სუვერენული ფონდის ისე გაუქმდა, რომ მისი შექმნაც ვერ მოესწრო. უფრო სწორად, მისი იდეაც კი ჩაფლავდა. ფონდის ნაცვლად, სახელმწიფო ბანკის შექმნაზე მიდის მუშაობა, თუმცა არ არის გამორიცხული ვერც ამ პროექტმა იხილოს დღის სინათლე.
მთავრობამ „საქართველოს სუვერენული ფონდის“ დაფუძნება გადაიფიქრა. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სუვერენული ფონდის შექმნას ითვალისწინებდა, მთავრობას პარლამენტიდან უკან გააქვს. საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტიდან გამოთხოვის გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო. საფონდო ინიციატივას სახელმწიფო ბანკის - „საქართველოს განვითარების ბანკის“ შექმნის გეგმა ცვლის. ბანკთან დაკავშირებული შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი კი, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
როგორც კი ე.წ. სახელმწიფო ბანკის იდეა გაჩნდა, ექსპერტები მაშინვე ალაპარაკდნენ, რომ სუვერენულ ფონდს ამოქმედება არ ეწერა. ისინი პროგნოზირებდნენ, რომ მალე მთავრობა კანონპროექტს უკან გაიწვევდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მათი ვარაუდი გამართლდა.
„სააქციო საზოგადოება - საქართველოს სუვერენული ფონდის შესახებ“ კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს 2013 წლის დეკემბერში წარუდგინა, თუმცა მისი განხილვის პროცესი პარლამენტში აღარც დაწყებულა. ფონდს მიზანი იყო მომგებიანი საინვესტიციო პროექტების განვითარება და ხელშეწყობა, მომგებიან პროექტებში კერძო ინვესტიციების მოზიდვა. ფონდის აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო და მის კაპიტალში გადადიოდა საპარტნიორო ფონდში არსებული სახელმწიფო აქციები: „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“, „თელასი“. აღნიშნული პაკეტი ასევე ითვალისწინებდა „საპარტნიორო ფონდის“ „სტრატეგიული განვითარების ფონდად“ გარდაქმნას, რომელიც სუვერენული ფონდის შვილობილ საწარმოდ ყალიბდებოდა.
როგორც აღვნიშნეთ, სუვერენულ ფონდს „საქართველოს განვითარების ბანკი“ ჩაანაცვლებს, რომელიც თავისი იდეით და ფუნქციებით სწორედ რომ ფონდის ტიპის ორგანიზაცია იქნება. მთავრობის ამ ახალ ინიციატივას ექსპერტები სიფრთხილით ეკიდებიან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ბანკების გამოცდილებაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
სახელმწიფო ბანკების შექმნის ისტორია, ძირითადად, დაკავშირებულია არსებული თუ ყოფილი სოციალისტური ტიპის ქვეყნებთან, ასევე ქვეყნებთან, რომლებიც თავის დროზე ფლობდნენ სახელმწიფო საწარმოებს, ეტაპობრივად ახდენდნენ მათ პრივატიზებას და დღესაც შერჩენილი აქვთ რამდენიმე ბანკი საკუთრებაში, თუმცა მათი წილი ბაზარზე საკმაოდ მცირეა. მოქმედი სოციალისტური ტიპის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ჩინეთი, რომლის 4 დიდი ბანკიდან 3 ბანკს სახელმწიფო ფლობს (Bank of China, ICBC, Agricultural bank of china); ყოფილი სოციალისტური ტიპის ქვეყნებიდან - რუსეთი („სბერბანკს“ - ერთ-ერთ უდიდეს ბანკს - ფლობს რუსეთის ცენტრალური ბანკი); გარდამავალი ტიპის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი მაგალითია თურქეთი (ფლობს სამ ბანკს, რომლებიც შექმნილია მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე არსებულ პერიოდში და მათი განსახელმწიფოებრიობა ჯერ არ მომხდარა).
„მსგავსი ბანკის შექმნის ოფიციალური მიზანია ქვეყანაში საინვესტიციო მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური ზრდის უკეთესო მაჩვენებლების მიღება, დასაქმების პრობლემის გადაჭრა, რაც, უდავოდ, მისასალმებელია, მაგრამ არის ეს სწორი გზა და ფორმა ამ მიზნების მისაღწევად? ზოგადად, ასეთი ბანკის (ფონდის)შექმნა დაკავშირებულია სხვადასხვა რისკთან, რისი აცილებაც და პრევენციაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არ არის ისეთი სახის დემოკრატიის ქვეყანა როგორიც, მაგალითად, გერმანია ან ავსტრიაა. შესაბამისად, სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობისა და მონიტორინგის დონე საქართველოში არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ამ ქვეყნებში, ბუნებრივია, ასეთი რისკები ერთიორად იზრდება“, - აცხადებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.
ბანკის ფუნქციებთან დაკავშირებით - „საქართველოს განვითარების ბანკის შესახებ“ კანონპროექტი უკვე მომზადდა, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა.
მთავრობის მიერ მომზადებული პროექტით, განვითარების ბანკს დამოუკიდებლობის ბალანსი აქვს და ის უფლებამოსილია, კომერციულ ბანკსა და სახელმწიფო ხაზინაში ანგარიშები ჰქონდეს.
