საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, 2014 წლის 19 აპრილს, კიბერდანაშაულის ჩადენის და დიდი ოდენობით, ჯგუფური თაღლითობის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 20 საათსა და 45 წუთზე დავით ი.-სთვის ცნობილი გახდა „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პირველი კატეგორიის პრიზის მომგებიანი ციფრები - 5, 9, 15, 19, 30, 32. დავით ი. მუშაობდა შპს „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორად. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა შპს „საქართველოს ფოსტის“ და შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება.
მან ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, ვინაიდან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდა შესაბამის სერვერთან და ხელოვნურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეცვალა კომპიუტერული მონაცემი და შექმნა უნიკალური კოდის მქონე ლოტოს ყალბი მომგებიანი ბილეთი, სადაც მითითებული იყო ზემოაღნიშნული ციფრები.
ხსენებული ბილეთის ქსელში დარეგისტრირებისთანავე პირველი საპრიზო კატეგორია - ჯეკპოტი 561 176 ლარის ოდენობით გათამაშებულად გამოცხადდა, თუმცა დავით ი-მ დანაშაულებრივი განზრახვა თანხის თაღლითურად დაუფლების თაობაზე ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვინაიდან იგი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ამხილეს და დააკავეს.
2014 წლის 20 აპრილს დავით ი-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტი), სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების ფაქტი) და სსკ-ის 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ “ ქვეპუნქტით (კიბერდანაშაული, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის ფაქტი).
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დავით ი. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა მოქალაქე სოფიო ყ-სთან წინასწარი შეთანხმებით. დავით ი-ს მიერ დამზადებული ლოტოს ყალბი მომგებიანი ბილეთი სოფიო ყ-მ გამოიყენა 561 176 ლარის ოდენობით ჯეკ-პოტის თაღლითურად დაუფლების მიზნით.
2014 წლის 26 აპრილს, სოფიო ყ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის მცდელობის ფაქტი) და სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადების ფაქტი).
საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო.