიანად რუსეთში 10.5%-ით, თვით “გაზპრომში” გაზის მოპოვების 16.5%-ით შემცირება გამოიწვია. ევროპაში ექსპორტის განახლების მიუხედავად, დაწყებულმა რეცესიამ, ექსპერტთა აზრით, შესაძლოა, ევროპაში გაზის მოთხოვნის 8-10%-ით შემცირება და “გაზპრომის” საბადოებზეც მოპოვების დაქვეითება გამოიწვიოს. 2009 წლის მარტის დასაწყისში, “გაზპრომის” ბიუჯეტში, 2008 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, საინვესტიციო პროგრამები 20%-ით შემცირდა...

რუსეთს ევროპის გაზის ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება მხოლოდ ზემოგების მიღებისთვის კი არა, ევროკავშირზე პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებისთვისაც სჭირდება. ამდენად, კრიზისის პირობებში, რუსეთს სულ უფრო გაუჭირდება ევროპის ბაზარზე ეკონომიკური პოზიციების შენარჩუნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი შეეცდება, ჩაშალოს ახალი აზერბაიჯანულ-სამხრეთევროპული ალტერნატიული ენერგო პროექტები პოლიტიკური და არაა გამორიცხული, ძალისმიერი გზებითაც.

როგორი იქნება რუსეთის ენერგოპოლიტიკა რეცესიის პირობებში?

აშკარაა, რომ იგი შეეცდება, იმოქმედოს პრინციპით - “ძაღლი თივაზე”, ანუ თუ რეცესიის გამო “გაზპრომი” თავისი მსხვილმასშტაბიანი პროექტების დროულად დაწყებას ვერ შეძლებს, მაშინ სხვა, ალტერნატიულ მომწოდებლებსაც აიძულებს, გაზი ან რუსეთს მიჰყიდოს, ან ტრანზიტად რუსული მარშრუტი გამოიყენოს. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, სერგეი შმატკოს 2009 წლის მარტში, ირანში გამართული ვიზიტის მიზანი იყო მოლაპარაკება არა მხოლოდ სანკტ-პეტერბურგის სასაქონლო-სანედლეულო ბირჟასთან რუსულ-ირანული რეგიონალური ნავთობის ბირჟის შექმნაზე, არამედ, - ევროპაში ირანული გაზის რეექსპორტზე, თუნდაც ტრანზიტზე რუსეთის მზადყოფნის დაფიქსირება.

ირანის ქალაქ თავრიზიდან თურქეთში, ქალაქ ერზრუმში ბუნებრივი აირი მიეწოდება გაზსადენით, რომლის სიმძლავრეა 20 მლრდ. კუბ.მ/წ, მაგრამ იგი მეოთხედითაც არაა დატვირთული. ამ გაზსადენის სრული სიმძლავრით, ევროპაში საექსპორტო დანიშნულებით ამუშავებას მხოლოდ თურქეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება.

გარდა ამისა, აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც ირანის საერთაშორისო იზოლაციას უჭერს მხარს, ჯერ კიდევ 2008 წლის 25 სექტემბერს, ირანსა და თურქეთს შორის მოხდა წინასწარი შეთანხმება ახალ ერთობლივ პროექტზე - ირანის “სამხრეთ ფარსის” საბადოდან, თურქეთის გავლით, ევროპისკენ გაზსადენი “ფარს”-ის გაყვანაზე. 29 სექტემბერს კი, სააგენტო “ირან ნიუს”-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, ამ პროექტში ორი ირანული და ორი უცხოური (სავარაუდოდ, ევროპული) კომპანიის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. 1.8 ათ. კმ სიგრძის გაზსადენი, რომლის ექსპლოატაციაში შესვლა წელს იგეგმება, თურქეთთან საზღვარს, სავარაუდოდ, გადაკვეთს ბაზერგანის რაიონში და დაუკავშირდება იტალიას, ავსტრიას და შვეიცარიას. დაახლოებით, 4 მლრდ. დოლარის ღირებულების ამ გაზსადენით, ირანი ცდილობს, დაუპირისპირდეს ევროკავშირის “ნაბუქო”-ს და რუსეთ-იტალიის “სამხრეთის ნაკადს”.

2009 წლის დასაწყისში, თეირანში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ყოფილი კანცლერი გერხარ შრიოდერი. იმავე პერიოდში ირანში ვიზიტით იყო ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (ბუგარეთი მთლიანად რუსული გაზის იმპორტზეა დამოკიდებული). თეირანს, ასევე, სტუმრობდნენ ევროპული ენერგოკომპანიების წარმომადგენლები... არსებული ინფორმაციით, ამავე თემატიკაზე შედგა 2009 წლის მარტში, ქალაქ ბაქოში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის ვიზიტიც. ოფიციალურად ვიზიტის მიზანი რუსეთის ინიცირებული კასპიის უსაფრთხოებისა და რეგიონალური თანამშრომლობის ახალი სტრუქტურის - კასპიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ორგანიზება იყო. ეს სტრუქტურა, რუსეთის აზრით, ცენტრალურ აზიაში უნდა დაუპირისპირდეს აშშ-ს პოზიციებს და ჩაშალოს დასავლეთის ინიცირებული კასპიის ენერგოპროექტები.

ამავე დროს, აშშ კვლავ ირანის “ნაბუქო”-ში მონაწილეობის წინააღმდეგია, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ირანს აიძულებს, გაზის ტრანსპორტირების გზა ჩრდილოეთით ეძებოს.

ირანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების შესაძლებლობის გასაანალიზებლად საჭიროა, სამი სცენარი განვიხილოთ:

სცენარი N1

ირანის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ არსებული ინფრასტრუქტურით (ირანი-თურქეთი-საბერძნეთი) ევროპაში, წელიწადში 30 მლრდ კუბ.მ-ის, პერსპექტივაში კი, 40 მლრდ. კუბ.მ. გაზის შეტანაა შესაძლებელი. ამიტომ, საუკეთესო შემთხვევაში, რუსი მინისტრის, სერგეი შმატკოს ირანში დაწყებულ მოლაპარაკებებს, შეიძლება, ის შედეგი მოჰყვეს, რომ ოდესმე, მაქსიმუმ, 5-10 მლრდ კუბ.მ. ირანული გაზის ტრანსპორტირება მოხდეს რუსული ქსელით, ირან-თურქმენეთის დამაკავშირებელი “კარპეჩე-ქურდკუისა” და “კასპიისპირა გაზსადენის” გამოყენებით, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა - ირანული გაზის ცენტრალური აზიის მარშრუტით ტრანსპორტირებაში რუსეთმა “საბაზრო ფასი მინუს ტრანზიტიც” რომ გადაიხადოს, თურქულ მარშრუტთან შედარებით, ტრანსპორტირება ძალიან გრძელი და ეკონომიკურად დაბალეფექტიანია.

სცენარი N2

როგორც აღინიშნა, ირანიდან თურქეთით და ბალკანეთით, რუსეთის გვერდის ავლით, გაზის მიწოდების ინფრასტრუქტურა არსებობს. ამის გამო, მოსკოვი ცდილობს, გამართოს კონსტრუქციული დიალოგი ირანთან, რათა რაღაცნაირად ჩაერთოს ირანული გაზის ევროპაში მიწოდების პროცესში, ან უშუალოდ წილობრივი მონაწილეობა მიიღოს ირანულ გაზსადენებში. ასევე, ცდილობს იმ საბადოების ათვისებაში ჩადოს ინვესტიციები, რომლებიც ევროპის მომხმარებლებზე იქნება ორიენტირებული. სავარაუდოდ, ირანი არ დაუშვებს ევროკავშირის გაზმომარაგების სტრატეგიულ პროექტში რუსეთის პირდაპირ მონაწილეობას და ამას მოსკოვში, ალბათ, ხვდებიან. ე.ი. თვით ირანის დასავლეთის გაზმომარაგებაზე გამიზნულ რომელიმე პროექტში რუსეთის მონაწილეობა, სავარაუდოდ, გამორიცხულია.

სცენარი N3

ამიტომ, არსებობს მესამე, უფრო სავარაუდო სცენარი, რომელიც უკვე გაჟღერდა “რია რეგნუმისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსი ექსპერტის, დანილინის მიერ. ეს სცენარი არ გამორიცხავს მეორეს, მაგრამ ვინაიდან ირანი არ შეელევა ევროპაში გაზის შეტანის იდეას (რასაც მომავალში, ბირთვულ პროგრამაში ევროპელების გვერდში დგომისთვის გამოიყენებს), ამიტომ რუსეთი, დანილინის აზრით, ირანული გაზის ევროპაში შეტანას საკუთარი ტერიტორიიდან შეეცდება. ფაქტია, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, დანილინმა იცის, რომ რუსეთსა და ირანს საერთო საზღვარი არ აქვთ და არც ჩრდილოეთ ირანშია გაზის გათხევადების მნიშვნელოვანი სიმძლავრეები. ამდენად, ჩნდება აზრი, რომ დანილინი ირანული გაზის კავკასიიდან რუსეთში გაზსადენით შეტანას გულისხმობს.