ინიციატივით, საქართველოს განვითარების ბანკს სახელმწიფოს გარდა, შესაძლებელია აქციონერების სახით, სხვა პირებიც ჰყავდეს, რომელთა კუთვნილი აქციების ჯამური ოდენობა 49 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
ცვლილებების თანახმად, განვითარების ბანკის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, განვითარების ბანკის გაუნაწილებელი მოგება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები, სახელმწიფო გარანტიებით მიღებული სესხები და დამფუძნებლის შენატანი განვითარების ბანკის კაპიტალში.
კანონპროექტის გათვალისწინებით, განვითარების ბანკის მიზანია, ბაზრის ჩავარდნის გამოსავლენად ეკონომიკის ცალკეულ სექტორის ანალიზი, კერძო საფინანსო ინსტიტუტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან სფეროებში ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფა. ასევე, სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება და შეფერხებული და მიმდინარე პროექტების დასრულებისთვის ხელის შეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება.
ამას გარდა, ბანკის მიზანია, ეკონომიკის რეალური სექტორისთვის გრძელვადიანი ფინანსური რეურსების შექმნა და მათ წვდომაზე ხელშეწყოფის უზრუნველყოფა.
რაც შეეხება განვითარების ბანკის ფუნქციებს, პროექტის მიხედვით, ბანკს შეუძლია - სესხების გაცემა კომერციული ბანკების მეშვეობით, გარანტიების გაცემა, დაზღვევისა და გადაზღვევის ოპერაციები, საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე, ობლიგაციებისა და სხვა ფინანსრუი ინსტრუმენტების გამოშვება კანონმდებობის შესაბამისად. ასევე, ბანკის ფუნქციებში შედის - საინვესტიციო პროგრამებში პირდაპირი ან ვალდებულებითი მონაწილეობა და იჯარის, სალიზინგო ოპერაციები.
კანონპროექტის თანახმად, განვითარების ბანკს დეპოზიტების მიღება და ანგარიშსწორების მომსახურების განხორციელება ეკრძალება.
მთავრობის ინიციატივით, განვითარების ბანკის უფლებამოსილი ორგანოა - სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაც 7-11 წევრით განისაზღვრება.
პროექტით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია და საბჭოში მის გარდა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებიც შედიან, საბჭოს დანარჩენი წევრები კი ბანკის წესდებით მტკიცდება.
ცვლილებებით, ბანკის პრეზიდენტს პოსტზე 7 წლის ვადით ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს, რომელსაც თავის მხრივ, კანდიდატურას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს.
აღსანიშნავია, რომ განვითარების ბანკის კანონპროექტს თან გარდამავალი დებულებები ერთვის, რომელიც ბანკის დაფუძნების მექანიზმებს განსაზღვრავს.
კერძოდ, გარადამავლი დებულების თანახმად, მთავრობამ კანონის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, ბანკის საწესდებო კაპიტალის მოცულობის განსაზღვრა უნდა უზრუნველყოს. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ასევე იმ აქტივების განსაზღვრა უნდა განახორციელოს, რითაც ბანკის დაფუძნების კაპიტალის შევსება მოხდება.
ამას გარდა, გარდამავალი დებულებით, ეკონომიკის სამინისტრომ კანონის ამოქმედებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის დასრულება და ბანკის დაფუძნება უნდა უზრუნველყოს. ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრომ განვითარების ბანკის დაფუძნებასთან დაკავშირებით, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები უნდა მოამზადოს.
საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული ინციიატივის განხილვა მომავალ კვირას დაიწყება, მაგრამ პროექტს შეფასებები პოლიტიკურ წრეებში უკვე მოჰყვა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ პროექტის ამ ფორმით წარდგენა დიდი „მავნებლობაა“.
„ეს არის შეთქმულება საბანკო სექტორის წინააღმდეგ, რომელიც ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ხერხემალია. აღნიშნული პროექტი კერძო ბანკებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და ამასთანავე, ეს ბანკი იქნება „ჩაწყობის“ და ნეპოტიზმის ერთ-ერთი წყარო. ეს ცვლილება არის უკან გადადგმული ნაბიჯი“, - განუცხადა for.ge-ს ბარამიძემ, რომლის პოზიციასაც არ იზიარებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
დავით ონოფრიშვილი ირწმუნება, რომ მსგავსი ბანკები ბევრ ქვეყანაში არსებობს, რომელებიც წარმატებით საქმიანობენ.
დეპუტატის განცხადებით, განვითარების ბანკი სახელმწიფოებრივ პროექტებზე იმუშავებს და კერძო ბანკებთან კონკურენციაში არ შევა.
„ეს ბანკი ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს. ახალი ველოსიპედი არ იქმნება და ნაციონალებს ხალხში შიშის დათესვა სურთ, რომ თითქოს პრობლემებია და ა.შ. ამიხსენით, ამ ბანკს კორუფციასთან და ნეპოტიზმთან, რა კავშირი უნდა ჰქონდეს? მაშინ, კომერციული და ეროვნული ბანკიც რაღაცას უნდა დავუკავშიროთ. ეს ავადმყოფური იდეაფიქსებია, რომ მოსახლეობა რაღაცით შეაშინონ“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
აღნიშნული პროექტი პირველი მოსმენით სავარაუდოდ, 30 აპრილის პლენარულ სხდომაზე გავა. თუ ვინ გახდება განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ამის თაობაზე მმართველ გუნდში არ საუბრობენ, თუმცა, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის პრეზიდენტად დავით საგანელიძე მოიაზრება.