ძველ ჩაის ფაბრიკებში დანადგარები განადგურდა და ჯართად ჩაბარდა, პლანტაციები გაველურდა, გადაჯიშდა და მის ადგილზე თხილი და კივი დაირგო - ეს არის საქართველოში მეჩაიეობის დარგში არსებული ბოლო 20 წლის რეალობა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შესაძლოა, ამ დარგში ვითარება კარდინალურად შეიცვალოს. ამჯერად მთავრობა ჩაის წარმოების განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობს.
მეჩაიეთა ასოციაციის თავმჯდომარის თენგიზ სვანიძის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ასოციაციას დარგის განვითარების პროგრამაზე მუშაობა დაავალა. დოკუმენტი უკვე შემუშავებულია და მისი განხილვა მაისიდან დაიწყება.
სვანიძის თქმით, სახელმწიფო პროგრამა სახელმწიფოსგან მეწარმეთა დახმარებას და ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ითვალსწინებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩაის დეფიციტია და ასოციაციაში გაერთიანებულმა 18-მდე საწარმომ ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 2500 ტონამდე ჩაის წარმოება შეძლო.
არადა, დარგის სრულფასოვანი განვითარების შემთხვევაში, საქართველოს წლიურად 40 ათასი ტონა ჩაის ფოთლის წარმოების პოტენციალი აქვს, რაც 10 ათას ტონა მზა პროდუქტის წარმოების საშუალებას იძლევა.
თავად საქართველო წლიურად 1000 ტონა ჩაის მოიხმარს, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ბაზრის მხოლოდ 18-20% უჭირავს, ისიც ბოლო დროს ბაზარზე ახალი მწარმოებლების გამოჩენის შემდეგ. მანამდე კი ადგილობრივი ჩაის წილი ბაზარზე 10%-ს არ აღემატებოდა. სვანიძე დარწმუნებულია, რომ მეჩაიეობის დარგის განვითარებით საქართველო სრულად შეძლებს იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებას.
უნდა აღინიშნოს, რომ 90-იან წლებში მსოფლიოში მეჩაიეობის ახალი პერიოდი დაიწყო, რადგან ჩაიზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. მეჩაიეობის კლასიკურმა ქვეყნებმა (ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ.) მაქსიმალურად აითვისეს ადგილები, სადაც ჩაის მოყვანა შეიძლებოდა. რაც მთავარია, ჩაის მოყვანა დაიწყეს ისეთმა ქვეყნებმაც, რომლებსაც ამის გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ ნიადაგი და კლიმატური პირობები საშუალებას იძლეოდა.
ადრე ჩაის მწარმოებელი წამყვანი ქვეყნების სიაში საქართველოც შედიოდა. მსოფლიოს 18 ჩაის მწარმოებელი სახელმწიფოდან ერთადერთი აღმოჩნდა საქართველო, რომელმაც რეაგირება არ მოახდინა მეჩაიეობის ახალ ტენდენციაზე, პირიქით, შეამცირა როგორც ფართობები, ასევე ჩაის წარმოება.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, თამაზ კუნჭულიას ცნობით, თუ 90-იან წლებში მსოფლიოში ჩაის მწარმოებელი 18 ქვეყანა იყო, დღეს - 39-ია. ის ქვეყნებიც დაწინაურდნენ, რომლებიც ჩაის მცირე რაოდენობით მოიხმარენ, მაგალითად, კენია. ამ პროცესებს ყველგან ქვეყნის ხელისუფლება მართავს.
„რა თქმა უნდა, საქართველოში თითო-ოროლა მეწარმე სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გახდება. ძველ ჩაის ფაბრიკებში დანადგარები განადგურდა და ჯართად ჩაბარდა, პლანტაციები გაველურდა, გადაჯიშდა და მის ადგილზე თხილი და კივი დაირგო. ბოლო მონაცემებით, შესაძლებელია 12-15 ათასი ჰექტრის აღდგენა, სადაც ჩაის გაშენება შეიძლება. სხვათა შორის, 1 ჰექტრის გაშენება, სავარაუდოდ, 32 000 ლარი ჯდება.
აუცილებელია ძველი ჩაის ბუჩქების ამოთხრა, ნიადაგი კარგად უნდა დამუშავდეს და ჩაითოხნოს, რადგან წლებია, არ დაბარულა, სასუქიც არავის შეუტანია. საჭიროა კვლევა, რომელიც ბაზრიდან უნდა დაიწყოს და წარმოებამდე მივიდეს“, - აცხადებს თამაზ კუნჭულია.
ამ მიმართულებით მუშაობა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, რაც დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდება, რომლის განხილვაც სულ მალე დაიწყება.