ბელორუსი დავიბრუნეთ, რუსეთი ავითვისეთ

ბელორუსი დავიბრუნეთ, რუსეთი ავითვისეთ

ქართულმა ღვინომ ბელორუსის ბაზარიც დაიბრუნა, ხოლო რუსეთში ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. რუსეთში ქართული პროდუქცია გაყიდვებით მესამე ადგილზეა და ისეთი ქვეყანაც კი უკან მოიტოვა როგორიც ესპანეთია. სავარაუდოდ, წელს მეორე ადგილზე მყოფ იტალიასაც გადავუსწრებთ და ლიდერ საფრანგეთს მივუახლოვდებით. 2015 წლიდან ასეთივე წარმატებები გველის ბელორუსშიც, რადგან სწორედ ამ დროისთვის ამ ქვეყანაში დაგეგმილია კვოტების სისტემის მოხსნა, რაც მნიშვნელოვნად გაგვიზრდის ექსპორტის პოტენციალს.

ქართული ღვინო, რომელიც ერთი წელიც არაა რაც რუსულ ბაზარზე დაბრუნდა, 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რუსეთში ყველაზე გაყიდვადი იმპორტირებული ღვინოების სიაში საფრანგეთისა და იტალის შემდეგ მესამე ადგილზე მოხვდა.

ამ პერიოდში ქართულმა ღვინომ რუსეთის ღვინის ბაზრის 14,1%, დაიკავა, ფრანგულმა - 19,3%, იტალიურმა - 14,8%. ჩვენმა ღვინომ ესპანური ღვინოებსაც კი გაუსწრო, რომელსაც რუსულ ბაზარზე 13.5%–იანი მაჩვენებლი აქვს. ბევრი ექსპერტისთვის მოულოდნელად, რუსეთში ქართული ღვინის პოპულარობამ ამ ბაზარზე უკვე დამკვიდრებული, ისეთი ღვინოების პოპულარობას გადააჭარბა, როგორიც ჩილეს, არგენტინული და გერმანული პროდუქციაა. ემბარგოს დაწესებამდე, ანუ 2005 წელს, ქართული ღვინო რუსული ბაზრის 5%–ს იკავებდა.

როგორც რუსული გამოცემა „ერბეკა“ აღნიშნავს, რვა წლის განმავლობაში რუსმა მომხმარებელმა არ დაივიწყა „ქინძმარაული,“ „ხვანჭკარა“ და „მუკუზანი,“ ამასთან, ამ ბრენდებს მოლდოვურ ღვინოზე არსებული აკრძალვებიც დაეხმარა.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის პირველ სამ თვეში რუსეთში საქართველოდან 7,4 მილიონი ლიტრი, ანუ 9,87 მილიონი ბოთლი ღვინო შევიდა, რაც ესპანეთიდან შესული ღვინის მოცულობას (7,12 მილიონი ლიტრი) საგრძნობლად აჭარბებს.

რუსული გამოცემა აღნიშნავს, რომ გასული წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა ქართული ღვინის შეტანაზე აკრძალვები მოხსნა, ბევრი ექსპერტი სკეპტიკურად იყო განწყობილი.

მაგალითად, როსპოტრებნადზორის ყოფილი ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო პროგნოზირებდა, რომ ქართული პროდუქცია ღვინის რუსული ბაზრის 1%–ზე მეტს ვერ დაიკავებდა.

საინტერესოა, რომ აფხაზური ღვინოები ბოლოდან მესამე ადგილზეა, მისი მოცულობა ღვინის რუსული ბაზრის 4,7 პროცენტია და უკრაინულ პროდუქციასაც კი უსწრებს.

რაც შეეხება ფასებს, რუსულ ბაზარზე ყველაზე ხშირად ქართული ღვინოები 2,3–დან 6,6 დოლარად იყიდებოდა, რაც უმრავლეს ევროპული ღვინის ფასზე მაღალია.

ამასობაში, მეღვინეებისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გავცელდა. 6-თვიანი პაუზის შემდეგ, ქართული ღვინო ბელორუსის ბაზარზე ბრუნდება. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ნახევარწლიანი შეფერხების მიზეზი, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ბელორუსული ტრაქტორების შეძენაზე უარის თქმა გახდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის შეფერხების მიზეზი, მხოლოდ ბელორუსში მოქმედი მკაცრი ბიუროკრატიული პროცედურებია.

„აპრილის დასაწყისში მინსკში გაემგზავრა დელეგაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას ხელმძღვანელობით, რასაც კონკრეტული შედეგები მოჰყვა და სააგენტომ უკვე გასცა პირველი საექსპორტო სერტიფიკატები“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც ბელორუსში ღვინის ექსპორტს განაახლებს „თბილღვინოა“. კომპანიის პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ბელორუსში ღვინის შეტანაზე კომპანიის პარტნიორებმა უკვე მოიპოვეს აქციზური მარკები. „თბილღვინო“ ბელორუსში პირველ ეტაპზე 75 000 ბოთლი ღვინის გატანს გეგმავს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილის თქმით, 2015 წლიდან ბელორუსში დაგეგმილია კვოტების სისტემის მოხსნა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ამ ქვეყანაში ექსპორტის პოტენციალს.

„ზოგადად, ბელორუსთან აქტიურდება სავაჭრო-ეკონიმიკური ურთიერთობები, დაგეგმილია რამდენიმე გამოფენაში მონაწილეობა, რაც სავაჭრო ურთიერთობებს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის“, - განმარტავს დავითაშვილი.